გოგი წულაია - მოვუწოდებ მთავრობას, გონს მოეგონ, თორემ ყველა მოვაჭრე მერიასთან მივა და დიდი აქცია გაიმართება

ქუთაისში „კეჩის" ბაზრობის მოვაჭრეები ახალ რეგულაციებს და სალარო აპარატების მოთხოვნას აპროტესტებენ. მათი თქმით, ყველა მოვაჭრემ მიიღო გაფრთხილება და 1 ივლისიდან სალარო აპარატით უნდა იმუშაონ. მათივე თქმით, ისინი ვერ შეძლებენ აპატარის შეძენას, ამიტომ მუშაობის შეჩერება მოუწევთ.
მოვაჭრეებს სოლიდარობა გამოუცხადა პარტია "თავისუფალმა საქართველომ". პარტიის თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ განმარტა, რომ ხელისფლება აიძულებს ადამიანებს უმუშევრები დარჩნენ და ქვეყნიდან გაიქცნენ.
„მოითხოვეს აპარატების დადგმა, რაც ამ ადამიანებისთვის რთულია. საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი დასაქმებული არის ვაჭრობაში და ეს ვაჭრობა ისედაც სულს ღაფავს, ახლა, ახალი რეგულაციის დამატება, არის მტრობა ქვეყნის, ან მაგარი სულელები არიან. მოვუწოდებ მთავრობას, გონს მოეგონ და გააუქმონ გადაწყვეტილება, თორემ ყველა მოვაჭრე მერიასთან მივა და დიდი აქცია გაიმართება“, - განაცხადა გოგი წულაიამ.
დღესვე დაგეგმილი იყო აქცია, თუმცა მოვაჭრეების ნაწილმა პროტესტის ამ ფორმაზე უარი თქვა.

























