ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2019

დავით ჭიჭინაძე - “ივანიშვილის ხედვა არ შეესაბამება იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყანაშია”

ალეკო ელისაშვილი: “ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა უნიკალური შანსი, მაგრამ ყველაფერი ჩააფლავა და ჩარეცხა უნიტაზში!”

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” (N4, აპრილი, 2019) მიმოხილვა

* * *

დავით ჭიჭინაძე - “ივანიშვილის ხედვა არ შეესაბამება იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყანაშია”

“დეპუტატები, რომლებსაც მწვანე და წითელი ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან, კობახიძემ ჯერ ფერებში უნდა ავარჯიშოს და შემდეგ უნდა მართონ ქვეყანა? ამიტომ ვამბობ, ვადამდელი არჩევნები აუცილებელია, ქვეყანას მართვა სჭირდება. ეს პარლამენტი 2020 წლამდე რატომ უნდა იყოს, რისი გულისთვის, რა დამსახურებისთვის, კოლექტიურ ზარდიაშვილებს უნდა უსმინოს ხალხმა წელიწადნახევარი?! რომელი მათგანია პოლიტიკოსი?! მაშინაც ვადამდელ არჩევნებს ვითხოვდი, სანამ მე გამრიცხავდნენ “ოცნებიდან” - მაშინ რომ ჩატარებულიყო ვადამდელი არჩევნები, მერწმუნეთ, ეს ვითარება არ იქნებოდა. კვირიკაშვილი როდესაც პრემიერის პოსტიდან გაუშვეს, რომელმაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მოიგო, მაშინ ის პარლამენტიც უნდა დაშლილიყო და ახალი არჩევნები ჩატარებულიყო”, - აცხადებს პალამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით ჭიჭინაძე: “მალე ხალხი მინისტრების მოპარვაზე გადავა”.

“რაც შეეხება ბესელიას მოწოდებას ივანიშვილისადმი - თქვას, ზარდიაშვილისა და მდინარაძის რეკომენდატორი ვინ იყო 2016 წლის საპარლამენტო სიაშიო, მე როგორც ვიცი მდინარაძეს კახა კალაძემ გაუწია რეკომენდაცია. სხვათა შორის, კობახიძის რეკომენდატორიც კალაძე იყო. ეს რომ ჰკითხოთ “ოცნების” ძველ წევრებს, ყველა დაგიდატურებთ ამ ინფორმაციას. ზარდიაშვილზე კი ვერ გეტყვით, არ ვიცი... ისე, ზარდიაშვილი ერთი არ არის, ბევრნი არიან, შემოსევაა. ეს “ქართული ოცნების” განგრენაა. როდესაც პოლიტიკური ლპობა იწყება, მისი გადარჩენა შეუძლებელია, გენერალური ხაზი ვერ ამართლებს იმიტომ, რომ ამ ხალხმა არ გაამართლა. კალაძე ხვდება, რომ ეს ხალხი მას მომავალში არაფერში გამოადგება, ნახა, რომ წამგებიანები არიან. კალაძემ იცის იმდენი, რომ კობახიძეს არ უნდა გადაჰყვეს. ამიტომ არის ჩუმად. მაქსიმალურად ცდილობს კობახიძე ივანიშვილს შეტენოს, ივანიშვილი დაზიანდეს, თვითონ სუფთად გამოვიდეს, მაგრამ არ გამოუვა, ყველამ ყველაფერი იცის, პირველ რიგში - ივანიშვილმა. დარწმუნებული ვარ, ამის გამო პასუხს მოსთხოვს. ღარიბაშვილი ტყუილად არ დაუბრუნებია...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე.

“ველოდები ივანიშვილის დაპირებების შესრულებას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მისცა ხალხს, - რადიკალური ცვლილებები იქნებაო. თუ ბიძინა ამ დაპირებების შესრულებას არ დაიწყებს, ამაზე პასუხი იქნება შუალედური არჩევნები, რომელიც მაისშია. რა თქმა უნდა, “ქართულ ოცნებას” მოგება გაუჭირდება, რადგან რესურსები ამოწურა. ივანიშვილის ხედვა არ შეესაბამება იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყანაშია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ახალ მოდური გახდა შედარება მინისტრსა და რიგით მოქალაქეს შორის - რა განსხვავებაა, თუ რიგით მოქალაქეს ქურდავენ, ქურდავენ მინისტრსაცო. ჩვენ პრივილეგირებულები არ ვართო, ასეთია ჩვენი ხელისუფლების ლოგიკა. მე ვეტყვი მათ, რა განსხვავებაა: თუ არ არის მინისტრი დაცული, მით უფრო არ არის დაცული რიგითი მოქალაქე, ეს განსხვავებაა! ეს განცდა უჩნდება მოქალაქეს. თუ ასეთი უპასუხისმგებლოები იქნებიან, ცოტა ხანში მინისტრებსაც მოიპარავს ხალხი,” - დასძენს ჭიჭინაძე და შეკითხვაზე - “ვრცელდება ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებზე...” - პასუხობს:

“რა მნიშვნელობა აქვს, ხვალ ვინ იქნება მინისტრის სავარძელში. მთავარია პოლიტიკა შეიცვალოს”.

ალეკო ელისაშვილი: “ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა უნიკალური შანსი, მაგრამ ყველაფერი ჩააფლავა და ჩარეცხა უნიტაზში!”

ძალიამ მძიმე სოციალური ფონია და ამის გამოა ყველაფერი. 90-იანებში ბოლომდე არ ვართ - ქუჩებში საძმოები არ დარბიან და ავტონატებს არ აკაკანებენ, მაგრამ ვუახლოვდებუ\ით ამ ყველაფერს. ხამ ბანკებში შერბიან და აყაჩაღებენ და ხან რა. ასეთ გაჭირვებულ ქვეყანაში რომ ყველაზე წარმატებული ბიზნესი კაზინო და ტოტლიზატორი იქნება, ეს ნორმალურია. აქაც გაჭირვების ამბავია - ვიღაცებს ჰგონიათ, რომ 10 ლარად გახდებიან მილიონერები და მერე იქ ვალებს იკიდებენ, ზოგი თავს იკლავს და ზოგი სხვას კლავს. ძალიამ მძიმე დღეშია ეს ქვეყანა და რაც მთავარია, პატრონი არ ჩანს,” - აცხადებს ალეკო ელისაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ალეკო ელისაშვილი: “ბიძინა ივანიშვილი წასვლისთვისაა განწირული” / “მას ჰქონდა უნიკალური შანსი, მაგრამ ყველაფერი ჩააფლავა და ჩარეცხა უნიტაზში!

“ქვეყანაში ყველა საზღვარს გადაცდა კრიმინალის ზრდა, სამართალი კი შერჩევითია, აბა რა არის. როგორც სააკაშვილს ჰქონდა თავის თავზე და თავის ინტერესებზე სისტემა მორგებული, ისე აქვთ ზუსტად ამათ. აბა ფარცხალაძე რაომესთვის დასაჯეს? სარდაფეში ხალხს რომ მიათრევდა, უტყაპუნებდა და ამხელა აუდიტორ კაცს სცემდა, ეს საქმე გამოიძიეს და დასაჯეს ფარცხალაძე? რუსთაველ 12-ში რომ ჰაკერების ჯფუფი ყოფილა მოკალათებული და გამოძიებას თვეების განმავლობაში აჭიანურებ, ამას რა ჰქვია საერთოდ? თიბისი ბანკი მარტო ხაზარაძე ხომ არ არის, შეტევა რომ იყო ბანკზე, ამით პრობლენა ჰქონდა ძალიან ბევრ ადამიანს - ეს რატომ არ გამოიძიეს, რას იძიებენ ერთი, მარტო თალაკვაძის სახლის გაქურდვას იძიებენ?! უნდა მოვინდომოთ ყველამ, ვისთვისაც ეს ქვეყანა სულერთი არ არის და “ქართული ოცნება” ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ. ახლა შუალედურ რჩევნებზე უნდა დავანახოთ “ოცნებას” ჩვენი ძალა. აქაც მეორე ტურივით მარტო მიშა და ბიძინა ხომ არ არის, ბევრმა შიშის გამო რომ მისცა ხმა “ქართულ ოცნება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალეკო ელისაშვილი.

“არ ერთი ხელისუფლება არ ემზადება წასასვლელად და ჩვენ უნდა მივეშველოთ. იმედი მაქვს ეს მოხდება არჩევნების ნორმალურად ჩატარების გზით და თუ არ მოხდება, მაშინ სხვა რამისთვისაც მზად ვართ! ცხადია, ესენი ასე იოლად არ წავლენ. რამდენად გამწვავდება ვითარება, მთლიანად მათზეა დამოკიდებული. ჭკუა თუ ეყოფათ, უნდა დათმონ ხელისუფლება. თუ არ ეყოფათ ჭკუა და ხალხი ისეა გაღიზიანებული, ქუჩის აქციებით ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას. ბევრ პარტიას ერთმანთი გულზე არ გვეხატება, მაგრამ ყველა მიხვდა და შეთანხმდა - ეს თუ არ გაკეთდა, არაფერი გამოვა. არ შეიძლება ეს წურბელა - მაფიოზი მაჟორიტარები ასხდნენ ამ რეგიონებს თავზე და და თან იყვნენ კოჭის გამგორებლები”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “არ გამორიცხავენ, ხელისუფლებამ ვადამდელი არჩევნები შემოაგდოს, ამითვის თუ ხართ მზად?” - პასუხობს:

“ვადამდელი არჩევნები ყველაზე მეტად სწორედ რომ ხელისუფლებას აწყობს. ზოგადად ვადამდელი არჩევნების ქვეყნისთვის კარგი იქნებოდა. თავისუფალ ვარდნაშია ეს ქვეყანა, ხალხის მოთმინება ბოლოს გაწყდება და იფეთქებს. ჩვენ ყველანაირ სცენარზე ვფიქრობთ. ივანიშვილს ტაქტიკური გამარჯვებების მიღწევა შეუძლია მხოლოდ მოკლევადიანად. გრძელვადიან ალბათ ისიც ხვდება ალბათ, რომ მისმა მატარებელმა ჩაიარა და მის მოუწევს წასვლა - დღეს იქნება, ხვალ თუ ერთი წლის შემდეგ, ის აუცილებლად წავა. წავიდა ბიძინა შენი მატარებელი, უკვე ჩაიარა! მა ჰქონდა არანორმალური შანსი, რომ ეს ქვეყანა ფეხზე დაეყენებინა, არ ვიცი ასეთი შანსი კიდევ ვის მიეცემა, მაგრამ ამ კაცმა ყველაფერი ჩააფლავა და ყველაფერი ჩარეხა უნიტაზში! ის განწირულია წასვლისთვის”

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” (N4, აპრილი, 2019) მიმოხილვა

“ნატო-ს 10 დღე ქართველები “მართავდნენ” / სირიელი ტერორისტები ქართული ტანკით იბრძოდნენ? / მესაზღვრეებმა პროფესიული დღე აღნიშნეს / “დელტას” წარმატება IDEX-2019-ზე / ეროვნული თავდაცვის აკადემია განათლების საერთაშორისო გამოფენაზე / ეროვნული გვარდიის აფრიკული ვოიაჟი / ერთი დღე მეხანძრე-მაშველებთან ერთად

“თბილისში 18-29 მარტს მორიგი საერთაშორისო სამხედრო ღონისძიება "ნატო-საქართველოს სწავლება-2019" გაიმართა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებთან ერთობლივი სამხედრო სწავლებით დღეს ვეღარავის გააკვირვებ, თუმცა ეს მაინც გამორჩეულია, რადგან სწავლების დაგეგმვასა და ჩატარებას საქართველოს თავდაცვის ძალები სწავლებების ისტორიაში პირველად ხელმძღვანელობდნენ - ანუ ათი დღე ნატოს წევრი ქვეყნების მაღალჩინოსანი ოფიცრები ქართველი სამხედროების ბრძანებებს ასრულებდნენ. სწავლებაში 24 ქვეყნის (ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი) 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი მონაწილეობდა და მიზნად ისახავდა საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას”, - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N4, აპრილი, 2019) სტატიაში სათაურით “ნატო-ს 10 დღე ქართველები “მართავდნენ” / “ნატო-საქართველოს სწავლება-2019”-ზე იმ კრიზისებზე რეაგირებაც “გათამაშდა”, რომლებიც არ ითვალისწინებს ალიანსის მე-5 პუნქტის გამოყენებას...”

“ქართულ მხარეს სწავლების დაგეგმვასა და ჩატარებაში მენტორობას ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობა (LANDCOM) და გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრი (JFTC) უწევდნენ. “ნატო-საქართველოს სწავლება 2019” რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო -საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდა - პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე მიენიჭა. ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სწავლებაზე გათამაშდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის Non Article 5 კრიზისებზე სწრაფი და სწორი რეაგირება იყო. ეს ნიშნავს, რომ ნატომ თავისი დებულების მე-5 პუნქტის (რომელიც კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს, როდესაც ალიანსის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა მთლიანად ნატოზე შეტევად ითვლება) ამოქმედების გარეშე როგორ შეაჩეროს ის მოწინააღმდეგე, რომელიც ნატოს არაწევრ, მაგრამ პარტნიორ ქვეყანას დაესხა თავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ ეს სწორედ საქართველოსა და უკრაინის რუსული სამხედრო აგრესიისგან დაცვის მექანიზმის სრულყოფას გულისხმობს, ანუ მე-5 პუნქტის ამოქმედების გარეშე, რა უნდა მოიმოქმედოს ბრიუსელმა პარტნიორი თბილისისა და კიევის დასაცავად. მიუხედავად ამისა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ “ნატო -საქართველოს სწავლება-2019” რომელიმე ქვეყნის, თუნდაც იმავე რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან ამ საერთაშორისო ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლების ლეგენდა წმინდა თავდაცვითი ოპერაციების დაგეგმვას ითვალისწინებს იმ მოწინააღმდეგის შესაჩერებლად, რომელიც უკვე შემოიჭრა შენს ტერიტორიაზე”, - დასძენს გამოცემა.

“23 თებერვლიდან 27 აპრილამდე რუსეთის რკინიგზაზე ივლის 20-ვაგონიანი ეშელონი, სახელწოდებით “სირიული გარდატეხა”, რომელიც 28,5 ათას კმ-ს გაივლის და 60 ქალაქში გაჩერდება. რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუს ეს მორიგი პროპაგანდისტული ნაბიჯი მიზნად ისახავს რუსეთის მოსახლეობას გააცნოს სირიიდან ჩამოტანილი ნაალაფარი საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის ის ნიმუშები, რომლებითაც მანამდე “ისლამური სახელმწიფო” თუ სხვა ტერორისტები იბრძოდნენ სირიაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ძვირად ღირებულმა პიარაქციამ რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილის პროტესტი გამოიწვია სოციალურ ქსელებში, სადაც ისინი პუტინის ხელისუფლებას ურჩევენ, ამ ჯართის მთელი ქვეყნის მოტარების ნაცვლად, ფული გაჭირვებულ პენსიონერებზე დახარჯოს. თუმცა ეს შიდარუსული პრობლემა იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე, სადაც „სირიული გარდატეხის~ სარკინიგზო ეშელონზე განთავსებულ ნაალაფარ საბრძოლო ტექნიკაზეა ლაპარაკი, მითითებულია, რომ ეს კონკრეტული თ-55 ტიპის ტანკი სირიაში ტერორისტებისთვის... საქართველოდან იყო ჩატანილი!” - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით სირიელი ტერორისტები ქართული ტანკით იბრძოდნენ? / კრემლის დეზინფორმაციას საზღვარი არ ჰქონია - შოიგუს უწყება ამტკიცებს, რომ ISIS-ი სირიაში ქართული ტანკით იბრძოდა”.

“გასაგებია, რომ აგვისტოს ომის შემდგომაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ შეუწყვეტია საინფორმციო ომი საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ რუსეთის ქალაქების ვაგზლებზე შეკრებილი ობივატელებისთვის იმის მტკიცება, რომ ტერორისტულ “ისლამურ სახელმწიფოს” ტანკი სირიაში საქართველოდან ჩაუტანეს, მართლაც მეტისმეტია! ქართული გვარდიისა და არმიის შეირაღებაში სხვადასხვა მოდიფიკაციის T-55 ტიპის ტანკები ჯერ კიდევ 1991 წლის ბოლოდან გამოჩნდა და ოთხ ათეულმდე ასეთი ტანკი შეიძლება რეზერვშიც ირიცხებოდეს, მაგრამ როგორ უნდა წარმოიდგინო მათი სირიაში გაგზავნა? ან იქნებ ის T-55-ები მოხვდა სირიაში, რომლებიც 1992-93 წლების აფხაზეთის ომში დავკარგეთ? მაშინ გენერალ შოიგუს პასუხი იმ აფხაზმა სეპარატისტებმა გასცენ, ვისაც იმ ომში მაშინ პოლკოვნიკი შოიგუ ეხმარებოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, ამ ტანკს სირიაში ტერორისტებს საქართველოდან ვერავინ მიაწვდიდა დიდი მონდომების შემთხვევაშიც კი. თავად სირიის არმიას ასეულობით ასეთი ტანკი ჰყავდა და 2011 წლიდან, როდესაც ბაშარ ასადის ჯარის უდიდესი ნაწილი დეზერტირად იქცა, “ისლამურმა სახელმწიფომ” მოძველებული ტანკები და ბევრად თანამედროვე შეიარაღებაც (რომლებსაც ასადის რეჟიმს პუტინის რუსეთი აწვდიდა) ასადის არმიის საწყობებიდან უპრობლემოდ გაიტანა. ეს კი ისედაც გასაგები გახლდათ, მაგრამ “სირიული გარდატეხის” ეშელონის ოფიცრები რუსული ქალაქების ვაგზლებში თავმოყრილ ობივატელებს თუთიყუშებივით ერთსა და იმავეს გაუმეორებენ, ამ ტანკს რომ ხედავთ, ის სირიაში ტერორისტებს საქართველოდან ჩაუყვანესო!”, - დასძენს გამოცემა.

”საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 21 იანვრის N24 ბრძანებულებით დაწესდა მესაზღვრის დღე, რომელიც ყოველი წლის 21 მარტს აღინიშნება. თუმცა სახელმწიფო საზღვრის დაცვის ორგანიზებისთვის პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ 1991 წლის შემოდგომაზე გადაიდგა. წელს საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ პროფესიული დღესასწაული მეოცედ იზეიმა. 21 მარტს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ მოადგილესა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად მესაზღვრეთა პროფესიული დღე სასაზღვრო პოლიციის მესტიის სამმართველოსა და სექტორ “ჭუბერის” თანამშრომლებს მიულოცა, ხოლო რამდენიმე მათგანს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის ჯილდოები გადასცა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით მესაზღვრეებმა პროფესიული დღე აღნიშნეს”.

“დღის მეორე ნახევარში შს სამინისტროში მესაზღვრეთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც შს სამინისტროსა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიღება შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. “მესაზღვრეების ყოველდღიური მსახურება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წყნარ, მშვიდ და სტაბილურ გარემოში ვითარდებოდეს, შრომობდეს, აძლიერებდეს ეკონომიკას და ზრუნავდეს თავის მომავალზე. საზღვრის დაცვის დეპარტამენტი შს სამინისტროს უმნიშვნელოვანესი დანაყოფია. სანაპირო დაცვა, სახმელეთო საზღვარი და სასაზღვრო ავიაცია - სამივე მიმართულებით წელს, 2019 წელს გვექნება ხელჩასაჭიდი პროგრესი”, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქმიანობას, რომელსაც სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მან უწყების პრიორიტეტებსა და შედეგებზე საუბრისას აღნიშნა: “შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლებით სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის მიზანია სასაზღვრო უწყების ინსტიტუციური განვითარება და საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება. რეფორმის პრიორიტეტებია: თანამედროვე ტექნოლოგიების მეთოდური დანერგვა, აღჭურვილობის განახლება, ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის გაუმჯობესება, ადამიანური რესურსების და პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწა”. ქართველ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა, ხოლო აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ (DTRA) სასაზღვრო პოლიციას 30 კვადროციკლი და 8 თოვლმავალი გადასცა. მიღების დასასრულს შინაგან საქმეთა მინისტრმა და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა უწყების თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის უწყებრივი ჯილდოები გადასცეს”, - დასძენს გამოცემა.

““გასულ თვეში მსოფლიო საიარაღო ბაზრის მოთამაშეებისა და სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო უწყებების ყურადღება არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბისკენ იყო მიმართული, სადაც 17-21 თებერვალს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების რიგით მე-14 გამოფენა IDEX-2019 (International Defence Exibition and Conference) გაიმართა. MENA-ს რეგიონში (მაღრიბის კავშირის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები) უდიდესი სამხედრო გამოფენა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და სათავეს 1993 წლიდან იღებს. არსებობის ისტორიაში IDEX-ზე გაფორმებული კონტრაქტების მოცულობა დღეისთვის რამდენიმე ასეულ მილიარდ დოლარამდე ადის”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით “დელტას” წარმატება IDEX-2019-ზე.

“წლევანდელ გამოფენაზე თანამედროვე შეიარაღების ბოლო მიღწევები მსოფლიოს 1300-ზე მეტმა კომპანიამ წარმოადგინა, საერთო ჯამში კი გამოფენას მსოფლიოს 142 ქვეყნიდან 105 ათასამდე დამთვალიერებელი და 170 ოფიციალური დელეგაცია დაესწრო. გამოფენის მსვლელობისას დამთვალიერებლისთვის ყოველდღიურად იმართებოდა საჩვენებელი სიმულაციური სწავლება წარმოდგენილი უახლესი ტექნიკითა და ავიაშოუთი. ისტორიაში პირველად ახლო აღმოსავლეთის უდიდეს სამხედრო გამოფენაზე წარდგა საქართველო. სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურმა ცენტრმა “დელტამ” გამოფენაზე სამხედრო დანიშნულების სხვადასხვა პროდუქცია აჩვენა, მათ შორის პირველად უახლესი მოდულური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი” ახალი ტიპის 120 მმ-იანი გადმოსადგმელი ნაღმსატყორცნის მოდულით, რომელმაც დამთვალიერებლის დიდი ინტერესი გამოიწვია. განსაკუთრებით დაინტერესდნენ ისეთი ქვეყნებისა და კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც თავად აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის თვითმავალ ნაღმსატყორცნებს მთელ რიგ ტექნოლოგიურ საკითხებზე წლებია მუშაობენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გამოფენაზე “დელტამ” წარადგინა ასევე ჯავშანმანქანა “დიდგორი” ჯავშანტრანსპორტიორის კონფიგურაციაში და სამედიცინო-საევაკუაციო მოდიფიკაცია, ასევე ქართული ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, 12,7 მმ-იანი და .338 კალიბრის სნაიპერული შაშხანები, მოდერნიზებული ყუმბარსატყორცნი RPG-7, მოდერნიზებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი RD-7M და სხვა. საგამოფენო ცენტრის გარე სივრცეში ქართული და უკრაინული კომპანია “უკრსპეცპროექტის” პავილიონები გვერდიგვერდ იყო განლაგებული, ქართული დიდგორის გვერდით ხარკოველი ტანკმშენებლები უახლესი უკრაინული რვაბორბლიანი ჯავშანტრანსპორტიორ “ბეტეერ-4MB1-ით იწონებდნენ თავს. ხუთი დღის განმავლობაში ქართული წარმოების საბრძოლო ტექნიკა რამდენიმე ათეული ქვეყნის ოფიციალურმა დელეგაციამ დაათვალიერა. მოლაპარაკებები გაიმართა განის, ყაზახეთის, პაკისტანის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და სხვა ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებისა და გენერალური შტაბების წარმომადგენლობებთან”, - განაგრძობს გამოცემა.

“ქართულ პავილიონს ეწვია გაერთიანებული საამიროების პრინცი შეიხი მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი, რომელიც ქართული სამხედრო პროდუქციით დაინტერესდა და სურვილი გამოთქვა, რომ გამოფენაზე საქართველო მომავალ წლებშიც იყოს წარმოდგენილი. მსოფლიოში უდიდესი სამხედრო-ანალიტიკურმა სააგენტოებმა, Jane’s და Army Recognition-ის ჟურნალისტებმა “დელტაზე” რეპორტაჟები და სტატიები მოამზადეს. ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა “დელტას” გენერალურ დირექტორ უჩა ძოძუაშვილთან ადგილობრივმა სამთავრობო ტელევიზიამ. IDEX-ის პარალელურად საგამოფენო სივრცესთან არსებულ ხელოვნურ ყურეში სამხედრო-საზღვაო ძალების და საზღვაო ავიაციის გამოფენა NAVDEX (Naval Defence & Maritime Security Exhibition) გაიმართა, სადაც ფართოდ იყო წარმოდგენილი წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები, სახომალდე არტილერიის, სანავიგაციო და რადიოლოკაციური სისტემების მწარმოებელი კომპანიების პავილიონები. წლევანდელ IDEX-ზე წინა წლებისგან განსხვავებით გამოიკვეთა ერთგვარი ტრენდი, გამოფენაზე დიდი აქცენტი შეიარაღებულ მცირე ზომის საბრძოლო მანქანებზე იყო გაკეთებული, როგორიცაა სხვადასხვა წონითი კატეგორიის ბაგი და შეიარაღებული კვადროციკლები. განსაკუთრებით მრავლად იყო საბრძოლო მუხლუხიანი რობოტები და დრონსაწინააღმდეგო სისტემები”, - წერს რეპორტაჟის ავტორი.

“გამოფენაზე რამდენიმე მასშტაბური კონტრაქტი გააფორმეს თავდაცვითი მრეწველობის მსხვილმა კომპანიებმა. მხოლოდ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ათეულობით სხვადასხვა კომპანიასთან ხუთი დღის განმავლობაში 5,5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები გააფორმა სხვადასხვა შეიარაღების მოდერნიზაციასა და შესყიდვაზე. აქედან 353 მილიონი დოლარი კომპანია Raytheon-ზე მოდის, რომლის მიხედვითაც გაერთიანებული საამიროები “პეტრიოტის” საჰაერო თავდაცვის სისტემის ახალ რაკეტებს მიიღებს, 109-მილიონდოლარიანი კონტრაქტით კი კომპანია Lockheed Martin-ი საამიროების საჰაერო ძალების F-16 ტიპის გამანადგურებლების საბორტო რადიოლოკაციურ სადგურებს მოდერნიზაციას ჩაუტარებს. მორიგი IDEX აბუ-დაბიში 2021 წელს გაიმართება”.

“22-23 თებერვალს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების მე-9 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც საგამოფენო ცენტრი "ექსპო-ჯორჯია" მასპინძლობდა. გამოფენა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიას” ორგანიზებით გაიმართა. წელს გამოფენაზე 12 ქვეყნის 100-მდე მონაწილე იყო წარმოდგენილი. მათ შორის საქართველოს, ლიეტუვის, იტალიის, ესტონეთის, პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთის, სომხეთის, თურქეთის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ეროვნული თავდაცვის აკადემია განათლების საერთაშორისო გამოფენაზე.

“განათლების საერთაშორისო გამოფენა დამთვალიერებლებს უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან შეხვედრისა და საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების საშუალებას აძლევს. ყველას აქვს შესაძლებლობა ერთ სივრცეში ნახოს, შეაფასოს და შეადაროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. “განათლების საერთაშორისო გამოფენა საგანმანათლებლო დაწესებულებების უკეთ გაცნობის საუკეთესო საშუალებაა. ეს არის ყველა სასწავლო დაწესებულების ღია კარის დღე ერთად, ერთ სივრცეში. ეროვნული თავდაცვის აკადემია ამ ღონისძიებაში ყოველწლიურად მონაწილეობს. წელს განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო აკადემიის საინფორმაციო სტენდთან. აბიტურიენტები დიდი ინტერესით ეცნობოდნენ იუნკრების სასწავლო პროცესს და სამხედრო განათლებითა და აქტივობებით განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენდნენ”, - ამბობს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ჯიმი კეკელაშვილი, რომლს თქმი, “უნკრებთან გასაუბრებისას არაერთმა აბიტურიენტმა გამოთქვა სურვილი სწავლა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეროვნული თავდაცვის აკადემია გამოფენაზე სპეციალური საინფორმაციო სტენდით იყო წარმოდგენილი. ორი დღის განმავლობაში აკადემიის წარმომადგენლები და იუნკრები აბიტურიენტებს აკადემიური და სამხედრო განათლების მიღების პერსპექტივების, საბაკალავრო, სამაგისტრო, გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიის მიღების პირობებისა და აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდნენ. “ძალიან საინტერესოა განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დასწრება, რადგან შესაძლებლობა გვეძლევა ნათლად დავინახოთ უნივერსიტეტებს შორის განსხვავება და უპირატესობები. პირადად მე ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ვაპირებ ჩაბარებას. დღეს შესაძლებლობა მომეცა გავცნობოდი აკადემიაში სწავლის პირობებს, თავად იუნკრებისგან მიმეღო ინფორმაცია სასწავლო პროგრამების შესახებ და დამენახა აკადემიის უპირატესობა სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მესამე კურსის კადეტი ნუგზარ ქვარიანი. ეროვნული თავდაცვის აკადემიის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, თბილისში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის ხშირად რთულია ღია კარის დღეებზე აკადემიაში სტუმრობა, თუმცა განათლების საერთაშორისო გამოფენა არის ის ადგილი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ეწვიოს აკადემიის საინფორმაციო სტენდს, გაესაუბროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებსა თუ იუნკრებს და მათგან საინტერესო საკითხებზე სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ”, - განაგრძობს გამოცემა.

“აკადემიის იუნკრებმა სრული ინფორმაცია მომაწოდეს, თუ როგორ ხდება ჩაბარება, რა საბაკალავრო და სამხედრო პროგრამებია აკადემიაში და რითი განსხვავდება ის სხვა უმაღლესი სასწავლებლებისგან”, - ამბობს აბიტურიენტი ენვერ აბულაძე. მათ, ვისაც სურვილი აქვთ ადგილზე გაეცნონ აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და ნახონ იუნკრების ცხოვრების პირობები, შეუძლიათ აკადემიას 28 მარტს 11:00 საათზე ესტუმრონ. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო პროგრამებზე მიიღებიან 24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირდებიან და რეგისტრაციისას აკადემიის საბაკალავრო პროგრამებს აირჩევენ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე აბიტურიენტებმა აკადემიის შიდა ტურები უნდა გაიარონ”, - დასძენს გამოცემა.

“წელს აკადემია დაინტერესებულ პირებს სამ საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს: მენეჯმენტი, ინფორმატიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება. 2020-2021 სასწავლო წლიდან აკადემიაში მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამა ამოქმედდება. სურვილის შემთხვევაში აკადემიის იუნკრებს შიდა მობილობის საშუალებით შეეძლებათ სწავლა მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე განაგრძონ. წელს აკადემიაში სწავლის გაგრძელების მსურველებს მობილობით გადმოსვლის საშუალება ეძლევათ. ამჟამად ბაკალავრიატის საფეხურზე მხოლოდ შემოდგომის გარე მობილობა ხორციელდება. გასათვალისწინებელია, რომ აკადემიის სპეციფიკიდან გამომდინარე, გარე მობილობით გადმოსული იუნკრები სწავლას პირველი კურსიდან დაიწყებენ”, - წერს სტატიის ავტორი.

“საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) მოვალეობებს წარმატებით გაართვა თავი და 5 მარტს სამშობლოში დაბრუნდა. გასული წლის 9 დეკემბერს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მყოფი ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეულის მეთაური, კაპიტანი კახაბერ ასათიანი მაღალი კომპეტენტურობისა და მეთაურის თვისებების საუკეთესოდ წარმოჩენისთვის პორტუგალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ადმირალმა ანტონიო სილვა რიბეირომ, მედლით, “წმინდა გიორგის ჯვრით”, დააჯილდოვა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ეროვნული გვარდიის აფრიკული ვოიაჟი.

“2008 წლის აგვისტოს ომის დროს კახაბერ ასათიანი სახმელეთო ჯარების კავშირგაბმულობის ცალკეულ ბატალიონში ირიცხებოდა. 2008 წლის 7 აგვისტოს ღამეს G-3-ის ოფიცერი მორიგე იყო, როდესაც ნაწილში შეტყობინება მივიდა. წესისა და რიგის მიხედვით გააფრთხილეს ჯარისკაცები და გამთენიისას საომარი მოქმედებების ზონისკენ დაიძრნენ. 12 აგვისტოს, საბედნიეროდ, დისლოკაციის ადგილზე, საგურამოში, უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. მომავალი წლის მაისში 13 წელი შესრულდება, რაც იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. ამ ხნის განმავლობაში, როგორც ვთქვით, იყო ომი, კლასში შეძენილი თეორიული ცოდნის ბრძოლის ველზე, პრაქტიკაში გამოყენება, ტკივილი, მარცხი, მაგრამ ყველაფერმა ამან ჯარისკაცურ პროფესიონალიზმში თავისებური როლი ითამაშა, კახას გამოცდილება შესძინა და განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო პოზიციაზეც დააყენა. გარდა საბრძოლო ამოცანის პირნათლად შესრულებისა, სარდლობამ სხვა მისიაც დააკისრა - მან ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეულით საკუთარი ქვეყნის ისტორია, ტრადიცია და კულტურა წარმოაჩინა იმ ქვეყნების წინაშე, რომელთა ჯარებთან ერთად ქართული დანაყოფი აფრიკაში ევროკავშირის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კახაბერ ასათიანმა შინ მშობლები, მეუღლე და ორი ქალიშვილი - რვა წლის ელენე და ხუთი წლის ნინი დატოვა. უმცროსმა გოგონამ მამის მისიაში წასვლა ვერ აღიქვა, ელენემ კი მოიწყინა, თვალებში სევდა ჩაუდგა, გააცნობიერა, რომ ექვსი თვის განმავლობაში მამის უნახავობა მას ძალიან მოანატრებდა. იდარდა დედამაც. “დედა ყოველთვის ნერვიულობს შვილზე, მით უმეტეს, როცა ასე შორს მიდიხარ და თანაც საერთაშორისო მისიაში”, - იხსენებდა კახა. იგი საერთაშორისო მისიაში პირველად წავიდა. ასე რომ, ოჯახთან განშორება მისთვისაც ძნელი და მტკივნეული იყო. პირველი მისია და ასეთი საპასუხისმგებლო საქმე, დანაყოფის უდანაკარგოდ ჩამოყვანა, დაკისრებული ამოცანის შესრულება და ქართული ჯარის წარმოჩენა... საინტერესოა, როგორ გაართვა თავი ამ ყველაფერს ქართველმა ოფიცერმა”, - დასძენს გამოცემა

“რა თქმა უნდა, რთული საქმე იყო, რადგანაც დიდია პასუხისმგებლობა, მაგრამ პირადი შემადგენლობა ყოველთვის მობილიზებული და მოტივირებული იყო. იქ იმდენად მაღალი იყო ქართული ჯარის ავტორიტეტი, რომ ეს ძალასა და ენერგიას გვმატებდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იმ დანაყოფების მეთაურობასა და პირად შემადგენლობას, რომლებიც ჩვენამდე იმყოფებოდნენ აფრიკაში. სწორედ მათ დატოვეს ისეთი სახელი, რომელიც გვავალდებულებდა, გავფრთხილებოდით ქართული ჯარის რეპუტაციას. შეიძლება ითქვას, გვარდიის ნაკრებმა ოცეულმა ღირსეულად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები. ამას ხშირად აღნიშნავდა კიდეც ევროკავშირის მისიის სარდლობა და მადლობასაც გვეუბნებოდნენ. იქ ქართველი ჯარისკაცის მომზადება მაღალკვალიფიციურადაა შეფასებული. პირადი შემადგენლობაც კარგად მომზადებულია და მმართველი რგოლიც განათლებული და კვალიფიციური გვყავს, ასე რომ, მშვენივრად ვართმევდით საქმეს თავს და ასე გავაგრძელეთ ბოლომდე – დაკისრებული ამოცანებიც პირნათლად შევასრულეთ და საქართველოც წარმოვაჩინეთ”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კაპიტანი კახაბერ ასათიანი.

“არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ საქმეში დანაყოფის მეთაურის მოადგილის, უფროსი ლეიტენანტის, ალეკო ფირცხალაიშვილის ღვაწლი. 24 წლის ახალბედა ოფიცერმა იქ დიდი გამოცდილება მიიღო და ღრმად ვარ დარწმუნებული, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მისი სახით, შესანიშნავი ოფიცერი ეყოლება. იმის გამო, რომ უცხო ქვეყნის ჯარისკაცები ვიყავით, მოსახლეობაში აგრესია ნამდვილად არ შეგვიმჩნევია. პირიქით, ღიმილით გვხვდებოდნენ, განსაკუთრებით, ბავშვები. წაგვიყვანეთ საქართველოშიო, დამტვრეული ინგლისურით გვეუბნებოდნენ. სტუდენტები გამართული ინგლისურითაც კი ლაპარაკობდნენ. ერთმანეთში თავიანთ ენაზე, სანგოზე, ურთიერთობენ, ისე კი, ძირითადად, ფრანგულად ლაპარაკობენ. ცხოვრების დონე ძალიან დაბალია, უჭირთ და ვცდილობდით იმით მაინც დავხმარებოდით, რაც გვქონდა. პროდუქტს ვერ ვაძლევდით, რადგანაც ჩვენ თვითონ სასადილოში ვიკვებებოდით, მაგრამ წყალს ხშირად ვურიგებდით და ჩვენი წილიც ბევრჯერ მიგვიცია”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “როგორ ცხოვრობდნენ სამშობლოდან მოწყვეტილი ქართველი ჯარისკაცები...” - პასუხობს:

“რომ ჩავედით, პირობები გაუმჯობესებული დაგვხვდა, ყველა ოთახს კონდიციონერი ჰქონდა, გარეთ კი ვერ გაჩერდებოდი, ისეთი სიცხე იყო. ტენიანობაა ძალიან მაღალი და ჭირდა იქაური კლიმატის ატანა. 35 კაცი ერთ სივრცეში, ერთ შენობაში მარტო ვიყავით და სხვა არავინ გვყავდა. დღედაღამ ერთმანეთზე ზრუნვაში, ერთმანეთის გაფრთხილებაში ვიყავით, ეს ქართული ჯარის სიმტკიცისთვის ცოტას არ ნიშნავდა. ამ კუთხითაც მისიაში ყოფნა დიდი გამოცდილებაა. სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება ჩვენი ჯარისკაცებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. გარდა ამისა, უცხო ქვეყნების ჯარების სარდლობასა თუ პირად შემადგენლობას, როგორც კი საშუალება მოგვეცემოდა, საქართველოს კულტურასა და ისტორიას ვაცნობდით. დავაინტერესეთ ჩვენი ტრადიციებით. ამის შემდეგ მათგან უფრო მეტი დაფასება და პატივისცემა ვიგრძენით. ვუყვებოდით ჩვენს მხედართმთავრებზე, ბრძოლებზე, თანამედროვე ჯარისკაცების გმირულ ისტორიებზე. კედელზე დიდგორის ველის უზარმაზარი სურათი გვეკიდა. სურათზე ამ ბრძოლის მოკლე ისტორია გვეწერა ინგლისურად. მოდიოდნენ და დიდი ინტერესით კითხულობდნენ”.

“ახალი ჩასულები ვიყავით, როცა ტრადიციული სუფრის ფესტივალის მოწყობა დაგვავალეს. ყველა ქვეყანამ თავისი ეროვნული სუფრა წარმოადგინა. ჩვენ ხინკალი გავაკეთეთ, ხაჭაპურები გამოვაცხვეთ. თიხის დოქი გვქონდა წაღებული თავისი ფიალებითა და ყანწებით. ასევე, პატარა ურემიც... მოკლედ, რაც შევძელით, პატარ-პატარა ნივთები ჩავიტანეთ ჩვენი ტრადიციისა და კულტურის გასაცნობად. გენერლებს ძალიან მოეწონათ ჩვენი სასმისები. დოქზე ხომ საერთოდ აღფრთოვანებული დარჩნენ. ყველა ქვეყანას ჰქონდა გაშლილი თავისი ტრადიციული სუფრა, მაგრამ ყველა ჩვენს მაგიდასთან მოდიოდა. ჩვენს ჯარისკაცებს ეხერხებოდათ კერძების მომზადება... ქალაქში დავალების შესასრულებლად ვიყავით გასული. უცებ ჩვენმა ჯარისკაცმა, ლევან სართანიამ, დაინახა, აუზში აფრიკელი ბავშვი იხრჩობოდა. არც დაფიქრებულა, პირდაპირ ტანსაცმლიანი გადაეშვა წყალში. პატარა ამოიყვანა და დახრჩობას გადაარჩინა. ბავშვის მშობლები და ხალხი მოცვივდნენ, ქართველ ჯარისკაცს შემოეხვივნენ და მადლობას უხდიდნენ. თავდაცვის სამინისტრომ კი გამოჩენილი სიმამაცისთვის ლევანი მედლით, “სიცოცხლის გადარჩენისთვის”, დააჯილდოვა. ასეთი ჯარისკაცები მსახურობდნენ ქვედანაყოფში. ისინი ქართული ჯარის ავტორიტეტს ძალიან უფრთხილდებიან”, - დასძენს კახაბერ ასათიანი.

“გზა, რომელსაც მეხანძრე-მაშველები ცვლიდან ცვლამდე ან სულაც ყოველდღიურად გადიან, ბეწვის ხიდს ჰგავს. შეტყობინებებს შორის მსოფლიო სტანდარტებით შედგენილ სხვადასხვა თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას გადიან. როგორც კი შეტყობინება შემოდის, იქ სრულდება მშვიდი გარემო - სრული ეკიპირებისთვის სულ რაღაც წუთი სჭირდებათ, დისპეტჩერი საგზურს უწერს, რაც შეტყობინების გაფორმებას ნიშნავს. მათი სამუშაო დღე 09:00 საათზე იწყება, “მაშველ-მეხანძრეები მას “გასაყარსაც” უწოდებენ, რაც ნიშნავს, რომ ძველი და ახალი ცვლა ერთად იყრის თავს. 24-საათიანი მუშაობის შემდეგ განიხილავენ ყველა დეტალს, ამოწმებენ აღჭურვილობას. ყველა ხელსაწყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომაც მეხანძრე-მაშველები მათ მოვლაზე თავად ზრუნავენ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ერთი დღე მეხანძრე-მაშველებთან ერთად.

“ზოგჯერ მთელი დღე შეიძლება ისე გავიდეს, უმნიშვნელო ინციდენტების გარდა, არც არაფერი მოხდეს, ზოგჯერ კი დღეში ერთდროულად რამდენიმე დიდი ხანძრის ჩასაქრობად უწევთ გასვლა. არის ფიქციური, ცრუგამოძახებებიც. ამასობაში დისპეტჩერთან შემოვიდა შეტყობინება, რომ ვაშლიჯვრის მიმდებარედ ხანძარი იყო. მეხანძრეების ეკიპირება გრძელ მაგიდაზე ისეა დალაგებული, რომ შესამოსად მართლაც წუთი დასჭირდათ: თერმული, სპეცქსოვილის ქურთუკი ისეა დაკეცილი, რომ მის ჩაცმაში დრო არ დაეკარგოთ. ელვის სისწრაფით იცვამენ ძალიან მძიმე, თუმცა უსაფრთხო ჩექმებს, რომლებიც სპეციალური მატერიისგან არის შეკერილი: წვერსა და ძირში რკინის ფირფიტებია ჩამაგრებული, რათა გაუძლოს ცეცხლს, ნაკვერცხლებს, ქრობისას მიმობნეულ ცეცხლმოკიდებულ ან სულაც გავარვარებულ ნივთებს, ლურსმნებსა და სხვა ბასრ საგნებს. იკეთებენ ქამარს, რომელშიც ცული აქვთ გარჭობილი, იხურავენ ჩაფხუტს, რომელსაც წინ სპეციალური სათვალე აქვს დამაგრებული, უკან კი ასევე საშიში ნივთებისა და ნაპერწკლების ცვენისგან დამცავით არის დახურული. ჩაფხუტი ქალაქში მუშაობისას სჭირდებათ, ტყეში ხანძრის ქრობისას ქსოვილის თავსაბურავები აქვთ, კვამლის შესუნთქვამ რომ არ მოუწიოთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დღისით, როდესაც თითქმის ყველანი ეზოში არიან, მაშინვე მანქანებთან იყრიან თავს, ღამით კი, როცა ისვენებენ, განგაშის ჩართვისთანავე ზედა სართულიდან სპეციალური ბოძის საშუალებით ძირს ეშვებიან პირდაპირ იმ მაგიდასთან, სადაც ეკიპირება დევს. 3-ტონიანი მანქანა, რომელშიც ეკიპაჟის 6 წევრი ჯდება, ძირითად ცვლაშია, ანუ შემთხვევის ადგილზე პირველი გადის, შემდეგ კი საჭიროების მიხედვით, საქმეში ერთვება მძიმე ტექნიკა-5-ტონიანი მანქანა 4-კაციანი ეკიპაჟით. აუცილებელია კიბე, რომელსაც მეხანძრე-მაშველები იყენებენ. ყველა ხანძარი ერთმანეთისგან განსხვავდება და ადგილზევე იგეგმება, რა პრინციპით უნდა ჩააქრონ. ოცმეთაური ირაკლი დავითიძე მიხსნის, რომ სხვადასხვა ზომის კიბე აქვთ, ისეთი, რომელიც კორპუსის მესამე სართულამდე ადის და ბევრად დიდიც, რომელსაც მაღალსართულიან შენობაში იყენებენ. შეტყობინების მისამართზე გავდივართ. გარშემო არათუ კვამლი, ხანძრის კვალიც კი არ ჩანს... ზოგჯერ ხდება, რომ მოქალაქეები პატარა ხანძარს თავად აქრობენ. ხანძრის ინიციატორს ვუკავშირდებით, რომელიც ამჯერად სხვა მისამართს გვეუბნება: მე ოფისში ვარ და აქედან დავინახე მარშალ გელოვნის ასასვლელში კვამლი ამოდიოდაო. ახალ მისამართზე მივდივართ”, - განაგრძობს გამოცემა.“სახანძრო მანქანებიდან დანახული თბილისის ქუჩებში მოძრაობა ცალკე ფენომენია - აქედან უფრო კარგად ჩანს სირენის ხმაზე დაბნეული მძღოლები. დაჩქარება არც შეიძლება, რადგან დაბნეულმა მძღოლმა შესაძლოა საბედისწერო შეცდომა დაუშვას. ზოგი კი მაინც არ თვლის საჭიროდ, სახანძრო მანქანისთვის გზის დათმობას. თბილისის ქუჩების არეული ნუმერაციის გამო, სადაც ლუწისა და კენტის პრინციპიც კი არ არის დაცული, მეხანძრე-მაშველებმა ყველა შენობა და ობიექტის მდებარეობა ზეპირად იციან. ეს გამოცდილებამ მოიტანა, ზოგჯერ ერთ კორპუსში მცხოვრებმა მოქალაქემ მეზობელი კორპუსის მისამართი არ იცის. ასევე გამოცდილების ნაწილია ერთი შეხედვით შეფასებული ხანძრის მასშტაბი, თუ რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული. ერთი სიტყვით, მიტოვებულ შენობას ძველი ხანძრის კვალი ეტყობოდა. მეხანძრე-მაშველი რაციით უკავშირდება საოპერატორო სამსახურს, საიდანაც შეიტყო, რომ ხანძარი არ ფიქსირდება და სახანძრო მანქანა ადგილზე უნდა დაბრუნებულიყო”, - დასძენს გამოცემა.

“სითხეები, ბენზინი, ნავთი, დიზელი და სხვა მსგავსი ნივთიერებები ადვილად აალებადია და სწრაფად იწვის, ისევე, როგორც ხის ნივთები. სახიფათო ხანძარი აქვს ბამბას და მის შემცველ ნივთებს, რომლებიც ხრჩოლავენ, მომწამლავ კვამლს გამოყოფენ, თუმცა დაბალი ცეცხლით იწვიან. ძალიან სახიფათოა შეკიდული ჭერები, რომელიც ბოლო დროს ძალიან გავრცელდა, ხოლო წვის შემდეგ ობობას აბლაბუდასავით რჩება და ძალიან საშიშ კვამლს გამოყოფს. 17 მარტს დიღომში ელექტრონული ტექნიკის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. დაიწვა ტელევიზორები, მაცივრები, კონდიციონერები და სხვა ტექნიკა. ცეცხლი 1800 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ამ დროს ცეცხლის ჩასაქრობად სპეციალურ ქაფს ვიყენებთ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ რითი ჩაქრებოდა ხანძარი, გადამწყვეტი უკვე აღარ იყო. საერთოდ, ქარიანი დღე ხანძრის გაჩენის ერთ-ერთი წინა პირობაა. იმავე დღეს კიდევ ერთი დიდი ხანძარი იყო - ორთაჭალაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მეხანძრე-მაშველებს ჩვენი დღის განაწესი გვაქვს, სადაც შედის თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა, ფიზიკური მომზადება, კვება, დასვენება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მეხანძრე-მაშველი ირაკლი დავითიძე და შეკითხვაზე - “თეორიული მეცადინეობა რას მოიცავს?” - პასუხობს:

“მაგალითად, ხანძრის ქრობა სკოლებში, საავადმყოფოებში, ნავთობპროდუქტებზე, რა დისტანციაზე უნდა გავაჩეროთ სახანძრო მანქანა. ნავთობპროდუქტის ქრობისას არსებობს სპეციალური დისტანცია, რადგან ნავთობიდან ამოტყორცნისა და ხანძრის ადვილად გავრცელების შესაძლებლობა არსებობს. ლიტერატურა, რომელსაც ვიყენებთ, მსოფლიო სტანდარტების მიხედვითაა შედგენილი”.

“იმ წლებში, როდესაც ასეთი გამართული საკომუნიკაციო სისტემა არ იყო, ხელით ვიწერდით შეტყობინებებს, საკომუნიკაციოდ კი ქალაქის ტელეფონს ვიყენებდოთ. მცირე დროში ვახერხებდით მობილიზებას და ხანძრის ადგილზე გასვლას. ბოლო წლებში უფრო ფრთხილობს ხალხი და მეტი ინიციატორია. ძალიან იმატა გაზის სუნზე გამოძახებებმა, განსაკუთრებით დიდ დიღომში აფეთქების შემდეგ... ზაფხულში მეტი გამოძახებაა, რაც ბევრი რამითაა განპირობებული, შეიძლება ხანძარი დაუდევრობით გამხმარ ბალახსა და ტყეს გაუჩნდეს. ბუნებაში გასვლის შემდეგ კოცონის ჩაქრობა ავიწყდებათ, რაც შემდეგ შეიძლება დიდი ხანძრის მიზეზი გახდეს. ამ ბოლოს დროს საზოგადოების ცნობიერება გაიზარდა, თუმცა ასეთი ფაქტები მაინც ხდება”, - განმარტავს გამოცემასთან საუბრისას 18-წლიანი გამოცდილების მქონე სახანძროს დისპეტჩერი თამარ თაბუკაშვილი და შეკითხვაზე - “განსაკუთრებული მძიმე ხანძარი თუ გახსოვთ?” - პასუხობს:

“კი, რამდენიმე წლის წინ “არტჯგუფი” დაიწვა. ასეთი მასშტაბური და მძიმე ხანძარი ქალაქში არც მახსოვს. სადაც სარეცხი საშუალებები, ფხვნილები და ხსნარები ეწყო, იქ ჩვენი მეხანძრე მდგარა. ცეცხლის სიმხურვალეში სარეცხი საშუალებები გალღვა და ის შიგნით ჩავარდა. ძალიან დაშავდა, ფეხები დაიწვა და კარგა ხანს მკურნალობდა”.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა