აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია ნატო-ს საზღვაო შენაერთის ხელმძღვანელთან ერთად მიღებაზე იმყოფებოდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხელმძღვანელთან, კომოდორ ბაუდევაინ ბუთისთან ერთად, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლის მიწვევით, ხობის მუნიციპალიტეტში, ნოჯიხევის სამონასტრო კომპლექსში მიღებაზე იმყოფებოდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს,
შეხვედრას ესწრებოდნენ: მეორე საზღვაო შენაერთის ეკიპაჟის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, სხვა ოფიციალური პირები.
მათივე ცნობით, სტუმრებმა სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს და ქართულ კულტურას გაეცნენ.
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი (SNMG2) 1 აპრილს შემოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც შედის: „Flagship - HNLMS Evertsen“ (ნიდერლანდების სამეფო), „TCG Yildirim“ (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”ROS Regele Ferdinand” (რუმინეთი).

























