ლენტეხში „ხელედულა ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივები მცირე ჰესის „ხელედულა ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ. მათ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაანონსებულ შეხვედრაზე შესვლის საშუალება არ მისცეს. ადგილზე იყო ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება.
მოსახლეობის თქმით, ჰიდროელექტროსადგურისთვის კომპანია გვირაბების მოწყობას გეგმავს იმ ტერიტორიაზე, სადაც მოსალოდნელია ღვარცოფული, მეწყრული, ეროზიული და სხვა საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურება.
ერთ-ერთი ადგილობრივის, ცისანა გაზდელიანის განცხადებით, ჰესის მშენებლობა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს, რის გამოც ადგილობრივები სვანეთს დატოვებენ.
„ჰესის მშენებლობას მოყვება სვანეთის განადგურება, ხალხი თავისით წავა აქედან,“- განაცხადა გაზდელიანმა საპროტესტო აქციაზე.
მთავრობის წარმომადგენლებმა, მათ შორის, სოზარ სუბარმა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ მოსახლეობის პროტესტის გამო მესტიის კულტურის სახლში გადაინაცვლეს, საბოლოოდ მოსახლეობასთან დაანონსებული შეხვედრა არ შედგა.

























