ბიძინა ივანიშვილი სოციალ-დემოკრატების მიერ გუნდის დატოვებაზე - ეს არის ევროპული კლასიკური ვარიანტი  იმისა,  რომ დატოვო გუნდი, როდესაც იდეოლოგიაზე ვერ თანხმდები

ეს არის ევროპული კლასიკური ვარიანტი იმისა, რომ დატოვო გუნდი, როდესაც ღირებულებებზე და იდეოლოგიაზე ვერ თანხმდები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სოციალ - დემოკრატების მიერ გუნდის დატოვების კომენტირებისას განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, ბექა ნაცვლიშვილმა მან გუნდთან ერთად დაულოცა გზა და წარმატებები უსურვა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანისა და მირიან წიკლაურის მიერ უმრავლესობის დატოვების მიზეზებზეც ისაუბრა.

„სწორედ რომ განსხვავებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ბექა ნაცვლიშვილი გავიდა პირველი, მე მოვახერხე გუნდთან ერთად, უმრავლესობასთან ერთად, ,როდესაც ის გამოცხადდა, დავულოცე გზა და ისიც ვუსურვე, რომ ძალიან გამიხარდებოდა, მას წარმატება ჰქონოდა. შემდეგ გავიდა გია ჟორჟოლიანი, მას მიჰყვა მირიან წიკლაური, რომელიც ჩემთვის არის განსაკუთრებულად პატივსაცემი ადამიანი და კიდევ მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ ის ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც როდესაც მე პოლიტიკაში მოვედი, დიდი თხოვნის შემდგომ მიატოვა სამსახური, აწყობილი საქმე და დაბრუნდა პოლიტიკაში.ს წორედ, რომ ეს ჰგავს კლასიკურ შემთხვევას, თუ რატომ უნდა გადიოდე და ტოვებდე საკუთარ გუნდს. ისინი ეცადნენ და ეცადნენ გულწრფელად საპენსიო რეფორმაზე საკუთარი ვარიანტი წარმოადგინეს. გუნდში ვერ მიიღეს მხარდაჭერა. შრომის კოდექსთან დაკავშირებითაც მათ ჰქონდათ განსხვავებული შეხედულებები და რამდენიმე თვით ადრე აფრთხილებდნენ ისინი გუნდს. გუნდში ვერ მოხდა შეჯერება, რამდენჯერმე საჯაროდაც გამოვიდნენ და გააფრთხილეს გუნდი და გავიდნენ პარტიიდან. ეს არის ევროპული კლასიკური ვარიანტი იმისა, რომ დატოვო გუნდი , როდესაც ღირებულებებზე და იდეოლოგიაზე ვერ თანხმდები. როგორც გავიდნენ დანარჩენები, იყო აბსოლუტური გაუგებრობა და ღია კარების მტვრევა მხოლოდ და მიზეზიც ვერ დაასახელეს. მე კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და წარმატებას ვუსურვებ საჯაროდაც",-გაანცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის " ეთერში.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი ოცნებაა, რომ პარტიებს საქართველოში ჯანსაღი კონკურენცია ჰქონდეთ და ბრძოლა იყოს დაფუძნებული არა კონკრეტულ ადამიანებზე, არამედ იდეოლოგიაზე. ივანიშვილის თქმით, ასეთი განწყობა ჰქონდა მაშინაც, როდესაც პოლიტიკაში მოდიოდა, რომ მემარცხენე პარტიებს ძალა მოეკრიბათ საზოგადოებაში, თუმცა ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა.