„ჯითი გრუპის“ დირექტორი - „თეგეტა მოტორსი“, სატრანსპორტო კომპანიაში მონოპოლიურ მდგომარეობაშია და ავტობუსების ტენდერში ორ კომპანიას ამოფარებული გვებრძვის (R)

ტენდერი, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 79 მილიონი ლარის ღირებულების 220 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე გამოაცხადა, ამ დრომდე რეალური გამარჯვებულის გარეშეა. მონაწილე 3 კომპანიას შორის, ერთ-ერთი, „ჯითი გრუპი“ ირწმუნება, რომ დანარჩენი ორის - „გრავიტასა“ და „ინტერავტო ტრეიდინგის“ უკან, კომპანია „თეგეტა მოტორსი“ დგას, რომელიც „ჯითი ჯგუფს“ არაკეთილსინდისიერი გზებით ებრძვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი გამარჯვებულად გამოცხადდა, კომპანიის დირექტორი, ლევან გოგსაძე დავების საბჭოზე რამდენჯერმე წარდგა და ტენდერის პირობებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია დააზუსტა, თუმცა შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებამდე საქმე ჯერ არ მისულა. დეტალების შესახებ „ჯითი გრუპის“ გენერალური დირექტორი, ლევან გოგსაძე საუბრობს:

ქალაქისთვის სასიცოცხლოდ საჭირო ავტობუსების ტენდერი გასული წლის 1-ლ ნოემბერს NAT პირობით გამოცხადდა, საბუთების წარდგენისა და გახსნის ვადა კი 15 ნოემბერი იყო. ჩვენ სატენდერო პირობების დაცვით წარვადგინეთ ყველა საკვალიფიკაციო დოკუმენტი და მონაწილეობა მივიღეთ აღნიშნულ ტენდერში. NAT ტენდერის პირობების თანახმად, ტენდერის გახსნისას, კონკურენტები მხოლოდ უდაბლესი ფასით წარმოდგენილ კომპანიას ხედავენ. პირველ ეტაპზე ეს კომპანია გახლდათ შპს „გრავიტა“, რომელმაც დაახლოებით 63 მილიონი ლარის წინადადება წარმოადგინა. მოგეხსენებათ, რომ ჯი თი გრუპი უკვე 15 წელიწადია, ამ ბიზნესშია და პრაქტიკულად ყველა კონკურენტს ვიცნობთ, რომელიც შეიძლებოდა, ამ მასშტაბის ტენდერში შემოსულიყო. რათქმაუნდა დავინტერესდით კომპანიით, რომლის შესახებ არაფერი გვსმენია, მოვიძიეთ ინფორმაცია და გავარკვიეთ, რომ შპს „გრავიტა“ წარმოადგენს, „თეგეტა მოტორსის“ სამშენებლო კომპანიას - ამაში დარწმუნება მარტივად, „გრავიტას“ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გადამოწმებით არის შესაძლებელი. აქ მითითებულ ტელეფონის ნომერზე დარეკავისას კი ოპერატორი გიპასუხებთ, რომ მოხვდით „თეგეტას“ ოფისში. აღნიშნული კომპანიის აქტივობა მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ იგი აშენებს „თეგეტა მოტორსის“ სერვის-ცენტრებს. დაუჯერებელია, რომ ავტობუსების მწარმოებელ თურქულ კომპანია KARSAN-ს, რომლის მოდელითაც ტენდერში „გრავიტა“ იყო წარმოდგენილი, საქართველოში პარტნიორად ასეთი გამოცდილების კომპანია აერჩია. სავარაუდოდ, ეს “თეგეტა მოტორსის” მაქინაციური სქემის ერთი ნაწილი გახლდათ. „გრავიტას“, როგორც კანონით არის განსაზღვრული, ტენდერის დასრულების შემდეგ დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვეს. მან ვერ თუ არ (რისი დიდი ეჭვიც არსებობს) დააზუსტა გარკვეული დოკუმენტაცია და შედეგად, დისკვალიფიკაცია მიიღო. სავარაუდოდ, „თეგეტა“ არ ელოდა რომ მომდევნო პრეტენდენტი „ჯითი გრუპი“ აღმოჩნდებოდა, რადგანაც Anadolu Isuzu-ს ჰოლდინგმა, აღნიშნული ტენდერისათვის სპეციალური, განსაკუთრებით დაბალი ფასი მოგვცა. „თეგეტას“ მიზანი კი, ტენდერის 3 მილიონით უფრო ძვირად, ამჯერად „ინტერავტო თრეიდინგის“ საშუალებით, მოგება იყო.

როგორც მოგეხსენებათ, შპს „გრავიტას“ დისკვალიფიკაციის შემდეგ, ტენდერში მონაწილე კონკურენტ კომპანიებში გამოჩნდა „ჯი თი გრუპის“ სახელი. ჩვენ, შემდეგი პრეტენდენტი ვიყავით, დაახლოებით, 64 მილიონიანი წინადადებით. ჩვენი ფასით, სატენდერო ბიუჯეტს თითქმის 15 მილიონი ლარი ეზოგებოდა. როგორც კი დოკუმენტების დაზუსტება მოგვთხოვეს, გამოჩნდა მესამე კონკურენტიც - კომპანია „ინტერავტო“. დღეს, ჩვენ უკვე ვიცით, რომ თბილისის საჯარო ავტობუსების ტენდერში ეს კომპანია დაახლოებით 65 მილიონიანი წინადადებით იყო შემოსული. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, სატენდერო პროცედურის შესაბამისად, მოგვთხოვა დოკუმენტების დაზუსტება. „ინტერავტო“ არც კი დაელოდა, ჩვენს მიერ დოკუმენტების წარდგენას და დაიწყო ყველაფრის ისტერიული გასაჩივრება, რისი გასაჩივრების საშუალებასაც მას ფორმალურად აძლევდა სახელმწიფო შესყიდვების კანონი. ჩვენთვის ძალიან უცნაური იყო, რომ „ინტერავტომ“ გაასაჩივრა სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილება დოკუმენტაციის დაზუსტებაზე - თითქოს, ჩვენი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა მოთხოვნილს და დისკვალიფიკაციას ვიმსახურებდით.

- კონკრეტულად, საბუთების რა ნაწილს გულისხმობდნენ?

- მათ ყველაფერზე, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ, თქვეს რომ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. „ინტერავტოს“ საჩივარი დავების საბჭომ არ დააკმაყოფილა და დოკუმენტაცია დაგვაზუსტებინა, შესაბამისად, შემსყიდველმა „ჯი თი გრუპი“ გამარჯვებულად გამოაცხადა და ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვია. „ინტერავტომ“ ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა და ისევ დავების საბჭოში მოგვიწია საქმის გაგრძელება.

საბოლოოდ, ბევრი საკითხი, რომლებზეც „ინტერავტო“ დავობდა, მათი უსაფუძვლობის გამო, დავების საბჭოს მიერ არ იქნა გაზიარებული. დარჩა ერთი, ე.წ. სადავო საკითხი: სატენდერო კომისიის მოთხოვნის თანახმად, ავტობუსების მწარმოებელ კომპანიას, ბოლო 3 წლის განმავლობაში უნდა ჰქონოდა მინიმუმ 10 ერთეული, ანალოგიური მოდელის ავტობუსის მიწოდების გამოცდილება ევროკავშირის მასშტაბით. ამის დასადასტურებლად, ჩვენ წარვადგინეთ 9 ნოემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი ჩვენს პარტნიორ „ანადოლუ ისუზუსა“ და პოლონურ კომპანია „ბას იმპორტს“ შორის. როგორც შემსყიდველისათვის, ასევე მომჩივანი კომპანიისათვის, იმთავითვე ნათელი იყო ამ დავის აბსურდულობა. ისინი ფლობდნენ საჯარო ინფორმაციას, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში, „ისუზუ ანადოლუმ“ პოლონეთის ერთ-ერთ მუნიცეპალიტეტში ტენდერი მოიგო მოდელით, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შესთავაზა. სწორედ ეს მოდელი შეარჩია პოლონეთის მუნიციპალიტეტმაც და მას გამარჯვება მიანიჭა. „ისიზუმ“ აგვისტოში გააფორმა ხელშეკრულება პოლონელებთან და ოქტომბრიდან მომხმარებლისთვის ავტობუსების ეტაპობრივი მიწოდებაც დაიწყო. ტენდერში ჩვენ ასევე წარმოვადგინეთ პოლონეთის დილერის „ბას იმპორტის“ წერილიც, რომელიც მიწოდების ფაქტს ადასტურებდა და ლოგიკურად არანაირი სადავო საკითხი აღარ უნდა დარჩენილიყო. დავის მეორე რაუნდის დროს, ითქვა რომ აქტი კი გაფორმდა, მაგრამ არსად ჩანს პოლონეთში მიწოდების ადგილი ; გაისმა აბსურდული მოსაზრება, რომ შეიძლება, გზაში რაღაც მოხდა და ავტობუსებმა ევროკავშირის ტერიტორიამდე ვერ მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წარდგენილი დოკუმენტაციის ერთობლიობა (მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი და პოლონეთის დილერის წერილი/განცხადება) ადასტურებდა მოთხოვნილ გამოცდილებას. პროცესის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, დამატებით წარვადგინეთ თურქეთის საბაჟოს ექსპორტისა და ევროკავშირის ტრანზიტის დეკლარაციები, 9 ნოემბრის აქტში ჩამოთვლილ ავტობუსებზე. ჩამონათვალიდან, რომელიც საბჭოს წარედგინა, ნათლად დასტურდებოდა რომ ბოლო მიწოდებულ ავტობუსზე იმპორტის დეკლარაცია 13 ნოემბერს იყო გამოწერილი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტენდერი, აღნიშნული გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს ითხოვდა მინიმუმ 10 ავტობუსზე, თურქულ კომპანიას კი გაცილებით მეტი ავტობუსის ჰქონდა მიწოდებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენს მიერ ტენდერზე წარდგენილი ავტობუსი, ISUZU Novociti Life, 2017 წლის მოდელია, რომელიც სადემონსტრაციო ტურით გააცნეს მომხმარებელს ევროპის 25 ქვეყანაში. ამ მოდელმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში მიღებული აქვს მთელი რიგი მაღალი რანგის პრესტიჟული ჯილდოები. სწორედ ამ მოდელის მაღალი ხარისხის, ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობის, ეკოლოგიურობის, საწვავის ეკონომიური წვის და სხვა ღირსებების გამო შეირჩა ISUZU Novociti Life არა მხოლოდ პოლონეთის, ლოდძის მუნიციპალიტეტის, არამედ საფრანგეთის, იტალიის, საბერძნეთის და სხვა ევროპელი ქვეყნების მიერ.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, დავების საბჭოს რიგით მეორე შეხვედრაზე, ჯითი გრუპმა სრულად წარადგინა ტენდერის გახსნის თარიღამდე, ევროპაში მიწოდების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ერთი დღით ადრე, მომჩივანმა დავების საბჭოში წარადგინა საჩივარი მასზედ, რომ „ჯითი გრუპს“ ამ მოდელის მიწოდების გამოცდილება არა 15 ნოემბრამდე (ტენდერის გახსნამდე), არამედ 1-ლ ნოემბრამდე (ტენდერის გამოცხადებამდე) უნდა ჰქონოდა. დავების საბჭომ რატომღაც, მაშინვე გაიზიარა „ინტერავტოს“ ასეთი პოზიცია-მოთხოვნა და მიიღო ოქმი, სადაც აღინიშნა რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება რომ ევროკავშირის მასშტაბით, აღნიშნული მოდელის მიწოდება განხორციელდა პირველ ნოემბრამდე.

- [ეს] ვადა მანამდე ნახსენები არ ყოფილა?

- პირველი ნოემბერი მანამდე არსად ყოფილა ნახსნები. დავების საბჭოს, მისი ოქმის თანახმად, ამ თარიღზე არც ერთ ეტაპზე არ უმსჯელია. საბჭომ მომჩივანის, შპს „ინტერავტოს“ პოზიცია წარმოადგინა როგორც საკუთარი, რაც აშკარად უსამართლო და მიკერძოებული გადაწყვეტილება იყო და სრულიად არღვევდა საბჭოს განზოგადოებული პრაქტიკის პრინციპს,. მათ ჩვენი კომპანიის მიმართ განსხვავებული მიდგომა გამოიყენეს რითაც აშკარად ლობირებდნენ მომჩივან კომპანიას. თემას ცოტათი გადავუხვევ და გეტყვით, რომ როგორც წესი, დავების საბჭო ახორციელებს სხდომის აუდიო ჩაწერას. ასეთი არაარგუმენტირებული, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ, ბუნებრივია მოვითხოვეთ ჩანაწერი, მაგრამ ოფიციალურად გვითხრეს, რომ ჩანაწერი წაშალეს. ამის შემდეგ, იძულებულნი გავხდით საბჭოს სხდომებზე ჩვენი კამერით მივიდეთ და თვითონვე გავაკეთოთ ვიდეო ჩანაწერი. ამ ჩანაწერებს აუცილებლად საჯაროს გავხდით და დაინტერესებულ მხარეებს მიეცემათ საშუალება იმსჯელონ დავების საბჭოს გადაწყვეტილებებზე. აქვე ვიტყვი, რომ დავების საბჭოს, ზოგიერთი წევრი, პირდაპირ ზეწოლას ახდენდა შემსყიდველზე და იქცეოდა როგორც დაინტერესებული მხარე. დაუჯერებელია, მაგრამ საბჭოს წევრები გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, არაკორექტულად მიმართავდნენ შემსყიდველს და ღიად და უცერემონიოდ უჭერდნენ მხარს მომჩივანის პოზიციას. ჩნდება სამართლიანი კითხვა: რატომ წაშალეს ჩანაწერი? ალაბათ არ სურდათ რომ ასეთი საუბრები გაგვესაჯაროებინა.

დავების საბჭომ, ძალიან საეჭვოდ, სრულად გაიზიარა მომჩივანის პოზიცია, ყოველგვარი მსჯელობის და არგუმენტაციის გარეშე დააკმაყოფილა მომჩივანის მოთხოვნა და მიუთითა შემსყიდველს ჩვენს დისკვალიფიკაციაზე, რომელმაც დაუყონებლივ გაიზიარა საბჭოს გადაწყვეტილება. საბჭომ გადაწყვეტილება ღამის 12 საათზე ატვირთა, მეორე დილით კი, 10 საათზე, შემსყიდველმა კომისიამ გააფორმა ჩვენი დისკვალიფიკაციის ოქმი, მიუხედავად იმისა, რომ დავების საბჭოს გადაწყვეტილება რადიკალურად განსხვავდებოდა შემსყიდველის მიერ დაფიქსირებული პოზიციისაგან. თითქოს წინასწარი მსჯელობის შემდეგ შემსყიდველმა კომისიის ყველა წევრის ხელმოწერით ატვირთა ფაილი ჩვენი დისკვალიფიკაციის შესახებ. ფაქტია რომ ტექსტი დისკვალიფიკაციის შესახებ, ზუსტად იმეორებდა დავების საბჭოს ტექსტს. ჩვენ დავების საბჭოს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გავასაჩივრეთ, შემსყიდველისა კი - დავების საბჭოში. სავარაუდოდ, სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ჩასანიშნად, რამდენიმე თვე დაჭირდება ჩვენც ჯერ არ გავქვს ინფორმაცია სასამართლო სხდომის შესახებ. ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, ჩვენ დავების საბჭოზე უკვე მესამედ მოგვიწია მისვლა, თუმცა, საბჭომ, ყოველგვარი კანონის გვერდის ავლითა და დარღვევებით, ძალაში დატოვა დისკვალიფიკაციის რეკომენდაცია. ამის შემდეგ, ჩვენ საჩივარი უშუალოდ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში შევიტანეთ. ჩვენ ვთვლით (და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში შექმნილ დამოუკიდებელ კომისიასაც მოუწია ამის აღიარება), რომ „ჯი თი გრუპის“ დისკვალიფიკაცია ტენდერიდან უკანონოდ, შესყიდვების კანონის დარღვევით მოხდა. შედეგად, დამოუკიდებელ კომისიას მოუწია დისკვალიფიკაციის ოქმის გაუქმება და „ისუზუს“ ამ მოდელის1-ლ ნოემბრამდე არსებული გამოცდილების წარდგენა მოსთხოვა.

- კონკრეტულად, რა იყო თქვენს საჩივარში - ის, რომ ტენდერის პირობებით მოთხოვნილი არ იყო 1 ნოემბრამდე ევროკავშირში ავტობუსების მიწოდების გამოცდილება და ეს მოთხოვნა მოგვიანებით გაჩნდა?

- დიახ, გავასაჩივრეთ ის, რომ ჩვენ მიმართ დაირღვა კანონი შესყიდვების შესახებ, რადგან მიზეზი, რომლითაც დისკვალიფიკაცია მოგვცეს, მანამდე არ ყოფილა მითითებული. მოგვეცა საშუალება, კანონის ძალით გვედავა და სატრანსპორტო კომპანია იძულებული გახდა, ჩვენი სარჩელი მიეღო. მან ახალი, დამოუკიდებელი კომისია შექმნა, რომელმაც აღიარა, რომ შპს „ჯითი გრუპის“ მიმართ დაირღვა კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესაღებ და შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დავებრუნებინეთ ტენდერში და დაგვაზუსტებინა, რომ აღნიშნული გამოცდილება პირველ ნოემბრამდეც გვქონდა. „ინტერავტომ“ უკვე მეოთხედ გაასაჩივრა ის, რომ ხელახალი დაზუსტება მოგვთხოვეს. ახლა რიგით უკვე მეოთხე დავების საბჭო, ა.წ. 18 მარტს შედგა. დავების საბჭომ ამჯერადაც ვერ მოახერხა მიუკერძოებელი არბიტრის როლის შენარჩუნება. ჩვენი პოზიცია ამჯერადაც საჯაროდ დავაფიქსირეთ სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე, დაინტერესებული პირებისათვის აღნიშნული იფორმაციის მიღება საკმაოდ მარტივია, იხილეთ ჯითი გრუპის 19 მარტის პოზიცია (შპს „ინტერავტო თრეიდინგი“-ს #DET180017308_04(NAT) საჩივართან დაკავშირებით) აღსანიშნავია, რომ ყოველ ჩანიშნულ დავების საბჭოს, როგორც წესი, წინ უძღვის მომჩივანის მიერ შეკვეთილი მედია შეტევები სხვადასხვა ბრალდებით; მოხდა თემის პოლიტიზირება, რადგანაც შპს „ინტერავტო“ კარგად აცნობიერებს, რომ სამართლებლივად ამ ტენდერის მოგების შანსი არ აქვს და ასეთი უწესო გზებით ცდილობს ჩვენს გამოთიშვას ამ მნიშვნელოვანი შესყიდვიდან. სამწუხაროა რომ ნებსით თუ უნებლიეთ,ამ პროცესს დავების საბჭოს წევრებმაც შეუწყვეს ხელი.

- პოლიტიზირებაში რას გულისხმობთ?

- მედიასაშუალები ხშირად ახსენებენ სხვადასხვა პოლიტიკოსს და ზოგიერთს, ჩვენთან კავშირშიც ადანაშაულებენ. ცოტათი უცნაურია იმის თქმა, რომ ჩვენ ვიღაც გვიწევს ლობირებას და გვეხმარება. დღეისათვის, მინიმუმ ორი კონკურენტი გვყავს, შესაძლოა, მომავალში უფრო მეტი გამოჩნდეს - კონკურენცია შეზღუდული არ არის. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ავტობუსების ტენდერით გამოცხადებულ ბიუჯეტს 15 მილიონი ლარით ნაკლები ფასი შევთავაზეთ, რასაც ლობირების შემთხვევაში არ აკეთებენ-ხოლმე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, „ჯი თი გრუპი“ ტექნიკურად გამარჯვებული იყო, თუმცა ტენდერის გამოცხადებიდან თითქმის 5 თვე გავიდა და შედეგი ვერ დადგა. მერიასა და დავების საბჭოს, სახელმწიფოებრივი მიდგომა რომ ჰქონდათ, ამ პროცესს კინკლაობას, უსარგებლო დავასა და ბინძურ თამაშებს (რომელსაც ჩვენი კონკურენტი სხვადასხვა კომპანიის საშუალებით აწარმოებს), არ გადააყოლებდნენ. სამწუხაროდ, მერიაც და დავების საბჭოც საპირისპიროდ იქცევიან. ეს საბოტაჟს წააგავს - გვაზარალებენ ჩვენ, აზარალებენ საკუთარ თავს და რაც მთავარია, მნიშვნელოვან საჯარო პროექტს, რომელიც ყველა თბილისელის ინტერესებს შეეხება. რეალურად ორივე ინსტანცია - შესყიდვების სააგენტოცა და მერიის სატრანსპორტო სამსახურიც, ამდენი თვეა ხელს გვიშლიან.

- ძირითადად რის ხარჯზე ახერხებთ ავტობუსების შედარებით დაბალ ფასად შეთავაზებას?

- ჩვენი კომპანია 2005 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ბევრი მიმართულებით საავტომობილო ბაზრის ლიდერია. ჩვენი პატნიორები მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი საერთაშორისო ბრენდები არიან; გვაქვს მაღალი რეიტინგი, სანდოობა და ამ თანამშრომლობის საშუალებით ვახერხებთ შევინაჩუნოთ მისაღები ფასი და მაღალი ხარისხი.

როგორც თქვენთვის ცნობილია თბილისის სატრანსპორტო სამსახურის მიერ ავტობუსების შესყიდვის მიზნით ტენდერი სამჯერ გამოცხადდა, პირველ ტენდერში (12-მეტრიანი ლურჯი ავტობუსები), რომელიც 2016 წელს შედგა, კონტრაქტი გაუგებარი მიზეზებით არ მოგვანიჭეს და გამარჯვებულად გამოცხადდა „თეგეტა მოტორსის“ პარტნიორი კომპანია, „მანი“, რომელიც 4 მილიონი ევროთი უფრო ძვირი იყო, ვიდრე ჩვენი პარტნიორის - „ივეკოს“ მიერ შეთავაზებული ფასი.

მეორე ტენდერში, თეგეტა მოტორსი უკონკურენტო გარემოში აღმოჩნდა. მესამე ტენდერში, პროცესში ჩართვის დიდი სურვილი გვქონდა და დავარწმუნეთ ჩვენი პარტნიორი კომპანია, „ანადოლუ ისუზუ“, ამ ტენდერის მნიშვნელობაში „ანადოლუ ჯგუფი“ თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგია, რომელიც მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, აკეთებს მსხვილ ინვესტიციებს. მას დაახლოებით ნახევარ მილიარდამდე დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოში - ერთი მხრივ, კვების მრეწველობაში, მეორე მხრივ კი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში. ჰოლდინგის ინტერესი იყო, ჩვენს ქვეყანაში მათ მიერ წარმოებული, „ისუზუს“ ავტობუსებიც შემოსულიყო. მათი ჩართულობით მოხერხდა ტენდერში საკმაოდ დაბალი ფასის შეთავაზება. „ჯი თი გრუპი“, „ისუზუ ანადოლუსთან“ უკვე 5 წელია, თანამშრომლობს.

- ესე იგი, დარწმუნებული ხართ, რომ მათი პროდუქცია ევროპის სტანდარტებს შეესაბამება...

- ამაში ყოველთვის დარწმუნებულები ვიყავით. პარტნიორების არჩევისას ბევრს ვფიქრობთ და მხოლოდ მსჯელობის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ასევეა მათი მხრიდანაც, რადგან ისინი მსოფლიოში სახელგანთქმული, უმსხვილესი კომპანიები არიან. მათთან გრძელვადიან თანამშრომლობაში შესვლამდე, ბიზნესის ეთიკის კოდექსს ვაწერთ ხელს, რომელიც მოიცავს უამრავ პირობას, ხაზგასმით კი აღნიშნულია ჩვენი ვალდებულება, შესყიდვის დროს არასდროს შევიდეთ (ეს კანონითაც აკრძალულია, მაგრამ დამატებით ითხოვენ) არაკანონიერ გარიგებაში სახელმწიფოსთან, თუ სხვადასხვა კერძო ორგანიზაციასთან, არ მივიღოთ მონაწილეობა ფულის გათეთრებაში და ა.შ. ნებისმიერი ასეთი ქმედებით, თუ ამას ჩავიდენთ, (რაშიც ჩვენი კონკურენტები ახლა ბრალს გვდებენ), ჩვენს კომპანიას და მის საერთაშორისო კავშირებს რისკის წინაშე დავაყენებთ. რეპუტაცია ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, განსხვავებით იმ კომპანიებისგან, რომლებიც ახლა გვებრძვიან და რომლებიც ერთ დღეს ფუძნდებიან და მეორე დღეს, თუ კი ეს საჭიროა - უკვალოდ ქრებიან.

- ტენდერში დაბრუნება და საბოლოოდ გამარჯვების შანსი, თქვენი შეუპოვრობის შედეგია?

- ამ უსამართლო დავაში ჩვენი კომპანია მარტოა, მაგრამ გვაძლიერებს „ჯითი გრუპის“თანამშრომლების გუნდი. ამ თემაზე ძლიერი გუნდი მუშაობს და აქამდე მიღწეული წარმატებები მათი დამსახურებაა. „ჯი თი გრუპი“ საავტომობილო, სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა საქართველოში; ჩვენი კომპანია დღესდღეობით დიდი ჰოლდინგია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ვთვლით, რომ ყველას ვალია, იბრძოლოს, როდესაც ხედავს, რომ მისი უფლებები ირღვევა. თუ ბიზნესი არ იბრძოლებს თავისი უფლებების დასაცავად, ბიზნესი დაუცველი იქნება და მოხდება ის, რაც ახლა ხდება. ჩვენ სახეზე გვაქვს არაკეთილსინდისიერი ქცევა როგორც სახელმწიფო ორგანიზაციების, ისე - კონკურენტის მხრიდან, რომელთაც ბრძოლაშიც ჩართეს მედიასაშუალებები და პრაქტიკულად, ჩვენი და სახელმწიფო ორგანიზაციების შანტაჟს ახორციელებენ. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, გამარჯვების იმედი გვაქვს.

- თქვენს კონკურენტში „თეგეტა მოტორსს“ მოიაზრებთ. იმის გარდა, რომ უკვე აღნიშნეთ, რა გარემოებებიც გაფიქრებინებთ, რომ „გრავიტას“ უკან „თეგეტა“ დგას, კიდევ რა ადასტურებს, რომ ის „გრავიტასთან“ და „ინტერავტოსთანაა“ კავშირში?

- „გრავიტასთან“ დაკავშირებით გითხარით, რომ ამ შემთხვევაში „თეგეტა“ იდენტიფიცირებული იქნა და აქ კითხვები არ არსებობს. მათ რამდენიმე კვადრატული მეტრი აქვთ აღებული იჯარით „თეგეტა მოტორსის“ ოფისში, მათ ვებ-საიტზე მითითებულია, რომ ის დაფუძნდა, როგორც „თეგეტას“ სამშენებლო კომპანია, ტელეფონზე დარეკვით „თეგეტაში“ ხვდებით. რომ მოინდომოთ, ამ კომპანიას ვერ იპოვით, ისევე როგორც მათ თანამშრომლებს. მის ოპერირებას „თეგეტა“ ახდენს - სძინავს „გრავიტას“, გააცოცხლებენ, როცა რაღაც სამშენებლო პროექტი გამოჩნდება, ააშენებენ და მიაძინებენ ისევ. ასე იყენებენ მათ სხვადასხვა მანიპულაციებისთვის.

- „თეგეტასა“ და „ინტერავტოს“ შორის კავშირზე რას იტყვით?

- ამ ტენდერში „თეგეტას“ შემოსვლას, კომპანია „გრავიტას“ მეშვეობით, არაკეთილსინდისიერების ნიშნები ჰქონდა. მაგრამ როდესაც მეორე კომპანიაც გამოჩნდა და დავრწმუნდით, რომ ისიც „თეგეტა მოტორსთან“ იყო აფილირებული, ეს უკვე პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია. ვნახეთ, რომ ბევრ ტენდერში, „ინტერავტო“ და „თეგეტა“ ერთად შედიან. როდესაც ერთს მაღალი ფასი აქვს, მეორეს - დაბალი და მათ შორის სხვა კონკურენტი არ არის. დაბალფასიანი დოკუმენტაციას არ აზუსტებს, დისკვალიფიკაციას იღებს და შედეგად, მაღალფასიანი იმარჯვებს. ანალოგიური სცენარი ჰქონდათ ავტობუსების ტენდერშიც: შპს „გრავიტამ“, რომელსაც დაბალი ფასი ჰქონდა, შეცდომით დააზუსტა დოკუმენტი, რასაც მისი დისკვალიფიკაცია მოჰყვა შემდეგ 3 მილიონით მეტი ფასით „ინტერავტო“ ცდილობდა ხელშეკულების მიღებას, მაგრამ ამ ტენდერში, მათ შორის ჩვენი კომპანია აღმოჩნდა, მათთვის მოულოდნელად კარგი ფასით. შედეგად, მათ მიერ უამრავ ტენდერში, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების კონსოლიდირებულ ტენდერებში გამოცდილი და აპრობირებული მეთოდის განხორციელება ვეღარ შეძლეს.

ძალიან თვალსაჩინო კანონდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა ხულოს მუნიცეპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელშიც შპს ”თეგეტა“ და შპს „ინტერავტო“ მონაწილეობდნენ, როგორც ერთმანეთის კონკურენტი კომპანიები და „თეგეტა მოტორსმა“ შეცდომით „ინტერავტოს“ საბუთები ატვირთა. ეს სახელმწიფო შესყიდვების აფედავიტის წესების დარღვევაა და სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ ფაქტის შესახებ 6 თებერვალს წერილობთი განცხადებით მივმართეთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფროსს, ბატონ ლევან რაზმაძეს რაზედაც მას დღემდე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

- როგორც აქამდე აღნიშნეთ, იკვეთება ნათესაური კავშირები კომპანიების დამფუძნებლებს შორის. შეგიძლიათ, დააკონკრეტოთ?

- საჯარო რეესტრიდან ამოღებული ინფორმაციით, ორი ნახსენები კომპანიის დამფუძნებლები არიან „თეგეტა მოტორსის“ დამფუძნებლების ოჯახის წევრები. პირადი ნომრებით ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადამოწმებით დადასტურდა რომ ამ გვარების ადამიანები, ერთი და იმავე მისამართზე არიან დარეგისტრირებულნი მაგალითად, რეესტრში იძებნებიან თემურ და ნიკა კოხოძეები. ამათგან ნიკა „ინტერავტოშია“, თემური კი -„თეგეტაში“. „ინტერავტოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, პეტრე წაქაძე, გასული წლის ნოემბრამდე გახლდათ „თეგეტა მოტორსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელიც. შემდეგ, ტენდერის პერიოდში მან თავისი წილი [„თეგეტაში“] დედამისზე გააფორმა, თავად კი „ინტერავტოს“ დამფუძნებლად მოგვევლინა. სავარაუდოდ ეს ტენდერებისთვის გაკეთდა, რადგან კონსოლიდირებული ტენდერებიც ამ პერიოდში იკრებდნენ ძალას. მეტიც, როგორც „თეგეტა მოტორსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზაურ ცხადაძე აცხადებს, საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე ატვირთულ პარტნიორთა კრების ოქმში, პრობლემა ის კი არ არის, რომ წაქაძე წილს დედას უფორმებს, არამედ ის, რომ თავად მასზე ფორმდება სხვა შპს-ები, რომლებიც, იგივე „თეგეტას“ წარმოადგენენ. არსებობს კიდევ ერთი, ყველაზე თვალსაჩინო ამბავი: „გრავიტას“ დამფუძნებელი, დღეს, ვინმე ზურაბ საყვარელიძეა, რომელიც 2018 წლის სექტემბრამდე „ინტერავტო ტრეიდინგის“ 100%-ის მფლობელი იყო. ეტყობა, როდესაც ეს ოპერაცია იგეგმებოდა, იმის გამო რომ ორივე კომპანიაში ერთი და იგივე დამფუძნებელი ვერ იქნებოდა, „ინტერავტო“ სექტემბერში გადააფორმეს წაქაძეზე, რომელიც ამავდროულად „თეგეტაშიც“ იყო და რომელიც იქიდან ნოემბერში „გადავიდა“ „ინტერავტოში“.

- [თქვენ] თქვით, რომ „თეგეტა მოტორსი“ წინა ტენდერებშიც გარკვეულ უპირატესობას ფლობდა...

- საერთო სურათზე ჩვენ არ უნდა ვფიქრობდეთ, ეს შესყიდვები სააგენტოს ვალდებულებაა. მას შემდეგ რაც ჩვენს ტენდერში ურთიერთდაკავშირებული პირების საეჭვო ტანდემი აღმოვაჩინეთ, დავინტერესთით ამ კომპანიების მონაწილეობით სხვა ტენდერებში და გავარკვიეთ, რომ თეგეტა მოტორსისათვის ეს აპრობირებული პრაქტიკაა, რაც ძალიან აშკარაა კონსოლიდირებულ ტენდერებში. მაგალითად, ავტონაწილების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებული ტენდერების 97% მოგებული აქვს „თეგეტას“ ან „ინტერავტოს“, იმ კომპანიით რომელსაც უფრო მაღალი ფასი ჰქონდა დაფიქსირებული ტენდერში . სახელმწიფო ორგანოები (შესყიდვების სააგენტოს მეთაურობით, ვისაც უშუალოდ ეხება ტენდერებზე კონტროლი) არანაირ რეაგირებას არ ახდენენ იმ ფაქტზე, რომ თეგეტა მოტორსს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს აბსოლუტურად უკონკურენტო გარემო ექმნებათ და 2018 წლის კონსოლიდირებულ ტენდერებში პრაქტიკულად, ექსკლუზიურ მიმწოდებლებად გადაიქცნენ!!! სამწუხაროდ, ეს კომპანია, რომლის დანაშაულებრივ საქმიანობას რატომღაც ვერ ამჩნევს უფლებამოსილი ორგანოები, ჩვენ გვდებს ბრალს შემსყიდველის მხრიდან ლობირებაში!

თეგეტა მოტორსის ლობირების თვალსაჩინო მაგალითია თბილისის ავტობუსების პირველი ტენდერიც -რაზედაც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, როდესაც სატრანსპორტო კომპანიამ პარკის განახლება დაიწყო და ამ (პირველ) ტენდერში გამარჯვება „თეგეტას“ პარტნიორს, „მანს“ მიანიჭა. ამ ტენდერში, „ჯი თი გრუპის“ პარტნიორი კომპანიის, „ივეკოს“ ფასი, 4 მილიონი ევროთი ნაკლები იყო(!), მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის. „მანის“ გამარჯვება იმით ახსნეს, რომ ავტობუსის ფასი, ფლობის ღირებულებასთან (რეგლამენტირებულ სერვისთან) ერთად, სხვა ყველა შეთავაზებაზე ნაკლები გამოდიოდა. დამატებითი განმარტებები, ამ საკითხზე, ვეღარ მივიღეთ. მიუხედავად არაერთგზის მიწერილი წერილისა, ინფორმაცია ჩვენთვის (არასაჯაროობის არგუმენტით) დახურული დარჩა. რა ფასები ჰქონდათ მომსახურებაზე, რამაც 4 მილიონი გადაფარა? ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

- მეორე ტენდერზე რას იტყვით?

- 2018 წელის ტენდერი თავიდან 100 ავტობუსზე გამოცხადდა და იგი არ შედგა. ხელახლა, იგივე ტენდერი უკვე 90 ერთეულზე გამოცხადდა, რითაც, ბუნებრივად, ერთეულის ფასმა მოიმატა. „თეგეტა“ მარტო მონაწილეობდა ამ ტენდერში, და იგი ისევ ჩაიშალა. საინტერესო ისაა, თუ რატომ მოხდა ეს? - ტენდერის პირობებით, ევროკავშირში მიწოდების გამოცდილება მაშინაც იყო მოთხოვნილი და ამ გამოცდილების დადასტურების მიზნით პრეტენდენტს უნდა წარედგინა მიღება-ჩაბარების აქტი და ხელშეკრულება, რაც „თეგეტამ“ ვერ წარადგინა. ტენდერი შეწყდა და თავიდან გამოცხადდა, თუმცა მოთხოვნაში „გამოცდილების“ ჩანაწერი ბუნდოვანი გახდა - ევროკავშირის მასშტაბით მიწოდების გამოცდილების დასადასტურებლად ითხოვდნენ, შესრულების დამადასტურებელ ნებისმიერ დოკუმენტს, თუმცა, კონკრეტულად მიღება-ჩაბარების აქტი და ხელშეკრულება აღარ იყო მოთხოვნილი. საბოლოოდ, გამარჯვება, „თეგეტას“ მიანიჭეს გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტად კი დეფექტური აქტი ჩაუთვალეს - სატრანსპორტო საშუალების წარმოების შემდგომ დათვალიერების აქტი, რომელშიც აღმოსაფხვრელი ხარვეზი და დეფექტია აღწერილი, რაც ვერ დაადასტურებს მხარეთა შორის განხორციელებულ მიწოდების შესრულებას. როგორც ჩანს მეორე ტენდერის დროს, შემსყიდველი უფრი მეტ აქცენტს აკეთებდა შინაარსზე, ვიდრე ფორმალურ მხარეზე, რაც მართებული მიდგომაა, თუმცა უკვე მესამე ანუ მიმდინარე ტენდერში ეს მიდგომა შეიცვალა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს ცვლილება დიდწილად დავების საბჭოს დამსახურებაა, მაგრამ შემსყიდველის ქმედებებიც აღსანიშნავია.

- ფიქრობთ, რომ წინა ორ ტენდერში თქვენ მიერ ნახსენები გარემოებებიდან გამომდინარე, „თეგეტა მოტორსი“ ამჟამადაც ცდილობს, თავი უპირატეს მდგომარეობაში ჩაიყენოს?

- რასაკვირველია. პრაქტიკულად მოახერხა კიდეც უპირატეს მდგომარეობაში საკუთარი თავის ჩაყენება, რადგან სრულიად დაუსჯელად მიიღო და აგრძელებს მონაწილეობას ასეთ მნიშვნელოვან შესყიდვაში, ორი მასთან და ერთმანეთთან დაკავშირებული კომპანიით. კითხვა შეიძლება ასეც დაისვას: რატომ იბრძვის ჩვენი კონკურენტი ასეთი გაცხარებით , კადრულობს ყველაფერს და არც უკანონო ქმედებებს ერიდება? როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ავტობუსების პარკის განახლების პროცესში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დღემდე მხოლოდ MAN-ის მარკის ავტობუსები აქვს შეძენილი და ამ ავტობუსებისთვის მომსახურების და სათადარიგო ნაწილების ერთადერთი მიმწოდებელი თეგეტა მოტორსია. თუ კი ის მოახერხებს შესყიდვის მესამე ეტაპი მოაგებინოს თავის სატელიტ კომპანიას, ამით გაიმყარებს მდგომარეობას და პრაქტიკულად შეძლებს თბილისის მერიის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების სრულ მონოპოლიზაციას. ეს კი ნიშნავს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტს და რიგით თბილისელებს, საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ ტრანსპორტით მომსახურებაში მონოპოლიური ფასების გადახდა.

ეკა აბაშიძე

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს