ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2019

მამუკა არეშიძე - “ოცნებაში” განგაშის ზარების ხმა უკვე უნდა ესმოდეთ”

სამი კანონპროექტი ერთ საკითხზე და დაპირისპირება პარლამენტში

დათო მაღრაძე - “ივანიშვილს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ...”

* * *

მამუკა არეშიძე - “ოცნებაში” განგაშის ზარების ხმა უკვე უნდა ესმოდეთ”

“ღარიბაშვილის დაბრუნების შედეგებზე ლაპარაკი ძალიან რთულია... ერთი კაცის მოსვლა გაზაფხულს ვერ მოიყვანს. დღეს "ქართული ოცნების" მთავარი ამოცანაა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაცემული დაპირებების შესრულება, არა მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური ცვლილებები, არამედ რეგიონულ პოლიტიკაში არსებულ გამოწვევებზე რეაგირებაც, მათ შორის რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე და პლუს საკადრო პოლიტიკის გაჯანსაღება. ჯერჯერობით არც ერთი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ, პირიქით, პრობლემები გაიმრავლეს სასამართლოსა და ანაკლიის თემებით. მოკლედ, ფუნდამენტური ცვლილებების ნიშანწყალი არ ჩანს. არ ვიცი, რას აპირებს "ქართული ოცნება"!” - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვფიქრობ, “ოცნებაში” განგაშის ზარების ხმა უკვე უნდა ესმოდეთ”.

“იცით, ყველაზე ცუდი რა არის? მმართველ ძალას უკვე ეჭვით უყურებენ ჩვენი მეგობრები და ვითარების გაუარესებას ცდილობენ ჩვენი მტრები... ანაკლიის პორტის გამო წარმოშობილმა პრობლემებმა ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ძალიან გააღიზიანა, ევროპელი პოლიტიკოსები კი ამბობენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს, რაც ნიშნავს, რომ აშკარად ეჭვით უყურებენ ამ სისტემაში თითქოს ჩატარებულ რეფორმებს და იმასაც, რის გაკეთებასაც აპირებს საქართველოს ხელისუფლება. უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ივანიშვილს შეხვდა, თავისთავად ძალიან საყურადღებო აქცენტია. ასეთი დონის პოლიტიკური ფიგურები შემთხვევით არ ჩამოდიან. მოკლედ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას დარჩა ძალიან ცოტა დრო, შეიძლება სულ რაღაც ერთი თვეც, იმისთვის, რომ ცვლილებები დაიწყოს. ვფიქრობ, "ქართულ ოცნებაში" განგაშის ზარების ხმა უკვე უნდა ესმოდეთ. ქვეყანა რთულ ვითარებაშია, მმართველი ძალა, მით უფრო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“რუსეთის ამგვარი მოქმედებები ორიენტირებულია საქართველოს სახელმწიფოს სისუსტის ხაზგასმაზე. ჩემთვის გაუგებარ განცხადებებს აკეთებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.... ზოგადად, ამ სამინისტროს საქმიანობა ძალიან ბუნდოვანია. ვერ გავიგე ამ პროცესებისადმი მისი სახელმწიფო მიდგომა. შევეშვათ ამ სამინისტროს, თავისი უბედურება ეყოფა მინისტრიანად, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან მომენტს მინდა გავუსვა ხაზი: დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც და აფხაზეთშიც ძალაუფლება რუსული სამხედრო-საოკუპაციო ძალის ხელშია. იქ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური მმართველობაა. აქამდე ეს უფრო აშკარა იყო ცხინვალის რეგიონში. ცხადად ჩანდა რუსი სამხედროების დამოკიდებულება დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ, რომელსაც არაფრად აგდებენ, ხანდახან სცემენ კიდეც სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს, მინისტრებსაც კი. იგივე ხდება უკვე აფხაზეთშიც. ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვამ დაგვანახა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არავინ არაფერს ეკითხება. ამას აფხაზებმა თვითონ გაუსვეს ხაზი თავიანთ განცხადებაში, როდესაც თქვეს, რომ მათ არ დაუკავებიათ კვარაცხელია და ისიც პირდაპირ მიუთითეს, ვინც დააკავა...”, - განაგრძობს ექსპერტი.

“ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: სალომე ზურაბიშვილი არსად ისე არ მიდის, რომ კონკრეტულ ქვეყანასთან დაკავშირებული საკითხები მთავრობასთან ერთად განხილული არ ჰქონდეს. სერიოზულმა სომხურმა ისტებლიშმენტმა კარგად იცის, რატომ ჩავიდა სალომე ზურაბიშვილი პირველად აზერბაიჯანში. ისიც კარგად იციან, რომ სალომე ზურაბიშვილის სამუშაო პორტფელში აუცილებლად არის გზავნილები ევროპიდანაც. ის ახალგაზრდა, რომელიც სომხეთის ეროვნულ ასამბლეას ხელმძღვანელობს, იმ პოზიციიდან ლაპარაკობს, რაც პოპულარულია სომეხ საზოგადოებაში. თურმე უსიამოვნო ნალექი დარჩა ბაქოში ყარაბაღის საკითხზე ჩვენი პრეზიდენტის განცხადებით, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს: ამ განცხადებამდე მთიანი ყარაბაღიდან არაერთი ვიზიტი ყოფილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, რის გამოც ძალიან უკმაყოფილო იყო ქართული მხარე, თუმცა ამას არავინ ამბობდა, ახლა კი სალომე ზურაბიშვილმა სავსებით დროულად მიუთითა სომხეთის ხელისუფლებას ამ პრობლემაზე. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს დიპლომატია არ ეშლება - ვინმეს მისი ნათქვამი შეიძლება მკვახედ მოეჩვენოს, მაგრამ მან გააკეთა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი განცხადებები”, - თვლის რესპონდენტი.

“ასევე უმნიშვნელოვანესია ის პოზიცია, რაც მან გარეგინ II-სთან შეხვედრისას გამოხატა, როდესაც საუბარი შეეხო აფხაზეთის სომხური ეკლესიის დაქვემდებარების საკითხს. ვფიქრობ, ეს საკითხი თვითონ ეჩმიაძინისთვისაც უხერხული თემაა. შესაბამისად, ზურაბიშვილის განცხადება, რომ ეს ვითარება უნდა გაირკვეს და დროულად დაესვას წერტილი, აბსოლუტურად გამართლებული და დროული იყო. ამის საწინააღმდეგო არგუმენტი ეჩმიაძინს არა აქვს, რაც ამ შეხვედრაზეც კარგად გამოჩნდა. გარეგინ II ხისტი და პოლიტიკურად გაუმართლებელი განცხადებებით არის ცნობილი, თუმცა ზურაბიშვილთან შეხვედრისას მანაც ვერ მონახა შესაბამისი განმარტება და არგუმენტი იმის ასახსნელად, რაც ხდება. რა თქმა უნდა, სომხეთი ჩვენი მნიშვნელოვანი მეზობელია, რომელთანაც აქტიური ურთიერთობა გვჭირდება, თუნდაც ვითარების დაბალანსებისთვის, მაგრამ ცნობილია, რომ შუბი ხალთაში არ იმალება და ამიტომ აუცილებელია ურთიერთპრეტენზიების განხილვა და პრობლემების მოგვარება. აქამდე ჩვენი ხელისუფლება ამ პრობლემებზე ლაპარაკს ერიდებოდა და ამიტომაც ვერც პრობლემების გადაჭრა ხერხდებოდა. იმედია, სალომე ზურაბიშვილის გამბედაობა რეალურად შეცვლის ვითარებას. ის უკომპრომისო ადამიანია, დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში რაც სათქმელია, ყველაფერს ამბობს და იტყვის მომავალშიც”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

“სხვათა შორის, უახლოეს მომავალში იგეგმება მისი ვიზიტი ირანში, სადაც მას დიდი ინტერესით ელიან. უკვე ბევრი საკითხი დაგროვდა, რომლებიც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში უხერხულობას აჩენს. ირანში თვლიან, რომ საქართველოს დღეს ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია ამ საკითხების მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება. იგულისხმება არა მხოლოდ საქართველოსა და ირანის ურთიერთობა, არამედ უფრო ფართო გეოპოლიტიკური საკითხები და დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობაც კი. რადგან ირანს შევეხე, ორიოდე სიტყვას ვიტყვი ამ ქვეყანასთან ჩვენს დამოკიდებულებაზე. საქმე ის არის, რომ თავის დროზე სავიზო რეჟიმი ისე გაუქმდა, რომ ძალიან ბევრი რამ არ გათვალეს. ჩვენში ხომ ასე ხდება - ჯერ გადაწყვეტილებას იღებენ და შემდგომ იწყებენ ფიქრს. მოკლედ, ამ ჩვენმა გაუთვლელმა საიმიგრაციო პოლიტიკამ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა და დამოკიდებულება ირანთანაც აშკარად გვიფუჭდება. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა, მით უფრო მასა და აშშ-ს შორის უკიდურესად გართულებულ ვითარებაში პატარა საქართველოს შუამავლის მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ირანი უზარმაზარი პოტენციალისა და რესურსის მქონე ქვეყანაა. ის დღეს თავს რუსეთის მოკავშირედ თვლის, თუმცა ხშირად ეს მოკავშირეობა ეფემერულია. მიუხედავად რუსეთის უზარმაზარი ზეწოლისა, რაც ჩემი თვალით ვნახე, ირანი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს”, - განმარტავს რესპონდენტი.

“არადა, დღეს ჩვენში საკმაოდ გაძლიერდა ანტიირანული განწყობა, შესაძლოა ნაწილობრივ სამართლიანადაც ზემოთ ნახსენები არასწორი საიმიგრაციო პოლიტიკის გამო. აქ, ფაქტობრივად, ირანული კრიმინალური დაჯგუფებები ჩამოყალიბდა, რომლებიც, მაგალითად, ბინათსარგებლობის საქმეში თანამემამულეებს ატყუებენ და ძარცვავენ, განუკითხაობა იყო მიწის ყიდვა-გაყიდვის საქმეშიც, რისი რეგულაციებიც ახლახან დაწესდა. გარდა ამისა, ირანი ნარკოტრაფიკის წყაროდ იქცა. უკვე ცნობილია “თავრიზის დაჯგუფება”, რომელიც ნარკოტიკების გავრცელებითაა დაკავებული. დღეს 170 ირანელი მოქალაქეა ქართულ ციხეებში და ეს საქართველოს ხელისუფლების გაუთვლელი პოლიტიკის დამსახურებაა. ახლა ადგნენ და რევერსულად მოქმედება გადაწყვიტეს. შარშან საქართველოში ირანიდან 300 000 კაცი იყო ჩამოსული ტურისტად, ბოლო ხანს კი 3000 კაცამდე უკან გააბრუნეს. ბევრს ბინადრობის უფლება შეუჩერეს, მიწის მფლობელობაც შეუზღუდეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ლამის გააჩერონ ირანის ავიაკომპანიის რეისები საქართველოში, რაც არაფრით არ შეიძლება. აქაც მედალს ორი მხარე აქვს: არ შეიძლება ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა _ თუ რამეს აკეთებ, ცივილიზებულად უნდა გააკეთო: ერთი მხრივ, უნდა დაიცვა შენი ინტერესები, მეორე მხრივ კი არ შეიძლება ირანიდან ამხელა ტურისტულ პოტენციალზე უარის თქმა და უზარმაზარი ფულის დაკარგვა, არც ის, რომ შუამავლის როლზე ჩვენი ნებით ვთქვათ უარი და ირანს რუსული ნარატივით მოქმედებისკენ ვუბიძგოთ”, - დასძენს არეშიძე.

სამი კანონპროექტი ერთ საკითხზე და დაპირისპირება პარლამენტში

“პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტების განხილვა დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში ამ თემაზე სამი კანონპროექტია ინიცირებული. მათგან ერთი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და უმრავლესობის ექვს დეპუტატს ეკუთვნის, მეორე - ეკა ბესალიას და 12 დეპუტატს, მესამე კანონპროექტის ავტორი კი “ევროპული საქართველოა”. კანონპროექტების განხილვა დაპირისპირებისა და პროტესტის ფონზე დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საკომიტეტო მოსმენაზე მივიდნენ წარწერით - “კლანი უნდა წავიდეს”. შაბათს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენაზე ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე არ გამოცხადდნენ, რასაც კომიტეტის ხელმძღვანელის კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. 2018 წლის ბოლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილმა კანდიდატების სიამ საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ნაწილის პროტესტი გამოიწვია, რის შემდეგაც დაიწყო დისკუსია პროცედურების დახვეწის თაობაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სამი კანონპროექტი ერთ საკითხზე და დაპირისპირება პარლამენტში.

“პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატი უნდა აირჩიოს. უმრავლესობა განმარტავს, რომ ეს პროცესი ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება. პარლამენტში კანონპროექტების განხილვისას სიტუაცია დაიძაბა, ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე შაბათს მოსმენაზე არ გამოცხადნენ. “ალბათ მეტი პასუხისმგებლობა მართებს პარლამენტის წევრს, როდესაც პროექტის ინიცირება ხდება და ყოველგვარი მიზეზის გარეშე სხდომაზე არ ცხადდება. მით უმეტეს ქალბატონი ეკა ბესელია და ბატონი გედევან ფოფხაძე მომხსენებლები არიან და არ წარმოუდგენიათ არანაირი ობიექტური საფუძველი, რის გამოც აქამდე ვერ გამოცხადდნენ. ალბათ მეტი პასუხისმგებლობა მართებს პარლამენტის წევრს. პროექტის ინიცირება ხდება და გაქვს სურვილი, საზოგადოებას გააცნო იგი, შენ კი ყოველგვარი მიზეზის გარეშე არ ცხადდები და არ ასრულებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც გაკისრია პარლამენტის წევრს. ვიმედოვნებ, იქნებ მოვიდნენ და ამ საკითხს ისევ მივუბრუნდეთ, თუ არა და შესაბამისად ვიმოქმედებთ”, - აღნიშნა ოხანაშვილმა. ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, ინიცირებიდან სამ დღეში საკითხის განსახილველად სხდომები რატომ ჩაინიშნა. დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ გადაწყვიტა, შაბათის სხდომას არ დასწრებოდა, რადგან მისთვის არასამუშაო დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომის ჩანიშვნა მიუღებელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს კანონპროექტი, ისევე როგორც კობახიძის კაბინეტის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი, ერთდროულად დარეგისტრირდა ორშაბათს. გასულია სამი დღე და არ ვიცი, ასე მოკლე დროში მზად ვართ, რომ განვიხილოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ? მგონი, სჯობდა, მეტი დრო დაგვეთმო ამისთვის მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი კომიტეტი არ არის, თუმცა წამყვანმა კომიტეტმაც ამის განხილვა შაბათს, არასამუშაო დღეს ჩანიშნა. ასეთი პრაქტიკა მე არ მახსენდება, რომ შაბათს ჩაგვეტარებინოს სხდომები. ცუდად ჩანს ეს ყველაფერი, განსაკუთრებით ამ საკითხის მიმართ, რომელმაც ბოლო ორ თვეში ბევრი რამ შეცვალა ქვეყანაში და მნიშვნელოვანი ვნებათაღელვა გამოიწვია. ნუ გავაუბრალოებთ და გავამარტივებთ იმას, რაც ხდება. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები გამოიწვია ასეთმა დამოკიდებულებამ. იურიდიულმა კომიტეტმა კეთილი ინებოს და დანიშნოს სხდომა სამუშაო დღეს, დაელოდოს ვენეციის კომისიის მოსაზრებებსაც”, - აღნიშნა ბესელიამ, რომლის თქმით, ვენეციის კომისიაში თავის პროექტს ორშაბათს ისინიც აგზავნიან”, - განაგრძობს გამოცემა.

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის შესამუშავებლად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესსა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაზე არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია შემდეგია, რომ, ამ კანონპროექტში რამდენიმე პრინციპული საკითხი უნდა შეიცვალოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ შესაძლებელი უნდა იყოს, უზენაესის მოსამართლეებად გამწესდნენ პირები, რომლებიც არ მოდიან სასამართლო სისტემიდან, რის შესაძლებლობასაც ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი ნაკლებად ითვალისწინებს და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდას განსაზღვრავს ერთ-ერთ სავალდებულო კრიტერიუმად უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატისათვის. “ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის” კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი ქეთევან კუკავა ამბობს, რომ ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება (მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციანი სია) მიიღეს, დატოვონ სასამართლო სისტემა”, - დასძენს გამოცემა.

“საუკეთესო კანონმდებლობაც რომ დავწეროთ, თუკი საბჭოს ეს წევრები დარჩებიან სასამართლო სისტემაში, ვერ მივიღებთ ისეთ პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას ობიექტურად და გამჭვირვალედ. ირაკლი კობახიძის პროექტი ცხადად აჩვენებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და ეს გავლენიანი ჯგუფი შეთანხმებულად მოქმედებენ და ეს კანონპროექტი პირდაპირ ემსახურება ამ გავლენიანი ჯგუფის ინტერესებს. ყველაზე პრინციპული საკითხი არის ის, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს დამატებით ბარიერს, რათა ახალი კადრები არ მოხვდნენ უზენაეს სასამართლოში”, - აცხადებს კუკავა. “ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების შედგენილი კანონპროექტი მეტ-ნაკლებად შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს”, - ასეთი აზრისაა კოალიციის - “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსჯულებისთვის” წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც ამბობს, რომ კანონპროექტის ავტორები თანახმა არიან დისკუსიაზე, რათა მათი პოზიცია გაიზიარონ”, - წერს სტატიის ავტორი.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბესელიასა და 12 დეპუტატის ინიციატივა მეტ-ნაკლებად შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენ დავაყენეთ ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული სამუშაო ჯგუფის ფორმატში. რამდენიმე საკვანძო საკითხი იყო, მათ შორის ინტერესთა კონფლიქტი, პროცესის გახსნილობა და მასში მონაწილეობის საშუალების მიცემა მეტი პროფესიონალისთვის. ასევე, საქართველოს პარლამენტში როგორ მოხდება ნომინირებული კანდიდატების განხილვა. ამ საკითხებს უკეთესად ასახავს ეს კანონპროექტი. ჩვენი მოსაზრებებიც იქვე გამოვთქვით და მივიღეთ პასუხი, რომ შესაძლებელია დისკუსია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მშვენიერაძე.

დათო მაღრაძე - “ივანიშვილს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ...”

“გადავწყვიტეთ გავაცოცხლოთ საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველო”, რომლის თავმჯდომარეც მე ვარ. ეს საზოგადოება ბოლო დროს აღარ აქტიურობდა, მაგრამ არ გაუქმებულა, არსებობს თავისი შინაარსით, წარსულით, აწმყოთი და მომავლით. ჩვენში ხშირად ზოგი თავის წარსულზე ამბობს უარს, ზოგიც მომავალზე. ჩვენ ორივეს ვაღიარებთ. ჩემთვის ძალიან დიდი ფასი აქვს მემკვიდრეობითობის - წარსულის მქონე აწმყოს განცდას. ამდენად, მოძრაობა “დაიცავი საქართველო” ძალიან საინტერესო ბიოგრაფიისა და შინაარსის საზოგადოებაა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სახელისუფლებო სასტიკი რეპრესიების დროს შეიქმნა იმ ღირებულებების დასაცავად, რაც ჩვენი წინაპრებისგან გვერგო მემკვიდრეობით. ახლაც ამ ღირებულებებს ვიცავთ...”, - აცხადებს პოეტი დავით მაღრაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დათო მაღრაძე - “ივანიშვილს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ...”

“როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მოსამართლეების საკითხში თავისი არჩევანი გააკეთა, ეს ნიშნავდა, რომ მან გადაწყვიტა ქვეყანას, საზოგადოებას მშვენიერებად სიმახინჯე შეასაღოს. არადა, ჩემი აღქმით, ეს არის ზნეობრივი არჩევანი, “ქართულმა ოცნებამ” კი არასწორი გზით სიარული გადაწყვიტა. აი, ამ ღირებულებების აღრევის გამო მივიჩნიე საჭიროდ ამ საზოგადოების გაცოცხლება. მივიჩნიე იმიტომაც, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე ივანიშვილ-სააკაშვილის დაპირისპირებაში არ უნდა ჩარჩეს. ჩვენი ქვეყანა ამ პოლიტიკური ორპოლუსიანი სისტემისგან უნდა გათავისუფლდეს. თუ მართლაც ჩამოყალიბდა ახალი ძალა, პირველი ორის დანახვა ძალიან გაჭირდება. ჩვენ გვინდა, რომ “დაიცავი საქართველო” იყოს ერთგვარი პლატფორმა, ასპარეზი ახალგაზრდებისთვის, გნებავთ, ამას სამართლიანობის ბრძოლის ესტაფეტა დავარქვათ. ვეცდები ჩემს მეგობრებთან ერთად ხელი შევუწყო ახალგაზრდების საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლას, რომელთაც, ჩემი ხედვით, დღევანდელმა ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც შეუზღუდეს სამოქმედო, სააზროვნო სივრცე გაუთავებელი და უშინაარსო დაპირისპირებით. ერთი კარგი ის არის, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ჩაუღრმავდა თავის პროფესიას და ახლა დროა ამ პროფესიონალ, კვალიფიციურ ხალხს შევუქმნათ სამოქმედო ასპარეზი საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ სფეროებში. თუ ადრე უპროფესიო ხალხის პროფესია პოლიტიკოსობა იყო, ახლა პოლიტიკაში პროფესიონალების მოსვლის დროა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით მაღრაძე.

“დაიცავი საქართველოს” ბირთვი არსად წასულა, დღესაც საზოგადოებაშია. ზოგს უნდოდა ხელისუფლებაში წასვლა და არ შესთავაზეს, ზოგს არ უნდოდა, მაგალითად, მე... არც ახლა მინდა. მე საზოგადოებაში დავრჩები მას მერეც, როცა სახელმწიფოებრივად და პოლიტიკურად უკეთესობა იქნება ქვეყანაში... ჯერჯერობით კონსულტაციები გავიარე ჩვენი მოძრაობის წევრებთან: კახა მიქაიასთან, ლევან და გია გაჩეჩილაძეებთან, შოთა გლურჯიძესთან, ლაშა ამირეჯიბთან, თემურ ნანეიშვილთან... ამ ორგანიზაციის გაცოცხლებას ისინიც ჩემსავით აუცილებლობად მიიჩნევენ. მქონდა კონსულტაციები ახალგაზრდებთანაც. ისინი უაღრესად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ თავიანთი ენთუზიაზმით, ერუდიციითა და ძალიან საინტერესოდ დანახული ხვალინდელი დღით. მათ გვარებს ჯერჯერობით ვერ დაგისახელებთ. ეს იქნება საზოგადოებრივი მოძრაობა, მაგრამ მას ექნება გავლენა პოლიტიკაზეც და ყოველდღიურ ცხოვრებაზეც... მე პარტიულ მოღვაწეობას არ ვაპირებ, მაგრამ 2020 წლისთვის თუ გამოიკვეთება ის პოლიტიკური შემადგენელი, რომლის მიმართაც სიმპათია გვექნება, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ”, - განმარტავს რესპონდენტი.

“არ ვიცი, ჩვენი წიაღიდან აღმოცენდება ახალი ძალა თუ ჩვენი მოძრაობის მიღმა, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, ხვალინდელი დღის გამოწვევას პასუხობდეს - დემოკრატიის, მმართველობის, აზროვნების კატეგორიის და ზნეობრივი არჩევნის თვალსაზრისით. დღეს რა მივიღეთ? ძველი, რეპრესიული ხელისუფლების უსამართლობის ბურჯები დღევანდელმა ხელისუფლებამ მოძებნა და ამ ბურჯებზე გადაწყვიტა თავისი სამართლის დაშენება. არ მინდა პარალელად ჩამითვალოთ, თვალსაჩინოებისთვის ვამბობ: ქრისტემ პეტრე მოციქულზე ააშენა ქრისტიანობა, იუდაზე ქრისტიანობა არ შენდება. არ შეიძლება რეპრესიული მანქანის ბურჯებზე აშენდეს დემოკრატია და სამართალი ქვეყანაში. ამიტომ გაჩნდა აუცილებლობა, რომ ხვალინდელი დღის ახალ გამოწვევებს განახლებულმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ უპასუხოს. რაც შეეხება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, როგორც წესი, პარლამენტიდან კი არ ირეკლება საზოგადოებრივი განწყობები, არამედ საზოგადოებიდან ირეკლება პარლამენტში პოლიტიკური ტენდენციები. სწორედ ამ ტენდენციების გადარჩენა გვინდა”, - ამბობს პოეტი.

“არ ვაპირებ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდრო თანამშრომლობას. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას” და “ქართულ ოცნებას”, თუ ისინი გათავისუფლდებიან კერპთაყვანისმცემლობისგან, ეს მათაც წაადგება და მათ კერპებსაც. თუ მრევლი დღეში სამჯერ მათთვის მლიქვნელურ ლოცვას არ აღავლენს, ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ერთ დღესაც მიხვდებიან, რომ ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, ასეთ შემთხვევაში მეტი თავისუფლება ექნებათ მათაც და მათ მრევლსაც. ეს სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება, რაც დღეს არის საქართველოს მოსახლეობაში ამ კერპების გამო, უნდა გადაიზარდოს ცივილიზებულ პოლიტიკურ პაექრობაში. სიძულვილი უნდა გადაიზარდოს აზრთა სხვადასხვაობაში და ეს მოხერხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც კერპები დაიმსხვრევა ადამიანების ფიქრში. რა თქმა უნდა, მათ ფიზიკურ განადგურებას არ ვგულისხმობ, ღმერთმა დაიფაროს ყველა. რაც შეეხება იმას, რომ მე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი ვიყავი - მე კი არ ვიყავი მისი მხარდამჭერი, ბიძინა ივანიშვილი სამართლიანობისთვის ბრძოლაში გავიცანი მისივე ინიციატივით. ბიძინა ივანიშვილს ძალიან თვალსაჩინო დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე, კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს წინაშე, რადგან რეპრესიულ აპარატს დაუპირისპირდა და ამდენად მე მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს უდიდეს პატივს ვცემ. მოქალაქეობრივი თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დიდი განსხვავებაა. სააკაშვილი სახელისუფლებო რესურსს იყენებდა თავისი აღვირახსნილობისთვის, რაც სრულიად დაუშვებელია...”, - დაასკვნის დავით მაღრაძე.

“ჩემი პოზიცია ასეთია: მე მეგობრობა პირუთვნელობა მგონია და არა მლიქვნელობა. მისგან ბევრი სიკეთე მახსოვს და მეც ვცდილობდი სიკეთეზე სიკეთით მეპასუხა, მაგრამ მართვის ეს ფორმა და სამართალთან დაკავშირებული მისი არჩევანი ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. თვალსაჩინოებისთვის ვამბობ: ტოლსტოის “ომი და მშვიდობაში” ნაპოლეონის აღწერა აქვს და ასეთ რამეს ამბობს: ნაპოლეონი ასე თვლის, ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რას აკეთებს, არამედ ის, რომ ის აკეთებსო. ვფიქრობ, მოსამართლეების საკითხზე ბიძინა ივანიშვილის პოზიცია სწორედ ამით აიხსნება... ერთი შეხედვით კარგი განზრახვაა ახალგაზრდების მიზიდვა პარტიაში, მაგრამ რას ახვედრებენ მათ? დამსხვრეულ სამართალს? რა ზნეობრივ პრინციპებზე უნდა ჩამოყალიბდეს ახალგაზრდა ადამიანი პოლიტიკოსად? მურუსიძე-ჩინჩალაძის სამართალზე? ხალხმა, ვინც "ქართული ოცნება" დატოვა დღევანდელ ქართულ პარლამენტს ღირსება შეუნარჩუნა - სამართლის ნგრევა რომ პარლამენტს როგორც ნორმალური ამბავი გაეტარებინა, დამანგრეველი იქნებოდა ჩვენი ზნეობრივი სივრცისთვის... ჩვენს მოძრაობაში ყველა იმ ადამიანისთვის იქნება ადგილი, რომელიც ზნეობრივ არჩევანს ზნეობის სასარგებლოდ გააკეთებს. პარლამენტში კიდევ არის ღირსეული ხალხი, მე მათ არჩევნის გასაკეთებლად ვადას ვერ დავუთქვამ, ყველამ თავისი საქმის იცის”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რას ფიქრობთ, “თიბისი ბანკისა” და მამუკა ხაზარაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე? ჩვენ მოვისმინეთ სხვა ბიზნესმენების განცხადებებიც...” - პასუხობს:

“გამიხარდებოდა, რომ ეს ბიზნესმენები იმ რეპრესიული რეჟიმის დროსაც მენახა პროტესტის გამომხატველებად, თუმცა ეს არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ მხოლოდ ამაზე ავაგო ჩემი პოზიცია. კარგია, რომ ამოიღეს ხმა. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძისა და ხელისუფლების დაპირისპირებას და იმ ხელმოუწერელ წერილს, რომელიც ექსპერტიზაზეა ლონდონში, აქაც ცოტა კერპთაყვანისმცემლობასთან გვაქვს საქმე - ბიძინისტებს უნდათ, რომ ეს წერილი იყოს გამოგონილი, მიშისტებს უნდათ, რომ აუცილებლად გახარიას დაწერილი იყოს... ერთნი ერთს ამტკიცებენ, მეორენი - მეორეს. მე ლონდონის ექსპერტიზის პასუხს დაველოდები. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მას დიდი ხანია ვიცნობ. მან დიდი ღვაწლი დასდო თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესს. მიხარია, რომ პრემია “საბაც” ერთად დავაფუძნეთ, პირველ ჟიურიშიც ვიყავი, მერე კი პროცესი თავისი გზით განვითარდა. ვფიქრობ, მამუკას მცდელობა, არის ბრძოლა თავისუფლების შენარჩუნებისთვის. მინდა ვისურვო, რომ ამ ქარტეხილიდან გამარჯვებული და თავისუფალი გამოვიდეს”.

თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2019
ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
რატომ და რამდენით შემცირდა საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთი საქართველოში
კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ ჟინვალჰესის ადრეული შეტყობინების პროექტზე მუშაობა დაასრულა და სატესტო რეჟიმში გაუშვა
„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა
პროექტი „სტარტაპ ანბანი“ "ტერაბანკის" მხარდაჭერით გრძელდება
Wolt და Mastercard მომხმარებელს ახალ, შეუფასებელ აქციას სთავაზობს
"ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" - ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის დაიწყო