ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2019

ვახტანგ ძაბირაძე - “ოცნებისთვის” ნებისმიერ ოლქში წაგება რღვევის დასაწყისი იქნება”

“ზალკალიანის ჩამოსვლის შემდეგ ჩვენზე ფაქტობრივად ნადირობა დაიწყო” - ქართველი მიგრანტები ესპანეთში

“13 ათასამდე მოსწავლე შარშან გამოცდაზე ჩაიჭრა, ორჯერ მეტი ჩაიჭრება წელს და მივიღებთ სავალალო შედეგს”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “ოცნებისთვის” ნებისმიერ ოლქში წაგება რღვევის დასაწყისი იქნება”

“საკმაოდ რთული ვითარებაა - გავლენიანმა ევროპარლამენტარმა ჩვენს პრემიერს წერილით მიმართა, სადაც საუბარია საპრეზიდენტო არჩევნების დროს არსებულ დარღვევებზე და ზუგდიდის სკოლის პედაგოგის ია კერზაიას საქმის გამოძიება მოითხოვა. ხელისუფლების მხრიდან ამ წერილზე უყურადღებობა ჩვენს პარტნიორებში მტკივნეულად იქნება აღქმული. თანაც, არა მარტო “ოცნების” პარტნიორი პოლიტიკური ძალები არიან უკმაყოფილონი, იგივე ეუთო-მ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნეს ანალოგური დასკვნა და უკმაყოფილები არიან იმ ვითარებით, რაც იყო საპრეზიდენტო არჩევნებში, განსაკუთრებით მეორე ტურში”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ოცნებისთვის“ ნებისმიერ ოლქში წაგება რღვევის დასაწყისი იქნება, ამიტომ ყველა უბანში ყველაფერზე წავა, რომ გაიმარჯვოს“ - ძაბირაძე.

“პირადად მე არ ვთვლი, რომ 600 000 კაცისადმი სესხების ჩამოწერამ არჩევნებზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, მაგრამ გარედან ასე არ ჩანს და როცა ასეთ რამეზეა საუბარი, ის ყოველთვის არის მობმული ამომრჩევლის მოსყიდვასთან თუ არა, ზეგავლენის მოხდენასთან მაინც. როდესაც ამას ხელისუფლება ან ხელისუფლებასთან ასოცირებული რომელიმე ორგანიზაცია აკეთებს, ეს ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. გარდა ამისა, ქალბატონი კერზაიას საქმეც, რა მოხდა და როგორ, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ ბუნდოვანია. ასეთ ვარიანტებში ხელისუფლება ვალდებულია იმოქმედოს ძალიან სწრაფად და ფაქტების აბსოლუტური გახსნილობა მოახდინოს. მით უმეტეს, როდესაც კითხვები ჩნდება იმ ორგანიზაციებშიც, რომელიც ხელისუფლების პარტნიორია. იგივე ვითარება იყო არჩევნებისას სამცხე-ჯავახეთში, სადაც ცემა და წნეხი იყო. უამრავი ფაქტები იყო. არავინ არ თვლის, რომ არჩევნებმა კარგად ჩაიარა, არც შედეგებს კითხვის ქვეშ არავინ აყენებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავმშვიდდეთ. რეალურად ვითარება საკმაოდ დაძაბულია. საზოგადოების პოლარიზაცია მიდის. ვინც დღეს ამ ფაქტებზე საუბრობს, წარსულის გამო კი არ დარდობენ, მომავალში ხედავენ პრობლემებს. ანუ, ეს წერილი ეხება არა გავლილ საპრეზიდენტო არჩევნებს, არამედ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს - ხელისუფლებას ყველა ეუბნება, რომ ასეთი რამ არ უნდა განმეორდეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“რა თქმა უნდა, ეს არის გაფრთხილება და ხელისუფლებამ ამას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს, სხვა შემთხვევაში შეიძლება პროცესები არ ჩაჯდეს იმ სტანდარტებში, რასაც დემოკრატია ითვალისწინებს, ვგულისხმობ 2020 წლის არჩევნებს. თუ საზოგადოების პოლარიზაცია გაგრძელდა, ჩვენ 2020 წელს მივიღებთ არა საარჩევნო სუბიექტებს, არამედ მტრულ ბანაკებს, ამას ხედავენ ჩვენი მეგობრები დასავლეთში, ამიტომაც მიდის ხელისუფლებისადმი მოთხოვნა, რომ გამოიძიონ ყველაფერი და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ პროცესები ამ მიმართულებით არ განვითარდეს. “ოცნებისთვის” ყველა ოლქი მნიშვნელოვანია ახლა, რულოვსის ზუგდიდში დასახელებამ კი ვითარება გაამწვავა. სიტუაციიდან გამომდინარე, სჯობდა ზუგდიდში რულოვსი არ დაესახელებინათ, რადგან სხვას მოგების უფრო მეტი შანსი ექნებოდა. თუმცა მეორე საკითხია ის, რომ “ოცნებას” არა თუ ზუგდიდის, საერთოდ არც ერთ ოლქში წაგების ფუფუნება არ გააჩნია. ნებისმიერ ოლქში წაგება რღვევის დასაწყისი იქნება, ამიტომ ყველა უბანში ყველაფერზე წავა, რომ გაიმარჯვოს. როცა ვამბობ, რომ რულოვსს სჯობდა სხვა, სხვა ამ საერთო სურათში ჩაეწერებოდა. რულოვსის ზუგდიდში დასახელება “ნაცმოძრაობის” მხრიდან უფრო პროვოცირების სურვილს ჰგავს და ეს საკმაოდ ცუდად მუშაობს “ნაციონალებისთვის”. რულოვსის დასახელება ეს არის მთელი “ქართული ოცნების” გამოწვევა, ამიტომ ყველაფერზე წავა, რომ განსაკუთრებით ზუგდიდში არ წააგოს”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“რაც შეეხება გამსახურდიას საქმის გამოძიების დაწყების დაპირებას, ეს გარკვეულწილად იმუშავებს, თუმცა მანდ მეორე პრობლემაცაა. “ოცნებას” ივანიშვილის გარდა არც არავინ ჰყავს. გუშინაც ასე იყო, მაგრამ გუშინ ივანიშვილს რეიტინგი ჰქონდა, დღეს რეიტინგი ეცემა, მაგრამ შემცვლელიც არ ჰყავთ. თქვენ ვერ მეტყვით, “ოცნებაში” მეორე ვინაა. მეორე არ არსებობს. ახლა რომ გაახსენდათ ხიბულაც და გამსახურდიაც, სწორედ არჩევნებს უკავშირდება, მაგრამ წყალწაღებული ხავსს რომ ეჭიდება, დაახლოებით ასეთ დღეშია “ოცნება”. სხვა არაფრის გაკეთება შეუძლია და იძულებულია ის რესურსი გამოიყენოს, რაც აქვს,” - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “თქვენ ახსენეთ, რომ დასავლეთი აფრთხილებს ხელისუფლებას, 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად. თუკი “ოცნება” არ გაითვალისწინებს ამ გაფრთხილებას - იქნება პოლარიზებული გარემო და ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებიც, რა შედეგს გამოიწვევს ეს, შეიძლება ხელისუფლებას დასავლეთიდან ლეგიტიმაცია ექნება?” - პასუხობს:

“გულწრფელად რომ გითხრათ, ლეგიტიმაცია ნაკლებად მაწუხებს. მე მეშინია და მაწუხებს ჩვენ სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივიდეთ. აქ საუბარი არ არის 11 ევროპარლამენტარის განწყობაზე და ეს წერილი არ არის ერთჯერადი მოკითხვის ბარათი. ეს არის დასავლეთის განწყობა და იმედი მაქვს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ორ წელში ხელისუფლებასთან მუდმივად იქნება კომუნიკაცია. არც შევარდნაძე წასულა თავისი ნებით, კარგი გარანტიები მიიღო ამერიკიდანაც და რუსეთიდანაც, და არც სააკაშვილი, მანაც გარანტიები მიიღო. ასე რომ, აქაც მსგავსი რამ იქნება, აქაც ჩაერევიან ისე, რომ დაპირისპირებამდე არ მივიდეს საქმე. ეს წერილი ნიშნავს, რომ დასავლეთმა ეს პროცესი უკვე დაიწყო. თუ არჩევნები არ ჩატარდა ისე, როგორც საჭიროა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას დასავლეთიდან ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება და პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით ექნება ლეგიტიმაციის პრობლემა - როცა ქვეყნის შიგნით დგება ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრობლემა, ისე როგორც 2003 წელს და როგორც 2012 წელს, ხელისუფლება იძულებულია წავიდეს”.

“ზალკალიანის ჩამოსვლის შემდეგ ჩვენზე ფაქტობრივად ნადირობა დაიწყო” - ქართველი მიგრანტები ესპანეთში

“მასშტაბური სპეცოპერაცია ესპანეთში და ნადირობა არალეგალურად მცხოვრებ ქართველებზე. ასე აფასებენ ბარსელონელი ქართველები ესპანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას. ემიგრანტები “რეზონანსთან” 4 აპრილის სპეცოპერაციაზე დეტალურად ყვებიან დ ამბობენ, რომ სკოლის მიტოვებულ შენობაში, სადაც თავშესაფრის მოთხოვნით იმყოფებიან, 300-მდე ესპანელი სამართალდამცველი მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ოპერაციას ატარებდა. მათი განცხადებით, ესპანეთში თავშესაფრის მოთხოვნით ჩასულ მოქალაქეებს სკოლის მიტოვებულ შენობაში უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება. ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში თავშესაფრის მიცემაზე ესპანეთის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს უარს ეუბნება. ამის მიზეზად კი ისინი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ესპანეთში ვიზიტს ასახელებენ. ემიგრანტები ამბობენ, რომ დავით ზალკალიანმა ესპანეთის მთავრობა დაარწმუნა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ზალკალიანის ჩამოსვლის შემდეგ ჩვენზე ფაქტობრივად ნადირობა დაიწყო” - ქართველი მიგრანტები ესპანეთში.

“ამ ეტაპზე ესპანეთში მასშტაბური სპეცოპერაციის დროს დაკავებული საქართველოს 66 მოქალაქე სამართალდამცველების გადაწყვეტილებას ელოდება. საქართველოს შსს-ს ინფორმააციით კი სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ 11 ქართველს კრიმინალური დაჯგუფების წევრობას ედავებიან, დანარჩენებს - ესპანეთში არალეგალურად ყოფნას. საქართველოს მოქალაქეები ყვებიან, რომ მათ ქუჩაში გასვლის ეშინიათ, რადგან მათზე ნადირობაა გამოცხადებული. ესპანეთში მცხოვრები ქართველი დიანა ციხისთავი ყვება, რომ მიტოვებულ შენობაში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობდნენ, რომლებიც თავშესაფარს ეძებდნენ. მისივე თქმით, სპეცოპერაციის მიზანს ქართველების დაკავება წარმოადგენდა. ციხისთავი ამბობს, რომ შენობა, სადაც ოჯახები ბავშვებთან ერთად თავს აფარებენ 200-300 სპეცრაზმელისგან ალყაშემორტყმული იყო. მისი თქმით, ყველას ტელეფონები ჩამოართვეს და არაფრის უფლებას არ აძლევდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არც დარეკვის უფლებას აძლევდნენ და არც ვიდეოს გადაღების. არ არსებობდა არანაირი თარჯიმანი და არავინ ჩვენს მოქალაქეებს საკუთარ უფლებებს არ უხსნიდა - რისთვის აკავებდნენ, რა უნდოდათ, არავინ უხსნიდათ. ბევრი ადამიანი სადეპორტოში გადაიყვანეს. ჩემი ცნობით, იმყოფებოდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, მაგრამ ეს ოპერაცია ჩატარდა ქართველების ასაყვანად. ეს არ არის მოქმედი შენობა, ეს არის მიტოვებული სკოლის შენობა, რომელშიც შეჭრილი არიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, ვისაც არ აქვს სახლი, ვისაც არ აქვს არანაირი კარი და ქუჩაში რომ არ დაიძინონ, იქ არიან თავშეფარებულები”, - აცხადებს ბარსელონაში მცხოვრები დიანა ციხისთავი. ბარსელონაში მცხოვრები ქართველები ჰყვებიან, რომ საქართველოდან ემიგრირებულ ოჯახებზე ნადირობა საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ესპანეთში გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიწყო. “მინისტრ ზალკალიანის ჩამოსვლის შემდეგ ჩვენზე ფაქტობრივად ნადირობა დაიწყო” - აცხადებს ესპანეთში მცხოვრები ნანა ყურაშვილი - მისივე განცხადებით, ზალკალიანმა ესპანეთის ხელისუფლებას უთხრა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და ერთგვარად მიანიშნა, რომ არ მიეღოთ საქართველოს მოქალაქეები”, - განაგრძობს გამოცემა.

“ზალკალიანის ჩამოსვლის შემდეგ აბსოლუტურად შეიცვალა ესპანეთში სიტუაცია, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და ნუ მიიღებენ ჩვენს მოქალაქეებს და ნუ მისცემენ თავშესაფარს. ამის შემდეგ, აქურმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება და შემდეგ მედიაში დაიწყო ამაზე საუბარიც. გადიოდა სიუჟეტები ტელევიზიაში, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქ თავშესაფარს არ მისცემდნენ. დაიწყო ჩვენი შევიწროება და ფაქტობრივად ქუჩაში გამოგვყარეს. ეს კი ჩვენი ხელისუფლებსი დახმარებით მოხდა. არც ქვეყანაში გვაძლევენ სამუშაოს და სხვაგან ლუკმაპურის საშოვნელადაც ჩამოსულებს არსებობის საშუალებას არ გვიტოვებენ. რა, გვსიამოვნებს, რომ აქ ბავშვებთან ერთად მათხოვრებივით ვცხოვრობთ? რომ არ გვიჭირდეს, გიჟები ვართ ამ პირობებში ცხოვრება გვინდოდეს? კაციშვილი არ გვკითხულობს. ჩვენი საკონსულოდან არავინ მოდის. უპატრონოდ და ღვთის ანაბარად ვართ აქ დატოვებულები. რვა აპრილს ველოდებით რა პასუხს გვეტყვიან, ამ ყველაფრის შემდეგ არაფრის იმედი აღარ გვაქვს“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნანა ყურაშვილი.

“შსს-ში კი ამბობენ, რომ სპეცოპერაციისთვის მზადება ესპანელ სამართალდამცავებთან ერთად ერთი წლის წინ დაიწყეს. დაკავებულებს კი ესპანური კანონმდებლობით გაასამართლებენ - ბინის ქურდობა და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა. შენობა, სადაც საქართველოს მოქალაქეები აიყვანეს წელიწადზე მეტია ესპანეთში მცხოვრებ ემიგრანტებს აქვთ დაკავებული. საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 25 ქართველი. ესპანური მედია კი წერს, რომ ესპანელმა სამართალდამცველებმა 11 ქართველი დააკავეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბარსელონაში სპეცოპერაციისას საქართველოს მოქალაქეების დაკავებას ეხმაურება. მამუკა ბახტაძე ქართველი ემიგრანტების იმ განცხადებებს პასუხობს, სადაც ისინი ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ესპანეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა. პრემიერი ამბობს, რომ მომხდართან და ზოგადად ქართველების დეპორტაციას საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს კავშირი არ აქვს - “ზალკალიანის ვიზიტი არაფერ კავშირშია მომხდართან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას ქვეყნაში. ტყუილია ის რომ პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან ადამიანები”, - განაცხადა პრემიერმა, რომლის თქმით “საქართველო ბევრმა ქვეყანამ აღიარა უსაფრთხო ქვეყნად,” - დასძენს გამოცემა.

“13 ათასამდე მოსწავლე შარშან გამოცდაზე ჩაიჭრა, ორჯერ მეტი ჩაიჭრება წელს და მივიღებთ სავალალო შედეგს”

“სრული შოკი მივიღე. 13 ათასამდე მოსწავლე შარშან ჩაიჭრა გამოცდაზე, ორჯერ მეტი ჩაიჭრება წელს და მივიღებთ სავალალო შედეგს. ეს უკვე გამოცდების კი არა, წმინდა პოლიტიკური საკითხია. ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ, ან ქაოსი შექმნან. მათ სურთ “ნაციონალების” ხელისუფლებაში დაბრუნება”, - ასე აფასებს ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილი “რეზონანსთან” საუბრისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმ საკანონმდებლო ინიციატივის ჩავარდნას, რომელიც სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა. ექსპერტის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუკი პარლამენტი ამ კანონპროექტს არ მიიღებს და აბიტურიენტებს წელს გამოცდების ჩაბარება მოუწევთ, შედეგი სავალალო იქნება, რადგან მოსწავლეთა უმრავლესობა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ დამამთავრებელ კლასებში გამოცდები გაუქმდებოდა, წიგნებს აღარ გაჰკარებია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “13 ათასამდე მოსწავლე შარშან გამოცდაზე ჩაიჭრა, ორჯერ მეტი ჩაიჭრება წელს და მივიღებთ სავალალო შედეგს” - განათლების ექსპერტი.

“წელს ბევრად მეტი ჩაიჭრება, რადგან ვიცით, რომ ყველამ დაანაბა მეცადინეობას თავი. რაც გამოცდების გაუქმება გამოცხადდა, მას შემდეგ ბავშვებს ეს საგნები არ უმეცადინიათ. დარჩენილ დროში ძალიან რთული იქნება საგნების ჩაბარება. საშუალო დონის მოსწავლესაც კი გაუჭირდება. წარმოუდგენელ სიტუაციაში არა მარტო ბავშვების, არამედ ოჯახების, დირექციები და მასწავლებლების ჩაყენებაა. მინდა ხელისუფლებას დავუსვა შეკითხვა, რატომ გააკეთეს ეს? მტრული ქმედებაა. რატომ არ გათვალეს, რა შედეგები მოჰყვებოდა ამას? სკოლები დაიცალა, ბავშვებმა წიგნები დახურეს, ბევრმა წიგნები დახია, ზოგმა სანაგვე ყუთში გადააგდო, ზოგმა კი დაწვა. საერთო ჯამში არაფერს მეცადინეობდნენ და სკოლაში ძირითადად არ ცხადდებოდნენ, ან თუ ცხადდებოდნენ ამ გაკვეთილებზე ერთი აყალმაყალი იყო და არ უსმენდნენ. პრაქტიკულად სასწავლო პროცესი ჩავარდა და ჩაიშალა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანანა ნიკოლაიშვილი.

“არ ვამბობ, რომ გამოცდები ამ ფორმით უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ შეიძლებოდა ფორმატის შეცვლა. ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა მოიხსნას და საატესტატო გამოცდები დარჩეს. სკოლას მაშინ ექნება წონაც და ფასიც, მაშინ აღდგება დასწრებაც და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ატესტატის დანართი ქულები უნდა იყოს გადამწყვეტი. უმაღლესში ჩართვა უნდა მოხდეს სასკოლო გამოცდების საფუძველზე, რომ უმაღლესებს მხოლოდ გასაუბრების ფუნქცია ჰქონდეს”, - მიიჩნევს ნიკოლაიშვილი. მისი თქმით, განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი კვლევებმა, რის საფუძველზეც მინისტრმა გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, “შეცდომაში შეიყვანა”. “ვიცით, რა კვლევებსაც დაეყრდნო მინისტრი. ის კვლევის გარდა ყველაფერი იყო. მინისტრი შეცდომაში შეიყვანეს. კვლევა უხარისხოდაა გაკეთებული. სწორედ ექსპერტებმა და ე.წ. რეფორმატორებმა შეიყვანეს შეცდომაში და მცდარი დასკვნა გამოატანინეს”, - განაცხადა მანანა ნიკოლაიშვილმა. ამავე დროს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში კანონპროექტი კიდევ დადგეს კენჭისყრაზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პარლამენტის დადგენილი რეგლამენტით შესაძლებელია და უახლოეს მომავალში აღნიშნული კანონის პროექტს გუნდი დააყენებს კენჭისყრაზე მესამე მოსმენით. რაც შეეხება თავად კანონის პროექტს, ეს გახლავთ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან სკოლებში გამოსაშვები გამოცდების, ე.წ. კატის გამოცდების გაუქმებას. ამიტომ უახლოეს მომავალში დადგინდება რეგლამენტითა და წესების სრული დაცვით, განმეორებით მესამე კენჭისყრა”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ცნობისათვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩავარდა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმება ითვალისწინებდა. კანონპროექტის დამტკიცებას 76 ხმა სჭირდებოდა, თუმცა მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ინიციატივის ჩავარდნის ერთ-ერთ მიზეზად დეპუტატები კვლავ ღილაკების არევას ასახელებენ. მეორე ვერსიის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხმა დარბაზში არ ისმოდა და დეპუტატებმა ვერ გაიგეს რომელ კანონპროექტს უყრიდნენ კენჭს. შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტი მიღებული ჯერ კიდევ არ არის”, - დასძენს გამოცემა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს