ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსთავში ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით რუსთავში ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, რუსთავის ილია ჭავჭავაძის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ზვიად გამსახურდიას იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, რუსთავის საკრებულოს დეპუტატები, ეროვნული მოძრაობის წევრები, ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებას, რუსთავის თეატრის მსახიობი, ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე ნუკრი არჩვაძე წარუძღვა. ბიბლიოთეკის დარბაზში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოების, ნაშრომებისა და წიგნების გამოფენა გაიმართა.
ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის კახა კობერიძის განცხადებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ღვაწლი ქვეყნის წინაშე განუზომელია.
,,ზვიად გამსახურდიას ფენომენზე საუბარი შეიძლება დაუსრულებლად, უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ მან თავის თანამებრძოლებთან ერთად, ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიიის პერიოდში გამოაღვიძა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, მიაღწია იმას, რომ საქართველოში ჩატარდა ჯერ კიდევ კომუნისტური წყობის პერიოდში, პირველი მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნები, ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე. პარალელურად, პირველად ჩატარდა მრავალპარტიული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. რა თქმა უნდა, საკონენმდებლო ბაზა ამ არჩევნებისთვის მოწესრიგებული არ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს იყო უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხრივ. ამდენად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ღვაწლი ქვეყნის წინაშე არის განუზომელი და ჩვენ ყველამ, მომავალმა თაობამაც და ეს ჩვენზეა დამოკიდებული, უნდა გადავცეთ ჩვენ შემდგომ, იმ ხალხს, ვინც საქართველო უნდა ააშენოს, როგორ იბრძოდა, როგორ იღვაწა საქართველოსთვის და როგორ მოწამეობრივად აღესრულა ჩვენი ქვეყნის ბედნიერებისათვის“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ.
რუსთავის მერიის ცნობით, ღონისძიების მონაწილეებმა, საქართველოში ეროვნული მოძრაობის პერიოდი, პირველი რეფერენდუმის ჩატარების ისტორიული დღეები გაიხსენეს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ქვეყნისადმი განსაკუთრებულ ღვაწლზე ისაუბრეს.

























