ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2019

"ივანიშვილს ყველა მიატოვებს, ერთგულების ნიშნით შეიძლება მხოლოდ ენძელა მაჭავარიანი დარჩეს"

"ჯიბეში გვიხტებიან... არ ყოფნით, ვეღარ ძღებიან" - ტაქსის მძღოლები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან

***

"ივანიშვილს ყველა მიატოვებს, ერთგულების ნიშნით შეიძლება მხოლოდ ენძელა მაჭავარიანი დარჩეს"

"ოცნებაში" ივანიშვილის შემდეგ ერთადერთი გავლენიანი ფიგურა დარჩა - კახა კალაძე. საინტერესო ის არის, კალაძე თუ დარჩება ივანიშვილის გვერდით, თორემ კობახიძე თავისი ზარდიაშვილებით, მათიკაშვილებით და ვიღაცებით იქნება თუ არა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს... თუ არ რჩება, მაშინ უნდა ვიფიქროთ, პროცესი იმაზე ადრე დასრულდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და 2020 წელს "ქართული ოცნება" როგორც მოქალაქეთა კავშირი 2003 წელს, აბსოლუტურად გაკოტრებული მივა არჩევნებამდე," - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი და "შენების მოძრაობის" მოქმედი წევრი ანი მიროტაძე“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ივანიშვილს ყველა მიატოვებს, ერთგულების ნიშნით შეიძლება მხოლოდ ენძელა მაჭავარიანი დარჩეს"

"კორესპონდენტის თქმით, ბესელიას ჯგუფის შემდეგ "ოცნება" დატოვა პარტიის 2-მა წევრმა თბილისის საკრებულოდან. გაგრძელდება თუ არა ეს პროცესი და წავლენ „ოცნებიდან“ სხვა წევრებიც, ანი მიროტაძის თქმით, პარტიაში კობახიძის გუნდსა და დანარჩენებს შორის პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს გარდაუვალია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აბსოლუტური შეუთავსებლობაა ღირებულებებში, ფასეულობებში, ხედვებში, პოლიტიკურ გემოვნებაში და ა.შ.. თუმცა, მე მგონია რომ მთავარი ამბები გველოდება წინ. პარტიაში ივანიშვილის შემდეგ ერთადერთი გავლენიანი ფიგურა დარჩა - კახა კალაძე. საინტერესო ის არის, კალაძე თუ დარჩება ივანიშვილის გვერდით, თორემ კობახიძე თავისი ზარდიაშვილებით, მათიკაშვილებით და ვიღაცებით იქნება თუ არა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ, ამ ადამიანებს არც პოლიტიკური ბექგრაუნდი აქვს და არც პოლიტიკური წონასწორობის შენარჩუნების შესაძლებლობა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ერთადერთი კითხვაზეა პასუხი გასაცემი - რჩება თუ არა ივანიშვილის გვერდით კალაძე. თუ არ რჩება, მაშინ უნდა ვიფიქროთ, პროცესი იმაზე ადრე დასრულდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და 2020 წელს "ქართული ოცნება" როგორც "მოქალაქეთა კავშირი" 2003 წელს, აბსოლუტურად გაკოტრებული მივა არჩევნებამდე. ეს პოლიტიკური გუნდი არის აბსოლუტურად უსახური. ვერავინ დამაჯერებს, რომ ივანიშვილს არ ჰქონდა წარმოდგენა, როგორ პოლიტიკურ გუნდს კრებდა, რადგან ის ქორწილში დასაპატიჟებელი ადამიანების სიას არ კრებდა, არამედ პარლამენტის წევრებს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"კითხვაზე, რატომ მიდიან სინამდვილეში "ოცნებიდან", მართლაც მოსამართლეები არიან მიუღებლები, თუ ეს საბაბია და რეალურად ნახეს, რომ მომავალ სიაში ვერ მოხვდებოდნენ, მიროტაძის თქმით, ცხადია, ეს ადამიანები, ოღონდ სახელებისა და გვარების გარეშე ვისაუბრებ, რომლებსაც წლების განმავლობაში არ გასჩენიათ პროტესტი სასამართლო რეფორმის, ძალოვანი სტრუქტურების მიმართულებით ყველაფერი კარად არ იყო, ისინი მხარს უჭერდნენ ამას, ცხადია, მათ გულწრფელობაში ეჭვი მეპარება. არ ვგულისხმობ ლევან გოგიჩაიშვილს, ის ჩემს დროს არ ყოფილა პარლამენტში და არ ვიცი. ცალსახად არ ვამტკიცებ იმას, რომ თავიანთი ადგილი ვერ დაინახეს სამომავლოდ ივანიშვილის გვერდით. თუმცა ის პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, კობახიძის გუნდის გაძლიერება, ყოველ შემთხვევაში მათ მცდელობას ვგულისხმობ, ასეთ შემთხვევაში კობახიძის გუნდს გარეთ მყოფებს, ბესელიას, ფოფხაძეს და სხვებს ნაკლები შანსები ექნებოდათ“, - განაგრძობს გამოცემა

"კითხვაზე, შესაძლოა თუ არა პროცესები ისე წავიდეს, რომ ივანიშვილი და კობახიძის ჯგუფი დარჩნენ მარტო პარტიაში, მიროტაძის თქმით, თუ დაინახეს, რომ ივანიშვილს გვერდით ყოფნა მომგებიანი არ არის, წავლენ. ივანიშვილისადმი ერთგულების ნიშნით შეიძლება მხოლოდ ენძელა მაჭავარიანი დარჩეს და კიდევ რამდენიმე. სრულიად ერი თანხმდება, რომ ანტიგმირია მურუსიძე და მასზე გადაფარება დააზიანებს ყველას. არ ვიცი, ამას რატომ ვერ ხვდება და თუ ხვდება და მაინც აკეთებს, გამოდის რომ რაღაცის მძევალია, ან რაღაც ვალი აქვს ამ ხალხის. წარმოუდგენელია ასეთ ანტიგმირებზე გადაფარებით იყოს დაკავებულ ქვეყნის მმართველი. სასამართლოს გაკონტროლებისთვის სჭირდება ეს ხალხი, რომლებიც გამოცდილები არიან იმაში, როგორ უნდა იყვნენ მართულები. ამაზე კარგ ხალხს სად იპოვის? მას სჭირდება ეს ანტიგმირები, რომლებიც ბევრად უკეთესად მართულები იქნებიან მის მიერ“, - წერს სტატიის ავტორი.

"ჯიბეში გვიხტებიან... არ ყოფნით, ვეღარ ძღებიან" - ტაქსის მძღოლები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან

"თუ კონკრეტულ ვადაში დედაქალაქის მერი ახალი რეგულაციების გადავადებასთან დაკავშირებით ტაქსის მძღოლების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ისინი პერმანენტული მჯდომიარე აქციებით იმუქრებიან. ტაქსის მძღოლებმა მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს. მათ დიღმიდან ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლის მიმართულებით მსვლელობა მოაწყეს. ავტოკოლონას ივანიშვილის რეზიდენციასთან პოლიციის მრავალრიცხოვანი კორდონი და ევაკუატორები დაახვედრეს. აქციის მონაწილეები რეგულაციების 2 წლით გადაწევას ითხოვენ.“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ჯიბეში გვიხტებიან... არ ყოფნით, ვეღარ ძღებიან" - ტაქსის მძღოლები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან / "ივანიშვილმა გვითხრას, რა ხდება. ჩვენ ის მოვიყვანეთ ხელისუფლებაში და არა ესენი"

"თბილისის მერი კახა კალაძე კი მძღოლების ულტიმატუმსა და პროტესტს პასუხობს. ამბობს, რომ რეფორმის გადავადება არ მოხდება და ის აუცილებლად განხორციელდება. „ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა სოციალური მდგომარეობა, ამ ყველაფრიდან გამოვედით და მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ ტაქსის მძღოლებისთვის დატვირთვა არ ყოფილიყო,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, აზრი იმის შესახებ, რომ თეთრი ფირი ან საღებავი აზიანებს მანქანებს, არის სიცრუე. პირიქით, ფირი იცავს მანქანას კენჭებისგან და სხვადასხვა დაზიანებისგან“, – აღნიშნა კალაძემ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ტაქსების მძღოლებს ავტომობილების გადაღებვის ან თეთრი ფირის გადაკვრის არჩევანი მიეცათ, თუმცა მძღოლები ამას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილისთვის ტაქსის ლიცენზიის მიღების აკრძალვას. მათი თქმით, მიუღებელია გადაღებვაც და თეთრი ფირის დაკვრაც, რადგან ეს მანქანებს ფასს დაუგდებს და გაყიდვა იაფად მოუწევთ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ტაქსის მძღოლების აქცია დასრულდა, თუმცა მათი ნაწილი პროტესტს საკრებულოსთან გააგრძელებს. „რეზონანსთან“ ისინი აცხადებენ, რომ საბანკო ვალდებულებები აქვთ, რის გამოც აღნიშნულ რეგულაციებს ვერ გაწვდებიან და იძულებულები გახდებიან, რომ ავტომობილები გაყიდონ. მათი აზრით, ამ რეგულაციებს შემდეგ ის მოჰყვება, რომ მათ ავტომობილებში მრიცხველს დაუყენებენ და საფინანსო შენატანს მოსთხოვენ. ისინი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას ბიძინა ივანიშვილს სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სახლთან მჯდომარე აქციას არ გამორიცხავენ. მძღოლები კალაძეს მოუწოდებენ მოსახლეობას, რომელსაც პურის ფული უჭირს, ჰკითხოს, აქვს თუ არა მნიშვნელობა რომელი ფერის ტაქსით იმგზავრებს“, - განაგრძობს გამოცემა.

"მოვითხოვთ, რომ ეს რეგულაციები 2 წლით გადაგვივადონ. ძალიან ბევრი პრობლემები და ვალები გვაქვს. ზოგი მთელ ოჯახს ამ ტაქსის ფულით არჩენს. ამათსავით ხომ პრემიები და დიდი ხელფასები არ გვაქვს. ხომ მოვიყვანეთ ხელისუფლებაში, ხომ ვენდეთ, ახლა ყელში ხელს ჩვენ გვიჭერენ?! აღარ უნდათ, რომ ხელისუფლებაში ისევ დარჩნენ? ბიზნეს-ცენტრები აქვთ აშენებული, ბიზნესები აქვთ, წილები აქვთ და გაჭირვებულ ხალხს არ უყურებენ. ბიძინამ აირიდა, ჩააბარა პოლიტიკა?! ჰოდა გამოდით ახლა და პასუხი გაგვეცით. მაშინ ივანიშვილმა გვითხრას, რა ხდება. ჩვენ ის მოვიყვანეთ ხელისუფლებაში და არა ესენი. რას აკეთებენ? ხალხს ჯიბეში გვიხტებიან და ხელებს გვიყოფენ, არ ყოფნით, ვეღარ ძღებიან. დღეს „გაგვაკრასკინეს“, ხვალ „სოჩიკს“ ჩაგვიყენებენ მანქანაში და საფინანსოს შეტანას მოგვთხოვენ. რითი ვიცხოვროთ, რითი ვიარსებოთ ? ერთმა ადამიანმა რამდენი გავაკეთო. სახლში 6 ადამიანს ვარჩენ, სამუშაოები არ არის. გამოვიდნენ გარეთ და ხალხს პასუხი გასცენ. შეგვეშვან ამ გაჭირვებულ ხალხს, თორემ საკადრის პასუხს მიიღებენ“ -აცხადებს „რეზონანსთან“ აქციის მონაწილე ლერი გვაზაური“, - დასძენს გამოცემა.

"საღამოს ტაქსის მძღოლების გამაფრთხილებელი აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. მათ სოლიდარობა ლეიბორისტულმა პარტიამ გამოუცხადა. ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ დედაქალაქის მერმა უნდა დაიწყოს მათთან და არა ცალ-ცალკე ჯგუფებთან მოლაპარაკება, როგორც ეს ოთხშაბათს გააკეთა, როდესაც საინიციატივო ჯგუფის ნაწილს შეხვდა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ გადაღების ვალდებულება საბოლოოდ გაუქმდეს, ამასთანავე მარჯვენასაჭიან მანქანებს მიეცეს საშუალება გააგრძელოს საქმიანობა და მგზავრის აყვანა შეეძლოს ყველა მძღოლს ქუჩიდან. გუშინ გვიან საღამოს იყო შეხვედრა ტაქსის მძღოლთა ნაწილთან და მათთანაც კი ვერ მოხერხდა შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში დღევანდელი ბრიფინგის სახით კი არ გააჟღერებდნენ, აი, ამ ასე ვთქვათ ინიციატივას, არამედ ადგილზევე, დასრულებისთანავე გაკეთდებოდა განცხადება და მერიას ვერავინ დაასწრებდა ამ ინფორმაციის გავრცელებას. კვლავ და კვლავ კალაძეს მოვუწოდებთ, მძღოლებთან, მათ წარმომადგენლობით ჯგუფთან და არა ცალკეულ ელემენტებთან მოახერხოს შეთანხმება,“ - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა“, - წერს სტატიის ავტორი.

ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.11.2019
მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
Konica Minolta-ს პირველი ოფისი 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
ტოიოტა ფორტუნერი - თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე, ახლა უკვე დიზელის ძრავით
აგრესიული რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა