ბათუმში მამაკაცმა პოლიციის განყოფილებაში ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობა სცადა

ბათუმში მამაკაცმა პოლიციის განყოფილებაში ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობა სცადა

არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცმა პოლიციის განყოფილებაში ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობა სცადა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, პოლიციის განყოფილებიდან მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების პირველადი ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა ბათუმში, ცენტრალურ პარკში ორ მამაკაცს შორის დაპირისპირება, რა დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე 50 წლის მამაკაცი მომხდარის შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში მივიდა და თვითმკვლელობა ცეცხლსასროლი იაღაღით სცადა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

„საღამოს ცხრა საათზე შემოვიდა შეტყობინება, პოლიციის შენობაში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულის არეში მიიყენა, ამჟამად იგი რეფერალურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია", -განაცხადა სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ცენტრალურ პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პოლიციის განყოფილებაში მომხდარ შემთხვევას კი, პროკურატურა ორი მუხლით იძიებს. პროკურატურის პრესცენტრის ცნობით, საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ასევე 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებასა და გამოყენებას გულისხმობს.