ქართული პრესის მიმოხილვა 29.03.2019

"მტკიცე სული“ საზღვაო კომპონენტით - “ნატო ჩვენს დასაცავად ფსიქოლოგიურ ოპერაციას ატარებს”

“სახელმწიფო იმისთვის გვინდა, რომ არა მარტო საკუთარი წევრების სახლების გაქურდვა გახსნას, არამედ სხვა საქმეებიც” - ლია მუხაშავრია

***

"მტკიცე სული“ საზღვაო კომპონენტით - “ნატო ჩვენს დასაცავად ფსიქოლოგიურ ოპერაციას ატარებს”

“2019 წელი საქართველოში ნატო-ს ორი მასშტაბური სწავლების ადგილი ხდება. 12-დღიანი „ნატო-საქართველოს სწავლება 2019" პარასკევს სრულდება და უკვე მეორე, ასევე მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარების დროც გაცხადდა - აგვისტო-სექტემბერში დასავლეთ საქართველოში სწავლება, „მტკიცე სული" ჩატარდება და მასში წელს პირველად საზღვაო კომპონენტიც იქნება ჩართული. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაიას თქმით, ნატო-ს მასშტაბური წვრთნები გამართვას ერთი, ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს, როცა ამ სწავლებებით ნატო აფიქსირებს იმას, რომ ალიანსი საქათველოს გვერდზე დგას და საქართველოს გასაჭირში არ მიატოვებენ. მეორე კი, ამ სწავლების მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "მტკიცე სული“ საზღვაო კომპონენტით - “ნატო ჩვენს დასაცავად ფსიქოლოგიურ ოპერაციას ატარებს” / აგვისტო-სექტემბერში დასავლეთ საქართველოში სწავლება, "მტკიცე სული“ ჩატარდება

"პლუს, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ წვრთნებში შავი ზღვის უსაფრთხოებაზე იქნება აქცენტი და ამით ნატო კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს, რომ საზღვაო ძალები უნდა აღდგეს, მით უფრო იმ ფონზე, როცა რუსეთის ინტერესი შავი ზღვის რეგიონში აშკარაა. „აგვისტო-სექტემბერში საქართველოს ექნება აშშ-სთან ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური სწავლება - „მტკიცე სული", რომელიც კიდევ ერთხელ მიმართულია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ,"- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ს ადმირალ ჯეიმს ფოგოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის თქმით, ადმირალ ჯეიმს ფოგოს ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დადასტურებაა იმ მჭიდრო თანამშრომლობის, რომელიც საქართველოს, როგორც ნატო-ს ფორმატში, ისე ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გააჩნია“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ამასთან იზორიას განცხადებით, რამდენიმე დღეში აშშ-დან ანტისატანკო სისტემის, „ჯაველინების" სრულად შესყიდვაც სრულდება და აშშ-სთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას უნდა ველოდოთ. „რამდენიმე დღეში დავასრულებთ ანტისატანკო სისტემის „ჯაველინების" სრულად შესყიდვას. აშშ-სთან თანამშრომლობის სხვა მიმართულებით გააქტიურებას ვგეგმავთ. მოგეხსენებათ, დღეს ადმირალთან ასევე ვისაუბრეთ წელს დაგეგმილ ამბიციურ სწავლებაზე, რომელიც „მტკიცე სულის" სახელით არის წოდებული და აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება, სადაც მონაწილეთა ქვეყნებისა და სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალი იქნება. "მომავალ კვირას ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში ერთ-ერთი განხილვის თემა იქნება შავი ზღვის რეგიონის მხარდაჭერა და აქ უსაფრთხოებისთვის მეტი თანამშრომლობის და მეტი აქტიურობის უზრუნველყოფა", - განაცხადა იზორიამ ჟურნალისტებს“, - განაგრძობს გამოცემა.

"რაც შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს, როგორც იზორიამ აღნიშნა, ნახავენ კონკრეტულ ინიციატივებს, რომლის საფუძველზეც პარტნიორებთან ერთად ითანამშრომლებენ რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად. სწავლება Agile Spirit (მტკიცე სული) 2011 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. ის აშშ-ის ევროპის სარდლობის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობით იმართება და მისი მიზანი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცება და მონაწილე ქვეყნებს შორის სამხედრო ურთიერთავსებადობის ამაღლებაა. წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას. Agile Spirit 2019 წინა წლებთან შედარებით ყველაზე მასშტაბური საველე სწავლებაა, სადაც ფართოდ იქნება წარმოდგენილი ქართული და ამერიკული სამხედრო ტექნიკა. ვახტან მაისაიას თქმით, ახალი ცივი ომის პირობებში ამ სამხედრო სწავლებების ერთ-ერთი დანიშნულება ფსიქოლოგიური ეფექტია“, - დასძენს გამოცემა.

"როდესაც რუსეთი აწარმოებს ფსიქოლოგიურ ომს, ამას ადეკვატური პასუხი სჭირდება იგივე მეთოდებითაც. ამიტომ, ნატოს ჩვენს დასაცავად ფსიქოლოგიურ ოპერაციას ატარებს. მეორე მომენტია ის, რომ ამ სწავლების მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაა. მესამე მომენტი - უფრო გეოპოლიტიკური ფაქტორია. ნატო შავ ზღვის აუზს განიხილავს, როგორც მისი ოპერატიული მოქმედების უშუალო არეალს და ასეთი ხშირი წვრთნები იმის მიმანიშნებელია, რომ ეს გახდა ნატო-ს ოპერატიული მოქმედების არეალი და ნატო აცხადებს, რომ თუ საჭიროება დადგება რუსეთის ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას ადეკვატურ პასუხს გასცემენ,"- ამბობს მაისაია. მისი თქმით, „მტკიცე სულის" წვრთნებში საზღვაო კომპონენტის ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია და იმ პირობებში, როცა ჩვენ არ გაგვაჩნია სამხედრო-საზღვაო ძალები, ნატო-ს სურს, რომ ეს ხვრელი როგორმე შეავსოს საზღვაო წვრთნების ჩატარებით. „25 მარტს ნატო-ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმაც გამოუშვა მესიჯი, რომ საქართველოს სჭირდება სამხედრო-საზღვაო ძალები და სანაპირო დაცვის ეფექტური სისტემა, სანაპირო დაცვის, როგორც ცალკე სახეობის შექმნა. კარგია, შენი პარტნიორი რომ მიგანიშნებს გარკვეულ ხარვეზებზე, მაგრამ ეს ხარვეზები უნდა გაითავისო და უნდა იფიქრო სამხედრო-საზღვაო ძალების აღდგენაზე. ეს ნატო-სთან თავსებადობის და ნატო-ში გაწევრიანებისათვისაც მნიშვნელოვანი ეტაპია,"- დასძენს მაისაია“, - წერს სტატიის ავტორი.

“სახელმწიფო იმისთვის გვინდა, რომ არა მარტო საკუთარი წევრების სახლების გაქურდვა გახსნას, არამედ სხვა საქმეებიც” - ლია მუხაშავრია

"მინისტრების და „ოცნების" დეპუტატების სახლების გაქურდვის საქმეები ძალიან სწრაფად გაიხსნა, ამ დროს კი, ბესელიას შემთხვევაში, იგივე „თიბისიზე" კიბერთავდასხმის შემთხვევაში ეს დანაშაულები რომ არა და არ იხსნება და გამოძიებიდან ვერაფერსაც ვერ ვიგებთ, ესე იგი სხვა ადამიანმა ასეთ ვითარებაში რა უნდა ქნას?! "თუ ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენელი არ ხარ, აბსოლუტურად დაუცველი ხარ. ეს ძალიან საშიში ტენდენციის მაჩვენებელია, ე.ი. ჩვენ უძლურები ვართ სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ რამე გავაკეთოთ," - აცხადებს იურისტი ლია მუხაშავრია“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “სახელმწიფო იმისთვის გვინდა, რომ არა მარტო საკუთარი წევრების სახლების გაქურდვა გახსნას, არამედ სხვა საქმეებიც” - ლია მუხაშავრია

"კორესპონდენტის კითხვაზე, ხელისუფლების მტკიცება, რომ ოპოზიცია ტყუის, როცა აცხადებს, რომ 1990-იანი წლების კრიმინალურ სიტუაციას ვუბრუნდებით, რამდენად რეალურად გამოიყურება ? ლია მუხაშავრიას თქმით, ეს აჩვენებს, რომ ოპოზიციის კრიტიკა კრიმინოგენური ვითარების გაუარესებაზე, მართალია. მართლაც, ზედიზედ სამი ცნობილი პოლიტიკოსის გაქურდვა, თან სახლში შეღწევით, ეს უბრალო ამბავი არ არის. ჩვეულებრივი ლოგიკაც უნდა ადასტურებდეს ამას, როცა შეჭირვებაა ქვეყანაში და ნაკლები შემოსავალი აქვთ ადამიანებს, ფასების ზრდამ და შემოსავლების შემცირებამ ასეთი დანაშაულების ზრდა იცის, განსაკუთრებით ასეთი, ქონებრივი ხასიათის დანაშაულის ზრდა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"კორესპონდენტის კითხვაზე, არის თუ არა ერთგვარად სიმბოლური, ტრაგიკომიკური ფაქტიც, როცა სამი მაღალჩინოსანია გაქურდული, მუხაშავრიას თქმით, ტრაგიკომედიას არა, უფრო ტრაგედიას ვხედავ იმაში, რომ, როცა მათი მაღალჩინოსნები არიან დაზარალებულები, ქურდების ფაქტები გახსნეს, ხოლო სხვა საქმეები არ იხსნება. ალბათ, მათი სახლების ქურდობის გამოსაძიებლად ყველაფერი გაკეთდა, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებული ყოფილა, სხვა შემთხვევაში კი ეს არ მომხდარა და ეს არის ძალიან საშიში. ჩვენს სახელმწიფო იმისთვის გვინდა, რომ არა მარტო საკუთარი წევრების სახლების გაქურდვა გახსნა, არამედ სხვა საქმეებიც. პრემიერს, ალბათ, არ ჰქონდა კარგად ნაფიქრი, როგორ ეპასუხა. თუ ეს ხუმრობით თქვა, ეს ნამდვილად არ არის სახუმარო თემა. გამაოცა ეკონომიკის მინისტრის რეაქციამ და კომენტარმაც, რომ თურმე ეს მისი პირადი საკითხიაო. პირადი საკითხი არ არის, თუკი დანაშაულზეა საუბარი და ეს მინისტრმა უნდა იცოდეს. თან საუბარია ქურდობაზე სახლში შეღწევით, ეს არ არის მცირე მნიშვნელობის დანაშაული“, - განაგრძობს გამოცემა.

"კორესპონდენტის თქმით, ეკა ბესელიას წინააღმდეგ პირადი ცხოვრების უკანონო ჩანაწერები ისევ გავრცელდა. ბესელიამ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ კოლექტიური ტერორი ხდება ე.წ. ახლების მხრიდან, რომ განცდა რჩება ამ მორალური ტერორის მონაწილეები "ახლები" არიან და უხარიათ, ვერ მალავენ შურისძიების სურვილს. თქვენს გრჩებათ ეს განცდა, რომ ბინძური კამპანიის ბერკეტად არის გამოყენებული ეს კადრები ბესელიას წინააღმდეგ? მუხაშავრიას თქმით, ამაზე ბინძური დანაშაული წარმოუდგენელია. თითქოს გამოძიება დაწყებულია ამ ვიდეოს გავრცელების საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ამდენი თვეა გასული და ვერა და ვერ გაირკვა საიდან წამოვიდა ეს ვიდეო. უფრო მეტიც, განმეორებით ხდება მისი ინტერნეტში ატვირთვა. ეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. საერთოდაც, როცა ივანიშვილს ეკითხებიან ამ ფარული ვიდეო-ჩანაწერების გასაჯაროვებისა და გამოქვეყნების ამბებზე და ვერ იხსენებს, როცა ამდენი ხანია ასეთი მაღალი ცნობადობის მქონე პირი, ეკა ბესელია ვერ ახერხებს თავისი უფლებების დაცვას, ასეთ შემთხვევაში ეს ძალიან საშიში მოვლენაა. წეღან სახლების გაქურდვასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ მინისტრების და „ოცნების" დეპუტატების სახლების გაქურდვის საქმეები ძალიან სწრაფად გაიხსნა, ამ დროს კი, ბესელიას შემთხვევაში ეს დანაშაული რომ არა და არ იხსნება და გამოძიებიდან ვერაფერსაც ვერ ვიგებთ, ესე იგი სხვა ადამიანმა ასეთ ვითარებაში რა უნდა ქნას?! თუ ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენელი არ ხარ, აბსოლუტურად დაუცველი ხარ. ეს ძალიან საშიში ტენდენციის მაჩვენებელია, მით უფრო, ჩვენ ვიცით, რომ ასეთ ტექნიკასთან მისაწვდომობა რიგით ადამიანს და კერძო კომპანიას არ შეიძლება ჰქონდეს. აი, "თიბისის" განცხადებაც გავიხსენოთ, მათ თქვეს, რომ გამოძიების პარალელურად მათზე ხორციელდებოდა კიბერთავდასხმა და მიუხედავად იმისა, რომ თავადვე დაადგინეს, რომ თბილისის ცენტრალური ქუჩიდან ხდებოდა ეს თავდასხმა, ამ საკითხზეც არ გვაქვს პასუხები. ეს ძალიან საშიში მოვლენაა. ისე იგი ჩვენ უძლურები ვართ სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ რამე გავაკეთოთ, მით უფრო, რომ დამოუკიდებელი გამოძიება ქვეყანაში არ გვაქვს. გამოძიება არაკვალიფიციური და არასანდოა და ეს დიდი ხანია ვიცით. ეს საკითხი ასე დიდ ხანს ვერ დარჩება და პოლიტიკოსებს მოუწევთ გარკვეული ფასის გადახდა ამაში, მაგრამ ეს ჩვენთვის სახეირო ამბავი არ არის“, - დასძენს გამოცემა.

"როცა პოლიტიკოსის წინააღმდეგ არის ეს ბინძური დანაშაული გამოყენებული და არის ძალიან დასაბუთებული ვარაუდი, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება დანაშაულის ჩადენა, ბუნებრივია მარტივად იკვეთება დანაშაულს პოლიტიკური მოტივი და ხასიათი. იგივე შეიძლება ითქვას „თიბისისთან" დაკავშირებით. და ასევე ის, რომ არც ერთი ეს საკითხი არ გაიხსნა, ესეც ცხადია მეტყველებს ამ დანაშაულებების პოლიტიკურ ხასიათზე“, - წერს სტატიის ავტორი.“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო