რუსთავში მეტალურგიული საწარმოდან  გამოტანილი წიდა, სპეციალურად გამოყოფილი საყრელის ნაცვლად, მძღოლმა დავით გარეჯის ქუჩაზე დაყარა

რუსთავში, საწარმოო ნარჩენებისგან გარემოს დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა. ფაქტზე რაეგირების მიზნით ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამსახურისა და რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები.

როგორც ადგილზე გაირკვა, საწარმოო ნარჩენები, კერძოდ მეტალურგიული საწარმო ,,ჯეოსტილიდან“ გამოტანილი წიდა, სპეციალურად გამოყოფილი წიდასაყრელის ნაცვლად, მძღოლმა დავით გარეჯის ქუჩაზე დაყარა. რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მოუწოდა კომპანია ,,ჯეოსტილსა“ და ქალაქში არსებული სხვა საწარმოების ხელმძღვანელობას, შეწყვიტონ ჯანმრთელობისთვის მავნე ნარჩენების ქუჩებში სტიქიურად დაყრის პროცესი და შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც სპეციალური რეგულაციებით, მოქმედი კანონმდებლობით აკისრიათ.

„მუნიციპალურ სამსახურებს დავალებული აქვთ მსგავს ფაქტებზე რეაგირება. ერთ-ერთი ფაქტი დაფიქსირდა დღეს, როდესაც სიცოცხლისათვის მავნე მყარი ნარჩენების დაყრა მოხდა დავით გარეჯის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. არსებობს სპეციალური რეგულაცია, სანებართვო პირობები, რომლის თანახმადაც მწარმოებელი ვალდებულია საწარმოო ნარჩენები მიიტანოს იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც ამ ნარჩენების განთავსებაა ნებადართული და არა ასე, რომ გზის პირზე დაყაროს. ეს ყოვლად დაუშვებელია და სწორედ ამ კონკრეტულ ფაქტზე მოხდა შესაბამისი სამსახურების მხრიდან სწრაფი რეაგირება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამსახურში განუცხადეს, ნარჩენებისგან გარემოს დაბინძურების ფაქტზე შედგა აქტი, მძღოლს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, ჩატარდება გამოკვლევა. გამოკვლევის ჩატარების შემდეგ იქნება გატარებული შესაბამისი სანქციები.

დავით გარეჯის ქუჩაზე იმყოფებოდა ,,ჯეოსტილის“ წარმომადგენელი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ფაქტის შესწავლა მოხდება და ხელმძღვანელობა შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ,,ჯეოსტილს“ ერთდღიანი ვადა მისცეს, სწორედ ამ დროში მათ ქუჩაში დაყრილი საწარმოო ნარჩენების წიდასაყარზე უნდა გადაიტანონ და ტერიტორია დაასუფთავონ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს