ქართული პრესის მიმოხილვა 05.04.2019

ქართველების კიდევ ერთი მასშტაბური დაკავება ბარსელონაში - ესპანეთში ქართველი "ქურდების" ეპოქა სრულდება?

ასეთ ფორმატში მინისტრების მოსმენა მომაბეზრებელი გახდა - ცისკარიშვილი იზორიას გამოსვლაზე

***

ქართველების კიდევ ერთი მასშტაბური დაკავება ბარსელონაში - ესპანეთში ქართველი "ქურდების" ეპოქა სრულდება?

“ესპანეთში სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 25 მოქალაქე დააკავეს. მასშტაბური სპეცოპერაცია სახელწოდებით "მერლი-ტაკა" ბარსელონაში, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობით ჩატარდა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის საქართველოს 25 მოქალაქე, რომლებსაც საცხოვრებელი ბინების გაქურდვა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ ბრალად”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ქართველების კიდევ ერთი მასშტაბური დაკავება ბარსელონაში - ესპანეთში ქართველი "ქურდების" ეპოქა სრულდება?

"გარდა ამისა, ადმინისტრაციული წესით, საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის დაკავებულია საქართველოს 41 მოქალაქე. სპეცოპერაცია ჩატარდა ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთი ყოფილი სკოლის შენობაში, რომლის ნაწილიც კრიმინალური დაჯგუფებების წევრებს უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამავე შენობაში უკანონოდ შესახლებული ყველა სხვა პირი გამოასახლეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელ ბინებში ჩაატარეს ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნაქურდალი ნივთები და დიდი ოდენობით ფული," - განაცხადა ბორცვაძემ“, - აღნიშნავს გამოცემა.

„მისივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს შერჩეული ობიექტების შესახებ, რის შემდგომაც ორგანიზებულად ქურდავდნენ. "დაკავებულ საქართველოს 25 მოქალაქეს ბრალად ედება ესპანეთის სსკ-ის 237-ე, 570-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩადენილ ბინების გაქურდვასა და კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის გამოვლენის, ზემოაღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე, მათი კავშირების დადგენისა და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით, ბარსელონაში ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციას წინ უძღოდა ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ერთწლიანი ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები ესპანეთსა და საქართველოში."შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა," - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ“, - განაგრძობს გამოცემა.

"ცნობისთვის, ეს ესპანეთისა და საქართველოს პოლიციის თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის. გასული წლის 2018 წლის ივლისში ესპანეთში სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების ქართველი წევრები დააკავეს. ესპანეთის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად წარმატებული მასშტაბური სპეცოპერაცია - სახელწოდებით "კუში 2" ჩაატარა. სპეცოპერაციაში აქტიურად იყვნენ ჩართული ინტერპოლი და ევროპოლი. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, სპეციალური საპოლიციო ღონისძიება ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. მასში 800-ზე მეტი ესპანელი სამართალდამცველი და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ამ სპეცოპერაციის საშუალებით გამოვლინდა სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც, ეროვნებით სომეხ "კანონიერ ქურდთან" ერთად, ძმები შუშანაშვილები ხელმძღვანელობდნენ. სპეცოპერაციის შედეგად მადრიდის, ბარსელონას, ვალენსიას, ალიკანტეს, ალბასეტეს, მურსიას, ჟირონასა და გრანადას პროვინციებში ესპანეთში მოქმედი სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრი, მათ შორის 7 "კანონიერი ქურდი" დააკავეს, ძირითადად სომხური წარმოშობისა. ამავე სპეცოპერაციის შედეგად მადრიდსა და ვალენსიაში დაკავებულია საქართველოს 2 მოქალაქე, ეროვნებით ქართველი - 1971 წელს დაბადებული პ.ჯ. და 1974 წელს დაბადებული მ.კ.“, - დასძენს გამოცემა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ პ.ჯ. აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული დაჯგუფების კრიმინალურ საქმიანობაში. მას სახლში ძვირფასი ლითონების გადამამუშავებელი უკანონო საამქრო ჰქონდა მოწყობილი, სადაც დანაშაულის დაფარვის მიზნით ნაქურდალი ძვირფასეულობის გადადნობა, მისგან ოქროს ზოდებისა და ნაკეთობების დამზადება ხდებოდა. მ.კ. კი სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების მიერ უკანონო გზით მოპოვებულ ფინანსებს განკარგავდა. ორივე დაკავებული საქართველოს მოქალაქე ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად გასამართლდება. მათ გამოძიება ესპანეთის სსკ-ის 515-ე და 301-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც კრიმინალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას და ფულის გათეთრებას გულისხმობს. ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაცია "კუში" ევროპოლმა და ინტერპოლმა შეაფასეს, 2010 წლიდან დღემდე ყოფილი საბჭოთა წარმოშობის საერთაშორისო ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ჩატარებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად. საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, აგრძელებს ევროპოლთან, ინტერპოლთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან აქტიურ თანამშრომლობას“, - წერს სტატიის ავტორი.

ასეთ ფორმატში მინისტრების მოსმენა მომაბეზრებელი გახდა - ცისკარიშვილი იზორიას გამოსვლაზე

"ასეთი შეხვედრები, რა თქმა უნდა, აუცილებელია, თუმცა ეს დღევანდელი უმრავლესობის და ოპოზიციის მუდმივად ერთი და იგივე მისწრაფების რეალიზაციაა. ორივე მხარე ნაკლებ ყურადღებას აქცევს იმ საკითხებს, რომელზეც მინისტრი მიდის. მხოლოდ ერთმანეთს ერჩიან," - ასე აფასებს ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას 4 აპრილის გამოსვლას პარლამენტში, რომელიც დეპუტატების კითხვებს თითქმის ცარიელ დარბაზში პასუხობდა”, - წერს გაზეთ "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ასეთ ფორმატში მინისტრების მოსმენა მომაბეზრებელი გახდა - ცისკარიშვილი იზორიას გამოსვლაზე

"ცისკარიშვილის განცხადებით, ასეთ ფორმატში მინისტრების მოსმენა პარლამენტში მომაბეზრებელი გახდა, რადგან დეპუტატები მხოლოდ ერთმანეთის ლანძღვით არიან დაკავებული. იმდენი მინისტრის მისვლა გადაება ერთმანეთს, რომ უკვე მომაბეზრებელი გახდა თავად ასეთი სტატუსი. როდესაც თავად პარლამენტის თავმჯდომარეც კი ვერ ახერხებს ასეთ შეხვედრაზე მისვლას. „მოვისმინე რამდენიმე შეკითხვა, რომელიც ნამდვილად საინტერესო და საქმიანი იყო, თუმცა ასეთ პირობებში, მმართველი პარტია, რა თქმა უნდა, უკუღმა იგებს ყველაფერს, რასაც ისმენს ისევე, როგორც ოპოზიცია. უნდა დასრულდეს ასეთი მრავალწახნაგიანი შეხვედრები. თუ კომიტეტში თემა მეტ-ნაკლებად მორგებული არ არის, უნდა დავიცადოთ. როდესაც კარგად გვექნება წარმოდგენილი უმცირესობისა და უმრავლესობის კითხვები, მაშინ დაიწყოს მოსმენა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ჯერ კიდევ ძალაშია პრიმიტიული არითმეტიკა ჩვენი პოლიტიკური სივრცისა. ვერ მოახერხა წასულმა და დღევანდელმა ხელისუფლებამ რაიმე საერთო თემის საზოგადოებისთვის შეთავაზება ისე, რომ ერთმანეთი არ ლანძღონ. პრიმიტიულ პოლიტიკურ არითმეტიკაში ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას" გამოვაკლოთ ცოცხები, რომელიც „ქართულ ოცნებას" უდრის," - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა. ცნობისათვის, თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას საკანონდმებლო ორგანოში მინისტრის საათის ფარგლებში იმყოფებოდა, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კითხვები უწყებაში არსებულ ვითარებას, შესაძლო კორუფციულ გარიგებებსა და ჯარში არსებულ პრობლემებს ეხებოდა“, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა