სალომე სამადაშვილი თეა წულუკიანს - ვიდრე ვინმეს მორალს წაუკითხავთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ საკუთარი თანაგუნდელები მგლის ხახაში ჩააგდეთ

თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის და შურიძიებისთვის. დღემდე ამ ფუნქციას ასრულებთ და ამიტომ ბრძანდებით შეუცვლელი მინისტრი, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს პარლამენტში.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე დღეა გრძელდება „მინისტრის საათი“ რა ფორმატშიც იუსტიციის მინისტრს უსმენენ. დღეს სხდომა დეპუტატების საპასუხო გამოსვლებით გრძელდება.

სალომე სამადაშვილმა თეა წულუკიანი მისი საქმიანობის გამო გააკრიტიკა. სალომე სამადაშვილის თქმით, თეა წულუკიანს არ აქვს უფლება „უმანკოების მანტიამოსხმულმა“ მიმართოს ვინმეს.

„ჩვენ გუშინ მთელი დღე ვუსმენდით საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ ამ ტრიბუნიდან გვესაუბროს უმანკოების მანტიამოსხმულმა და მორალური უპირატესობის კვარცხლბეკზე ასულმა. ქალბატონო თეა, თქვენ წარმოადგენთ იმ მინისტრს ბიძინა ივანიშვილის კაბინეტში, რომელიც გახდა იშვიათი მოვლენა საქართველოში. თქვენს გადადგომას ითხოვს არა მხოლოდ ოპოზიციური სპექტრი, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლების მანძილზე აკვირდებიან თქვენს საქმიანობას და მიაჩნიათ, რომ ვიდრე თქვენ რჩებით დაკავებულ პოსტზე, ამ ქვეყანაში არც კანონის უზენაესობა იქნება, არც სასამართლოს დამოუკიდებლობა და ვერც სამართალს იპოვის ვერავინ.

მომისმინეთ რა არის უკადრებელი - უკადრებელია ის, რომ თქვენი ხელმძღვანელობის ქვეშ პროკურორებმა გაუგზავნეს წერილი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს, რომელშიც განაცხადეს, რომ ჩვენ ახლა არ გვცალია რუსეთის დანაშაულის გამოძიებისთვის, იმიტომ რომ წინა ხელისუფლების დანაშაული უნდა გამოვიძიოთო. თქვენ როდესაც გთხოვეთ ამ წერილების შინაარსის მოყოლა, არ მოყევით, რადგან არ გსურთ გაიხსენოთ.

დიახ, თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის და შურისძიებისთვის. დღემდე ამ ფუნქციას ასრულებთ და ამიტომ ბრძანდებით შეუცვლელი მინისტრი“, - განაცხადა სამადაშვილმა და დასძინა, რომ მიუღებელი და სამარცხვინოა ის ტონი, რომლითაც წულუკიანი ესაუბრება არა მხოლოდ პარლამენტის წევრებს, არამედ ქართულ საზოგადოებას, იმ ხალხს, რომელიც ქუჩაში გამოვიდა და მოითხოვა დანიშნული პროკურორის გადაყენება.

„გუშინ აქ დასცინეთ ზაზა სარალიძეს, როდესაც დასცინეთ საგამოძიებო კომისიას და უთხარით, რომ შეკითხვები ვერ მოძებნეთ სწორიო, ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოგეხადათ სარალიძის ოჯახისთვის რომ მათი შვილის მკვლელი ჯერ კიდევ დაუსჯელია.

დასცინეთ მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომ თქვენი შვილის მკვლელობაში სახელმწიფოს ბრალეულობას ვერ ვხედავო. დასცინეთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც სურს იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, რომელშიც არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. დიახ, თქვენს სახელს უკავშირდება კლანური მმართველობა სასამართლოში“, -განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა იუსტიციის მინისტრს „ბიძინა ივანიშვილის ბოროტების არტერია“ უწოდა.

„როდესაც გავრცელდა ხმა, რომ თქვენ გიპირებდნენ დაკავებული პოსტიდან მოხსნას, სიმართლე გითხრათ არ დავიჯერე, რომ ეს შესაძლებელი იყო, რადგან ბოროტების სისტემას აქვს თავისი ცენტრალური არტერია, თავისი გული და სული. ბიძინა ივანიშვილის ბოროტების სისტემა და მმართველობის რეჟიმი ემყარება დღეს სწორედ თეა წულუკიანის საქმიანობას. ამიტომ ვიდრე ივანიშვილი იქნება ამ ქვეყნის მმართველი, თეა წულუკიანიც, რა თქმა უნდა, დაიკავებს იუსტიციის მინისტრის პოსტს. თეა წულუკიანი შეუცვლელია არა მისი ღირსების, არამედ სწორედ უღირსი გადაწყვეტილებების გამო.

როდესაც ვინმეს მორალს წაუკითხავთ, მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ ბრძანდებით ის პოლიტიკოსი, რომელმაც საკუთარი თანაგუნდელები, პოლიტიკური მოკავშირეები, ის ხალხი ვისთან ერთადაც იბრძოდი, გაწირეთ, მგლის ხახაში ჩააგდეთ, „კაბელების საქმეს“ ვგულისხმობ, თქვენი თანაგუნდელები გახდნენ მსხვერპლი ივანიშვილის რეჟიმის და ხმა არ ამოგიღიათ. ასე, რომ მორალს ნურავის წაუკითხავთ მომავალში“, -განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა