დაბა ბაკურიანში სახალხო დღესასწაული „ბაკურიანობა 2019“ აღინიშნა

„დიდველზე“ სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორამაციით, ღონისძიებებს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
მისივე ცნობით, პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები ერთმანეთს თხილამურებით სირბილში, გიგანტურ სლალომში და სნოუბორდში შეეჯიბრნენ. მათ შორის იყვნენ ადგილობრივი და ნინოწმინდელი სპორტსმენებიც.
„გამარჯვებულები დღის ბოლოს კონცერზე დააჯილდოვეს. 100-ზე მეტ სპორტსმენს ხელმძღვანელმა პირებმა თასები, მედლები და სიგელები გადასცეს. ღონისძიებაზე გაიმართა ბაკურიანის ჰოკეისტთა გუნდის დაჯილდოებაც, რომლის წევრებმა მარტის თვეში ბათუმში ორ ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს და საქართველოს ჩემპიონები გახდნენ“, - აღნიშნულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისივე ცნობით, ღონისძიება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და ადგილობრივების ჩართულობით გაიმართა.
ცნობისთვის, ,,ბაკურიანობა" ტრადიციულად ყოველ წელს აღინიშნება და წელს ის 38-ედ ჩატარდა.

























