9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სახელწოდებით - „მადლობა დამოუკიდებლობისთვის“ რუსთავიც შეუერთდა

9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სახელწოდებით - "მადლობა დამოუკიდებლობისთვის“ რუსთავიც შეუერთდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, რუსთავში, ეს დღე თავისუფლების მოედნიდან 9 აპრილის მემორიალამდე მსვლელობით აღინიშნა. მსვლელობაში ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, სასულიერო პირებმა, ჩოხოსნებმა და რიგითმა რუსთაველებმა მიიღეს მონაწილეობა.

„მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ერის გამოღვიძების, დამოუკიდებლობის და იმ სულისკვეთების გამოღვიძების წელი, რომელმაც შეკრა ჩვენი საზოგადოება, ქართველი ერი და გადავდგით ძალიან რთული ნაბიჯები, რასაც დამოუკიდებლობა ჰქვია. ეს ბრძოლა ამ 30 წლის განმავლობაში გრძელდება და ღრმად მწამს, რომ ჩვენ იმ სანუკვარ ოცნებას - საქართველოს სიძლიერეს, ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს და დამოუკიდებლობას, ამ რთულ გზაზე მივიყვანთ ბოლომდე", - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

პროცესიაში, რომელსაც წინ, საქართველოს ეროვნული დროშებით, ჩოხოსნები მოუძღვოდნენ, მონაწილეობას იღებდნენ ის რუსთაველებიც, რომლებიც 30 წლის წინანდელი 9 აპრილის ღამის უშუალო თვითმხილველები არიან. მსვლელობა, 9 აპრილის მემორიალთან დასრულდა. ქვემო ქართლის გუბერნატორმა, რუსთავის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, გვირგვინით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი. იქვე, ამ დღის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, ანსამბლმა ,,მე რუსთველმა“ ქართული საგალობლები შეასრულა.

„30 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულმა მოვლენებმა, საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ჩვენ ისევე, როგორც სრულიად საქართველო, მთლიანად ქვეყანა, მხარეშიც, ყველა მუნიციპალიტეტში და რუსთავში აღვნიშნავთ დღევანდელ დღეს და პატივს მივაგებთ ჩვენი თანამოქალაქეების, იმ გმირების ხსოვნას, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. ისინი იყვნენ ახალგაზრდები, არა მარტო ახალგაზრდები, პრაქტიკულად ყველა თაობა, ქალბატონები და გოგონები და ჩვენ მადლობას ვუხდით მათ თავისუფლებისათვის", - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

30 წლის წინ, 9 აპრილის ღამეს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე მთავრობის სახლთან შეკრებილი მოსახლეობის წინააღმდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოიყვანა. აქციის დაშლის დროს გამოჩენილი სისასტიკის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა