ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2019

გეოსტრატეგიული წვრთნები ნატოს 24 წევრი-პარტნიორის მონაწილეობით და გენერალური მდივნის ვიზიტით

“გამოდის, ყაჩაღების სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც კი არ არის ძალადობისგან დაცული“ - მუხაშავრია

***

გეოსტრატეგიული წვრთნები ნატოს 24 წევრი-პარტნიორის მონაწილეობით და გენერალური მდივნის ვიზიტით

"ნატო-საქართველოს სწავლება 2019" დაიწყო. 18 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით 12-დღიან წვრთნებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 24 წევრი და პარტნიორი ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ. 24 მარტს კი, საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა, რომელიც ვიზიტის მეორე დღეს საქართველოში მიმდინარე ნატოს წვრთნებსაც დაესწრება. ამასთან, ჩატარდება ნატო-ს სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომაც და თბილისი ალიანსის უმაღლესი სამხედრო მაღალჩინოსნებს უმასპინძლებს. 2016 წლის შემდეგ ეს არის მეორე მასშტაბური ნატო-საქართველოს წვრთნები, რომელიც ერთი, სამხედრო თვალსაზრისით ნატო-სთან საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობას ამოწმებს და მეორე, ეს არის ალიანსის მხარდაჭერის დიდი გამოხატულება - „მეტი ნატო საქართველოში", რომელიც ნატო-ში გაწევრიანებას გვაახლოებს. პლუს, პოლიტიკური თვალსაზრისით ნატო-ს მხარდაჭერის გამოხატვაც ხდება იმით, რომ ალიანსის გენმდივანი ჩამოდის სწორედ წვრთნების დროს და სწორედ წვრთნების პარალელურად მოხდება ალიანსის სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომის ჩატარებაც”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, გეოსტრატეგიული წვრთნები ნატოს 24 წევრი-პარტნიორის მონაწილეობით და გენერალური მდივნის ვიზიტით / “ამ სწავლებებს პირველად უხელმძღვანელებს საქართველოს თავდაცვის ძალების სარდალი”

"უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ეს წვრთნები საქართველოსთვის დიდი გეოსტრატეგიული მნიშვნელობისაა. „ეს წვრთნები სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. საუბარია კრიზისების ოპერაციების მართვაზე, ოპერატიულ-ტაქტიკური ტიპის წვრთნებზე და აქ მიიღწევა ერთიანი კოორდინაცია, თავსებადობა საქართველოსა და ნატო-ს კოალიციურ ძალებს შორის. "საქართველო ჩართულია სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში, რომელიც მონაწილეობს არამეხუთე მუხლით გათვალისწინებულ ოპერაციებში და რომელიც ითვალისწინებს სამშვიდობო ოპერაციებს, ჰუმანიტარულ ინტერვენციას და ითვალისწინებს ასევე კრიზისების მართვის ოპერაციას. თანაც, ის დაგეგმილია საქართველოს გენშტაბის მიერ და ამ სწავლებებს პირველად უხელმძღვანელებს საქართველოს თავდაცვის ძალების სარდალი, რომელსაც ბრიგადის გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ასრულებს. ეს წვრთნები აჩვენებს საქართველოს თავსებადობას ნატო-ს კოალიციურ ძალებთან რამდენად არის გამოხატული. პლუს, პოლიტიკური ფასიც აქვს ამ მთელ ღონისძიებებს, იმიტომ, რომ, მარტის ბოლოს იქნება ნატო-ს სამხედრო კომიტეტის გასვლითი სხდომა და სამხედრო კომიტეტს ალიანსში დიდი წონა აქვს. ასევე ამას ემატება ნატო-ს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის ჩამოსვლა. ეს არის ღონისძიებების მთელი ბუკეტი და ეს არის ჩვენება „მეტი ნატო საქართველოში","- აღნიშნავს გამოაცემა.

"მისი თქმით, ნიშანდობლივია ის, რომ რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ძალიან არიან ამ წვრთნებით დაინტერესებულები. მაისაია ამბობს, რომ საქართველოს სვლა დასავლეთისკენ და საქართველოს გაძლიერება რუსეთისთვის მიუღებელია, ამიტომაცაა, რომ ეს ღონისძიებები რუსეთში დიდი ინტერესს და დიდ გაღიზიანებასაც იწვევს. „მოსკოვში ამ წვრთნებს დიდი ყურადღებით უყურებენ, დიდი დაინტერესებაა. უკვე ჩანს, რომ საინფორმაციო მზაობაა, საინფორმაციო აგრესიულობა იგრძნობა. რუსულ მედიაში პროპაგანდა მიმდინარეობს, რომ ეს წვრთნები თურმე რუსეთის წინაღმდეგ მიმართულია და თბილისში ხდება რაღაც საიდუმლო გეგმის დამუშავება. "ანუ, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის ელემენტების წარმოჩენასაც უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში. ასევე, უნდა მოველოდოთ იმასაც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში გახშირდება პროვოკაციები საოკუპაციო ხაზთან, ასევე რუსული სამხედრო წვრთნების ჩატარებაც, პლუს, შეიძლება კიდევ მოვისმინოთ მუქარანარევი განცხადებები. "ახალი ცივი ომის პირობებში საქართველოში ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს გაცილებით სერიოზული დატვირთა აქვს, ამას გეოსტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. რუსეთისთვის ეს არის ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალების ტოლფასი, მითუმეტეს ახალი ცივი ომის პირობებში. სწორედ ამას უკავშირდებოდა რუსეთიდან მუქარანარევი განცხადებაც, იგივე თავდაცვის მინისტრის შოიგუს განცხადება, რომ ნატო-ს გააქტიურება უკრაინასა და საქართველოში მიუღებელია,"- დასძენს მაისაია. „ნატო-საქართველოს სწავლება 2019" 18-29 მარტის ჩათვლით გაიმართება და მასში 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი მიიღებს მონაწილეობას“, - განაგრძობს გამოცემა.

"თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ნატო-საქართველოს სწავლება არცერთი მესამე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. „აღნიშნული სწავლება არის კონცენტრირებული და ფოკუსირებული საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე. არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. ემსახურება და როგორც შედეგს, მოიტანს ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის ხარისხის გაუმჯობესებას, თავდაცვის, შეკავების პოლიტიკის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ განამტკიცებს პარტნიორულ ურთიერთობებს როგორც ნატო-ს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან", - განაცხადა ლელა ჩიქოვანმა. სწავლების შესახებ განცხადებას სამინისტროც ავრცელებს, სადაც ნათქვამია, სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. „ნატო-საქართველოს სწავლება 2019" რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩატარდება - პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში გამართულ ნატო-ს სამიტზე მიენიჭა. ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა. პირველად ხდება ისტორიაში, როდესაც „ნატო-საქართველოს სწავლება 2019"-ის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს საქართველოს თავდაცვის ძალები უხელმძღვანელებს. წინა სწავლებისგან განსხვავებით, 14 ქვეყნის ნაცვლად წვრთნებში ალიანსის წევრი და პარტნიორი 24 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. სწავლებაში ასევე აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების - „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის", გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის და გაერო-ს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დამკვირვებლები“, - წერს სტატიის ავტორი.

“გამოდის, ყაჩაღების სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც კი არ არის ძალადობისგან დაცული“ - მუხაშავრია

„რეალურად რატომ გადადგა ნინო გვენეტაძე გასულ წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან, იყო თუ არა მიზეზი ის, რომ მას ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და საბჭოს წევრები ემუქრებოდნენ, - გვენეტაძის მიმართ დიდი ნწეხის შესახებ სკანდალური განცხადება მისმა ყოფილი თანაშემწემ, კახა წიქარიშვილმა გააკეთა. უფრო მეტიც, მისი თქმით, გვენეტაძეს ჰქონდა შიში, რომ თუკი ის ე.წ კლანს ბოლომდე არ დაემორჩილებოდა, შესაძლებელი იყო მას იუსტიციის საბჭოს წევრები ფიზიკურადაც გასწორებოდნენ - კლანის წევრებს ის ეცემათ კიდეც“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “გამოდის, ყაჩაღების სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც კი არ არის ძალადობისგან დაცული“ - მუხაშავრია / ნინო გვენეტაძეს იუსტიციის საბჭოს წევრები ემუქრებოდნენ - თანაშემწის სკანდალური განცხადება

"იურისტი ლია მუხაშავრიას თქმით, ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ 10 წლით იყო არჩეული და როდესაც მან თანამდებობა 3 წელიწადში დატოვა, ამან მაშინვე გააჩინა ეჭვი მასზე ზეწოლის შესახებ, მითუმეტეს, რომ თავად გვენეტაძემ მანამდე საჯაროდაც განაცხადა, რომ მასზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან იყო მუქარა და ზეწოლა. „რაც კახა წიქარიშვილამ თქვა, აბსოლუტური სიმართლეა. რომ არა ასეთი წნეხი და ზეწოლა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობას ასე არ დატოვებდა. ეს ამხელა თანამდებობიდან როცა მიდის ადამიანი, წარმოუდგენელია მას არ ჰკითხო, რატომ მიდის, რაც არ უნდა ჯანმრთელობის მიზეზი იყოს გადადგომის საფუძველი, მაგრამ ჩვენი პარლამენტი აღმოჩნდა ყრუ. "ძალიან მინდა, რომ ახლა მაინც მიაქციონ ამ საკითხს ყურადღება, მაგრამ ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ. თუ ჩვენ ასეთ პრეცედენტს დავუშვებთ, თუ პოლიტიკურ ხელმძღვანელობა ასეთ საკითხებზე ყურადღებას არ გაამახვილებს, თუკი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეიძლება პირადი უსაფრთხოება გადაექცეს საშიშად, მაშინ რიგით მოქალაქეს რისი იმედი უნდა ჰქონდეს?! "ეს ძალიან საგანგაშო სიგნალია და კარგი იქნება მაზე საზოგადოებამ მოთხოვნა გააკეთოს და პოლიტიკოსები ვაიძულოთ, ამ საკითხს ჩაუღრმავდნენ. იმიტომ რომ, გამოდის ყაჩაღების სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც კი არ არის ძალადობისგან დაცული," -ამბობს მუხაშავრია“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს აირჩია 10 წლის ვადით, თუმცა მან სამი წლის შემდეგ, 2018 წლის აგვისტოში მოულოდნელად განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობას ტოვებდა. ამასთან, საგულისხმოა ერთი ფაქტი, 2017 წლის ნოემბერში იუსტიციის საბჭოს სხდომაზე მოსამართლე წევრებსა და გვენეტაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა და ნინო გვენეტაძემ საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და სხვა მოსამართლე წევრები მასზე ზეწოლასა და ძალადობაში დაადანაშაულა. ამ საჯარო ბრალდების მიუხედავად მაშინ რატომღაც მის ამ განცხადებას ყურადღება ხელისუფლებიდან არავინ მიაქცია. ამ ინციდენტიდან 7 თვის შემდეგ კი გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგა და იურისტებში მაშინვე გაჩნდა მოსაზრებები, რომ გვენეტაძეს წასვლა სასამართლოში არსებულმა ე.წ. კლანმა აიძულა. თუმცა გადადგომის შემდეგ გვენეტაძე მედიასთან არ გამოჩენილა და ამიტომ გაურკვეველი დარჩა რეალურად რა გახდა მისი წასვლის მიზეზი. ორშაბათს კი, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წესზე ახალ კანონპროექტი განიხილებოდა, ნინო გვენეტაძის გადადგომაზე და ე.წ. სასამართლოს კლანის მხრიდან ზეწოლაზე სკანდალური განცხადება გვენეტაძის ყოფილმა თანაშემწემ გააკეთა“, - განაგრძობს გამოცემა.

"იურისტმა კახა წიქარიშვილმა თქვა, რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვენეტაძის თანაშემწედ მუშაობდა, შესაბამისად კარგად იცის, რა მდგომარეობაში იყო უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე. „სასამართლოში ასეთი მოვლენები ხდება და ვინმემ მკითხეთ ნინო გვენეტაძე სად არის, ან რა რეაგირებას აკეთებს? არის გამქრალი, იმალება ხალხისგან და იმალება საზოგადოებისგან. ის რეალურად, მარტო აღმოჩნდა და ვინაიდან ის მარტო აღამოჩნდა, მას ფიზიკურადაც შეეშინდა, თქვენ წარმოიდგინეთ. "საბჭოში, რომელშიც ბულინგის და ძალადობის მსხვერპლი გახდა, ის უკვე ფიზიკურადაც შეშინდა, რომ მას საბჭოს სხდომაზე აიღებდნენ და სცემდნენ საბჭოს შემადგენლობა. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, მისი პიროვნება რა დონის სტრესის ქვეშ ჩავარდა და მან აირჩია პოლიტიკა კლანთან თანამშრომლობის და არა ბრძოლის. თანამშრომლობის პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ის ერთი დღე დაეთანხმა კლანს, მეორე დღე დაეთანხმა, მესამე დღე და როდესაც მივიდა პიკამდე, რომ კლანის მსახური უნდა გამხდარიყო, მოსამსახურე ამ კლანის, ამ პიკზე გადადგა ზუსტად," - განაცხადა წიქარიშვილმა. სასამართლო სისტემის გადარჩენის მიზნით წიქარიშვილი ნინო გვენეტაძეს მოუწოდებს, ღიად ისაუბროს იმ ზეწოლაზე, რომელიც სასამართლოში არსებული კლანიდან მოდიოდა მისი მიმართულებით“, - დასძენს გამოცემა.

"იურისტი ლია მუხაშავრიას შეფასებით, გვენეტაძემ 2017 წელს თქვა, რომ მასზე ზეწოლა იყო და წესით, ეს განცხადება მაშინვე უნდა გამხდარიყო პარლამენტის განხილვის საგანი და გამოძიების, მოსმენების საგანი. „წარმოუდგენელი ამბავი იყო, ადამიანი აირჩიეს 10 წლის ვადით და მან თანამდებობა 3 წელიწადში დატოვა. კახა წიქარიშვილმა თქვა აბსოლუტური სიმართლე. ჩვენ გვახსოვს, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ღიად თქვა, რომ მასზე იყო ზეწოლა, როცა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა იუსტიციის საბჭოს სხდომა. "როცა ასეთი ღია განცხადების შემდეგ რეაქცია არავინ არ გააკეთა, უნდა ვივარაუდოთ, რომ საბჭოს მხრიდან მასზე წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდა და მიაღწია იმ დონეს, როცა მას ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემა შეექმნა და იძულებული გახდა წასულიყო. რაკი მის განცხადებაზე არავინ არაფერი თქვა, შემდეგ უკვე ვერ იტყოდა, რომ მივდივარ, რადგან შეიძლება ფიზიკურად ჩემზე ძალადობა განხორციელდეს-ო. ხელისუფლებიდან იგნორირება იყო სიგნალი, რომ მას არავინ დაიცავდა და ის ფიზიკურად გახდა იძულებული, თანამდებობიდან წასულიყო,"- ამბობს მუხაშავრია“, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო