„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სერვისის სამსახურის ხელმძღვანელი - იმედი გვაქვს, ჩვენი მოქალაქეები მეტად გააქტიურდებიან და ჩაერთვებიან „რიქოლ-კამპანიებში“

„ტოიოტა მოტორ კორპორაცია“, პერიოდულად, მსოფლიო მასშტაბით, გარკვეული მოდელების ავტომობილების „გაწვევას“, ე.წ. რიქოლ-კამპანიას ატარებს. კორპორაცია ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის რეგიონშიც, შესაბამისად, საქართველოშიც ავრცელებს და თავის ოფიციალურ დილერებს „ტოიოტა კავკასიის“ მეშვეობით აწვდის. რა ტიპის სამუშაოების ჩატარებას გეგმავს „ტოიოტა კორპორაცია“ მიმდინარე „რიქოლ-კამპანიების“ ფარგლებში, რას ნიშნავს „რიქოლი“ და რატომ ჩნდება მისი საჭიროება, ეხება თუა არა ეს პროცესი ტოიოტას მარკის ავტომობილებს საქართველოდან და რა არის მნიშვნელოვანი, რაც უნდა გაითვალისწინონ "ტოიოტას" მფლობელებმა? ამ თემებზე ალეკო ვარდიაშვილი საუბრობს, რომელიც საქართველოში "ტოიოტას" პირველი ოფიციალური დილერის - „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სერვისის სამსახურს ხელმძღვანელობს.

- არა მხოლოდ „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“, არამედ სხვა საავტომობილო ბრენდებიც ატარებენ სერვისის სპეციალურ კამპანიებს, ე.წ. რიქოლს. ყოველი კონკრეტული კამპანია ითვალისწინებს სხვადასხვა მოდელის ავტომობილების „გაწვევას“ იმ მიზნით, რომ მათ, გარკვეული ტექნიკური სამუშაოები ჩაუტარდეთ. არ არის სავალდებულო, რომ „რიქოლის“ გამოცხადება აუცილებლად გულისხმობდეს პრობლემის არსებობას. უმეტეს შემთხვევაში, მიზანი შესაძლო გაუმართაობის თავიდან აცილებაა, ასევე, „რიქოლის“ ფარგლებში ზოგიერთი ავტონაწილის გაუმჯობესებულით ჩანაცვლება ხდება. „ტოიოტა კორპორაცია“ „რიქოლს“ თავისი მომხმარებლის დაზღვევის მიზნით აცხადებს და ის, როგორც წესი, კამპანიაში აღწერილი შესაძლო გაუმართაობის თეორიული ალბათობის მქონე ყველა ავტომობილს ეხება.

ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, როცა ქარხანა ავტომანქანას გამოუშვებს და ის შევა ექსპლუატაციაში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეიძლება მის რომელიღაც ნაწილს ისეთი ქარხნული წუნი აღმოაჩნდეს, რამაც მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება იჩინოს თავი. ეს არ ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მოდელის ყველა ავტომანქანას გააჩნია ასეთი ტექნიკური ხარვეზი. „ტოიოტა კორპორაცია“, VIN კოდების მიხედვით, დეტალურ ინფორმაციას ფლობს, თუ რომელი მოდელის რამდენი ავტომანქანა შეიძლება დაექვემდებაროს „რიქოლ-კამპანიას“ და რა დონის „რიქოლია“ თითოეულზე გამოცხადებული. დონეზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ შესაძლოა ესა თუ ის კამპანია მეტ-ნაკლებად იყოს დაკავშირებული მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებასთან. თუმცა არის ისეთი ტიპის „რიქოლებიც“, რომელიც მხოლოდ მარტივ ქარხნულ წუნს ან პროგრამულ ხარვეზს შეეხება. სავსებით შესაძლებელია, რომ დილერის მიერ გაყიდული ერთი და იმავე მოდელის რამდენიმე ათეული ავტომანქანიდან მხოლოდ ერთი დაექვემდებაროს „რიქოლს“, რადგან "ტოიოტას" ერთი და იგივე მოდელის ავტომანქანები, შესაძლოა იაპონიის სხვადასხვა ქარხანაში იწყობოდეს.

- და რა არის VIN კოდი?

- VIN-ი ავტომობილის უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერია - Vehicle Identification Number. ეს ავტომანქანების კლასიფიკაციის მარტივი და სანდო მექანიზმია. ყველა ავტომანქანას აქვს უნიკალური ქარხნული VIN კოდი, რომლის თითოეული სიმბოლო შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას ავტომანქანის შესახებ და გააჩნია შიფრის მკაცრად დაცული სახესხვაობები. VIN კოდი დატანილია ავტომობილის ტექნიკური პასპორტის E სექციაში (ძველ ტექნიკურ პასპორტებში კი ქვედა მარჯვენა კუთხეში) და თვითონ ავტომანქანაზეც.

- ეხება თუ არა „რიქოლის“ ყველა კამპანია საქართველოს?

- სავსებით შესაძლებელია, „რიქოლში“ არ მოხვდეს საქართველოში ოფიციალური დილერისგან შეძენილი ავტომანქანა, მაგრამ მოხვდეს უცხოეთიდან შემოყვანილი მეორადი ან თუნდაც ახალი ავტომანქანები.

- როგორ მოქმედებს „რიქოლის“ კამპანიის გამოცხადებისას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, როგორც ტოიოტას ოფიციალური დილერი საქართველოში? - ვგულისხმობთ შეტყობინების პროცედურას, რასაც ცენტრი ატარებს "ტოიოტას" ავტომანქანების მფლობელებთან.

- როდესაც „ტოიოტა კორპორაცია“ აცხადებს სერვისის სპეციალურ კამპანიას, ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მიეწოდება მის ოფიციალურ დილერებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის „ტოიოტა ცენტრ თბილისს“. თუ საქართველოში "ტოიოტას" ოფიციალურ დილერთან შეძენილი ავტომანქანა დაექვემდებარება „რიქოლს“, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ უთუოდ ინფორმირებულია ამის შესახებ, რადგან ყველა ასეთი ავტომანქანა შეტანილია „რიქოლის“ ბაზაში - სადაც ვნახულობთ ავტომანქანების VIN კოდების ჩამონათვალს და სრულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რომელ ავტომობილს რომელი „რიქოლი“ ეხება.

„რიქოლს“ დაქვემდებარებული ავტომანქანების ყველა იმ მფლობელს, რომელთა საკონტაქტო ინფორმაცია ცნობილია, „ტოიოტა კავკასიის“ ცხელი ხაზის ოპერატორები უკავშირდებიან და აწვდიან ზოგად ინფორმაციას, ხოლო უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, თუ რა კონკრეტული სამუშაოებია ჩასატარებელი, ავტომანქანის მფლობელს შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია.

"ტოიოტას" მფლობელებს თავადაც მარტივად შეუძლიათ მოიპოვონ ზოგადი ინფორმაცია იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა მათი ავტომობილი „რიქოლის“ კამპანიას. თუ ავტომობილი შეძენილია ტოიოტას ოფიციალურ დილერთან საქართველოში, მომხმარებელი უნდა ეწვიოს „ტოიოტა კავკასიის“ ვებგვერდს www.toyota.ge და მოიძიოს ქვერუბრიკა - „სპეციალური სერვისის კამპანია“, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, უნდა მიმართოს "ტოიოტას" ოფიციალურ დილერს.

ხოლო იმ ავტომობილების მფლობელებს, რომელთა ავტომანქანა არ არის შეძენილი ოფიციალურ დილერთან საქართველოში, შეუძლიათ VIN კოდი გააგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vincheck@toyota-caucasus.com და გლობალურ სისტემაში გადამოწმების შემდეგ მიიღონ პასუხი, ეხებათ თუ არა „რიქოლ-კამპანია“.

- გამოდის, რომ „რიქოლის“ გამოცხადება კეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა „ტოიოტა კორპორაციის“ მხრიდან მომხმარებლის მიმართ, მაშინ რატომ მოჰყვება ხოლმე ერთგვარი შეშფოთება „რიქოლის“ გამოცხადებას ჩვენში?

- გეთანხმებით. ეს „ტოიოტა კორპორაციის“ მხრიდან ერთგვარი ფილოსოფიური მიდგომაა, რაც მომხმარებელზე ზრუნვითა და სრულყოფისკენ მუდმივი სწრაფვით არის ნაკარნახევი.

რაც შეეხება შეშფოთებას, ამის მიზეზები სხვადასხვაგვარია. პირველ რიგში, მომხმარებელთა დიდმა უმრავლესობამ არ იცის, რომ „რიქოლის“ კამპანიის ფარგლებში ნებისმიერი მომსახურება თუ ავტონაწილის შეცვლა, რამდენად ძვირადღირებულიც არ უნდა იყოს ის, არის აბსოლუტურად უფასო.

„რიქოლ-კამპანიის“ ფარგლებში, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისული მომხმარებელი მიიღებს გარანტირებულად მაღალი ხარისხის მომსახურებას ორიგინალი იაპონური წარმოების ავტონაწილებით და მას არაფრის გადახდა არ მოუწევს. ეს არის „ტოიოტა კორპორაციის“ მიერ დადგენილი წესი, რომელსაც ოფიციალური დილერი ზედმიწევნით იცავს.

ასევე, ბევრს ჰგონია, რომ „რიქოლის“ შემთხვევაში უნდა ჩავიბაროთ ავტომანქანა და ახალი უნდა მივცეთ, ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ მისი ავტომანქანა იაპონიაში უნდა გავგზავნოთ და დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს ფეხით სიარული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

სწორედ ეს შეშფოთება, ანუ არასწორი ინფორმაციის ქონაა იმის მიზეზი, რომ მომხმარებელი თავს არიდებს მისთვის ხელსაყრელ „რიქოლ-კამპანიაში“ ჩართვას და ხელიდან უშვებს შესაძლებლობას, რომ სრულიად უფასოდ და სწრაფად მიიღოს საჭირო კვალიფიციური სერვისი.

- „რიქოლის“ გამოცხადებისას, რამდენად აუცილებელია, რომ "ტოიოტას" მფლობელებმა მიმართონ ოფიციალურ დილერს? და თუ არ მიმართავენ, მაშინ რა ხდება?

- დიახ, აუცილებელია. ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა მომხმარებელი ჩავაყენოთ საქმის კურსში და განვუმარტოთ ამ კამპანიის არსი და საჭიროება. მაგრამ, თუ მიუხედავად ყველაფრისა, მომხმარებელი ყურად არ იღებს ჩვენს რჩევას, მას ვერ დავავალდებულებთ კამპანიაში ჩართვას - ამის ბერკეტი ჩვენ არ გაგვაჩნია. ეს მომხმარებელზეა დამოკიდებული და იმის გააზრებაზე, რომ თავად დარჩება მოგებული, თუ ავტომანქანას ცენტრში მიიყვანს.

- როგორია ევროპელი ან ამერიკელი მძღოლების დამოკიდებულება, ისინი თუ ერთვებიან „რიქოლში“?

- შედარებაც არ შეიძლება! ევროპელი, ამერიკელი, იაპონელი, კორეელი თუ ჩინელი მძღოლების 90%-ზე მეტი მყისიერად რეაგირებს „რიქოლის“ კამპანიებზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც "ტოიოტას" ავტომანქანებს მართავენ, დროთა განმავლობაში უფრო მეტად გააქტიურდებიან და აუცილებლად ჩართვებიან მიმდინარე „რიქოლ-კამპანიებში“.

- "ტოიოტას" რომელი მოდელები ექვემდებარება მიმდინარე „რიქოლ-კამპანიებს“?

- ჩვენ ვგულისხმობთ ყველაზე მეტად გავრცელებულ „რიქოლებს“ და ეს კამპანიები შეიძლება შეეხოს "ტოიოტას" მოდელების - Corolla, RAV4, Prius, Camry, Vitz, Hilux - მხოლოდ გარკვეულ ნაწილს, რომელთა VIN კოდებიც შესულია სერვისის მიმდინარე კამპანიებში.

ვთქვათ, მესამე თაობის Prius-ის ავტომანქანები, რომელთა დიდი ნაწილი არ არის შეძენილი საქართველოში ოფიციალურ დილერთან და შემოყვანილია ამერიკიდან ან სხვა ქვეყნებიდან - ზოგიერთი მათგანი საჭიროებს მართვის ბლოკის, იგივე ინვერტორის რეპროგრამირებასა და აირბაგის გაყვანილობაზე ახალი სამაგრების მონტაჟს. „რიქოლის“ სიაშია მარჯვენასაჭიანი Vitz-ის ავტომობილები, რომლებიც, დიდწილად, იაპონიის მეორად ბაზარზეა შეძენილი. ზოგიერთ ასეთ Vitz-ს მგზავრის აირბაგის შეცვლა ესაჭიროება, მაგრამ ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირობით, თუ მათი საჭე არ არის გადატანილი. ზოგიერთ RAV4-ს კი დრაივერის აირბაგი უნდა შეეცვალოს და ა.შ.

- მაინც რა დროა საჭირო მიმდინარე „რიქოლის“ ფარგლებში ავტომანქანის გასაახლებლად?

- იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანის მფლობელი დაუკავშირდება „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 ან (+995) 577 279 903, წინასწარ ჩაეწერება სერვისის მიღებაზე და გვეწვევა მისამართზე: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ, მას დიდხანს ლოდინი არ მოუწევს - საშუალოდ, 1 საათი დასჭირდება ავტომობილის აუცილებელ მომსახურებას.

დასანანი იქნება, თუ ჩვენი მოქალაქეები ხელიდან გაუშვებენ ამ შესაძლებლობას, რომ სრულიად უფასოდ მიიღონ მათთვის ხელსაყრელი მომსახურება.

- როდის სრულდება მიმდინარე „რიქოლ“-კამპანია? ანუ რა დროში უნდა მიმართოს მომხმარებელმა „ტოიოტა ცენტრ თბილისს“?

- ვიდრე არ განახლდება „რიქოლს“ დაქვემდებარებული უკლებლივ ყველა ავტომანქანა, კონკრეტული კამპანია დასრულებულად არ ჩაითვლება - ასეთია „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ გადაწყვეტილება.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციაში არ ჩანს ოპოზიციური ძალა, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალებისა და ელექტორატის ლიდერი გახდებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.11.2019
ზაალ ანჯაფარიძე - „ნაციონალები“ და „ევროპული საქართველო“ კი აცხადებენ, რომ სურთ არჩევნების გზით იარონ, მაგრამ ცალი თვალი მაინც რევოლუციურ სცენარზე უჭირავთ
„სამ რაან სპა-ცენტრი“ ევროპის საუკეთესო სპად დასახელდა