ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2019

ფარული კადრებით შანტაჟი გრძელდება - “ეს არის გაფრთხილება სხვა დეპუტატებისთვისაც...”

ტაქსისტები კალაძის რეგულაციებს აკრიტიკებენ - მერი აცხადებს, რომ აქცია პოლიტიკურად მართულია

ზაზა პაპუაშვილი კობახიძის ჯგუფს “ურჩევს”, რომ “დამშვიდნენ”

* * *

ფარული კადრებით შანტაჟი გრძელდება - “ეს არის გაფრთხილება სხვა დეპუტატებისთვისაც...”

“პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და მათით შანტაჟი გრძელდება - ამ ეტაპზე პოლიტიკოს ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში განთავსების გამო 19 წლის მირიან მჟავანაძე დააკავეს, თუმცა ვიდეო “იუთუბზე” ორი კვირის განმავლობაში იდო და ხუთი ათასი ნახვა აქვს. როგორც ცნობილია, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ორი კვირის წინ მირიან მჟავანაძის სახელით აიტვირთა, თუმცა შს სამინისტრომ ინფორმაცია მას შემდეგ მიიღო, რაც ამის შესახებ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ პოლიციას მიმართა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ფარული კადრებით შანტაჟი გრძელდება - ხუთი ათასამდე მნახველი და 19 დაკავებული / “ეს არის გაფრთხილება სხვა დეპუტატებისთვისაც, რომ თუ ისინი განსხვავებულ პოზიციებს დააფიქსირებენ, შესაძლოა, ასე დაისაჯონ”.

“მჟავანაძის და და დედა ჰყვებიან, რომ სამართალდამცველები მათ საცხოვრებელ სახლში სამოქალაქო ტანსაცმლით მივიდნენ და ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ ახალგაზრდას სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასაყვანად მიაკითხეს. “არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, უბრალოდ შემოვიდნენ და სად არისო, მოიკითხეს ჩემი ძმა. გვითხრეს, ჯარში უნდა წავიყვანოთ და სად არისო”, - ამბობს დაკავებულის და თამარ მჟავანაძე. დაკავებულის დედა აცხადებს, რომ ჩხრეკა მათ საცხოვრებელ სახლში ღამის ორი საათის შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ, რაც 19 წლის მირიან მჟავანაძე პოლიციელებს ადგილზე არ დახვდათ, ოჯახის წევრებს ბიჭის ზუსტი მისამართის დადგენა მოსთხოვეს. დაკავებულის მამა ამბობს, რომ არ იცის, როგორ მოხვდა მის შვილთან დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა. “ჩხრეკა მიმდინარეობდა ჩემს სახლში, მაგრამ ბავშვი იყო ბათუმის ახლომდებარე სოფელში და იქიდან აიყვანეს. ჩვენთან მოვიდნენ, მაგრამ იქ გადავამისამართეთ. რატომ გაავრცელა, არ ვიცი ან საიდან შევიდა მასთან, არ ვიცი. 19 წლისაა ჩემი შვილი”, - ამბობს დაკავებულის მამა. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებს ერთთვიან ვადას აძლევს. იგი ითხოვს პასუხს მთავარ კითხვაზე - ვინ არის აღნიშნული ვიდეოჩანაწერის გავრცელების ორგანიზატორი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ხელმეორედ გავრცელება საეჭვოდ დაემთხვა ხელისუფლების მხრიდან მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ შტურმს. “გასაოცარია, რომ ამ პერსონალური მორიგი თავდამსხმებისა და ჩემ წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი შტურმის ფონზე კვლავ გააქტიურდა და გამოჩნდა ეს უკანონო ჩანაწერები. ესეც შემთხვევით ხდება? როდესაც მედიის მეშვეობით გავიგე ამის შესახებ, მე თავად დავუკავშირდი შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა მათ არ ჰქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია და ეს გუშინ ჩემგან შეიტყვეს. ჩემგან უნდა გაეგოთ ეს ამბავი?” - განაცხადა ეკა ბესელიამ მედიასთან. მისი თქმით, ერთთვიანი ვადა საკმარისია იმისათვის, რომ ფაქტთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვაზე სამართალდამცავებმა შესაბამისი პასუხი გასცენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკა ბესელია ამბობს, რომ მისი გეგმა და შეფასება განსხვავებული იქნება, რაზეც საგამოძიებო ორგანოებისათვის მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ. ამასთან, ეკა ბესელია ამბობს, რომ თუ კითხვებზე პასუხს შესაბამისი უწყებები ვერ გასცემენ, პასუხისმგებლობის აღება მოქმედ ხელისუფლებას მოუწევს“, - განაგრძობს გამოცემა.

