ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2019

სტოლტენბერგის გზავნილები და გაფრთხილება: ვინ როგორ გაიგო ნატო-ს მდივნის განცხადებები

"არცერთ ამერიკელ სენატორს არ მოუვა თავში აზრად, თავისი ხელფასი ჰოლივუდის პროდიუსერებს შეადაროს"- კუკავა

***

სტოლტენბერგის გზავნილები და გაფრთხილება: ვინ როგორ გაიგო ნატო-ს მდივნის განცხადებები

"ნატოს-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის გზავნილები და გაფრთხილება- ვინ როგორ გაიგო გენერალური მდივნის განცხადებები და რა იყო ის მთავარი აქცენტები, რომელიც მდივანმა საქართველოში ჩამოიტანა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველო უკვე დატოვა, დელეგაცია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა გააცილა, თუმცა თბილისში უკვე დაიწყო იმის გაანალიზება, რა თქვა და რა მინიშნებები დაუტოვა მან საქართველოს ხელისუფლებას. ნატო-ს საიუბილეო მინისტერიალის წინ, საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ოფიციალურ ვიზიტს ქართველი პოლიტიკოსები განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. თუმცა, ოპოზიცია ნატოსთან ურთიერთობის კუთხით, ხელისუფლებისგან მეტ ქმედით ნაბიჯებს ითხოვს. მათი აზრით, სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტი ადასტურებს, რომ რუსეთის პირისპირ ნატო საქართველოს მარტო არ ტოვებს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სტოლტენბერგის გზავნილები და გაფრთხილება: ვინ როგორ გაიგო ნატო-ს მდივნის განცხადებები

"ნატო-ს გენმდივანმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა პრემიერ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის წევრებთან. სტოლტენბერგი ვიზიტის ფარგლებში ასევე ეწვია ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრო მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას. ის საქართველოში 24 მარტს ჩამოვიდა. ეს კვირა შეიძლება ჩაითვალოს ნატოს კვირეულად, რადგან საქართველოში ნატოს კომიტეტის სხდომა გაიმართება და ნატოს წევრი ქვეყნების გენერალიტეტის წარმომადგენლები ჩამოვლენ. „ნატოსთვის პრინციპული მნიშვნელობისაა, რომ ყველა ერს გააჩნია არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა",- აცხადებს ნატოს გენმდივანი. კითხვაზე, რამდენად შეძლებს რუსეთი საკუთარი პოზიციითა და ქმედებებით ხელი შეუშალოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, ის ამბობს, რომ საქართველო მაშინ გახდება ნატოს წევრი, როცა ამას 29 წევრი ქვეყანა და თავად საქართველო გადაწყვეტენ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"სტოლტენბერგის განცხადებით, არც ერთ ქვეყანას და ცხადია რუსეთს, არ აქვს უფლება ჩაერიოს დამოუკიდებელი ქვეყნის გადაწყვეტილებებსა და არჩევანში. ეს უფლება გარანტირებულია ჰელსინკის ოქმითაც, რომელსაც ხელს რუსეთიც აწერს. „თქვენ ხართ არაწევრი, თუმცა დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში“, - აღნიშნავს ის. სტოლტენბერგის თქმით, ნატოს დამოკიდებულება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, არ შეცვლილა. საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორია, რასაც დღეს მიმდინარე ერთობლივი წვრთნები კიდევ ერთხელ ადასტურებს. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, მოუწოდა რუსეთს, უკან წაიღოს ოკუპრიებული რეგიონების აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ნატოს გენერალურმა მდივანმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლება ფაქტობირვად გააფრთხილა და განაცხადა, რომ „საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ეუთოს რეკომენდაციები არჩევნებთან დაკავშირებით და უნდა გააგრძელოს რეფორმები დემოკრატიის განსამტკიცებლად,“ - ამბობს ის. „ალიანსი არ აფასებს არჩევნების შედეგებს, არც იმას თუ როგორ ჩატარდა. ეს ეუთოს საქმეა, მაგრამ ვითვალისწინებთ, რასაც ისინი ამბობენ. მათ შეფასებაში ხაზგასმულია, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია, რადგან სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვია. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად იმუშაონ და შეეცადონ გადალახონ უთანხმოებები, ვინაიდან საჭიროა, ორივე მხარემ დემოკრატიის ფუნქციონირება კარგი გახადოს,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა - განაგრძობს გამოცემა.

"სტოლტენბერგმა თავისუფალ არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაბარება მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით კი ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტისას პოზიტიურად იყო შეფასებული ყველა ის რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს. მინისტრის თქმით, საქართველოს სერიოზული მხარდაჭერა აქვს ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებისგან. „იყო უაღრესად სასარგებლო ვიზიტი. პოზიტიურად იყო შეფასებული ყველა ის რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს როგორც თავდაცვის სფეროში, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. გვაქვს სერიოზული მხარდაჭერა ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებისგან, რაც გაჟღერდა გენერალური მდივნის ვიზიტის დროს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ვისაუბრეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. თავად ეს წვრთნები უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ეს ვიზიტი და მთლიანად ნატო-საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგი, ამ დღეების განმავლობაში უნდა იყოს აღქმული მოახლოებული ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში. ნატო-სთან ასეთი დატვირთული დღის წესრიგი ნატო-სთან ჩვენი გააზრებული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილია“, – განაცხადა დავით ზალკალიანი“, - წერს სტატიის ავტორი.

"არცერთ ამერიკელ სენატორს არ მოუვა თავში აზრად, თავისი ხელფასი ჰოლივუდის პროდიუსერებს შეადაროს"- კუკავა

"გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, პარლამენტი იღებს და აქედან გამომდინარე, იურიდიულად ამის უფლება აქვს, რის უფლებასაც ხშირად იყენებენ კიდეც. რაც შეეხება თვითონ გადაწყვეტილების დასაბუთებას, ის არგუმენტი, რაც ბატონმა რომანმა მოიყვანა, არ არის რელევანტური," - ასე აფასებს „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა „რეზონანსთან" საუბრისას დეპუტატ რომან კაკულიას განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტარის ხელფასი უნდა გაიზარდოს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "არცერთ ამერიკელ სენატორს არ მოუვა თავში აზრად, თავისი ხელფასი ჰოლივუდის პროდიუსერებს შეადაროს"- კუკავა

"კუკავა კაკულიას ამ განცხადებას არასერიოზულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ დეპუტატის ამჟამინდელი ხელფასი დღეს არსებულ სოციალურ მდგომარეობას აღემატება. „პარლამენტარის ხელფასი ამ ქვეყანაში არ იანგარიშება კერძო კომპანიების ანაზღაურებასთან მიმართებაში, არამედ ზოგადად, საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებთან მიმართებაში უნდა იყოს გამოთვლილი. „არცერთ ამერიკელ სენატორს არ მოუვა თავში აზრად, რომ ჰოლივუდის პროდიუსერებს შეადაროს თავისი ხელფასი. საქართველოში ის კრიტერიუმი, რაც ბატონმა რომანმა მოიყვანა, არ ვიცი ალბათ, რაღაც მომენტში შეეშალა თორემ, აშკარად არასერიოზულია“, - აღნიშნავს გამოცემა.

"საქართველოს პარლამენტარის ხელფასის გამოანგარიშების დროს, გათვალისწინებული უნდა იქნეს მინიმალური 200 ლარი პენსია, 300-დან 500 ლარამდე პედაგოგების ხელფასები. „ამის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ პარლამენტარის დღევანდელი ხელფასიც კი უფრო მეტია, ვიდრე ეს რეალურად გამომდინარეობს დღეს სოციალური მდგომარეობიდან," - განაცხადა კახა კუკავამ. შეგახსენებთ, დეპუტატი რომან კაკულია პარლამენტარისთვის ხელფასის გაზრდის ინიციატივით დღეს გამოვიდა, რის შესახებაც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა“, - განაგრძობს გამოცემა.

"მაშინ, როდესაც პარლამენტარის ხელფასი არის ის, რაც არის, მაშინ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის ხელფასი არ არის რელევანტური. მაშინ ზოგადად დავფიქრდეთ ადეკვატურობაზე პასუხისმგებლობის და საზოგადოების წინაშე მისაღები გადაწყვეტილებების ვალდებულებებზე. ვისაც არ შეუძლია პარლამენტარის ხელფასის გაზრდაზე საუბარი, იმიტომ, რომ რაღაც მოტივაციები აწუხებს, მე მათ რიგებში არ ვარ. ვფიქრობ, რომ პარლამენტარის ხელფასი უნდა გაიზარდოს. ამ შემთხვევაში საბჭოს წევრების ხელფასი არ არის რელევანტური," - განაცხადა რომან კაკულიამ. ცნობისათვის, დეპუტატის წლიური შემოსავალი 66 465 ლარია, რაც თვეში საშუალოდ 5 538 ლარს შეადგენს“, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა