გონიოში ბუნგალოებისა და კაფე-ბარების მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

გონიოში ბუნგალოებისა და კაფე-ბარების მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

გონიოში ბუნგალოებისა და კაფე-ბარების მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლოს მიხედვითაც, სანაპიროზე უკანონოდ განთავსებული ბუნგალოებისა და კაფე-ბარების დემონტაჟი მოხდება.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი შემოსავლის წყარო სანაპიროზე განთავსებული სწორედ ეს ბიზნესია და ისინი დემონტაჟს არ დაუშვებენ.

„სანაპიროს ჩვენ ვასუფთავებთ და ვუვლით.განათებასაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ. არ დავუშვებთ, რომ კაფე-ბარებისა და ბუნგალოების დემონტაჟი მოხდეს. ბანკში უამრავი სესხი გვაქვს და სეზონის დადგომას ველოდებით, რომ გავისტუმროთ სწორედ ამ ბუნგალოებითა და კაფე-ბარებით",- განაცხადა აქციის მონაწილემ ნონა აბაშიძემ.

გონიოში აქციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრებიც იმყოფებოდნენ.

13 მარტს გონიო-კვარიათის სანაპიროზე მოქალაქეებს ბუნგალოებისა და კაფე-ბარების დემონტაჟისთვის ბათუმის მერიამ ხუთდღიანი ვადა მისცა.