პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების განხილვას იწყებს

პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების განხილვას იწყებს.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების თაობაზე პარლამენტი ორ სპეციალურ კანონს მიიღებს - ეს არის “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ორგანული კანონი და კანონი “მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“, რომელსაც 18 მარტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში მომზადდა და იმ საკონსტიტუციო ჩანაწერს დაეყრდნო, რომლის მიხედვით, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის, ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში“.

ორგანული კანონპროექტი შემდეგ ძირითად პრინციპებს ეფუძნება: - საკუთრების უფლების დადგენა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით; მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა; ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვა; ადგილობრივი მეურნეობის განვითარება.

კანონით შემოდის საჯარიმო სანქციები მიწის არდამუშავების შემთხვევაში. როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია განმარტავს, ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ შეიქმნას უფრო მეტი სტიმული მიწის დამუშავებისთვის.

პროექტის გათვალისწინებით, შეიქმნება მიწის მართვის ეროვნული სააგენტო, რომელიც სასოფლო-სამეურენო დანიშნულების მიწების ბალანსების შედგენიდან დაწყებული, მისი კლასიფიკაციისა თუ სტატუსების ფარგლებში გააკეთებს შესაბამის ანალიზს.

“კონსტიტუციის თანახმად, იკრძალება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებზე. იურიდიული პირების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს უნდა ჰქონდეს დომინანტი პარტნიორის სტატუსი, რათა აღნიშნულ სუბიექტს ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება. მემკვიდრეობით გადაცემასთან დაკავშირებით, ჩვენ პირიქით, ვახალისებთ ამ უფლებას და პრობლემა ამ ნაწილში მოქალაქეებს არ ექნებათ. არ ვითვალისწინებთ აღნიშნული უფლების გადაცემას ქორწინების შედეგად მიღებული უფლების ნაწილში, ვინაიდან ვხედავთ ძალიან მაღალ რისკებს. მთავრობის დისკრეციის ნაწილში წარმოდგენილი უნდა იქნეს საინვესტიციო გეგმა კანონის მიხედვით, რომლის კრიტერიუმები და პირობები უნდა განსაზღვროს საქართველოს მთავრობამ“, - აცხადებს ოთარ დანელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა