ბათუ ქუთელია - რა იფიქრა ან რისი თქმა უნდოდა სალომე ზურაბიშვილს ძნელია, მაგრამ პირდაპირ კავშირს "ბრექსითსა" და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას შორის ვერ ვხედავ

მნიშვნელოვანია, პრეზიდენტს უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებული, სწორი და სტრატეგიულად გათვლილი გზავნილები ჰქონდეს, - ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ბათუ ქუთელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ქუთელია გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა, რომელსაც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა წარმოადგენს და წინ წაწიოს გაწევრიანების საკითხი. როგორც ქუთელიამ აღნიშნა, "ბრექსითსა" და საქართველოს ევროკავშირში შესვლის საკითხები ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არის.

“ძნელია ვიმსჯელოთ, რა იფიქრა, რა იგულისხმა ან რისი თქმა უნდოდა პრეზიდენტს. პირდაპირ კავშირს "ბრექსითსა" და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას შორის, მე ვერ ვხედავ. მეორე საკითხია, რომ „ბრექსითის“ თემამ ძალიან ბევრი პროცესი დაძრა ევროკავშირში რეფორმირებისა და სტრატეგიული ხედვის შეცვლის კუთხით. ბრიტანეთის გამოყოფის პროცესიც არ გარკვეულა და ახლა მიდის, თუმცა ფაქტი, რომ არის გარკვეული ცვლილებები ევროკავშირის შიდა, ასევე, სამეზობლოსთან ურთიერთობის პოლიტიკაში, ამას გარდა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომპონენტის გაძლიერების მხრივ და შეიძლება, ამ ყველაფერს ახალი რეფორმები მოჰყვეს, ბუნებრივია, აფართოებს სივრცეს საქართველოსთვის, უფრო ინტენსიური მოლაპარაკებები აწარმოოს და დააჩქაროს თავისი გაწევრიანება. მაგრამ პირდაპირი კავშირი "ბრექსითსა" და საქართველოს გაწევრიანებას შორის, ძალიან ძნელი დასანახია“, - განაცხადა ქუთელიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ბრიტანეთის ურთიერთობა ევროკავშირთან სხვაა, საქართველოსი კი - სხვა, რისი გადატანაც ოპორტუნისტულ ჭრილში არ შეიძლება.

„ბრიტანეთის და ევროკავშირის ურთიერთობა მათი ურთიერთობაა, ხოლო ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა არის ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა და ამის ოპორტუნისტულ ჭრილში გადატანა არ შეიძლება. გარკვეული ემოციური კონოტაცია შეიძლება არსებობდეს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყნებს ორგანიზაციიდან გასვლა სურთ, არიან ქვეყნები, რომელთაც პირიქით, შესვლა სურთ და შეიძლება, ეს ფასეულობით დისკუსიაში გადავიტანოთ, ე.ი. რომ არსებობს საერთო ფასეულობები. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ისეთ განცხადებებს აკეთებს, იმის ფონზე ულამაზო განცხადებებზე წუწუნი მგონი, არ ღირს, მაგალითად, თუ გავიხსენებთ მის განცხადებებს ომის დაწყებასთან დაკავშირებით და ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს. ამასთან შედარებით ეს განცხადება არაფერია და უხერხულ, მოუხეშავ ფრაზებზე უკმაყოფილების გამოხატვა არ ღირს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში და მნიშვნელოვანია, უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებული, სწორი და სტრატეგიულად გათვლილი გზავნილები ჰქონდეს, გარდა უბრალოდ ემოციური კონოტაციის მქონე განცხადებებისა“, - განაცხადა ქუთელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა