ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2019

კომიკოსი თუ “შოკოლადის მეფე”

ნატოს საზღვაო შენაერთი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში - “ეს ფორმალური ვიზიტი არ გახლავთ”

***

კომიკოსი თუ “შოკოლადის მეფე”

“41 წლის კომიკოსი და სერიალის გმირი - პრეზიდენტი, შეიძლება უკრაინის პრეზიდენტი რეალურად გახდეს. პირველი ტურის შედეგებით პირველ ადგილზე ვლადიმირ ზელენსკია და 21 აპრილს მეორე ტურში ის მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს შეხვდება, სადაც გადაწყდება ვინ გახდება უკრაინის მომავალი პრეზიდენტი - კომიკოსი თუ "შოკოლადის მეფე". უკრაინის ცესკომ ხმების 70%-ზე მეტის დათვლის შემდეგ განაცხადა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოაგროვა და მეორე ტური ოფიციალურად დაინიშნა 21 აპრილს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, კომიკოსი თუ “შოკოლადის მეფე” / უკრაინის პრეზიდენტობისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ზელენსკი და პოროშენკო 21 აპრილს მე-2 ტურში შეეტაკებიან

"პირველი ტურის წინასწარი მონაცემებით ზელენსკის აქვს 30%-ზე ხმა, მეორე ადგილზეა პეტრო პოროშენკო - 16%-ზე მეტია. მესამეზე "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკოა - 13%-ით. ის არჩევნების წინასწარ შედეგს არ ენდობა და აცხადებს, რომ ცესკო-ს ხელმოწერილ შემაჯამებელ დოკუმენტებს ელოდება. მოქმედი პრეზიდენტი პოროშენკო აცხადებს, რომ მეორე ტურში მისი კანდიდატურის გასვლა ნიშნავს, რომ უკრაინელმა ხალხმა რუსული სცენარი ჩაშალა, რუსეთს მეორე ტურში მისი ხილვა არ სურდა. ამასთან, პოროშენკომ მთავარი კონკურენტი ზელენსკი უკრაინელ მილიარდერთან, იგორ კოლომოისკისთან კავშირში დაადანაშაულა. ბრალდებებს ზელენსკის მხრიდან პასუხიც მოჰყვა. ზელენსკიმ პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ ის არავის მარიონეტი არ არის. ასევე ის მზადაა ვლადიმირ პუტინს შეხვდეს და რუსეთს ანექსირებული ტერიტორიების არამარტო დაბრუნება, არამედ კომპენსაციის გადახდაც მოუწევს. წინასაარჩევნო კამპანიისას ზელენსკის რუსულ კავშირებზე არც თუ ცოტა ითქვა და ამიტომაც მისი მწვავე მიმართვა იმის ერთგვარი განაცხადიც იყო, რომ ის რუსეთთან შემრიგებლური არ იქნება“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ექსპერტების თქმით, დიდი მნიშვნელობა ექნება ვინ გაიმარჯვებს სატელევიზიო დებატებში, რომელიც მეორე ტურის წინ პოროშენკოსა და ზელენსკის შორის აუცილებლად უნდა შედგეს. ექსპერტების აზრით, ზელენსკის გაუჭირდება, ერთი, რომ ის დებატებში გამოუცდელია, ამიტომაც იყო, რომ პირველი ტურის წინ დებატებზე უარს ამბობდა და გარდა ამისა, ზელენსკიმ უკრაინულზე კარგად რუსული ენა იცის, რაც დებატებში ასევე შეუშლის ხელს. ანალიტიკოსების თქმით, მნიშვნელოვანია, ვისთან წავა მესამე ადგილზე გასული ტიმოშენკოს ხმები. ზოგადად, უკრაინაში არის ვარაუდი, რომ ტიმოშენკოს საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო ოლიგარქი ვიქტორ კოლომოისკი, რომლის ფავორიტია სწორედ შოუმენი ზელენსკი, ამიტომაც ვარაუდია, რომ ტიმოშენკოს ხმები დიდი ალბათობით ზელენსკის სასარგებლოდ წავა, რაც მის შანსებს აორმაგებს“, - განაგრძობს გამოცემა.

"თავად ზელენსკი აცხადებს, რომ ის მოკავშირეების გარეშე მოვიდა ამ ადგილამდე და ბრძოლას საკუთარი ძალებით გააგრძელოს. ექსპერტები ზელენსკის გამოწვევად მიიჩნევენ იმასაც, რომ მას მეორე ტურში ხმების დაცვა გაუჭირდება. რადგან ადმინისტრაციული რესურსი მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლოდაა და არის ალბათობა, რომ ზელენსკის მხარდამჭერებმა ხმები ვერ დაიცვან. მიუხედავად გამოწვევებისა, წინასწარი მოლოდინი ისევ ისაა, რომ საბოლოო გამარჯვების შანსები ისევ ზელენსკის აქვს. ზელენსკი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველა გამოკითხვის ლიდერი იყო. მან კამპანია ააწყო სერიალში მის მიერ განსახიერებული გმირის მსგავსად, სადაც ისტორიის მასწავლებელი მოულოდნელად გახდა პრეზიდენტი, პარტიის სახელიც ფილმის სათაურიდან აიღო - „ხალხის მსახური". ზელენსკის შტაბი ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელებში - მუშაობენ „ფეისბუქისა" და „ინსტაგრამის" აუდიტორიაზე და წინასწარ იყო საუბრები, რომ ზელენსკის მთავარი მხარდამჭერები სწორედ ახალგაზრდები იყვნენ, რასაც ექსპერტების ნაწილი პრობლემადაც მიიჩნევდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ახალგაზრდები ნაკლებად დადიან არჩევნებზე. უცნობია, არჩევნებში მონაწილეებიდან რამდენი პროცენტი იყო ახალგაზრდობა, თუმცა თითქმის 2-ჯერ მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი შოუმენს, ვიდრე მოქმედ პრეზიდენტს“, - დასძენს გამოცემა.

"ზელენსკის წინააღმდეგაც არსებობს კომპრომატები. მაგალითად, მისთვის უარყოფითი ფაქტორია ის, რომ ოლიგარქ ვიქტორ კოლომოისკის პროტეჟეა, რომლის არხზეც მიჰყავს ტელე-შოუ ზელენსკის და სწორედ კოლომოისკის ტელეკომპანია "1+1" აპიარებდა მას მთელი საარჩევნო კამპანიის დროსაც. ასევე, საუბარია იმაზე, რომ ის ბიზნესს ფლობს რუსეთში. პლუს, ცნობილი გახდა, რომ მისმა კომპანიამ ჰონორარი ომის დროს რუსეთიდან აიღო. ასევე მას აქვს 3.8 მილიონ ევროდ ნაყიდი, 15 ოთახიანი ვილა იტალიურ კურორტზე, ცნობილი რუსი ოლიგარქების, ოლეგ დერიპასკას და რომან აბრამოვიჩის ვილების სიახლოვეს. მას ეს ქონება დეკლარაციაში დამალული ჰქონდა. 1-ელ აპრილს უკრაინაში ელოდნენ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც, თუმცა მან უარი თქვა ჩასვლაზე მეორე ტურში პეტრო პოროშენკოს გასვლის გამო. მან ტელეკომპანია „მაქსი ტვ"-ს ეთერში თქვა, რომ მოხარული იქნებოდა მეორე ტურში პოროშენკოს ნაცვლად ტიმოშენკო გასულიყო, ასეთ შემთხვევაში ის კიევში ჩაფრინდებოდა. ორშაბათს კი „ფეისბუქით" მხარდაჭერა გამოუცხადა ზელენსკის, მას უკრაინის მომავალი პრეზიდენტი უწოდა და მოუწოდა უკრაინელებს, რომ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მხარი მას დაუჭირონ. საგულისხმოა ის, რომ არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მას სააკაშვილი მოსწონს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი შეიძლება გახდეს სერიოზული კონსულტანტი უკრაინის მომავალი პრეზიდენტისთვის. მისივე თქმით, საქართველოს მცხოვრებნი მადლიერი უნდა იყვნენ სააკაშვილის, რადგან ის ებრძოდა კორუფციას. რაც შეეხება პეტრო პოროშენკოს, ის ზელენსკის არჩევნებს მხოლოდ საზღვარგარეთის უბნებში უგებს, სადაც მას 40% აქვს. მისი მთავარი უპირატესობა არის პროდასავლურობა, მისი ლოზუნგია ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება. მას აქვს დიდი შიდა პრობლემები, კორუფციული სკანდალები და დაპირისპირება შინაგან საქმეთა მინისტრთან“, - წერს სტატიის ავტორი.

ნატოს საზღვაო შენაერთი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში - “ეს ფორმალური ვიზიტი არ გახლავთ”

"საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები შემოვიდნენ, რომლებიც საქართველოს სანაპიროს დაცვის ორ ხომალდთან, - „დიოსკურიასა" და „ოჩამჩირესთან" ერთად, ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. სწავლების მიზანს საქართველოსა და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება წარმოადგენს. ნატო-ს ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 4 აპრილს დატოვებენ“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ნატოს საზღვაო შენაერთი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში - “ეს ფორმალური ვიზიტი არ გახლავთ”

„მეორე საზღვაო შენაერთის შემადგენლობაში შედის: საფლაგმანო ხომალდი HNLMS Evertsen (ნიდერლანდების სამეფო), TCG Yildirim (თურქეთის რესპუბლიკა), BGS DRAZKI (ბულგარეთი) და ROS Regele Ferdinand (რუმინეთი). ნატო-ს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს კომოდორი ბაუდევაინ ბუთსი ხელმძღვანელობს. ნატო-ს საზღვაო ჯგუფის გემები საქართველოს პარალელურად უკრაინაშიც შევიდნენ. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ნატო განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან. გასულ კვირას ეს თანამშრომლობა ვიხილეთ 2019 წლის ნატო-საქართველოს წვრთნების ფარგლებში. „ეს გემები მონაწილეობას მიიღებენ საზღვაო წვრთნებში. ვფიქრობ, ამ კვირას ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეათანხმებენ ახალ ზომებს, რათა გავაუმჯობესოთ რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ ცნობიერება და გავზარდოთ ნატო-ს მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის გაწვრთნა და ინფორმაციის გაცვლა," - განაცხადა სტოლტენბერგმა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეს წვრთები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების კუთხით, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მისი თქმით, ნატო-ს მხრიდან ეს „ფორმალურ ვიზიტს" არ წარმოადგენს. „შავი ზღვა ყურადღების ცენტრშია, განსაკუთრებით უკრაინის მოვლენების შემდეგ. ამიტომაც, ეს სტუმრობა მხოლოდ ფორმალური ვიზიტი არ გახლავთ, ეს არის ერთობლივი თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ გადადგმული ნაბიჯი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგანაც ჩვენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასპირანტი ქვეყანა ვართ. „ეს არის სამხედრო ხომალდები, რომლითაც შეუძლიათ, როგორც სამხედრო ოპერაციებში უშუალოდ მონაწილეობა, ისე სამხედრო კონტიგენტის გადასხმა ნაპირზე, ანუ სამხედრო ძალის ტრანსპორტირება," - აღნიშნა მენაღარიშვილმა. ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს წვრთნები არის ერთგვარი ძალის დემონსტრირება რუსეთის წინააღმდეგ, რაც ცივი ომის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. „ეს წვრთნები ნატო-სა და საქართველოს სამხედრო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის მიღწევისთვისაა, - იმისათვის, რომ ჩვენ შორის სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა გაძლიერდეს“, - განაგრძობს გამოცემა.

"ამასთანავე, ეს არის ნატო-ს დემონსტრაცია, რომ შავი ზღვა მის შიდა წყლებს წარმოადგენს; ნატო-მ შექმნა მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო ძალების დაჯგუფება, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს და ღონისძიებებს შავი ზღვის აუზის რეგიონში უსაფრთხოების პირობების განსამტკიცებლად. ეს არის რუსეთის წინააღმდეგ ძალის დემონსტრაცია. შემოსულია ფრანგული, ბრიტანული, თურქული და ბულგარული ხომალდები. ფაქტობრივად, შავი ზღვის აუზის რეგიონში დაპირისპირება ნატო-სა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დაჯგუფებეს შორის არსებობს, - მიმდინარეობს ცივი ომი," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ. ნატო-ს მხრიდან, საქართველოსთან მიმართებაში უფრო მეტად გააქტიურებასა და ამ წვრთნებს, რუსეთის მხრიდან რა შეიძლება მოჰყვეს, - როგორი იქნება კრემლის რეაქცია? მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი წვრთნების მიმართ რუსეთის რეაქცია ყოველთვის მძიმეა, თუმცა ამან საქართველოზე არანაირი ასახვა არ უნდა ჰპოვოს“, - დასძენს გამოცემა.

"ის, რომ ჩვენ სამხედრო ხომალდები არ გვყავს, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს გარკვეული როლი საზღვაო ოპერაციებში. ჩვენ ვართ შავი ზღვის სანაპირო ქვეყანა და გვაქვს სანაპირო ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ჩვენი ტერიტორია არის სივრცე, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესაბამის სტრუქტურებს მოქმედება შეიძლება დასჭირდეთ საჭიროების შემთხვევაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ასევე საჭიროა თანამშრომლობის კუთხით ერთობლივი მოქმედება, როგორც ტაქტიკის დამუშავება, ისე გამოცდილების შეძენა პრაქტიკულ ჭრილში. რუსეთის რეაქცია ყოველთვის ნეგატიურია, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ერთობლივ მზადებასა და საბრძოლო მოქმედების ერთობლივი მონაწილეობაზე. ამ შემთხვევაშიც რუსეთი თავის უკმაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ მას თავისი სტრატეგია და პოლიტიკური ამოცანები აქვს, საქართველოს თავისი. ჩვენ ჩვენი გზით უნდა ვიაროთ," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა“, - წერს სტატიის ავტორი.