“ფარული კადრების მთავარი ავტორი რომ პოლიტიკოსია და ის დროში საკმაოდ საეჭვოდ ემთხვევა მის ყოფილ თანაპარტიელებთან დაპირისპირებას, მესამე სექტორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ერთგვარი შურისძიება იყოს. მათი აზრით, პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანის შანტაჟი ბრძოლის ბინძური მეთოდებია და მის აღკვეთას ხელისუფლება ან ვერ ახერხებს, ან არ სურს. “მნიშვნელოვანია, დროის მიხედვით კადრების გავრცელება როდის ხდება. დავაკვირდეთ, რამდენჯერაც ბესელიას გუნდის ყოფილ წევრებთან სიტუაცია ურთულდება, მაშინვე მისი კადრები საიდანღაც ჩნდება. ეს არის ერთგვარი გაფრთხილება სხვა დეპუტატებისა და ჩინოვნიკებისთვის, რომ თუკი ისინი განსხვავებულ პოზიციებს დააფიქსირებენ, შესაძლოა, ასე დაისაჯონ. გვახსოვს, მსგავისი ფაქტები რამდენიმე ხნის წინაც მოხდა, მაგრამ არავინ დაუკავებიათ და დღემდე არ ვიცით, ვინ არის მისი ამტვირთველი. ამიტომაც დაუსჯელობის სინდრომი ჩნდება და მხოლოდ გამავრცელებელ და შემთხვევით ადამიანებს არ უნდა ვაკავებდეთ”, - აცხადებს სულხან სალაძე. საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სავარაუდო გავრცელებას ეხმაურება და მას პოლიტიკოს ქალზე კიდევ ერთ თავდასხმად აფასებს”, - დასძენს გამოცემა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ასეთი კადრების გავრცელება არის დისკრედიტაციის მცდელობა, სისტემური იარაღი ქალების წინააღმდეგ და საქართველოში არსებული ის რეალობა, რომელშიც ქალ საჯარო პირებს მოღვაწეობა უწევთ. “შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით იქცა სისტემურ პრობლემად. ამის საპასუხოდ მხოლოდ მიმდინარე გამოძიებები გვაქვს, რომელთა შესახებაც საზოგადოება სათანადო ინფორმაციასაც ვერ იღებს. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ეს დანაშაული გენდერულად მოტივირებულია და მიმართულია ძირითადად ქალი პოლიტიკოსებისაკენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ხაზი გაუსვას დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივს, რათა სათანადო პასუხი გაეცეს ამგვარი დანაშაულის ჩამდენ პირებს და მომავალში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება პოლიტიკურ სისტემაში ქალთა დისკრიმინაციისა და ჩაგვრის იარაღი არ გახდეს”, - აცხადებს ლომჯარია. მისივე თქმით, ანალოგიური დანაშაული 2016 წლის 11 და 14 მარტსაც მოხდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, გამოავლინა თუ არა პროკურატურამ დამნაშავეები, რომლებმაც ეს კადრები შექმნეს და ინტერნეტსივრცეში თვითონ ან სხვა პირების მეშვეობით გაავრცელეს”, - წერს სტატიის ავტორი.

ნინო ლომჯარია სამართალდამცავებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ და პასუხისგებაში მისცენ დანაშაულის ჩამდენი პირები, საზოგადოებას კი სთხოვს, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების მიუხედავად, გვერდში დაუდგეს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ტიპის შანტაჟის მსხვერპლი გახდნენ. “ეს ხელისუფლება გადაჰყვება ამ მასშტაბის უსამართლობას, 16 ადამიანი შეიძლება გაუშვან ოთხიდან ექვს წლამდე ციხეში, რაც არის სრული სიგიჟე. შეუძლებელია, ამ ქვეყანაში ასეთი მასშტაბის უსამართლობა რომელიმე ხელისუფლებას გაუვიდეს, გადაჰყვებიან ამ ამბავს”, - ამბობს “გირჩის” პოლიტსაბჭოს წევრი ზურაბ ჯაფარიძე. მისი თქმით, ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე თითქმის ერთი თვის წინ 18 პირია დაკავებული. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულთაგან ოთხი პირი 6 დღის წინ სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მათი ოჯახის წევრები ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ისინი შერჩევით სამართალზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსია, რომელიც განიხილებოდა, იყო ის, რომ ხელისუფლებამ ხომ არ გაავრცელა კადრები. ამ ეჭვის მოცილების მიზნით, მათ გადაწყვიტეს, დაეხატათ სურათი, რომ ჩვენ როგორ გავავრცელეთ, აი, ვიჭერთ მათ, ვინც ავრცელებენ. ხელში მოჰყვათ პოლიტიკური აქტივისტები და რამდენიმე ისე ადამიანი”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ტაქსისტები კალაძის რეგულაციებს აკრიტიკებენ - მერი აცხადებს, რომ აქცია პოლიტიკურად მართულია

“ტაქსის მძღოლებმა მათზე დაწესებული ახალი რეგულაციების 2025 წლამდე გადავადების მოთხოვნით, მათ შორის მანქანების თეთრად გადაღებვის გადავადებაზე, აქცია გამართეს, რასაც მოჰყვა შეხლა-შემოხლა რუსთაველის გამზირზე, დაკავებულია ერთი მომიტინგე და კახა კალაძის პასუხი მძღოლებს, რომ აქცია პოლიტიკურადაა მართულია და ის რეგულაციებს უკან არ წაიღებს - ტაქსები თეთრად აუცილებლად უნდა გადაიღებოს. თბილისში მომუშავე ტაქსისტების ნაწილი ითხოვს, რომ ახალ რეგულაციები გადავადდეს, რადგან ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული და მათ ფული არ აქვთ, ხელისუფლება კი ცდილობს, ისედაც გაჭირვებულ ადამიანებს უფრო და უფრო მეტი ფული გამოძალოს ყველა მხრიდან ახალ-ახალი რეგულაციებით და გადასახადებით და რომ მანქანების თეთრად გადაღებვითა და წელიწადში 2-ჯერ ტექდათვალიერებით მერია ვიღაცას ფულს აკეთებინებს მათი, მძღოლების ხარჯზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ტაქსისტები კალაძის რეგულაციებს აკრიტიკებენ - კალაძე საპასუხოდ აცხადებს, რომ აქცია პოლიტიკურად მართულია / ძლივს ვარჩენ ოჯახს, რაღაც წამლებს ვყიდულობ, 150 ლარის წამალი მინდა თვეში, მაშინ დამასაქმონ და მეტს აღარ ვიტაქსავებ”.

“თბილისში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია ოთხშაბათს გამართეს. მძღოლებთან ერთად აქციაზე “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერებიც იყვნენ. აქცია-მსვლელობა შუა დღის 3 საათისთვის ვაგზლის მოედნიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა. სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მას შემდეგ დაიწყო რაც ტაქსის მძღოლებმა გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციელებმა მომიტინგეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს და ამ დაპირისპირებისას ერთი მომიტინგეც დააკავეს ადმინისტრაციული წესით “პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის” გამო. შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა 62 წლის ტაქსისტი. მას პირველადი დახმარება ჯერ ადგილზე აღმოუჩინეს შემდეგ კი სასწრაფო დახმარების მანქანით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მას შოკი და შინაგანი სისხლდენა აღენიშნებოდა, ამ დროისთვის კი მისი მდგომარეობა სტაბილურია. აქციის მონაწილეები ადგილზე კახა კალაძის მისვლას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ტაქსით ნაშოვნი შემოსავალია და ახალ -ახალი რეგულაციების შესრულებას ფინანსურად ვერ გასწვდებიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სად არის კალაძე, მისი მოადგილე მოვიდნენ აქ. ძლივს ვარჩენ ოჯახს, რაღაც წამლებს ვყიდულობ. 150 ლარის წამალი მინდა თვეში. მაშინ დამასაქმონ და აღარ ვიტაქსავებ, რა თეთრად გადაღებეო? როგორ შეიძლება ეს... ახლა ფულის გაკეთება მოუნდათ ბიძინას და მაგას. წამოვალთ სიგნალებით და დედას ვუტირებთ ამ მთავრობას”, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ტაქსისტები ამბობენ, რომ მანქანის გადაღებვა არ აწყობთ, რადგან გადაღებვა ავტომობილის საბაზრო ფასს დააგდებს და როცა მოუნდებათ, მანქანის გაყიდვას ნორმალურ ფასად ვერ შეძლებენ. გარდა ამისა, ამბობენ, რომ მანქანის ნორმალური გადაღებვა 1500-1700 ლარი ჯდება და მერიის 700-ლარიანი ვაუჩერი საკმარისი არ არის. ასევე მათ არ აწყობთ, რომ ვაუჩერის მიღების საფასურად რეკლამები უნდა განათავსონ მანქანაზე, რადგან მანქანას პირადი მოხმარებისთვისაც იყენებენ და ოჯახთან ერთად მანქანით სიარულისას რეკლამები რატომ უნდა ატარონ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ტაქსისტების მოთხოვნები ასეთია: გაუქმდეს ტაქსების თეთრად შეღებვის ვალდებულება (2019 წლის ოქტომბრიდან სავალდებულო იქნება, რომ ყველა ლიცენზირებული ტაქსის მანქანა თეთრი ფერის იყოს); ტექდათვალიერება წელიწადში მხოლოდ ერთხელ იყოს აუცილებელი (ტაქსების ტექდათვალიერება წელიწადში უკვე ორჯერაა სავალდებულო); ორკარიან და მარჯვენასაჭიან მანქანებს კვლავ ჰქონდეთ უფლება, ტაქსებად იმუშაონ. აქციაზე კალაძე არ მივიდა, თუმცა განცხადება გააკეთა, რომ დედაქალაქის მერია მზად არის შეხვდეს “კეთილსინდისიერ ტაქსის მძღოლებს” და საკითხი განიხილოს, თუმცა რეგულაციები აუცილებლად ამოქმედდება. მისივე თქმით, მძღოლებს აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ მოასწრონ ცვლილებების განხორციელება. “ტაქსების რეფორმა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს მიმართულება აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული... არ მინდა ეს კონკრეტული საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადავიტანო, რადგან ამ აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიაა და თავს შევიკავებ კომენტარისგან. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეს ქმედებები და დამოკიდებულება ჩემთვის არ არის მისაღები”, - განაცხადა კალაძემ, რომლის თქმით, “ყველა კითხვას გაეცემოდა შესაბამისი კომპეტენტური პასუხი, კიდევ ერთხელ იქნებოდა ის სიკეთეები ახსნილი, რაც ამ ადამიანებმა და მათმა ოჯახებმა შეიძლება მიიღონ”, - დასძენს გამოცემა.

ზაზა პაპუაშვილი კობახიძის ჯგუფს “ურჩევს”, რომ “დამშვიდნენ”

“მე განვეკუთვნები იმ დეპუტატების რიგს, ვისაც ვიღაც ფეხის ბაკუნით და ხელის გაშვერით ვერ დამელაპარაკება. მე მივეკუთვნები იმ დეპუტატთა რიგს, ვინც იცის ერთგულება, გუნდური თამაში, ნებისმიერ ბრძოლაში თავდაუზოგავად გადაშვება, პატიოსნად მსახურება. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ამ დაყოფის - ახალგაზრდები და ძველგაზრდებად. ეს არ იყო სწორი ტენდენცია. ჭკუანაკლული ძველგაზრდაც მინახავს და ახალგაზრდაც, ისე როგორც ნორმალური. მე წინააღმდეგი ვიყავი ასეთი შიდა კონფლიქტების და დაძაბულობების. ჩემი აზრით, რაღაც კონფლიქტური ვითარება როცა ხდება, ჩვენ იქ არანაირი ბრალი არ მიგვიძღვის და ამ კინკლაობის და დაძაბულობის ავტორები ხშირად ისინი არიან ვისზეც თქვენ მელაპარაკებით. ხშირად ისინი არიან ავტორები ასეთი უთანხმოების და დაძაბულობის. ეს გუნდობაც მასმედიის შემოტანილია. კობახიძეს შეიძლება ჰყავდეს რაღაც ჯგუფი, მაგრამ ისე არ არის, რომ გუნდებად დაიყოს. მე ვლაპარაკობ, რომ ხშირ შემთხვევაში - ხშირზე ხშირად, ჩემი აზრები არ ემთხვევა იმ ჯგუფის აზრებს, ვისაც თქვენ ახლებად და უწვერულვაშოებად მიიჩნევთ...” - აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ზაზა პაპუაშვილი კობახიძის ჯგუფს “ურჩევს”, რომ “დამშვიდნენ”.

“მაგ დეპუტატების მისამართით ვიტყვი, რამდენად სწორია და უფლებამოსილები არიან ასეთ განცხადებებს რომ აკეთებენ? არ შეიძლება რომ დამშვიდნენ?! მე მოვუწოდებ მათ, რომ დამშვიდნენ რა. ეს საპარლამენტო ვადა ნორმალურად დამთავრდეს, ქვეყნის არევა არ დავიწყოთ და მერე ძალიან ბევრი რაღაც უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ, ასე ვერ გაგრძელდება... მე რასაც ვუყურებ, ბევრი რამ ჩემი გემოვნებისთვის, პოზიციისთვის და ადამიანობისთვის შეუფერებელია. უნდა გაჩერდნენ და დამშვიდნენ. ან სხვანაირად უნდა გაირჩეს ეს. დეპუტატები მამუკა მდინარაძე და სოფო კილაძე, რომელიც თქვენ დაასახელეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაც არ სურდა, ამაზე ლაპარაკობენ, ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ, ცეცხლზე ნავთი არ უნდა დაასხან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა პაპუაშვილი და შეკითხვაზე - “თავად ირაკლი კობახიძის საქმიანობას როგორ შეაფასებდით?’ -

“არის თემები, რომელშიც ვურჩევ, რომ კარგად გაერკვეს და არის თემები, რომელშიც ეშლება. თუ გინდათ ხისტი დაუძახეთ. ჩემთვის არის თემები, რომელშიც ეშლება - დაკმაყოფილდით ამ განცხადებით, რასაც ვამბობ. მე ვლაპარაკობ იმას, რომ არის თემები, სადაც მას ეშლება და რომ არ შეშლოდა, შეიძლება ამას გართულებები არ მოჰყოლოდა. თქვენთან ინტერვიუში აღვიჭურვე მაქსიმალური მოთმინებით, მაქსიმალური დელიკატურობით. თქვენ გინდათ რაღაც მხარეებზე გადამაგდოთ და გადმომაგდოთ. ამ ვითარებაში ვფიქრობ ასე, რა არის ჩემთვის ადამიანურად და ფასეულად მიუღებელი და მე მგონი სიგნალებით ლაპარაკით დელიკატურობა დავიცავი. ზღვას არ გადავდივარ. ვამბობ, რომ დაყოფა, ცეცხლზე ნავთის დასხმა, შეურაცხყოფები, შეღიტინებები, გამოწვევები შეწყდეს. ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას იქ, სადაც საჭიროა, დავაფიქსირო და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ფიქრებს და აზრებს ანგარიში გაეწევა. ეს არის ერთ-ერთი დეპუტატის საუბარი, რომელსაც მოთმინება აქვს, მაგრამ მოთმინება მასაც ელევა”.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს