აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან მაკალათიამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან მაკალათიამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მამუკა კვიტაშვილთან და ახალგაზრდებთან ერთად ყვავილებით შეამკო 9 აპრილის მემორიალი და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან მაკალათიას თქმით, 9 აპრილის გმირების თავდადების შედეგია ის, რომ დღეს თაობები თავისუფალ საქართველოში იზრდებიან.

“ქედს ვიხრით 9 აპრილს შეწირულთა სულების წინაშე, ისინი გმირები არიან, სწორედ მათი თავდადების შედეგია, რომ დღეს თავისუფალ საქართველოში იზრდებიან თაობები, დიდია მათი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში. 9 აპრილი ჩვენს მეხსიერებაში დიდი ტკივილის გარდა, სიამაყესთან ასოცირდება, პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავდროულად, ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. ამიტომაც მადლობას ვუხდით მათ, მადლობა თავისუფლებისთვის“, - აღნიშნა ლევან მაკალათიამ.

9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს: მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ეროვნული მოძრაობის ძველი გვარდიის წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა, პედაგოგებმა, მოსწავლეებმა.

„კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული, ფოლკლორული ანსამბლ „ჰარირას“ მიერ შესრულებული ხალხური სიმღერების ფონზე, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია, გაიხსენეს ფაქტები საქართველოს უახლესი ისტორიიდან, მოეწყო თემატური გამოფენა“, - ნათქვამია აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა.

9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.