„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაპირებული მასშტაბით არ აშენდება

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაცია ხელისუფლებას ქუთაისლების მოტყუებაში ადანაშაულებს. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანია აცხადებს, რომ ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაპირებული მასშტაბით არ აშენდება.
შუშანიამ დღეს ბრიფინგზე კომპლექსის პირველადი ესკიზი და უნივერსიტეტის სამშენებლო ტერიტორიაზე ამჟამად არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოები წარმოადგინა და არსებულ განსხვავებეზე ისაუბრა.
„2016 წელს ბიძინა ივანიშვილი დაპირდა ქუთაისელებს, რომ ამ ჭაობის ნაცვლად აქ იქნებოდა ლამაზი ტბა, ტყეში გაშენებული კომპლექსი და 60 000 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებლები. ჯერ 2020 წლისთვის გადაიწია ვადამ, ახლა კი გვეუბნებიან, რომ მხოლოდ 3 000 სტუდენტზეა გათვლილი. არაშენებული უნივერისტეტის რექტორმა, თეიმურაზ მურღულიამ, რომლის შენახვაც ბიუჯეტს 118 000 ლარი უჯდება, განაცხადა, რომ თურმე ამ ჭაობის დაშრობასაც არ აპირებენ, რადგან კლიმატზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. ეს თუ ასეა და სასარგებლოა ჭაობი, მაშინ მოვუწოდებ მას, პირადად ბიძინა ივანიშვილს და მთავრობის სხვა წევრებს, ჩამოიყვანონ თავიანთი შვილები და ასწავლონ ბაყაყებთან ერთად“,–განაცხადა გიგა შუშანიამ.
მისი თქმით, 2020 წლისთვის ადგილზე მხოლოდ რამდენიმე კორპუსი აშენდება და არჩევნების წინ მოსახლეობას ისევ მოატყუებენ.

























