ანაკლიაში ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა ვაქციოთ სახალხო პროექტად, - ამ მოწოდებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელები საქართველოს მთავრობას და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მიმართავენ.
მიმართვის ავტორთა აზრით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთა ჩართულობა და ინფორმირებულობის უზრუნველყოფა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საქმიანობაში, რომლის ერთ-ერთი საშუალება შეიძლება გახდეს აქციების ემისია, საქართველოს მოქალაქეებისთვის შეძენის შესაძლებლობის მიცემა და თანამშრომლობა სააქციო საზოგადოების განვითარების ფორმატში.
„საქართველოსთვის ანაკლიაში ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის განსაკუთრებული მნიშვნელობა წარმოჩინდება ქვეყნის ძირითად კანონში, საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით და უმაღლეს პოლიტიკურ დოკუმენტში, საქართველოს პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ სამთავრობო პროგრამაში გადმოცემული განაცხადით, რომ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაზე, გაზრდის საქართველოს როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ჰაბად. დასაფასებელია საქართველოს ხელისუფლებისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საჯაროდ გაცხადებული პოზიცია და წარმართული საქმიანობა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის პროექტისა და მშენებლობის დაწყება. ანაკლიაში ღრმაწყლოვანი საზღვრაო ნავსადგურის არსებობა განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებას, გააუმჯობესებს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, გააჩენს სტიმულსა და შესაძლებლობებს ინვესტიციების მოსაზიდად და ბიზნესის განსავითარებლად. ანაკლიის პროექტის განვითარება საქართველოს ახალ ფუნქციას შესძენს რაც იქნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება და ექნება შერიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესზე დადებითი გავლენის მოხდენის პოტენცია. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობის და მისი განხორციელების მხარდაჭერის დასტურია საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორების ბოლო დროინდელი საჯარო განცხადებები თუ საქმიანობა. ანაკლიის პროექტი განვითარების იმ ეტაპზეა, როდესაც მისი მდგრადობისთვის და ცვლილებებისადმი მედეგობის გასაზრდელად საჭიროა საზოგადოების ფართო კონსენსუსი - კონსოლიდაცია, გამჭვირვალობა და ინკლუზიური პროცესის წარმართვა. პროექტის განვითარების ამ ეტაპზევე საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების ინსტიტუციური ჩარჩოს განვითარება, რაც უზრუნველყოფს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების და ოპერირების დაწყების შემდგომ მობილიზებული გადასახადებით ცხოვრების დონის გაუმჯობესებასაც და გადაწყვეტილებების ადგილზედ მიღებასაც. ეს საჭიროებს ანაკლიის სტატუსის განსაზღვრას საკანონმდებლო აქტით.
ანაკლიის სტატუსის განსაზღვრის გარდა აქტუალურია ხელისუფლების მიერ კონსტიტუციაში ჩამოყალიბებული ვალდებულების შესრულებისთვის საზოგადოების ჩართულობით დისკუსიის დაწყება ანაკლიაში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის განსაზღვრისთვის და შესაბამისი კანონის მისაღებად. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის და ოპერირებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთა ჩართულობა და ინფორმირებულობის უზრუნველყოფა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საქმიანობაში, რომლის ერთ-ერთი საშუალება შეიძლება გახდეს აქციების ემისია, საქართველოს მოქალაქეებისთვის შეძენის შესაძლებლობის მიცემა და თანამშრომლობა სააქციო საზოგადოების განვითარების ფორმატში.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მივმართავთ:
· საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს დისკუსია ანაკლიის სტატუსის განსაზღვრის, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებისა და მიღებისთვის;
· ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, განიხილოს ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ახალი მექანიზმეების შექმნის საკითხი,“ - აღნიშნულია მიმართვაში.
მიმართვის ავტორებს შორის არიან: 1. ლიბერალური აკადემია 2. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 3. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი 4. ადამიანის უფლებათა ცენტრი 5. სკოლა-ოჯახი-საზოგადოება 6. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი 7. ფონდი სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი 8. ახალგაზრდული ალტერნატივა 9. ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის 10. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია 11. ფონდი კავკასიის ეკოლოგია 12. ცენტრი ემპათია 13. მეწარმე ქალთა ფონდი 14. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება 15. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი 16. ასოციაცია მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია 17. ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო 18. საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე, 19. HUB Georgia-ს წარმომადგენელი ვასო ურუშაძე 20. კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრის წარმომადგენელი ლიკა ბასილაია-შავგულიძე, 21. მმართველობის მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ზაზა აბაშიძე, 22. უფლებადამცველი ლია მუხაშავრია, 23. პროფესორი ანა დოლიძე, 24. ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი,25. უსაფრთხოების ექსპერტი თეონა აქუბარდია, 26. ეკონომისტი გიგლა მიქაუტაძე, 27. ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი, 28. იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე, 29. გიორგი მშვენიერაძე, 30. იურისტი ლევან ალაფიშვილი.