ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2019

კვაჭანტირაძის პრეცედენტი - პირველი ბრძოლა, რომელიც "ძველებმა" "ახლებს" მოუგეს

აპრილიდან გაზის მოხმარებაზე რეგულაცია მკაცრდება

***

კვაჭანტირაძის პრეცედენტი - პირველი ბრძოლა, რომელიც "ძველებმა" "ახლებს" მოუგეს

“საპარლამენტო უმრავლესობამ ყოფილი თანაგუნდელის, ზვიად კვაჭანტირაძის კენჭისყრით გადაყენება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ შეძლო. მართალია, კენჭისყრიდან ცოტა ხნის შემდეგ იგი საკუთარი ნებით მაინც გადადგა, თუმცა გუშინდელი კენჭისყრის შედეგები შეიძლება, პრეცედენტულად ჩაითვალოს - პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობამ, ე.წ. ეკა ბესელიას გუნდის წინააღმდეგობის გამო, კენჭისყრისას სასურველი შედეგის მიღება ვერ შეძლო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, კვაჭანტირაძის პრეცედენტი - პირველი ბრძოლა, რომელიც "ძველებმა" "ახლებს" მოუგეს

"კვაჭანტირაძის გადაყენებისათვის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, თუმცა კენჭისყრისას მისი გადადგომის მომხრე 67 დეპუტატი აღმოჩნდა, ხოლო 8 წინააღმდეგი იყო. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძე დეპუტატებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ კვაჭანტირაძის საკითხზე კიდევ ერთი კენჭისყრა გუშინვე გაიმართებოდა, თუმცა კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ ის თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს, რის შემდეგაც კენჭისყრა აღარ შედგა. კვაჭანტირაძე ამბობს, რომ "ოცნებაში" ხელის გადაგრეხის პროცესი მიდის და ის თავის კოლეგებს ამ მძიმე მდგომარეობაში არ ჩააყენებს, ამიტომ წასვლის გადაწყვეტილება თავადვე მიიღო. გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვა პარლამენტში მწვავე რეპლიკების ფონზე მიმდინარეობდა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ეკა ბესელიამ ყოფილი თანაგუნდელები გააკრიტიკა და ზვიად კვაჭანტირაძეს მადლობა გადაუხადა. მან სესიაზე რეგლამენტის ის ნაწილი წაიკითხა, რომელიც ზვიად კვაჭანტირაძეს საშუალებას აძლევს, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა შეინარჩუნოს. "თქვენ დღეს დაინახეთ, რომ პრაქტიკულად, "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში აღარ აქვს", - ეს განცხადება კი თავად ზვიად კვაჭანტირაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ის თანამდებობიდან ვერ გადააყენეს. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ გამოსვლას სამარცხვინო უწოდა. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ", წნეხის მიუხედავად, დეპუტატებზე გავლენა ვერ მოახდინა და მათ კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირეს. მისივე განცხადებით, გამოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების რეალური სახე. "პარლამენტის თავმჯდომარის ყოვლად უსირცხვილო გამოსვლამ და იმ პოსტულატებმა, რომლებიც მის ისტორიულად სამარცხვინო გამოსვლაში წამოაყენა, მე მიმაღებინა გადაწყვეტილება, ბოლომდე ვმდგარიყავი მედგრად და არც ერთ შემთხვევაში არ გამეკეთებინა განცხადება გადადგომის თაობაზე. თქვენ დღეს დაინახეთ, რომ, პრაქტიკულად, "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში აღარ აქვს. ძალიან დიდი პრესი ჩემმა მეგობრებმა, ჩემმა ყოფილმა თანამებრძოლებმა განიცადეს დღეს დილიდან, გუშინ საღამოდან. "სპეციალურად ჩამოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი, დაასწრეს უმრავლესობის სხდომას, რათა შეექმნათ ანტურაჟი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილიც აუცილებლად ითხოვდა ჩემი საკითხის ამგვარად გადაწყვეტას. მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს ვაჩვენე, პრაქტიკულად, სახე, აი, ამ მმართველობის ქვეშ რა დღეშია "ქართული ოცნება" და უმრავლესობა, მე მაინც მივიჩნიე, რომ ამ სესიის ბოლომდე ჩემი ნებით უნდა გადავმდგარიყავი", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ“, - განაგრძობს გამოცემა.

"ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფრიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი უმრავლესობაში, სავარაუდოდ, შეთანხმებული უნდა ყოფილიყო, თუმცა, ამის მიუხედავად, მისი გადაყენება ვერ მოხდა. "კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი კობახიძეს უმრავლესობასთან შეჯერებული ექნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინ კენჭისყრაზეც არ დააყენებდა, რადგან 8 დეპუტატი წინააღმდეგი წავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შიგნით რაღაც გაუგებრობაა. "ოცნებას" იმ რაოდენობის დეპუტატები ჰყავს, რომ 76 ხმას როგორღაც მოაგროვებდა. ამ ფაქტის შემდეგ ჩნდება ეჭვი, რომ უმრავლესობაში რაღაც აზრთა სხვადასხვაობაა და პატარ-პატარა ბზარებია გაჩენილი", - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან". "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ სირცხვილია იმაზე საუბარი, პარლამენტარები თავიანთ პულტებზე ვითომ წითელ და მწვანე ღილაკებს ვერ არჩევენ და ერთმანეთში ერევათ. მისი აზრით, ივანიშვილის ბრძანება დაუყოვნებლივ არ შესრულდა და მერე შეეშინდათ, რომ მოღალატეობა არ დაეწამათ და დეპუტატებმა ეს ტყუილი მოიგონეს“, - დასძენს გამოცემა.

"ხოშტარია აცხადებს, რომ უმრავლესობაში კრიზისის ნიშებია, რადგანაც თავშეკავებული დეპუტატების რიცხვიც ბევრია, რომლებმაც კენჭისყრას საერთოდ თავი აარიდეს. "ქართულ ოცნებას" ფაქტია, რომ უჭირს და ასე ადვილად რაღაცას ვეღარ იღებენ. მეორე, უფრო მძიმედ გვაქვს საქმე, რომ ამდენი პრობლემური საკითხის ფონზე, მმართველი გუნდი ერთ კაცზე არის გადაკიდებული და მთელი დღე მას დასდევენ. როგორც კი მისი წევრი აღარ არის ადამიანი, მაშინვე ცუდი ხდება. ამ ადამიანებში სიტყვა და ურთიერთობები საერთოდ ფასს კარგავს. "ძალიან ცუდი საყურებელია, როდესაც სერიოზული საკითხები უნდა განიხილონ და კვაჭანტირაძეს დასდევენ. ფაქტია, რომ არ შესრულდა მბრძანებლის დავალება და ყველა ამაზე ძალიან შეშინდა. წავიდნენ და ახალი სესია დანიშნეს. "კრიზისის ნიშნებია, რომ ასე სწრაფად არ ხდება დავალებების შესრულება. რა სისულელეა, რა მწვანე და წითელი ღილაკები, პარლამენტარი არ ხარ?! სირცხვილით ასეთი ტყუილი როგორ უნდა მოიგონო. შეეშინდათ, ვაიმე, მოღალატედ არ ჩამთვალონო და ვითომ წითელ და მწვანე ღილაკებს ვერ არჩევენ", - აცხადებს ელენე ხოშტარია“, - წერს სტატიის ავტორი.

აპრილიდან გაზის მოხმარებაზე რეგულაცია მკაცრდება

"ერთ თვეში გაზის მომხმარებლებისთვის გამკაცრებული რეგულაცია ამოქმედდება, რაც მოსახლეობას მატერიალურ ტვირთად დააწვება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ თითო ოჯახისთვის გასაწევი ხარჯი 700 ლარზე ნაკლები არ იქნება და ამ ვალდებულების შესასრულებლად მომხმარებელი მოუმზადებელია. დაკისრებული ვალდებულებები მოქალაქეების დიდ ნაწილს პრობლემას შეუქმნის, რაც შეიძლება უკმაყოფილების მიზეზიც გახდეს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, აპრილიდან გაზის მოხმარებაზე რეგულაცია მკაცრდება

"გაზის გაჟონვა-აფეთქებების გამო გამკაცრებული რეგულაცია აპრილის პირველ ნახევარში ამოქმედდება. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. იგი ითვალისწინებს სპეციალური დოკუმენტაციის შექმნასაც, სადაც გაიწერება გაზის მიწოდების არსებული პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით. შემდგომ ეტაპზე კი დაგეგმილია ორგანიზაციების შექმნა, რომელთა მთავარი ფუნქცია ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული გაზ-დანადგარების მდგომარეობის შემოწმება-გადამოწმება იქნება. აუცილებელი გახდება სივრცეებში მეთანის გამჟონი დეტექტორის დამონტაჟებაც. სემეკის წევრ გიორგი ფანგანის თქმით, რეგულაციის გამკაცრება ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია. „მოსალოდნელი ცვლილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის გამიჯვნა, რაც ნამდვილად დროული და საჭიროა. გარდა ამისა, ამოქმედდება ადმინისტრაციული ჯარიმებიც. თანხებზე ჯერჯერობით დეტალურად ვერ ვისაუბრებ, თუმცა შედარებისთვის გეტყვით, რომ მაგალითად, ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების ადმინისტრაციული ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში ითვალისწინებს ჯერ გაფრთხილებას, შემდეგ კი 100 ლარის გადახდას. იურიდიული პირის შემთხვევაში, ეს თანხა 15 000 ლარამდე იზრდება. როდესაც საუბარია ბუნებრივი გაზის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, ეს ბევრად რთული საკითხია, რადგან შესაძლოა, მას მოჰყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ამიტომ აქ უფრო მკაცრი იქნება სანქცია და ჯარიმა", - აღნიშნა ფანგანმა „კომერსანტთან" საუბრისას“, - აღნიშნავს გამოცემა.

"სპეციალისტებს კი მიაჩნიათ, რომ რეგულაციის შემოღება ვითარებას მხოლოდ ნაწილობრივ შეცვლის, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს ამ ვალდებულების შესრულება ძალიან გაუჭირდება. უსაფრთხოების ექსპერტი სოსო სიმონიშვილი ამბობს, რომ რეგულაცია გაზის გამანაწილებელ კომპანიებს საქმეს გაუადვილებს და პასუხისმგებლობის ტვირთი თითქმის მთლიანად მომხმარებელზე გადავა. „ახალი რეგულაციით, ყველაზე უფრო ახალი თაობის გაზის ხელსაწყოები იქნება მოხმარებისთვის დაშვებული, რომელიც უფრო საიმედოა, მაგრამ ამ ხარჯის გაწევა მომხმარებელს გაუჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ძველი ტექნიკა უვარგისია, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით მეტ ყურადღებას და ექსპლუატაციის წესების დაცვას საჭიროებს. გამოდის, რომ რეგულაცია უადვილებს საქმეს გაზის კომპანიებს, მათ არ დასჭირდებათ აქტიური მუშაობა, საინფორმაციო კამპანიის გაწევა და პასუხისმგებლობა უფრო მეტად მომხმარებეზე გადავა", - ამბობს „ბიზნეს-რეზონანსთან" სიმონიშვილი“, - განაგრძობს გამოცემა.

"მისი აზრით, უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება გაუმჯობესდა, მაგრამ ხალხის შემოსავალი ხარჯს ვერ გასწვდება და მოსახლეობა მატერიალურად დაზარალდება. „რეგულაციით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ფინანსურად საკმაოდ მძიმე ტვირთია. დედაქალაქში რამდენიმე ასეული ათასი ოჯახი იძულებული გახდება, ერთდროულად იყიდოს გაზის ახალი გამათბობელი, გამაცხელებელი და დაამონტაჟოს, რაც, სულ მცირე, 700 ლარი ჯდება. ეს გამოიწვევს დიდ უკმაყოფილებას. რეგულაციის უმრავლესობა წინასაარჩევნოდ ბუმერანგივით შემოუტრიალდებათ. მოსახლეობას მასობრივად დაავალდებულებენ და იძულებულს გახდიან, ახალი ტექნიკა შეიძინონ. თუკი გაზის კომპანიებს მიეცემათ უფლება, რომ ძველი თაობის დანადგარებით მოსარგებლე მოქალაქეებს გაზის მიწოდება შეუწყვიტონ, ცხადია, ხალხი იძულებული გახდება, ახალი ხელსაწყო შეიძინოს, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, დიდი უკმაყოფილება გაჩნდება, თანაც წინასაარჩევნო პერიოდში. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კანონმდებლები და ხალხი სხვადასხვა რეალობაში ცხოვრობენ. მთავრობა ცდილობს, გარეგნული ნიშნებით ჩვენი ქვეყანა დაამსგავსონ ევროპას და იქაური რეგულაციები შემოიღონ. უამრავ სტანდარტს გვახვევენ თავს, რისთვისაც ხალხი მატერიალურად არ არის მზად, არ აქვთ შემოსავალი და ვალდებულების შესრულება ძალიან გაუჭირდებათ. ჩვენი მოსახლეობის შემოსავალი არათუ ევროპის, აფრიკის საშუალოდ განვითარებული ქვეყნების დონეზეც აღარ არის. მაგალითად, ნიგერიაში ჩვენზე უკეთ ცხოვრობენ. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მოსახლეობის მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინონ, ვხედავთ, რომ ხალხი ზარალდება", - ამბობს „ბიზნეს-რეზონანსთან" სიმონიშვილი“, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო