ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2019

ნუკრი ქანთარია - “მოსამართლეების ძველი სია პარლამენტში ვერ გავა”

ზაალ ანჯაფარიძე - “შესაძლოა, “დაიცავი საქართველოს” ფორმატში პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდეს”

* * *

ნუკრი ქანთარია - “მოსამართლეების ძველი სია პარლამენტში ვერ გავა”

“პარლამენტში დაწყებულია იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს ეხება. უმრავლესობაში განწყობა არის, ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს ისეთი, რომ მთელი ამ პროცესის საბოლოო ეტაპი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო. უნდა შევარჩიოთ ისეთი მოსამართლეები საზოგადოების ფართო მონაწილეობითა და გამჭვირვალედ, რომლებიც თავიანთი ცოდნით, კომპეტენციით, ნდობითა დ ღირსებით იმსახურებენ იმას, რასაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა ჰქვია. ამ პროცესის კულმინაცია იქნება თითოეული დეპუტატის გადაწყვეტილება, როდესაც პულტს მიაჭერს ხელს”, - აცხადებს “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტი დეპუტატი ნუკრი ქანთარია გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნუკრი ქანთარია: “ღარიბაშვილთან “ოცნების” დიდი შეხვედრა აუცილებელია” / “მოსამართლეების ძველი სია პარლამენტში ვერ გავა”.

ეკა ბესელიას თავისი პოლიტიკური პროცესი აქვს და გასაგებია. მისი კანონპროეტის გარდა კიდევ არსებობს მეორე კანონპროექტი, მესამეც და ვნახოთ, რა მოხდება. ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ რაც უფრო დიდი სია შემოვა პარლამენტში, მით უფრო აიმღვრევა სიტუაცია. ეკა ბესელიას კანონპროექტი ითვალისწინებს კონკურსანტთა გრძელ სიას. მე ვფიქრობ, სათითაოდ ამ რაოდენობის კანდიდატების განხილვაც კი ვეღარ მოესწრება - ეს პირადადაც ვუთხარი. რაც შეეხება იმ სიას, რომელიც ერთხელ უკვე შევიდა პარლამენტში, არა მგონია, ვერ წარმომიდგენია, რომ გავიდეს. ისინი იმდენად არიან გაშავებული, მათი იმიჯი იმდენად დაზიანებულია, რომ მათი გათეთრება შეუძლებელი მგონია. ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ მოსამართლეებმა დუმილი დაიცვან, ვიდრე ყველა საკითხზე შევიდნენ დისკუსიაში და ამ ფორმით თავი დაიცვან. ახლა მათთვის დუმილი გაცილებით სასარგებლო იქნება, ვიდრე დისკუსია. ეს საერთო ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნუკრი ქანთარია.

“რაც შეეხება უმრავლესობის შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილთან, ჯერ არ ყოფილა. რატომ, ვერ გეტყვით. მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში ასეთი შეხვედრა იქნება. სხვანაირად მისი პარტიაში მოსვლა ვერ წარმომიდგენია, თუ არ მოხდა შეხვედრა და საუბარი. მას აუცილებლად დასჭირდება გარკვეული დასკვნების გამოტანა, რადგან ის გარკვეული ფუნქციით შემოვიდა. მე მგონი, ეს პოცესი წინ არის. შეიძლება ვინმეს შეხვდა, ვერ გეტყვით, მაგრამ დიდი შეხვედრა ჯერ არ ყოფილ. ისე, ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ ცნობილია - მე ძალიან პოზიტიურად ვუყურებს მის დაბრუნებას”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “დათო მაღრაძის “დაიცავი საქართველოს” აღდგენას როგორც უყურებთ, თუ იყო უმრავლესობაში ამაზე საუბარი? მათ მართლაც აქვთ უსამართლობის განცდა, რომ ქვეყანაში რაღაც ისე ვერ არის?” - პასუხობს:

“დათო მაღრაძე ჩემი მეგობარიც არის, ნათესავიც და რაც მთავარია, კარგი პოეტი. ჩემთვის ძვირფასი ადამიანია... საერთოდ ყველას მოვალეობაა, რომ დაიცვას ქვეყანა, ძალიან კარგი საქმეა ზოგადად საზოგადოების გააქტიურება. თავის დროზე ეს მოძრაობა რომ შეიქმნა, ძალიან რთული იყო. მაშინ ასეთი მარტივი არ იყო გამოსვლა და ამ ყველაფერზე საუბარი. ჩვენ “ქართული აკადემია” დავაარსეთ, მათ - “დაიცავი საქართველო”, ეს საოცარი დღეები იყო. თავისუფალი სიტყვა მაშინ შეიძლება სიცოცხლის ფასი დაგჯდომოდა ადამიანს. დღეს, რასაკვირველია, ეს რეალობა შეცვლილია, თუმცა სამშობლოზე ზრუნვა ყოველთვის არის საშური საქმე. ვნახოთ, ეს მოძრაობა როგორ ფორმას მიიღებს, ხომ არ მოხდება მისი პოლიტიკურ კონიუნქტურაში გახვევა...”

ზაალ ანჯაფარიძე - “შესაძლოა, “დაიცავი საქართველოს” ფორმატში პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდეს”

“ოცნების” შვიდწლიანი მმართველობის მანძილზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა იმედგაცრუება განიცადა იმის გამო, რომ მათ ჰქონდათ ძალიან მაღალი მოლოდინები “ქათულ ოცნებასთან” და ბიძინა ივანიშვილთა მიმართებაში. ეს მოლოდინები დიდწილად არ გამართლდა, მათ შორის სამართლიანობის აღდგენის კუთხით, ეკონიმიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და კიდევ სხვა ბევრი კომპონენტით. ამიტომ მათ დაიწყეს პროტესტის ერთგვარი გამოხატვა, მაგრამ ამ პროტესტს არ ჰქონია აქტიური სახე - ეს იყო ერთგვარი ლატენტური პროტესტი. ყველაზე კარგი გამოხატულება ამ ლატენტური პროტესტისა ჩვენ ვიხილეთ საპრეიდენტო არჩევნების დროს“, - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ზაალ ანჯაფარიძე: “შესაძლოა, “დაიცავი საქართველოს” ფორმატში პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდეს” / “ივანიშვილთან მიმართებაში “ოცნების” მხარდამჭერებს იმედი გაუცრუვდათ, რაც პროტესტში გადაიზარდა”.

“შესაბამისად, ჩვენი საზოგადოებისა და პოტენციური ამომრჩევლის ეს სეგმენტი, როგორც სოციალური გამოკითხვები აჩვენებს, არის ახალი, მესამე ალტერნატიული ძალის მოლოდინში. მე ვვარაუდობ, რომ შესაძლოა ამაზე გათვლითაც კი გააქტიურდა დათო მაღრაძე და მის ირგვლივ შემოკრებილი ხალხი. ისინი ლაპარაკობენ, რომ არ აპირებენ პოლიტიკაში მოსვლას. მაგრამ შესაძლოა მათ მხარდაჭერა გამოუცხადონ ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ასპარეზზე გამოვა. შეიძლება მათ თვითონ ჩამოაყალიბონ პოლიტიკური ძალა ან შესაძლოა მოლოდინში არიან, რომ ჩამოყალიბდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც მათთვის იქნება მისაღები და ისინი, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა და საზოგადოებაში გარკვეული ნდობით მოსარგებლე ადამიანების ერთობა, მათ გამოუცხადებენ მხარდაჭერას. სხვანაირად რაში უნდა ვეძებოთ მათი გააქტიურების მიზეზი? მათ სურთ, რაღაც შეცვალონ უკეთესობისკენ, ამიტომ გააქტიურდნენ. შესაბამისად, მათ უნდა ჰქონდეთ საზოგადოებრივი ზემოქმედების რაღაც ბერკეტები. ამის ბერკეტი სწორედ პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედება იქნება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე და შეკითხვაზე - “მესამე ძალაზე ხშირად არის საუბრები, გადაჭარბებული მოლოდინები ხომ არ გვაქვს...” - პასუხობს:

“მე ახლა ვერ გეტყვით საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფებში რა კონკრეტული მოლოდინებია. ალბათ ამისთვის ცალკე სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარება იქნება საჭირო, რათა გავიგოთ, რა კონკრეტული მოლოდინები აქვთ საზაოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს ან ვის ხედავენ ამ მესამე ძალაში. არც ერთ სოციოლოგიურ გამოკითხვაში ასეთი შეკითხვა არ დასმულა. მაგრამ ვთვლი, რომ როდესაც დგება იმედგაცრუება არსებული პოლიტიკური მოთამაშეების მიმართ, ნებისმიერ საზოგადოებაში ჩნდება მოთხოვნა ალტერნატიულ ძალაზე. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და საქართველოის ამ მხრივ გამონაკლისი არ არის”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა