ნინო ლომჯარია - ფსიქიატრიული ჯანდაცვის სფეროში იმ საკითხებთან მიმართებით, რომელიც ყველაზე პრობლემურია, წინსვლა არ გვაქვს

„ფსიქიატრიული ჯანდაცვის სფეროში იმ საკითხებთან მიმართებით, რომელიც ყველაზე პრობლემურია, წინსვლა ჩვენ არ გვაქვს“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

ომბუდსმენმა სფეროში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რიგი პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში კვლავ რჩება გადატვირთულობის, უხარისხო მედიკამენტების და სხვა სამკურნალო ცენტრებთან კომუნიკაციის არ არსებობის პრობლემები.

„კვლავ არანაირი სტრატეგია არ არსებობს და არც სამოქმედო გეგმა. ამ პრობლემას მივყავართ ინსტიტუტებში განთავსებული ადამიანების უფლებების დარღვევასთან. ჩვენ გვაქვს გადატვირთულობის პრობლემა და ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც არ საჭიროებენ ინსტიტუციებში ყოფნას, თუმცა იქ ცხოვრობენ წლების, ათწლეულების განმავლობაში. ამ პრობლემას მივყავართ იმასთან, რომ ადამიანებს ვისაც სჭირდება, რომ იქ იყვნენ, ვისაც სჭირდება მკურნალობა, ხშირ შემთხვევაში ისინი ვერ ხვდებიან დაწესებულებებში, ვინაიდან ეს ინსტიტუციები გადატვირთულია იმ ადამიანებით, ვისაც, შესაძლოა, იქ ყოფნა საერთოდ არ სჭირდებოდეთ,- განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიამ აღნიშნული პრობლემა სათემო სერვისების არ არსებობას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ აქვს სტრატეგიული გეგმა და არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს იმისთვის, რომ ბენეფიციარებს ალტერნატიული სათემო სერვისები შესთავაზოს. სახალხო დამცველმა გაიხსენა რუსთავში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც მამაკაცმა, რომელსაც დროულად არ გაეწია ფსიქიატრიული მომსახურება, არასრულწლოვანი ძმისშვილი მოკლა.

„ამ შემთხვევამ თვალნათლივ წარმოაჩინა ფსიქიატრიული ჯანდაცვის მიმართულებით არსებული პრობლემები, კოორდინაცის ნაკლებობა ფსიქიატრიულ და ნარკოლოგიურ დაწესებულებებს შორის, გადატვირთულობა დაწესებულებებში, რეალურად ვერ ხდება პრიორიტეტიზაცია. პრობლემად რჩება სამედიცინო სერვისების გაუმჯობესების საკითხი, არ ხორციელდება სათანადო მონიტორიგი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ომბუდსმენი ამბობს, რომ სურამში, ბედიანსა და ხონში არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესება თვალსაჩინოა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა