„ნაცმოძრაობის“ წევრი - საგამოძიებო უწყების შესვლა ფოთის მერიაში მოსალოდნელი იყო, რადგან აუდიტის სამსახურმა კატასტროფული დასკვნა დადო

„ნაცმოძრაობის“ წევრი - საგამოძიებო უწყების შესვლა ფოთის მერიაში მოსალოდნელი იყო, რადგან აუდიტის სამსახურმა კატასტროფული დასკვნა დადო

მოსალოდნელი იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების შესვლა მერიაში, რადგან აუდიტის სამსახურმა კატასტროფული დასკვნა დადო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ განუცხადა. მისი თქმით, მალთაყვას სანაპირო ზოლის კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტიდან დიდი თანხა დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა.

ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტებია დაწყებული და არც ერთი არ არის დასრულებული. სანაპირო ზოლის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით ძალიან დიდი დარღვევები დაფიქსირდა. 4 მილიონი ლარი დაიხარჯა და ალბათ, მხოლოდ 1 მილიონი ლარის სამუშაოებია შესრულებული, რადგან ყველაფერი უხარისხოდ გაკეთდა. აუდიტმა კატასტროფული დასკვნა დადო.საგამოძიებო უწყების შემოსვლა გასაკვირი არ არის, ეს მოსალოდნელიც იყო. ხალხის ფულით შევსებულ ბიუჯეტს ასე, რომ გაფლანგავს ხელისუფლება, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა, ესეც დანაშაულია“, - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

მერიაში განმარტავენ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მალთაყვას სანაპირო ზოლთან დაკავშირებულ დოკუმენტები ამოიღო და სწავლობს. მათი თქმით, კომპანიამ, რომელიც იქ სამუშაოებს ახორციელებდა, ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. მათივე ინფორმაციით, დავა სასამართლოში გრძელდება.

„გუშინ შემოვიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მალთაყვას სანაპირო ზოლთან დაკავშირებით, ბულვარის მშენებლობის დოკუმენტაციის ამოღებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ როგორც კანონი ითხოვს შევასრულეთ ეს დავალება და წარვუდგინეთ მათ ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებული იყო ამ მშენებლობასთან. აღნიშნულმა კომპანიამ ჯეროვნად ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით და ჩვენ ვალდებული ვიყავით და კანონის შესაბამისად გავწყვიტეთ მათთან ხელშეკრულება გაგვეწყვიტა", - განაცხადა მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ვასილ თოდუამ.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გუშინ შევიდა. უწყებამ ერთ- ერთი კომპანიის მიერ 2015-2017 წლებში მალთაყვას რეაბილიტაციის შესრულებული სამუშაოების ამსახველი დოკუმენტები ამოიღო და მიმდინარეობს შესწავლა.