თემატური მოკვლევის ჯგუფმა - „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ - პირველი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე, დაიწყო თემატური მოკვლევა სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის შესახებ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ცნობით, საქართველო პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა დღეს პირველი შეხვედრა გამართა. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის და თემატური მოკვლევის ჯგუფის მომხსენებლის, ნინო წილოსანის განცხადებით, საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის ახალი ინსტრუმენტი - თემატური მოკვლევა, განსაკუთრებულად ითვალისწინებს არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის, ასევე ყველა დაინტერესებული მხარის აქტიურ ჩართულობას მოკვლევის პროცესში.

„თემა, რომელიც ჩვენ გენდერული თანასწორობის საბჭოში ავირჩიეთ და რომელსაც ვხელმძღვანელობ, შეეხება სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობას. დღევანდელი შეხვედრის მიზანია, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ თემატური მოკვლევის შესახებ და მაქსიმალურად უზრუნველვყოთ თქვენი ჩართულობა. მოკვლევის სამიზნედ ავიღეთ ორი სამინისტროს პროგრამების გაანალიზება. ეს არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების პროგრამები. მხოლოდ ორი სამინისტროს პროგრამები ავირჩიეთ იმის გამო, რომ შედეგი იყოს ხელშესახები“, - განაცხადა თემატური მოკვლევის ჯგუფის მომხსენებელმა.

ნინო წილოსანმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობა და ასევე, დეტალურად მიმოიხილა პროცესი.

თემატური მოკვლევის ჯგუფში შედიან საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე და გიორგი ტუღუში.

შეხვედრის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აღნიშნული თემატური ჯგუფის წევრმა, ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რომ მთავარი, რასაც მოკვლევის ჯგუფი ეყრდნობა, არის სამოქალაქო საზოგადოებისგან მიღებული, დასაბუთებული და დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია.

„თემატური მოკვლევის - ამ ინსტრუმენტის მთავარი იდეა არის ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება, თავისი ჩართულობით, დაეხმაროს პარლამენტს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის განხორციელებაში. ამიტომ, იმ ინფორმაციას, რასაც თქვენ მოგვცემთ არის ყველაზე მთავარი, ყველაზე ღირებული და ჩვენ მას გამოვიყენებთ ამ მოკვლევის პროცესში. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია უნდა იყოს დადასტურებული, დასაბუთებული, უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ არგუმენტებს და კონკრეტულ ფაქტებს“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის“ შესახებ თემატური მოკვლევის მნიშვნელობაზე და მიზნებზე ისაუბრეს - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საპარლამენტო პროგრამის უფროსმა მენეჯერმა, თეონა ყუფუნიამ და თემატური მოკვლევის ჯგუფის ექსპერტმა, ანა დიაკონიძემ. ამასთან ერთად, ღონისძიებაზე საპარლამენტო თემატური მოკვლევის განხორციელების პროცესის შესახებ ვიდეო-რგოლის ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც ჯგუფის წევრებმა შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხეს.

თემატური მოკვლევა სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის შესახებ ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო