„არა ჭოგნარის ნაგავსაყრელს“, „მოგვაცილეთ ნაგავი“, - ამ მოწოდებებით იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

„არა ჭოგნარის ნაგავსაყრელს“, „მოგვაცილეთ ნაგავი“, - ამ მოწოდებებით იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა.
ქუთაისში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ამჯერად თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჭოგნარის, გოგოგნის, კვახჭირის და ოდილაურის მცხოვრებლები შეიკრიბნენ.
ადგილობრივები მათ მიმდებარედ მუნიციპალური ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ.
„არ დავუშვებთ ნაგავსაყრელის მშენებლობას, ეს ჩვენ საფრთხეს გვიქმნის. მოძებნონ ალტერნატიული ადგილი და იქ მოაწყონ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, კარვებს გავშლით და თუ ვერ იგებენ რას ვითხოვთ, გავაგებინებთ. სად არიან დეპუტატები, რატომ არ გვპასუხობენ და არ გვხვდებიან“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
მათ ქუთაისში ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს და მოსახლეობას სოლიდარობისკენ მოუწოდეს.

























