გორის წისქვილკომბინატის თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ

გორში მოქმედი წისქვილკომბინატის, შპს „კარმენის“ მუშები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ. ისინი ხელფასების მომატების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ პროფკავშირების წარმომადგენლებიც.
აღნიშნული მოთხოვნით, თანამშრომელთა ნაწილი გუშინ გაიფიცა, თუმცა, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საწარმოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე, გუშინვე, 8 თანამშრომელს ხელშეკრულება შეუწყდა და დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლდა. აღნიშნული პირების გათავისუფლების მოტივად წისქვილკომბინატის დირექტორის ბრძანებაში გაფიცვის შედეგად საწარმოსთვის მიყენებული ზარალი სახელდება.
ხელფასების მომატების მოთხოვნა წისქვილკომბინატის თანამშრომლებმა იანვარში დააყენეს.
ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთო პროფკავშირული ორგანიზაციაც, თუმცა, თანამშრომლები აცხადებენ, რომ 21- დღიანი მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა.
საქართველოს პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მუშების უფლებები ირღვევა და მათი მოთხოვნა სამართლიანია.
„ამ საწარმოში დასაქმებულმა მუშებმა არაერთხელ დააყენეს სამუშაო პირობების გაუმჯობესების და ხელფასების მომატების საკითხი, თუმცა, უკვე 10 წელია, მათი ხელფასების გაზრდის საკითხი არ გადახედილა. საკმაოდ მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა. თითქმის ერთი თვის განმავლობაში, შპს ,,კარმენის“ ადმინისტრაციასთან მედიაციისას, ვცდილობით, რომ შეთანხმება მომხდარიყო. თავდაპირველად 50%-იანი სახელფასო მატების საკითხი დავაყენეთ, ახლა კი საბოლოო მოთხოვნაა ანაზღაურების 10%-ით მომატება“, - განაცხადა საქართველოს პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიორგი დიასამიძემ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები სამ ძირითად მოთხოვნას აყენებენ: მოემატოთ მუშებს ხელფასები; გადადგეს შპს ,,კარმენის“ დირექტორი; პროფკავშირულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო, შეწყდეს საწარმოში დასაქმებულ პირებზე ზეწოლა.
მოთხოვნების შესრულებამდე, აქციის მონაწილეები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.

























