ქართული პრესის მიმოხილვა 25.03.2019

სანდრო თვალჭრელიძე - “რეფორმები ემსგავსება ფილმის სიუჟეტს „მიდიოდა მატარებელი“...

პარლამენტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონპროექტის განხილვას იწყებს

გია ხუხაშვილი - „ხელისუფლება შესაძლოა ამზადებდეს ნიადაგს, რომ ანაკლიის პროექტზე კონტროლი თავად აიღოს“

მოსამართლეთა კლანის ანატომიას ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე შიფრავს

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “რეფორმები ემსგავსება ფილმის სიუჟეტს „მიდიოდა მატარებელი“...

“ცხადზე ცხადია, რომ დღეს ყველა დეპუტატი ფიქრობს არა ქვეყნის ბედ-იღბალზე, არამედ საკუთარ ადგილზე “ქართული ოცნების” მომავალ საპარლამენტო სიაში. ზოგი თავს ისევ "ქართულ ოცნებაში" ხედავს, ზოგმა იცის, რომ მისთვის კარი, სავარაუდოდ, დაიხურება და ამიტომაც სხვა გზებს ეძებს. დღეს “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილს აქვს სერიოზული დილემა, როგორ გადაახალისოს პარტია ისე, რომ 2020 წლისთვის ის უნარიანი იყოს და წარმატებას მიაღწიოს. ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ ივანიშვილი ფსონს ისევ დებს იმ პირებზე, რომლებსაც უპირობოდ ენდობა”... - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რეფორმები გიორგი შენგელაიას ფილმის „მიდიოდა მატარებელი“ სიუჟეტს ემსგავსება” / “ლიბერალურმა დამოკიდებულებამ, პოლიციასა და სასჯელაღსრულების სისტემაში შეცვლილმა მიდგომებმა მეტი თავისუფლება მისცა კრიმინალებს. დღეს აღარც პოლიციისა და არც ციხის აღარ ეშინიათ”.

“ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ის არის, რომ ხალხს ეძებენ ერთგულებისა და არა პატიოსნებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით. პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანი თავისუფალიცაა და მისი მართვა რთულია. ამიტომ ასეთები აშინებთ. ამგვარი ადამიანების მოთოკვა და მოთვინიერება შეუძლებელია. მოკლედ, ისევ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ: ან პროფესიონალები და საღად მოაზროვნე ძლიერი პიროვნებები უნდა მოიყვანონ პარტიაში, ან მორჩილი ცხვრის ფარა, რომელიც მხოლოდ ღილაკის დამჭერი იქნება, თან ისე, რომ არ აერიოს. თუმცა აქაც დიდი პრობლემა აქვს ივანიშვილს, დაუჭერს კი ცხვრის ფარას საზოგადოება მხარს? ღრმად ვარ დარწმუნებული, რამდენიმე თვეში აუცილებლად გატარდება სამთავრობო რეფორმა, ვგულისხმობ რადიკალურ საკადრო ცვლილებებს. რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას და გაცემულ დაპირებებს, თუ მთლიანად არ შევცვალეთ ეკონომიკური მოდელი და არ დავიწყეთ ძალიან სწრაფად სამეწარმეო ეკონომიკის განვითარება, არაფერი გამოვა. სხვა შემთხვევაში, ვერ მივიღებთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და ვერც უმუშევრობას შევამცირებთ. ადრე თუ გვიან, ეს გასაკეთებელია. რატომღაც ჩვენს მმართველ გუნდს უნდა, რომ ქვეყანა ლამის მონათმფლობელური წყობილებიდან კონსტიტუციურ წყობილებაში მრეწველობის განვითარების გარეშე გადავიდეს, რაც შეუძლებელია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“თავის მხრივ, რთულ ვითარებაშია ოპოზიციური ფლანგიც. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ჯერ გაუგებარია, რა კონფიგურაცია შეიძლება მივიღოთ 2020 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციაში. ვნახეთ რამდენიმე შეთანხმება “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის, რაც მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელი და მტკივნეულიც კი არის სხვა რამ - ის, რომ ადამიანები თავიანთ პრინციპებს ივიწყებენ და რაციონალიზმზე ფიქრობენ, ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება “ნაციონალურ მოძრაობას” ებრძოდნენ, დღეს მასთან ალიანსში შედიან. შალვა შავგულიძესაც ვგულისხმობ და ბევრ სხვასაც - ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმაც განაცხადა, რომ არ გამორიცხავს “ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას. ჩემი აზრით ეს, ცოტა არ იყოს, არაეთიკურია”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ამ ადამიანებს აქვთ ასეთი კონტრკითხვა: მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” სისტემურად ლამის შეერწყა “ნაციონალურ მოძრაობას”, მათი ნაბიჯი რატომ არის ამორალური?” - პასუხობს:

“ჯერ ერთი, ერთის ამორალურობა მეორეს რატომ შეიძლება ამართლებდეს? მეორეც - ვფიქრობ, შერწყმაზე ლაპარაკი გაზვიადებულია. სასამართლო სისტემაში “ქართული ოცნება” ნამდვილად ცდილობს იმ სისტემის გამოყენებას, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩამოაყალიბა, რაც ასევე არასწორია, თუმცა ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის განსხვავება მაინც ძალიან დიდია. უპირველესად, ეს ჩანს იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებში, რომლებიც დღეს გაცილებით გაძლიერებული არიან და მეეჭვება ამას რამე დაემუქროს”.

“რაც შეეხება მინისტრების გამოსვლების შეფასებას, დავიწყოთ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანით, რომლის წასვლა-დარჩენის თაობაზე დიდი მითქმა-მოთქმა იყო. მან ამჯერადაც შეინარჩუნა სავარძელი და ტრადიციულად ისმის კითხვა: როგორ, რის ფასად ინარჩუნებს ის თანამდებობას? ერთი რამ ცხადია, წულუკიანი თანამდებობის შენარჩუნებას ახერხებს არა პროფესიული ნიშან-თვისებებისა და წარმატებების გამო, არამედ ძალაუფლების განაწილების სხვა მექანიზმებით. აშკარაა, 2012 წლიდან მას ვერაფერი მოუხერხეს, თუმცა მისი შეცვლა არაერთხელ სცადეს. წულუკიანი საქმეში წარმატებულად ვერ ჩაითვლება და ამას მოწმობს სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარება. ამ სისტემის რეფორმირება სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, თუმცა შედეგი რაც არის, ვხედავთ. ჩემთვის ბევრი რამის მთქმელია ერთი ფაქტი - როცა ის მთავრობაში მოვიდა, თავის მოადგილედ წარადგინა სანდრო ბარამიძე, რომელსაც ვიცნობ და ერთ-ერთ ყველაზე პატიოსან და პროფესიონალ იურისტად მიმაჩნია. ბარამიძის სამინისტროდან წასვლამ აშკარა გახადა, რომ თეა წულუკიანმა დაკარგა რეალობის შეგრძნება და ეს გაპიარებული რეფორმა იმისკენ კი არ იყო მიმართული, რომ რეალურად გაჯანსაღებულიყო სასამართლო სისტემა, არამედ ყველაფერი კეთდებოდა ფასადურად, სინამდვილეში კი უნდოდათ მიეღოთ მართვადი სასამართლო. ამ ყველაფრის კიდევ ერთი დასტური იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან ნინო გვენეტაძის წასვლა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა არაერთხელ გაიმეორა, რომ თუკი კონსორციუმი ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, სახელმწიფო ან მოძებნის სხვა ინვესტორს, რომელიც პორტისთვის დაფინანსებას მოიძიებს, ან ანაკლიის პორტი შესაძლოა თავად ააშენოს - სამწუხაროდ, მოვლენები ისე ვითარდება, თქვენს გაზეთთან ჩემი ერთი თვის წინანდელი ვარაუდი მართლდება - ამას ხელისუფლებაც აღარ მალავს! ვფიქრობ, ეს მთლად მთავრობის ინიციატივა არ არის და გარკვეულწილად უნდა უკავშირდებოდეს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს. სხვადასხვა ვარაუდი შეიძლება გამოითქვას, მაგრამ თავს შევიკავებ ამჟამად მეტის თქმისგან, რადგან ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას შეეხება. ერთი რამ ცხადია - როგორც თავის დროზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი იყო უმნიშვნელოვანესი, დღეს ასეთივე მნიშვნელობისაა ანაკლიის პორტის პროექტი. იმედია, ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობა ყველას ესმის და ხვდება, რომ მისი რეალიზება აუცილებელია. ახლა მთავარია, ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინებით მიღებული, მათ შორის უმთავრესად ჩვენი სტრატეგიული ნატოელი პარტნიორებისა. მეტს ვერაფერს ვიტყვი. ჯერჯერობით, ყველანი ვხედავთ შედეგებს, თუმცა გამომწვევ მიზეზებზე დანამდვილებით არაფერი ვიცით”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

“რაც შეეხება შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას პრივილეგირებულ ბიზნესმენებზე, რითაც მან მამუკა ხაზარაძეზე მიანიშნა, ასეთი ბიზნესმენები თუ სხვა დარგის წარმომადგენლები თითქმის ყველგან, მით უფრო ჩვენისთანა ქვეყანაში, შეიძლება არსებობდნენ, თუმცა ისიც აქსიომაა, რომ პრივილეგირებულთა ჩანაცვლება ხდება ძალაუფლების მქონე პირთა შეხედულებების ცვალებადობასთან ერთად, ოღონდ ეს ქვეყნის ინტერესებს არ უნდა ეხებოდეს და მით უფრო, არ უნდა აზიანებდეს... რაც შეეხება კრიმინალს, ლიბერალურმა დამოკიდებულებამ, პოლიციასა და სასჯელაღსრულების სისტემაში შეცვლილმა მიდგომებმა მათ მეტი თავისუფლება მისცა. დღეს აღარც პოლიციისა და არც ციხის აღარ ეშინიათ. სააკაშვილის რეჟიმის დროს იქ მოხვედრა ყველას აშინებდა, რადგან იცოდნენ, რა ჯოჯოხეთიც ელოდათ. დღეს, მგონი, ციხეში უკეთესი პირობები აქვთ, ვიდრე ზოგიერთს შინ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ვითარების გამოსწორებაზე არ უნდა იზრუნოს”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“მინდა მივმართო განათლების მინისტრს და ვუთხრა, რომ ყველა ის ინიციატივა, რომლებიც მისგან თუ პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინეთ, სწორია. ვეთანხმები, რომ განათლების ხარისხი უნდა ამაღლდეს, გატარდეს ძირეული სასკოლო რეფორმა, გაიზარდოს მასწავლებლის ხელფასი და ა.შ., მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარი ავიწყდებათ - ვინ უნდა მისცეს განათლება მოსწავლეს? მიპასუხებთ, მასწავლებელმაო და მართალიც იქნებით, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ამ სფეროში რა კატასტროფული მდგომარეობაა. რატომ გააუქმეს მასწავლებელთა საატესტაციო გამოცდები? იმიტომ, რომ უდიდესმა ნაწილმა მისი ჩაბარება ვერ შეძლო. მასწავლებელი განათლებას იღებს უმაღლეს სასწავლებელში, ამიტომ, ვფიქრობ, უმაღლესი სასწავლებლის რეფორმით უნდა დავიწყოთ, სადაც ასევე კატასტროფული მდგომარეობაა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი პრობლემა ისიც არის, რომ ზედმეტად დემოკრატიული კანონი გვაქვს და უნივერსიტეტებში რექტორს ირჩევს სამეცნიერო საბჭო, რომელიც, ძირითადად, შედგება მოძველებული, ხავსმოკიდებული პროფესორებისგან, რომელთაც ნამდვილად აკლიათ კომპეტენცია, განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ისინი იმაზე კი არ ფიქრობენ, განათლების დონე როგორ ამაღლდეს, არამედ იმაზე, როგორმე ისეთი რექტორი აირჩიონ, რომელიც მათ სამსახურიდან არ გაუშვებს. ჩვენ ვერაფრით შევცვლით ვითარებას, თუ რადიკალურად არ შეიცვალა უმაღლესი განათლება. უნივერსიტეტებში უნდა მოვიდნენ კომპეტენტური პროფესორ-მასწავლებლები”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.

პარლამენტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონპროექტის განხილვას იწყებს

“პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრ ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზებასა და სისხლის სამართლის წესით დასჯას გულისხმობს. “სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილების პროექტს კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გახდება დასჯადი ქმედება და სამართალდამრღვევს დაეკისრება ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კანონი, რომლის საფუძველზეც შეიძლება ზოგიერთი მხატვრული ნაწარმოები, ფილმი და სპექტაკლი აიკრძალოს / პარლამენტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონპროექტის განხილვას იწყებს.

“პროექტით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 155-ე პრიმა მუხლი, რის მიხედვითაც რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე. ასევე, პროექტში აღნიშნულია, რომ რელიგიური შენობებისა და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მათზე ნებისმიერი წარწერა ან დაზიანება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე. “პატრიოტთა ალიანსის” საკანონმდებლო ინიციატივას გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმად მიიჩნევს მესამე სექტორი. მათი აზრით, კანონპროექტის მიღება არ წაადგება რელიგიის თავისუფლების დაცვას. ისინი ფიქრობენ, რომ ეს იქნება ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში, რომ ჩაკლას ყველანაირი დისკუსია და პლურალიზმი სახელმწიფოში, ყველანაირი დისკუსია რელიგიური ჯგუფებისა თუ უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით. მეორე მხრივ კი, კანონის ასეთი სახით მიღების შემთხვევაში, პრაქტიკულად, დაკანონდება ძალადობა ყველანაირი განსხვავებული აზრის მიმართ. რას ფიქრობს საპატრიარქო კვიციანის კანონპროექტზე, “რეზონანსი” ამის გარკვევასაც შეეცადა. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გვითხრა, რომ მსგავს კანონპროექტს არ იცნობენ და პოზიციასაც ვერ გამოხატავენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მიღების შემთხვევაში არსებობს ყველა წინაპირობა, რომ გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. კანონპროექტის ავტორი ემზარ კვიციანი კი აღნიშნავს, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზი საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებული მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, რელიგიებისა და წმინდანების შეურაცხყოფაა. მისი აზრით, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მოქალაქეთა რელიგიური გრძნობები, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. საკანონმდებლო სივრცეში რელიგიური შეურაცხყოფის დაუსჯელობა მოქალაქეებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ უბიძგებს. 2016 წელს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იმსჯელა “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ” კანონპროექტზე, რომელიც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სამართალდამრღვევს ფულად ჯარიმას აკისრებდა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას იმ პირობით, რომ წარმოდგენილი ფორმულირება შეიცვლებოდა ახალი ფორმულირებით”, - განაგრძობს გამოცემა.

“ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 2018 წლის 20 მარტს საქართველოს საპატრიარქო გამოვიდა განცხადებით, სადაც საუბარია, რომ “სახელმწიფომ დროულად უნდა უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა, რითაც დაიცავს ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს”. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის კანონპროექტის მიღება, პირველ რიგში, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მეორეც, კანონის ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. შესაძლოა, აიკრძალოს ლიტერატურა, ნახატი, ფილმი ან სპექტაკლი, თუკი ჩაითვლება, რომ იგი კონკრეტული რელიგიური ჯგუფის ინტერესებს შეურაცხყოფს, რაც აბსურდამდე მიგვიყვანს. ბენიძის აზრით, ასეთ კანონებში მთავარი პრობლემა გრძნობებისა და მისი შეურაცხყოფის განმარტებაა. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ძალიან აბსტრაქტული თემაა და კანონით მისი განმარტება რთულია. რაც შეეხება სიწმინდეებსა და ტაძრებს, მათი შებღალვა და შეურაცხყოფა კანონით ისედაც აკრძალულულია”, - დასძენს გამოცემა.

“ასეთი კანონი ყოველთვის აღიქმება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვად. ასეთ კანონს თუ მივიღებთ, მაშინ ყველა რელიგიურ ჯგუფზე უნდა გავრცელდეს და არა მხოლოდ მართლმადიდებელ სასულიერო პირებსა და სიწმინდეებზე. ასეთი კანონები არაერთხელ გვინახავს, რომელიც რელიგიური მოტივით არის მოწოდებული და უფრო კონკრეტული ჯგუფის უფლებების დაცვას ემსახურება, რაც არასწორია. მთელი რიგ ქვეყნებში მსგავსი ტიპის კანონები არსებობს, მაგრამ, დამიჯერეთ, ეს კანონები უკვე მკვდარ ნორმებად არის ქცეული და ქმედითი აღარ არის. რა შეიძლება იქნეს აღქმული რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფად - სწორედ აქ შემოდის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პრობლემა. ამ კანონის მიღების შემთხვევაში მისი ყოველმხრივ ინტერპრეტირება შეგვიძლია. არსებობს იმის საფრთხე, რომ აიკრძალოს მხატვრული ნამუშევრები, ფერწერული ტილოები, სპექტაკლები, ფილმები, რომლებშიც კონკრეტული რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებმა, შესაძლოა, შეურაცხყოფის ნიშნები დაინახონ. ესა თუ ის კრიტიკული პოზიცია, შესაძლოა, რელიგიურ შეუარცხყოფად აღიქვან და ეს კანონი სიტყვის გამოხატვის თავისუფლების აკრძალვის სახეს მიიღებს. ეს კანონპროექტი, ასევე, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 24-ე მუხლს, ამიტომაც მისი მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მიხეილ ბენიძე.

გია ხუხაშვილი - „ხელისუფლება შესაძლოა ამზადებდეს ნიადაგს, რომ ანაკლიის პროექტზე კონტროლი თავად აიღოს“

“არ მახსენდება არც ერთი გლობალური პროექტი, რომლის დასრულებაც განსაზღვრულ ვადებში მოესწრო. ამიტომ ვადის დარღვევა ასეთ პროექტებში არ არის ტრაგედია, სხვა საკითხია, თავად მინისტრისგან რატომ წამოვიდა პარლამენტში მისვლის ინიციატივა. არც ის მახსენდება, რომელიმე მინისტრს თავისი სურვილით მოეთხოვა პარლამენტში გამოსვლა. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, რა შეიძლება ყოფილიყო მოტივი? ჩანს, ვიღაც ძალიან ნერვიულობს, რადგან არ მოსწონს საზოგადოების განწყობა პროექტიდან “თიბისი ჯგუფის” შესაძლო ჩამოშორებასთან, გნებავთ, განზე გაწევასთან დაკავშირებით. ამიტომ, როგორც ჩანს, მინისტრს უთხრეს, წადი და როგორც გინდა, დაარწმუნე საზოგადოება, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართო”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ხელისუფლება შესაძლოა, ამზადებდეს ნიადაგს, რომ ანაკლიის პროექტზე კონტროლი თავად აიღოს“ / “ჩემი ყალბი გვერდიც შექმნეს და ჩემი სახელით პატრიარქს აგინეს. დაახლოებით 2 კვირაში შსს-ს ამ საკითხზე თუ არ ექნება დამაჯერებელი პასუხები და გამოძიების შედეგები, ვაპირებ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ბანკზე კიბერშეტევის ქეისი გავუგზავნო / “მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების გეგმა ანაკლიასთან დაკავშირებით არის ასეთი - ჯერ მისი კონტროლი და შემდეგ ვაჭრობა, როგორც ჩრდილოეთით, ისე დასავლეთით”.

“როცა მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ანაკლიის პორტსა და ცნობილ ფინანსურ ტრანზაქციასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეს ერთმანეთთან კავშირი არა აქვთ, ან ძალიან მიამიტია ქალბატონი მინისტრი, ან იძულებულია, თვალში ნაცარი შეგვაყაროს. როგორ ამბობს მინისტრი, რომ ანაკლიის პორტსა და “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებზე აღძრულ საქმეს შორის კავშირი არ არის? დღეს ანაკლიის პორტის პროექტი უკვე იმ ფაზაშია, რომ უნდა დაკონტრაქტებულიყო პირველი ტრანში 600 მილიონი დოლარის ოდენობით. ამ დროს კი იმ კაცზე, რომელსაც ინვესტორებმა ფული უნდა ანდონ, ხელისუფლება ამბობს, მძიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილიო. შესაბამისად, როგორ შეიძლება თქმა, რომ ამ ორ ამბავს ერთმანეთთან კავშირი არა აქვს?! ხელისუფლებას მართლა რომ უნდოდეს ანაკლიის პროექტის ხელშეწყობა, რა გახდა 2008 წლის დროინდელი ტრანზაქციის გამოძიება? ეს ხომ უმარტივესი გამოსაძიებელია? ამიტომ ჩნდება ეჭვი, სისხლის სამართლის საქმე იმისთვის გახდა საჭირო, რომ თემა `დაკიდებულიყო~ და ვიღაცას თავისი გეგმა შეესრულებინა ჯერ ბანკში და შემდეგ ანაკლიის პორტში”, და რამდენსაც უნდა ეცადონ, ამ შთაბეჭდილებას ვერ გაფანტავენ. მით უფრო, რომ იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც პროკურატურისგან მოვისმინეთ, ფულის გათეთრება არსად ჩანს. შეიძლება ვილაპარაკოთ პროცედურულ დარღვევებზე, მაგრამ ფულის გათეთრების ნიშნები არ იკვეთება” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ამ საქმისთვის ფულის გათეთრების კვალიფიკაციის მიცემა? ფაქტია, მამუკა ხაზარაძეზე შეტევა ხელს შეუწყობდა მასთან დაკავშირებულ ბიზნესაქტივებსა და პროექტებზე ვითარების აფეთქებას. კატეგორიულად არ ვამტკიცებ ამ ყველაფერს, მაგრამ ხელისუფლებამ ვერც ერთი არგუმენტით ვერ შეძლო ამ ეჭვების გაქარწყლება და მისგან მხოლოდ ლოზუნგები გვესმის. თუ ხელისუფლება დაინტერესებული იყო, ამდენი ხანი რად უნდოდა ამ საქმის გამოძიებას? გარდა ამისა, ბევრი ირიბი ინდიკატორია, მათ შორის, ბანკზე კიბერშეტევა, რომელიც ჯერ კიდევ შარშან ივლისში მოხდა. თითქოს ეს ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს არ უკავშირდება, მაგრამ მთელ სურათს რომ შევხედოთ, ან თუნდაც იმას, როგორ იძიებენ კიბერშეტევის საქმეს სამართალდამცველები, ესეც აძლიერებს კითხვებს ხელისუფლებასთან. 6 თვეში 4 წერილი მისწერა “თიბისი ბანკმა” შს სამინისტროს კიბერტერორიზმის შესახებ და გამოძიებას დღემდე არაფერი აქვს. კიბერშეტევა შედეგიანი რომ ყოფილიყო, შესაძლებელია საქართველოში ფინანსური სისტემა ჩამოშლილიყო. ასეთ დანაშაულზე ნორმალურ ქვეყნებში მყისიერად რეაგირებენ, ჩვენთან კი როგორც შსს-მ, ასევე ეროვნულმა ბანკმა ყური არ შეიბერტყეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“შს სამინისტროს პასუხები, რომ ამოღებული კომპიუტერი ექსპერტიზაზეა ფაქტობრივად, თავიდან მოცილების მცდელობაა. ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირის გავრცელების საქმეზე 16 კაცი დააპატიმრეს და მათ კომპიუტერებს თუ ჩაუტარეს ექსპერტიზა? ხელისუფლება ამ თემების გამო მძიმე მდგომარეობაშია. პირადად მე დაველოდები ხელისუფლების პასუხს, რადგან ეს მხოლოდ “თიბისის” არ ეხება. არის მოსაზრება, რომ ბანკზე კიბერშეტევა იყო იმ ლოკაციიდან, საიდანაც სხვადასხვა პირის საწინააღმდეგო “ფეიკნიუსები” ვრცელდებოდა, მათ შორის ჩემზეც. ჩემი ყალბი გვერდიც შექმნეს და ჩემი სახელით პატრიარქს აგინეს. დაახლოებით 2 კვირაში შსს-ს ამ საკითხზე თუ არ ექნება დამაჯერებელი პასუხები და გამოძიების შედეგები, ვაპირებ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ბანკზე კიბერშეტევის ქეისი გავუგზავნო, თან დავურთავ ბანკიდან ძალოვანი უწყებისთვის გაგზავნილ წერილებს, სადაც ყველაფერი, ფაქტობრივად, გამოკვლეულია და საფუძვლიან ეჭვს გამოვთქვამ, რომ საქართველოს ხელისუფლება კიბერტერორისტებს მფარველობს”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “მამუკა ხაზარაძემ ილაპარაკა მის საწინააღმდეგო ორკესტრირებულ შეტევაზე”, - პასუხობს:

“ეს ყველაფერი არის ელემენტები, მათ შორის ეროვნული ბანკის ქმედებები. იგივე პირები, ანუ სცენარისტები, ფიგურირებენ ეროვნულ ბანკში ამ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეში, რომლებმაც თავის დროზე ბანკ “ქართუს” საქმე “შეკერეს”. იქაც ფულის გათეთრება ჰბრალდებოდათ ბანკის თანამშრომლებს და სრული ანალოგიაა იმისა, რაც ახლა “თიბისის” საქმეში ხდება. მაშინ მახსოვს, ნოდარ ჯავახიშვილი `ქართუ ჯგუფის~ პრეზიდენტი იყო, ხოლო შალვა თადუმაძე - “ქართუს” ადვოკატი. მაინტერესებს, როგორია ამ ადამიანების პოზიცია? ნოდარ ჯავახიშვილი ახლა აუდიტის სამსახურშია, შალვა თადუმაძე კი მთლად მთავარი პროკურორი. მათ არ უჩნდებათ შეკითხვები, რომ “ქართუზე” უპრეცედენტო შეტევის შემდეგ ეროვნული ბანკის იურიდიულ სამსახურს ახლაც ის ადამიანი ხელმძღვანელობს და იმავე სცენარით “თიბისის” უტევენ...”

“დღესაც არ ვიცი, რა არის ხელისუფლების ამოცანა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ გვაქვს ცუდი და უარესი ვარიანტი: უარესი ვარიანტია, თუ ხელისუფლებას პროექტის ჩაშლა უნდა, თუმცა არ გამოვრიცხავ, ახლა დაინახა, რომ ანაკლიამ შესაძლოა სტრატეგიული გრძელვადიანი კვანძის როლი ითამაშოს, დაინახა ამაში თავისი პოლიტიკური დივიდენდი და ძალაუფლების გამყარების განსაზღვრული გარანტიები როგორც დასავლეთთან სავაჭროდ, სალაპარაკოდ, ასევე რუსეთთან საუბრის შესაძლებლობისთვის. ვერ წავუყენებ ხელისუფლებას ბრალდებას, რომ რუსეთის დაკვეთას ასრულებს. ვიმეორებ, ჩემი აზრით, მან დაინახა, რომ ანაკლია შეიძლება ძალაუფლების შენარჩუნების გრძელვადიანი ბერკეტი გახდეს და ამ მიმართულებით დაიწყო ფიქრი. რაც უნდა უცნაურად ჩანდეს საკუთარი ინიციატივით პარლამენტში მინისტრის მისვლა, ეს შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ნაბიჯი იმის შემზადებისთვის, რომ ანაკლიის პორტის მთავარი მშენებელი კომპანია განზე გასწიონ და ამ პროექტზე კონტროლი თავად აიღონ. ამას შემდეგ რისთვის გამოიყენებენ, პროექტის გასაგრძელებლად თუ მის დასაკონსერვებლად, ეს შესაძლოა დიდი, გლობალური ვაჭრობის მაგიდასთან გადაწყდეს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების გეგმა ასეთია: ჯერ გაკონტროლება და შემდგომ ვაჭრობა როგორც ჩრდილოეთთან, ისე დასავლეთთან”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

მოსამართლეთა კლანის ანატომიას ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე შიფრავს

“სასამართლოში ჩამოყალიბებული არაფორმალური მართვის სისტემა კომუნისტური, შევარდნაძისა და სააკაშვილის დროინდელი მმართველობის ნაზავია, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო “ოცნებამ” - ესაა სასამართლოს მორჩილებით მართვის მოდელი, როცა მოსამართლე თავად ვერ იღებს გადაწყვეტილებას და ელოდება ინსტრუქციას. ამ მოდელში მოსამართლედ ინიშნება ის, ვისი მართვაც შესაძლებელია და ამ მოდელში მოსამართლეებს მართავენ მათრახითა და თაფლაკვერით - მორჩილებს ახალისებენ, ურჩებს კი სჯიან...”, - აცხადებს უზენაესი სასამართლოს ექსთავმჯდომარე, ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე, კახა წიქარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე კლანის ანატომიას შიფრავს / “კუბლაშვილი საქმეების გარიგების პირდაპირ კომუნიკაციაში არ იყო ჩართული, თუმცა კლანთან თანამშრომლობდა - სქემა გვქონდა ჩამოწერილი, ანუ ცერცვაძეს, ჩინჩალაძეს, მურუსიძესა და კუბლაშვილს შორის კავშირები და შემდეგ მათი კავშირი ადეიშვილთან” .

“2012 წლის შემდეგ მოსამართლეებს გაცილებით მეტი თავისუფლება მიეცათ, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს ჰქონდათ, თუმცა იქ, სადაც ხელისუფლების ინტერესია, გადაწყვეტილება წინასწარ უნდა შეუთანხმდეს სასამართლოში არსებულ კოორდინატორებს, ხოლო კოორდინატორების როლს კლანი ასრულებს. მართვის ეს სტილი მოითხოვს ვიწრო ჯგუფის არსებობას, რომელიც არაფორმალური მეთოდებით მართავს სასამართლოს. არ დაგვავიწყდეს ამ სისტემაში კუბლაშვილის როლი. ჩემი ინფორმაციით, ის საქმეების გარიგების პირდაპირ კომუნიკაციაში არ იყო ჩართული, თუმცა კლანთან თანამშრომლობდა. ადეიშვილს კავშირი ჰქონდა ჩინჩალაძესთან და შემდეგ მისი მეშვეობით სასამართლოს თავმჯდომარეებს უკავშირდებოდა; ანუ ჩინჩალაძე იყო სისტემაში მთავარი კოორდინატორი, რომელიც უზრუნველყოფდა მოსამართლეების მორჩილებასა და პოლიტიკური დაკვეთების შესრულებას. 2012 წელს ეს ჯაჭვი გაწყდა, რადგან ადეიშვილი აღარ იყო იუსტიციის მინისტრი, “ოცნებას” კი სასამართლოზე ზეგავლენა აღარ ჰქონდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა წიქარიშვილი.

“2012 წლიდან სასამართლოს გამოეყო დაახლოებით 50-კაციანი ჯგუფი და შეიქმნა “მოსამართლეთა ერთობა”, მაგრამ კლანი დაორგანიზდა და 2013 წელს ხელისუფლებას პირველი ბრძოლა მოუგო - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ყველა სამოსამართლო პოსტი კლანმა ჩაიგდო ხელში. როგორც კი კლანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ორჯერ გაიმარჯვა, “მოსამართლეთა ერთობა” შემცირდა და მერე საერთოდ გაქრა - აღარც ერთი მოსამართლე ამ ალტერნატიულ ასოციაციაში აღარ არის. 2015 წელს, როდესაც ნინო გვენეტაძე მოვიდა, მას “აწყობილი” სისტემა დახვდა, დალაგებული ძალთა ბალანსითა და სტრუქტურებით. შემდეგ კლანის ხელმძღვანელები, მურუსიძე და ჩინჩალაძე, გავიდნენ კავშირზე ხელისუფლების ნდობით აღჭურვილ პირებთან, სავარაუდოდ, ვანო ზარდიაშვილსა და მამუკა მდინარაძესთან. კობახიძე, ჩემი აზრით, ამ პროცესებში 2017 წელს ჩაება, როდესაც სასამართლოსთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ჩაიბარა. ჩანს, ზარდიაშვილი შემაერთებელი რგოლია, სწორედ ამიტომ მოიპოვა ასეთი გავლენა “ოცნებაში”,- განაგრძობს რესპონდენტი.

“გვენეტაძის მოსვლის დროს ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული ხელისუფლებისა და კლანის მოლაპარაკება. გვენეტაძემ დაიწყო მოქმედება სისტემაში გავლენის მოსაპოვებლად, თუმცა არ გამოუვიდა. როდესაც ჩვემ გვენეტაძესთან ვისაუბრეთ, სქემა ფურცელზე გვქონდა ჩამოწერილი - ანუ ცერცვაძეს, ჩინჩალაძეს, მურუსიძესა და კუბლაშვილს შორის კავშირები და შემდეგ მათი კავშირი ადეიშვილთან - ცერცვაძეს სასამართლოში თავისი კლანი ჰყავდა, ადეიშვილს სასამართლოში ორი მსხვილი კლანი სჭირდებოდა, რათა ორი დამოუკიდებელი წყაროდან მიეღო ინფორმაცია და ისინი ერთმანეთის მეშვეობით ეკონტროლებინა. კლანის წინააღმდეგ ზომები მივიღეთ: დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიზანი გახლდათ მურუსიძისგან დისციპლინური ფუნქციის ჩამოცილება. ასევე შევქმენით მენეჯმენტის დეპარტამენტი და მას ჩამოვართვით მენეჯერული ზედამხედველობის ფუნქცია. ესეც კანონში ჩავწერეთ. შემდეგ დადგა სასამართლოს თავმჯდომარეების ვადამდე გათავისუფლების საკითხი. თავმჯდომარეების ქსელს თუ დავშლიდით, არსებობდა იმედი, რომ მოსამართლეები შეძლებდნენ თავისუფალი ადამიანების დანიშვნას. ნინო გვენეტაძე აქტიურად ცდილობდა მოსამართლეთა კორპუსის დარწმუნებას, მაგრამ მოსამართლეთა კორპუსი და საბჭო ამას ეწინააღმდეგებოდნენ”, - განმარტავს ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე.

“2015 წლის ბოლოს კი მთავრობიდან მოვიდა თხოვნა, რომ უკან დაგვეხია, არადა, ეს პრინციპული საკითხი იყო. მაშინ ნინოს ვუთხარი, რომ ამას მოჰყვებოდა შემდგომი დათმობები, შემოტევები და ა.შ. სამწუხაროდ, მან მაინც უკან დაიხია და ეს იყო პირველი აშკარა მარცხი კლანთან ბრძოლაში, რასაც მოჰყვა კლანის გამარჯვება... როგორც ჩანს, ამ დროს ხელისუფლებამ დაასრულა კლანთან მოლაპარაკება, გაარკვია ყველა საკითხი და გვენეტაძეს უთხრეს, შენ ხელს გვიშლი მოლაპარაკებაში, ამიტომაც განზე გადექიო. გვენეტაძეს მაინც იმედი ჰქონდა, რომ კლანთან სხვა მეთოდებით შეძლებდა გამკლავებას - აპირებდა ჩინჩალაძეზე დისციპლინური დევნის დაწყებას და მთხოვა, მომემზადებინა დასკვნა, რაც არ ვურჩიე, რადგან ჩინჩალაძეს ეწურებოდა უფლებამოსილების ვადა, მოსამართლეების უმრავლესობა მას მხარს უჭერდა და ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ. მერე ვინანე - დევნა დაეწყო, ისტორიას მაინც დარჩებოდა... გვენეტაძეს მუშაობა საბჭოში კამათსა და დაპირისპირებაში უწევდა. ერთხელ მითხრა, შენ რომ აქ ზიხარ და მაქეზებ, შენი თავი წარმოიდგინე ჩემს ადგილას, რომ ვიჩხუბო და მერე ვიღაცამ ხელი შემომარტყას, რა გავაკეთოო...”, - ამბობს კახა წიქარიშვილი.

“2016 წელს ჩინჩალაძემ მოახერხა 100%-ით დაეკომპლექტებინა მოსამართლეთა შემადგენლობა და ყველა თავისი კადრი გაიყვანა. დამატებით გაიყვანა 3 პირი, რომლებიც მასთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. რაც შეეხება მეოთხეს, ანუ ირმა გელაშვილს, დღემდე დავის საგანია, რამდენად აფილირებულია კლანთან... რაც შეეხება გვენეტაძის მიერ თანამდებობის ასე მოულოდნელად დატოვებას - ნინოს აქვს თავისი პრინციპები და მორალური ზღვარი. როგორც ჩანს, კლანთან თანამშრომლობით რაღაც ზღვრამდე მივიდა და ვეღარ გადააბიჯა”, - დაასკვნის უზენაესი სასამართლოს ექსთავმჯდომარე და შეკითხვაზე - “იქნებ დაატოვებინეს?” - პასუხობს: “ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან კლანისთვის ცუდ დროს დატოვა თანამდებობა და პრეზიდენტს მისცა შესაძლებლობა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარედგინა ახალი კანდიდატი. თუმცა პრეზიდენტმა ეს ვერ გამოიყენა. გვენეტაძის წასვლა კლანის გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, ცოტა გვიან გაუშვებდნენ. ვფიქრობ, მისი წასვლა სასამართლოში არსებულ ვითარებაზე პროტესტი იყო, რაც გადადგომით გამოხატა... გამოსავალი ერთია - პარლამენტმა უნდა მიიღოს რეზოლუცია, სადაც აღნიშნული იქნება, რომ სასამართლოს კლანი მართავს. შემდეგ კლანმა უნდა დატოვოს სასამართლო და იუსტიციის საბჭოც დაიშალოს. ამ ყველაფერს პოლიტიკური ნება სჭირდება, რომელსაც ხელისუფლება არ იჩენს”.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა