ქართული პრესის მიმოხილვა 11.04.2019

არჩილ გამზარდია - “ივანიშვილი ცდილობს შექმნას მტრის ხატი”

ახალი აპარტეიდი აფხაზეთში - საქართველოს მოქალაქეების ნაწილს მემკვიდრეობის მიღების უფლება აღარ ექნება

ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს ჩიხიდან გამოსასვლელად ალტერნატიულ გზას სთავაზობს

* * *

არჩილ გამზარდია - “ივანიშვილი ცდილობს შექმნას მტრის ხატი”

“ნახევარი ირონიით შემიძლია ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლაში აღარავითარი გზავნილი აღარ დამინახავს, გზავნილები წლების განმავლობაში არის ერთი და იგივე, რომ “ქართული ოცნება” მუშაობს კარგად და პრობლემები არის მხოლოდ ოპოზიციაში, ყველა, ვინც არ ეთანხმება “ქართულ ოცნებას”, არის წინა ხელისუფლების მომხრე, რომ ხალხი ცხოვრობს უკეთესად, მაგრამ ამას საზოგადოება და მოსახლეობა ვერ ხედავს, რომ პრობლემები მხოლოდ რაღაც საქმეებში აქვთ და არა ძირეულად, რომ “ობიექტური” მიზეზები აქვთ და ხელისუფლება არაფერ შუაშია”, - აცხადებს ექსპერტი არჩილ გამზარდია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილი ცდილობს შექმნას მტრის ხატი” - გამზარდია.

“ივანიშვილის წინა და ახალ ინტერვიუებს შორის განსხვავება ის იყო, რომ შვიდი თვის წინ, როდესაც ეს შეფასებები კეთდებოდა, მაშინ რეალობა სხვა იყო, მაგრამ დღეს რეალობა სრულიად სხვაგვარია. დროდადრო მის ტექსტებში იცვლებიან ფიგურანტები ვიღაცა ემატება, ვიღაცა აკლდება, ახლა დაუმატა ხუხაშვილი, შავგულიძე და ბესელია, მაგრამ არსებითად არაფერი ახალი არ არის, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში, ზუსტად ერთი და იგივე კონცეპტუალური მახასიათებლებით მსჯელობს. ივანიშვილის და მთლიანად “ქართულ ოცნებაში”, არის ხოლმე ასეთი მიდგომა, ვინც არ არის “ქართულ ოცნებასთან”, ის არის მისი მტერი. მსგავსი მიდგომა ჰქონდა თავის დროზე სხვა მმართველ ძალებსაც, ამიტომაც, ანალოგიურად ყოფილი პარტნიორები, უკვე აღმოჩნდნენ ივანიშვილის მტრების და მთლიანად “ქართული ოცნების” მტრების ნუსხაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

“ივანიშვილი, საბოლოო ჯამში ვერ სწავლობს იმას, რომ კონკრეტულ პირებზე ლაპარაკისგან თავი შეიკავოს, ამ პროცესით, საზოგადოების პოზიციების ფორმირებას ვერ ახდენს და მტრებს კი იმატებს და იმატებს ყოველდღიურად, ამიტომაც “ქართული ოცნების” ძირითადი აქტიორები კარგად იყენებენ ივანიშვილის ამ სისუსტეებს, მას ახმოვანებენ და ისიც სიამოვნებით ახმოვანებს ნეგატივს კონკრეტულ პიროვნებებზე. მთლიანობაში, ამით ცდილობს შექმნას მათგან მტრის ხატი, მაგრამ ერთი უცნაური რამაა, ვისაც ივანიშვილი თავს ესხმის, როგორც წესი საზოგადობაში მათი რეიტინგი მაღლა იწევს. ფასს ადებს თითოეულ ადამიანს, ვისაც ის ახსენებს, - ეს ადამიანები არაფრით არ ზარალდებიან, ზარალდება ამით მხოლოდ თვითონ ივანიშვილი”, - დაასკვნის ექსპერტი და შეკითხვაზე - “რამდენად შეიძლება დავუკავშიროთ ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ, 2019 წლის მაისის შუალედურ მაჟორიტარულ და მერის არჩევნებს?” - პასუხობს:

“ივანიშვილის ეს ინტერვიუ შეიძლება შუალედურ არჩევნებს დავუკავშიროთ. ის, უმიზეზოდ, ბუნებრივია არ გამოჩნდებოდა უახლოეს ხანებში თუ მეორედ გამოვა, რაღაც უნდა თქვას ახალი, თუმცა, თავის დროზე მისი საჯარო კომუნიკაციები ცოტათი მეტად რაღაცის მომტანი იყო მმართველი ძალისათვის, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე, საბოლოოდ გაქარწყლდა ეს მოსაზრება და მხოლოდ კონკრეტულმა რესურსებმა გაიმარჯვეს: ეს იყო მატერიალური, ტექნიკური, სახელისუფლებო ძალაუფლებითი და ადამიანური რესურსები, ამიტომ, ივანიშვილი თუ ფიქრობს, რომ ამ გამოსვლას არჩევნების პროცესების სათავისოდ წარმართვა შეუძლია, ეს არასწორი მიდგომაა, რადგან პროცესი საერთო ჯამში რესურსებამდე მიდის. ივანიშვილის საჯარო გამოსვლებს, თანდათან სტრატეგიული ეფექტი ეკარგება, მისი რეალური შედეგი არის ჩაფიქრებულის უკუეფექტი, რასაც ის იღებს ხოლმე”.

ახალი აპარტეიდი აფხაზეთში - საქართველოს მოქალაქეების ნაწილს მემკვიდრეობის მიღების უფლება აღარ ექნება

“საქართველოს მოქალაქეების ნაწილს ოკუპირებულ აფხაზეთში მემკვიდრეობის მიღების უფლება აღარ ექნება. სოხუმის რეჟიმს შემოაქვს ახალი “კანონი”, რომ იმ ადამიანების შვილებს, ან ოჯახის წევრებს, ვინც ომის დროს აფხაზების წინააღმდეგ იბრძოდა, ან ქართულ ჯარს ეხმარებოდა, აფხაზეთში საკუთარი ქონების, მემკვიდრეობით მიღებული სახლის გადაფორმება აეკრძალოთ. შესაბამისი “კანონი” პირველი მოსმენით მიიღო აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პარლამენტმა. ინიციატივა დე ფაქტო დეპუტატს, რაულ ლოლუას ეკუთვნის. მისი განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთარი მშობლებისა და წინაპრების საკუთრებას იფორმებენ, რაც საკანონმდებლო რეგულაციის ხარვეზია, რომელიც უნდა “გამოსწორდეს”. ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, ეს არის აპარტეიდის გაგრძელება და კიდევ ერთი დამატებითი წნეხი გალის ქართულ მოსახლეობაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახალი აპარტეიდი აფხაზეთში - საქართველოს მოქალაქეების ნაწილს მემკვიდრეობის მიღების უფლება აღარ ექნება / გარდაცვლილი ქართველების შთამომავლებს და ოჯახის წევრებს სახლის გადაფორმება აეკრძალებათ.

“ჯერ ერთი, ლოლუა რომ გამოდის ამ განცხადებით, ეს ძალიან სასაცილოა. ლოლუა, რომელიც ეთნიკურად ქართველია, ისევე როგორც გალის დე ფაქტო მმართველი თემურ ნადარაია, რომლის ნათესავები ხობში დღესაც ცხოვრობენ. დარწმუნებული ვარ ეს კანონი, რომელსაც ეს გააფხაზებული ლოლუა მიიღებს, სხვა ლოლუას შეეხება. ასეთი ტიპის კანონები ორიენტირებულია იმისკენ კი არა, რომ ვიღაც იბრძოდა და მის წინააღმდეგაა ეს, არა. სიმართლე რომ ვთქვათ, გალიდან მასობრივი საბრძოლო გამოსვლები არც ყოფილა, 200 კაცზე მეტი არ იბრძოდა, მგონი. იმიტომაც დაბრუნდნენ გალში. ძალიან კარგად იციან აფხაზებმა ვინ ომობდა და ვინ - არა და ვინც ომობდა, ის ფეხს არც შეადგამს იქ. ეს ახალი “კანონი” მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ ქართველების ყოფნა გალის რაიონში, რაც შეიძლება მეტი ადგილი გამოათავისუფლონ. დრაკონული კანონებია, აპარტეიდული, თუნდაც პასპორტებთან დაკავშირებით, საბუთებთან დაკავშირებით და ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ახლა კიდევ ახალი მოიგონეს, რომ კიდევ ერთი ბარიერი შეუქმნან ქართველების იქ ყოფნას. ახლა ადამიანი, ვინც საკუთრების გასაფორმებლად მივა, ეტყვიან, რომ მამაშენი იბრძოდა და ახლა ამტკიცე, რომ ასე არ იყო...”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“თუ სასურველი არ იქნება კონკრეტული პიროვნება, მაგალითად, ქართული სკოლის მასწავლებელი, თუ არ არის სასურველი მისი იქ ყოფნა და თუ არ ემსახურება ადგილობრივ რეჟიმს, გამოაძევებენ, ყოველ შემთხვევაში არ დაუმტკიცებენ ქონებას. აქტიური ქართველების წინააღმდეგ არის ეს ღონისძება”,- ამბობს არეშიძე. მისი თქმით, უბედურება ისაა, რომ პრაქტიკულად ღვთის ანაბარად მიტოვებულია გალის მოსახლეობა. ძალიან ცოტას სახლი გაფორმებული აქვს, მაგრამ დიდი ნაწილია საკუთრების რეგისტრაციის გარეშე. “ის, რომ ვიღაც ახლა თბილისიდან ჩადის გალში და ამბობს, დამიმტკიცეთ წინაპრის ქონებაო, ეს არის მტკნარი სიცრუე. ეს არის აპარტეიდის გაგრძელება. ამით აფხაზები რასაც “მოიგებენ”, საკუთარ თავს დააბრალონ. შეზღუდულ უფლებიანი ქართველები ძალიან მოწყვლადი ჯგუფია, ნაწილი გააფხაზდება, ნაწილი დატოვებს იქაურობას, ამ დატოვებულ ტერიტორიას აფხაზები ვერ შეავსებენ და შეავსებენ სხვა ერის წარმომადგენლები”,- ამბობს არეშიძე. ცნობისათვის, “დეპუტატი” რაულ ლოლუა აცხადებს, რომ ქართველების მიერ ქონების დაკანონებაზე გააქტიურების შესახებ პრეტენზიები “პარლამენტში” აფხაზი ომის ვეტერანებისგან მიიღეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სამოქალაქო კოდექსში, მემკვიდრეობის ნაწილში არსებობს პრობლემა და ეს უნდა გამოსწორდეს. უნდა შევცვალოთ კანონი და აფხაზეთის ტერიტორიაზე უნდა ავუკრძალოთ უძრავ ქონებაზე მემკვიდრეობის მიღება იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მონაწილეობდნენ აფხაზეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ან ეხმარებოდნენ ოკუპანტ ძალებს. მოქალაქეებმა მშობლების გარდაცვალების შემდეგ დაიწყეს მემკვიდრეობის დამტკიცებაზე ზრუნვა და ნოტარიუსთან მათი განცხადების მიღება არ უნდა მოხდეს. ასეთი შემთხვევები ცოტა არაა, მაგრამ არც მასობრივი ხასიათისაა. ჩვენ რეაგირება უნდა მოვახდინოთ. საჭიროა დაიხვეწოს ისეთი მექანიზმები, რომელიც არ დაუშვებს, რომ ამ კატეგორიის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა გაიფორმონ მემკვიდრეობით ქონება”, - განაცხადა ლოლუამ. მოქმედი კანონის თანახმად, მემკვიდრეობის უფლება ეზღუდებოდა იმ ადამიანებს, ვინც აფხაზეთში იბრძოდა ან ეხმარებოდა ქართულ ჯარებს, რომელიც აფხაზურ ე.წ. კანონმდებლობაში საოკუპაციო ძალებადაა მოხსენიებული. ახლა ამ ჩანაწერს ტერმინი “ოჯახის წევრიც” ემატება”, - დასძენს გამოცემა.

ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს ჩიხიდან გამოსასვლელად ალტერნატიულ გზას სთავაზობს

“ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს ჩიხიდან გამოსასვლელად ალტერნატიულ გზას სთავაზობს; ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ბრექსიტის ერთი წლით გადავადების ინიციატივით გამოდის. შესაბამისად, პროცესი შესაძლო 12 თვით გახანგრძლივდეს, თუმცა, ევროკავშირი ბრიტანეთს გარკვეულ პირობას უყენებს, - თუკი ლონდონი ბრექსიტის უკვე არსებული შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს. ამასთანავე, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის უფრო ადრე დატოვების შესაძლებლობაც გაუჩნდება. ტუსკმა გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს ამის შესახებ წერილით მიმართა, რომლის თანახმადაც, ბრიტანეთისთვის მსგავსი ხანგრძლივი ვადისა და მოხერხებული პირობების შეთავაზება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ბრექსიტი შესაძლოა ერთი წლით გახანგრძლივდეს - ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს ჩიხიდან გამოსასვლელად ალტერნატიულ გზას სთავაზობს.

“დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ბრექსიტის თარიღის გადაწევის ინიციატივით გამოვიდა, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა. დღეს ბრიუსელში საგანგებო სამიტი იმართება და აღნიშნულ საკითხს კენჭს უყრიან. თუკი ევროკავშირის ერთი სახელმწიფოც კი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღის გახანგრძლივების წინააღმდეგი იქნება, მიმდინარე წლის 12 აპრილს ბრექსიტი შეთანხმების გარეშე მოხდება, - დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს ისე, რომ ორ მხარეს შორის შეთანხმება მიუღწეველი დარჩება. ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი გარკვეული შეთანხმების მიღწევის გარეშე დატოვოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გადავადება შესაძლებელია, - ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალია, რაც შეიძლება რომ ყოფილიყო. დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე, მეეჭვება, მოხდეს. შესაძლოა ეს პროცესი გადავადდეს მითუმეტეს, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებები მიდის. ეს თარიღი გადაიწევს. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები ამდენი ხანია გრძელდება, საბოლოო მიზნამდე მაინც არ არის მისული. ალბათ, გადავადდება და რაღაც კონკრეტულ თარიღი აირჩევა, რა დროშიც მხარეები ეცდებიან, რომ კონკრეტულ მოლაპარაკებამდე და შედეგებამდე მივიდნენ”, - აღნიშნავს ჩხიკვაძე. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბრექსიტის პროცესის ერთი წლით გახანგრძილივებას შესაძლებლად მიიჩნევს. ამის შესახებ მერკელმა ტერეზა მეისთან შეხვედრისას აღნიშნა, - ბრექსიტის თარიღის გადატანა 2019 წლის ბოლომდე ან 2020 წლის დასაწყისისთვის არის შესაძლებელი. ჩხიკვაძე ბრექსიტის ჩიხში მოქცევის მიზეზად ასახელებს იმას, რომ ევროკავშირის ისტორიაში აღნიშნული პროცესი პირველად ხდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ერთ-ერთი მიზეზი, პროცესი თუ რატომ არის ჩიხში შესული, გახლავთ ის, რომ ევროგაერთიანების და შემდეგ უკვე ევროკავშირის ისტორიაში პირველად ხდება რომელიმე ქვეყანის მიერ ევროკავშირის დატოვება. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, პირიქით, ქვეყნები ევროკავშირში შედიოდნენ. ეს სიახლეა, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ბრიტანეთისთვის. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ დროში ასე გაიწელა. ეს რომ ყოფილიყო უკვე განვლილი გზა, რაც სხვა ქვეყნებს გავლილი ექნებოდათ, შესაძლოა ეს პროცესი უფრო სწრაფად და დაჩქარებულად წასულიყო. იქიდან გამომდინარე, რომ ახალია და სწორედ ბრიტანეთი კვალავს ამ გზას, ამის გამო ხდება მისი დროში გაწელვა. ეს არ არის კარგი, - ევროკავშირში ყოფნა უკეთესი იქნებოდა და შეიძლებოდა რაღაც პრობლემების გადაჭრა ევროკავშირის შიგნით, რა პრობლემებიც შესაძლოა ბრიტანეთს ჰქონოდა. რაც შეეხება ოფიციალურ პასუხს, ბრიტანელმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთი უნდა გამოსულიყო. იქიდან გამომდინარე, რომ ხალხის ნება უზენაესია, სწორედ ამის მიხედვით ხდება ის, რაც დღეს მიმდინარეობს... რაც შეეხება იმას, რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც მან განაცხადა, რომ ბრიტანეთის გასვლა, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შანსია, შესაძლოა მას რაღაც კონკრეტული თეორია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და საინტერესო იქნება ის, თუ რას ფიქრობს სიღრმისეულად”, - დასძენს ვანო ჩხიკვაძე.