ქართული პრესის მიმოხილვა 04.04.2019

უვიზო რეჟიმი საფრთხეშია - “ძალიან ახლოს ვართ შეჩერების მექანიზმით გაწერილ კრიტერიუმებთან”

რამაზ საყვარელიძე - “მოსახლეობა დამაჯერებელ და საქმიან პოლიტიკოსებს ვერ ხედავს”

გადაწყვეტილება მომზადებულია - დიდი რაოდენობის ნატოს გემები შავ ზღვაში

* * *

უვიზო რეჟიმი საფრთხეშია - “ძალიან ახლოს ვართ შეჩერების მექანიზმით გაწერილ კრიტერიუმებთან”

“უვიზო მიმოსვლას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, რისი რეალური საფუძველიც უკვე არსებობს. სისხლის სამართლის კოდექსში განიხილავენ სწორედ იმ ცვლილებებს, რომელიც საზღვარგარეთ მიგრაციის ხელშეწყობის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ეხება. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ უკანონო მიგრაციასთან ერთად გაზრდილია, საზღვარზე უარის თქმის მაჩვენებელი, რაც, ფაქტობრივად, იმის სიგნალია, რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. “ამ ეტაპზე ოფიციალურად არცერთ ქვეყანას არ დაუყენებია საკითხი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ, თუმცა ეს გარანტიას არ გვაძლევს იმისა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგება უახლოეს პერიოდში, თუ სიტუაცია არ შეიცვალა”, - აცხადებს ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ პლენარულ სხდომაზე უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლოა ამოქმედებაზე ისაუბრა, რასთანაც, მისი თქმით, საქართველო ძალიან ახლოსაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით უვიზო რეჟიმს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს - “სამწუხაროდ, ძალიან ახლოს ვართ შეჩერების მექანიზმით გაწერილ კრიტერიუმებთან”.

“საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ევროკავშირს, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესაძლებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღო. ძალიან ბევრი რეფორმის გატარება გახდა საჭირო - კანონის მიღება, ინსტიტუციური რეფორმების გატარება, იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო. პლიუს ამას, ევროკავშირი მუშაობდა შეჩერების მექანიზმზე და გახსოვთ, მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველა პირობა გვქონდა შესრულებული, ლოდინი მოგვიწია 2015 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მარტამდე, როცა პოლიტიკურად მზად იქნებოდა ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან. მაშინ ევროკავშირმა შეიმუშავა საერთო მექანიზმი ყველა ქვეყნისთვის და ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის გაკეთებული მექანიზმი და ყველა ქვეყანა, ვისთანაც აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა, დაუქვემდებარა ე.წ. შეჩერების მექანიზმის მოქმედებას. შეჩერების მექანიზმი ნიშნავს იმას, რომ თუ წინასწარ განსაზღვრული პირობები სახეზე იქნება, აქვს უფლება წევრ ქვეყანას ან კომისიას, რომ სწრაფად მოითხოვოს თავისუფალი რეჟიმის შეწყვეტა”, - განაცხადა თამარ ხულორდავამ, რომლის განმარტებით, სამწუხაროდ, შეჩერების მექანიზმით გაწერილ კრიტერიუმებთან ფორმალურად ჩვენ ძალიან ახლოს ვართ - როგორც უკანონო მიგრაციის რაოდენობით, ასევე საზღვარზე უარების რაოდენობით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“2018 წელს 2017 წელთან შედარებით 200%-ით არის გაზრდილი საზღვრიდან ჩვენი მოქალაქეების უკან მობრუნება. იმატებს ასევე თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის მაჩვენებლები. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ სახელმწიფო ნება ვაჩვენოთ. ვაჩვენოთ ის, რომ უკანონო მიგრაციას ხელს ვერ შევუწყობთ”, - ამბობს ხულორდავა. ვანო ჩხიკვაძის განცხადებით, გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია საზღვარგარეთ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, რაც შესაძლოა საფუძველი გახდეს იმისა, რომ ევროკავშირმა შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობა გამოიყენოს. რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ მსგავსი საფრთხე თავიდან აირიდოს? ჩხიკვაძის თქმით, ამისათვის საჭიროა საქართველოში ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რადგან, ძირითადი მიზეზი, რის გამოც საზღვარგარეთ მიდიან, მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონია”, - განაგრძობს გამოცემა.

“დღეს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ძალიან მაღალია. ეს ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი. შეჩერების მექანიზმის კრიტერიუმის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში თუ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, რომელთაც არ აქვთ საფუძველი მოითხოვონ თავშესაფარი, 50%-ზე მეტია წინა წელთან შედარებით, ქვეყანას შეუძლია გამოიყენოს უფლება, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დააყენოს. შეჩერების მექანიზმი თუკი შემოღებულ იქნება, უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან შესაძლოა 18 თვის ვადით შეჩერდეს და მოხდეს დაკვირვება, შეიცვლება თუ არა ამ პერიოდში სიტუაცია. თუკი არ შეიცვლება, შესაძლებელია ამას ისევ 9 თვე დაემატოს და ეს პერიოდი 27 თვემდე გაგრძელდეს. იმ შემთხვევაში თუკი ამოქმედდა შეჩერების მექანიზმი, ისევ დავუბრუნდებით იმ ძველ პერიოდს, როდესაც ვიზებით შეგვძელო ევროკავშირისა და შენგენის ზონების ქვეყნებში გადასვლა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვანო ჩხიკვაძე.

“ჩვენ ძალიან შეზღუდული ვართ იმ არსენალში, რაც გაგვაჩნია. რა შეიძლება გავაკეთოთ ამის წინააღმდეგ? ერთი - საინფორმაციო კამპანია, - მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ ეს არ არის სწორი. გრძელვადიან პერსპექტივაში, მხარდაჭერა და მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება. ძირითადი მიზეზი, რის გამოც მიდიან და თავშესაფარს ითხოვენ, 20 ათასიდან მხოლოდ 3%-მა მიიღო თავშესაფარი, ესენი არიან ძირითადად შრომითი მიგრანტები, რომლებიც ცდილობენ, რომ არსებულ ეკონომიკურ-სოციალურ სიტუაციას გაექცნენ. გამოსავალია ადგილების შექმნა და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება”, - დაასკვნის ჩხიკვაძე.

რამაზ საყვარელიძე - “მოსახლეობა დამაჯერებელ და საქმიან პოლიტიკოსებს ვერ ხედავს”

“ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მიერ ჩატარებულ კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ არ არსებობს პოლიტიკური პარტია, რომელიც მათ პრობლემებს მოაგვარებს, ხოლო გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ სახელმწიფო მოხელეების ინტერესი, პირველ რიგში პირადი გამდიდრება და პირადი კეთილდღეობაა. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ამ პირობებში რაშიც ეხლა ვართ, კიდევ უფრო გაიზრდება ნიჰილიზმი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “მოსახლეობას დამაჯერებელი და საქმიანი პოლიტიკოსები სურს, მაგრამ ასეთებს ვერ ხედავს” - საყვარელიძე.

“ბოლო ხანებში ხშირია გულაცრუება პოლიტიკური პარტიების მიმართ და ამ მიზეზით საერთოდ არ მოდიან არჩევნებზე, მაგალითად: პრეზიდენტის არჩევნებზე 50% სახლში დარჩა, ამ პირობებში რაშიც ეხლა ვართ, კიდევ უფრო გაიზრდება ნიჰილიზმი და რაც მთავარია, ოპოზიციას მიაჩნია, რომ თუკი ხელისუფლებას უშვერი სიტყვებით აგინებს, ამით მოიგებს და ხელისუფლებას მიაჩნია, რომ თუ ოპოზიციას აგინებს უშვერი სიტყვებით ამით მოიგებს. ამ დროს მოსახლეობას, როგორც ჩანს უშვერი სიტყვები არ აკმაყოფილებს და მას უნდა დამაჯერებელი და საქმიანი პოლიტიკოსების დანახვა, მაგრამ ასეთებს ვერ ხედავს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - “არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებაში კორუფციის აღქმის მაღალი მაჩვენებელია და ამის ადრესატი ხელისუფლებაა. რამდენად დამაჯერებელია ხალხისთვის მათი განცხადება?” - პასუხობს:

“არასამთავრობოები ამას ნიშნის მოგებით თუ ამბობენ, ამას მემგონი არ იქნება მართალი, იმიტომ, რომ ერთი გამოკვლევა მაინც რომ ჩავატაროთ არასამთავრობოებზე რას ფიქრობენ ადამიანები, ნამდვილად არ იქნება სახარბიელო მათთვის. ასე რომ, ეს მდგომარეობა, რომ ყველა თავის თავზე ფიქრობს, უფრო ზოგადი მდგომარეობაა. იგივე ეხება ოპოზიციას, იგივე ეხება არასამთავრობოებს, ამიტომ გამარტივება სურათისა არის ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა”.

გადაწყვეტილება მომზადებულია - დიდი რაოდენობის ნატოს გემები შავ ზღვაში

“ნატო შავ ზღვაში რუსეთის აგრესიის შესაკავებლად და წესრიგის შესანარჩუნებლად ახალი ზომების მიღებას გეგმავს. კერძოდ, საუბარია, რომ უნდა გაძლიერდეს საჰაერო დაზვერვა და შავ ზღვაში დიდი რაოდენობის სამხედრო ხომალდი გაიგზავნოს. რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომების პაკეტი 4 აპრილს უნდა დამტკიცდეს. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილის თქმით, “ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ნატო-ს შავ ზღვაში გაძლიერებას უპირველეს ყოვლისა უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება უკრაინისთვის და საქართველოსთვის”. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაიას შეფასებით, “ეს ძალიან დადებითი მოვლენაა ჩვენთვის, უკრაინისთვის, თავად ნატო-სთვის, რადგან დღეს რუსეთსა და ნატო-ს შორის ახალი ცივი ომი მიმდინარეობს”. მაისაისას თქმით, “ნატო დგამს რადიკალურ ნაბიჯს იმისათვის, რომ რუსეთის სამხედრო თავხედობას დაუსვას წერტილი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “გადაწყვეტილება მომზადებულია - საჰაერო დაზვერვა და დიდი რაოდენობის ნატოს გემები შავ ზღვაში / “საქართველოს სჭირდება სანაპირო დაცვის ხომალდსაწინააღმდეგო კომპლექსები, რომელიც დაიცავდა ჩვენს სტატეგიულ პორტებს, ბათუმს, ფოთს და ანაკლიას”.

“ვაშინგტონში 3-4 აპრილს ნატო-ს 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მინისტერიალი ტარდება და მინისტერიალის დაწყებამდე გაცხადდა, რომ ალიანსისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რუსული საფრთხის შეკავება გამოიკვეთა, რის გამოც იმსჯელებენ, რომ შავ ზღვაში ნატო-ს სამხედრო ყოფნა გაიზარდოს. ნატო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ქეი ბეილი ჰაჩისონმა განაცხადა, რომ ალიანსი შავ ზღვაში კონკრეტული ზომების მიღებას გეგმავს - საჰაერო დაზვერვის გაძლიერებას და სამხედრო გემების რაოდენობის გაზრდას. ჰაჩისონის ინფორმაცით, ეს ზომები ქერჩის სრუტეში არსებული მდგომარეობის გამო გატარდება. მისივე თქმით, რუსეთი რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს და ეს “მიუღებელია”. “შავ ზღვაში წესრიგის შენარჩუნების მიზნით, ნატოს ქვეყნები საჰაერო დაზვერვის მასშტაბის გაზრდას და ასევე შავ ზღვაში უფრო მეტი ხომალდის გაგზავნას გეგმავენ. ეს პაკეტი მოიცავს საჰაერო დაზვერვას, ასევე შავ ზღვაში ნატო-ს ხომალდების რაოდენობის გაზრდას, რათა გარანტირებული იყოს ქერჩის სრუტეში უკრაინული ხომალდების გადაადგილება. ძალიან მნიშვნელოვანია, რუმინეთს, ბულგარეთს, უკრაინას და ასევე საქართველოს ჰქონდეთ უსაფრთხოება შავ ზღვაზე, როგორც გემებისთვის, ასევე სახმელეთო დაცულობისთვის”, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა. ირაკლი ალადაშვილის თქმით, ნატო-ს ხელმძღვანელობას თავის დროზე გამოეპარა რუსეთის ფლოტის გაძლიერება და ყურადღება არ მიაქციეს ამ მიმართულებას და ახლა შავ ზღვაში ალიანსის სამხედრო გაძლიერება უპიველესად უდიდესი მნიშვნელობისაა უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოებისთვის.”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შავ ზღვის ქვეყნებიდან სამი ნატო-ს წევრია - რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი, ხოლო ორი - უკრაინა და საქართველო თანაუგრძნობს ალიანსს და თითქოს რუსეთი მარტოობაშია, თუმცა, ამის მიუხედავად, რეალურად დღეს შავი ზღვის აკვატორიას რუსეთის შავი ზღვის ფლოტი აკონტროლებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და მოსკოვმა ფაქტობრივად ყირიმის ნახევარკუძნული გადააქცია ჩაუძირავ ავიამზიდად და იქ შორს მოქმედი სარაკეტო სისტემები განათავსა. აქ არის ერთი მომენტი. მონტრეს კონვენციის შესაბამისად, არა შავი ზღვისპირა ქვეყნებს შავი ზღვის აკვატორიაში სამხედრო ხომალდების 21 დღეზე დიდ ხანს გაჩერება აკრძალული აქვს. ამიტომ, ან ნატო-მ სამ კვირაში ერთხელ უნდა ცვალოს თავისი სამხედრო ხომალდების ესკადრები, ან დაეხმაროს თავის წევრ ქვეყნებს თავიანთი შავი ზღვის ფლოტების გაძლერებაში, უფრო რუმინეთსა და ბულგარეთს. საქართველოსთან მიმართებაში, ნატო რომ დაგვეხმაროს გაუქმებული ფლოტს აღდგენაში, ეს ძალიან რთულია, თუმცა ამ ეტაპზე მომგებიანი იქნება თუ ალიანსი დაგვეხმარება სანაპირო დაცვის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების გათავსებაში, რომელიც დაიცავდა ჩვენს ძირითად სტატეგიულ პორტებს, ბათუმს, ფოთს და ანაკლიას, ასევე დაიცავდნენ დესანტსაშიშ სანაპიროებს, სადაც აზღვაო დესანტის გადმოსმის საშიშროებაა”,- აცხადებს გამოცემის კორესპონდენთტან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

“მისი თქმით, ნატოს გაძლიერების საპასუხოდ რუსეთსაც ექნება რეაქცია, დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო ცივი ომის დროს და შესაძლოა ინციდენტებიც მოხდეს, მაგალითად ისეთი, როგორიც იყო 1985 წელს. როცა საბჭოთა კავშირის და აშშ-ის გემები ერთმანეთს შეეჯახა. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაის თქმით, ჯერ კიდევ 2014 წლის უელსის სამიტზე ითქვა, რომ შავ ზღვაში კოალიციური მუდმივმოქმედი დაჯგუფება უნდა შექმნილიყო, შემდეგ 2016 წელს ვარშავის სამიტზე კონცეფციაც შემოიტანეს, თუმცა, მაშინ თურქეთმა თავი შეიკავა და ეს დაიბლოკა. ახლა კი, როგორც ჩანს, ეს ინიციატივა 4-ში დამტკიცდება. მისივე თქმით, ისიც უნდა ვთქვათ, რომ რუსეთსაც ექნება საპასუხო რეაქცია და შესაძლოა პირდაპირ კონფრონტაციაზეც წავიდეს, როგორც მოხდა ეს ცივი ომის დროს”, - დასძენს გამოცემა.

“თუ ეს ინიციატივა მიიღეს, ეს ჩვენთვის ძალიან კარგია. ეს იქნება რეალური ძალა, რომელიც შეძლებს ჩვენი იმ უარყოფითი მხარის კომპენსირებას, რომ არ გვყავს არც საზღვაო-სამხედრო ძალები, არც სანაპირო დაცვის სახეობის ჯარები. მეორე, ეს იქნება ჩვენი საპორტო კომუნიკაციების დაცვის გარანტია და მესამე მომენტი ის იქნება, რომ რუსეთის თავხედურ ქმედებას, რომელსაც უკრაინისა და საქართველოს მიმართ ახორციელებს, იმედია, რომ ბოლო მოეღება. ამდენად ნატო-ს გაძლიერება შავ ზღვაში ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობისაა... 1985 წელს საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ორი ხომალდი პირდაპირ დაეჯახა აშშ-ის სამხედრო ფლოტის 2 გემს და ამან მაშინ სერიოზული რეზონანსი გამოიწვია. დიდი ალბათობაა, რომ პუტინის რეეჟიმი ასეთ პროვოკაციაზე წავიდეს. რუსეთი ახლა არ არის საზღვაო დიდი “დერჟავა”, მაგრამ პოტენციალი გააჩნია და პროვოკაციები შეიძლება მოაწყოს. თუმცა, ნატო-ს ეს ქმედება ძალიან გასახარია, რომ ნატო დგამს რადიკალურ ნაბიჯს იმისათვის, რომ რუსეთის სამხედრო თავხედობას დაუსვას წერტილი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური ჩვენთვის”, - დაასკვნის მაისაია.