ორგანიზაცია „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართავენ

ორგანიზაცია „დაიცავი ძველი" ბათუმის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართავენ და მოითხოვენ, რომ ბათუმის ისტორულ ზონაში ქაოსური მშენებლობა შეწყდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და სპეციალურ განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, ქაოსური მშენებლობა ბათუმის ისტორიულ ნაწილს შინაარსს უკარგავს.

„თქვენ ჩვენზე უკეთ იცით, რომ ბათუმი რამდენიმე წელია სამშენებლო კოლაფსის ერთგვარი ცენტრია. იმას, რაც ჩვენს ქალაქში ხდება, ვერ ვუწოდებთ არასწორ ურბანულ პოლიტიკას, ეს სრული ქაოსია.

საკმარისია! დასვით წერტილი და ბოლო მოუღეთ ურბანულ ქაოსს, თორემ ამ სფეროში კორუფციის ჭაობი ანადგურებს ყველა ღირებულებას.

„დაიცავი ბათუმი“ და საზოგადოება „ბათუმი“ თითქმის წელია აქტიურად ვითხოვთ რივიერას ტერიტორია მოექცეს ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრებში, რომელიც სპეციალისტების კვლევითაა დადგენილი. ჯერჯერობით სახეზეა მხოლოდ ზეპირი განცხადებები, რომ „სილქ როუდ ჯგუფის“ დაანონსებული ცათამბჯენები „სავარაუდოდ“ ვერ აშენდება.

გვაქვს კონკრეტული კითხვა ბათუმის მერთან - რა გიშლის ხელს „ისტორიული ზონის საზღვრების დადგენის შესახებ“ პროექტი იქცეს დოკუმენტად? ვითხოვთ სასწრაფოდ დამტკიცდეს ზონა! გაიგზავნოს „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი დასამტკიცებლად.

აუცილებლად უნდა განვიხილოთ ბოლო დროს ე.წ. ლუჟკოვის სახლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენები. რა საჭიროა ქალაქგეგმარებითი დოკუმენტები, თუ ინვესტორის მოთხოვნისთანვე საკრებულო და მერია მუდმივად მზადყოფნაში არიან შეცვლონ დადგენილი ზონის სტატუსი?

გვაინტერესებს, ამ შემთხვევაში, რა პასუხი გაქვთ სხვა ინვესტორებისთვის, რომელთაც თქვენი პოლიტიკით არათანაბარ გარემოში აყენებთ? ეს არის სამართლიანი? თუ აშენებს „ალიანსი სითი“, რატომ ვერ ააშენებს სხვა ინვესტორი?

სამწუხაროდ, ეს კითხვა უკვე აქტუალურია და გვეკითხებიან აქტივისტებს. რეალურად კი კითხვის ადრესატები თქვენ ხართ, საჯარო მოხელეები და პოლიტიკური თანამდებობის პირები. თქვენ უნდა გასცეთ პასუხი კითხვაზე - რატომ არ მუშაობს ისედაც მყიფე კანონმდებლობა?

„ალიანსს სითი“ მერიისგან ითხოვს, "ლუჟკოვის სახლის" ტერიტორიას საცხოვრებელი ზონის სტატუსი საზოგადოებრივ-საქმიანი ზონით ჩანაცვლდეს. ამ ცვლილებებით კომპანია შეძლებს K2 კოეფიციენტი გაზარდოს და სანაპიროდან 100 მეტრში 44-ი, 45-ი და 50 სართულიანი შენობები აღმართოს.

ახლად მონიშნულ სამშენებლო მოედნის მარჯვენა და მარცხენა მხარეს კი, როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული კომპანია უკვე ფლობს ერთ აშენებულ ცათამბჯენს, ხოლო მეორეს აშენებს.

ბათუმის მერია გვარწმუნებს, რომ ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს „ალიანს სითის“ გრგ-ს დოკუმენტს და მერიაში წარადგინოს მოსაზრება. ჩვენი აზრით, ეს არის ფარსი.

ინვესტორი მიწის ნაკვეთსა და 9-სართულიან სახლში, წინმსწრებად იხდის 29 მილიონ 500 ათას ამერიკულ დოლარი ისე, რომ დაანონსებული ცათამბჯენების აშენების გარანტია მიღებული არ აქვს?! ბატონებო, ჩვენ არ ვართ ასეთი გულუბრყვილოები, რომ დავიჯეროთ ეს, არ ვაპირებთ ფასადური დემოკრატიის მონაწილეები გავხდეთ.

ვითხოვთ კანონის აღსრულებას, ჩვენ პატივს ვცემთ კერძო საკუთრების უფლებას, მაგრამ ნაცარს არ შევიყრით თვალებში, როცა ვხედავთ, რომ მილიონერებს, გავლენიან პირებს, ანიჭებთ პრივილეგიას დადგნენ დადგენილ წესებზე მაღლა.

ბატონებო, დღეს კანონი არ მუშაობს, სტრუქტურები არ რეაგირებენ, პროკურატურა სამართალდარღვევას მაშინ ხედავს, როცა პოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება. საბოლოოდ ნადგურდება ყველა და ყველაფერი - მოქალაქე, ისტორიული ქალაქი, კერძო საკუთრება, ინვესტორი და შედეგად ვიღებთ რეპუტაციადაკარგულ ინსტიტუტებს.

მოგმართავთ თქვენ, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ნუ წელავთ დროს, ამით ვერ ისარგებლებთ, მიიღეთ გონივრული გადაწყვეტილებები დღეს, შეცვალეთ ურბანული პოლიტიკა და დაუსვით წერტილი ურბანულ ქაოსს",- აცხადებენ „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს