აჭარის ტელევიზიას არასამთავრობო ორგანიზაციები მხარდაჭერას უცხადებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს მხარდაჭერას აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უცხადებენ. მესამე სექტორი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2 წევრის, ირაკლი დარცმელიძისა და გიგა ჩხარტიშვილის ინიციატივა ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, შეშფოთებას იწვევს აჭარის რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებში. ვფიქრობთ, რომ საბჭოს 2 წევრის რადიკალური გადაწყვეტილება იმპიჩმენტის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით მოითხოვს მეტ დასაბუთებას, საზოგადოების მეტად ინფორმირებას და საჯარო განხილვას. ბოლო წლებში ტელევიზიის მენეჯმენტის მიერ გატარებულმა რეფორმებმა, საზოგადოების სოციალ-პოლიტიკური და სხვა სახის პრობლემების გაშუქებაზე სრულად ორიენტირებამ, ხელისუფლების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ამაღლების მიზნით წარმოებულმა სარედაქციო პოლიტიკამ აჭარის მაუწყებელი გახადა დინამიკური, მრავალფეროვანი და საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესებზე მორგებული. ცხადია, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოზიტიური შეფასებები აჭარის ტელევიზიის მუშაობაზე არამხოლოდ მენეჯმენტის, არამედ ტელევიზიაში მომუშავე პირების დამსახურებაა.

აჭარის ტელევიზია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისა და მმართველობის მონიტორინგის თვალსაზრისით, რაც ცალსახად შეუქცევადი პროცესი უნდა გახდეს. არსებული მენეჯმენტის შეცვლა უფლებამოსილების ამოწურვამდე 6 თვით ადრე აჩენს რისკებს ამ პროცესის შეჩერების, თავისუფალ სიტყვაზე შეტევის და სარედაქციო დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ეს კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შესაძლოა, გარდამტეხი ფაქტორი გახდეს არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარების თვალსაზრისით. რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ მრჩეველთა საბჭოს, რადიკალური ნაბიჯების გადადგმამდე სრულად გაანალიზონ მათ წინაშე არსებული გამოწვევები, მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილება საზოგადოების ფართო წრეებთან დისკუსიის, მოსაზრებათა შეჯერებისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღონ. ამასთან, გაასაჯაროვონ ის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ითხოვენ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს. მზად ვართ მედიაცია გავწიოთ მრჩეველთა საბჭოსა და მენეჯმენტს შორის ნებისმიერ ფორმატში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების სრული ინფორმირება და ჩართულობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო გვეკუთვნის მოქალაქეებს. ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები: 1) საზოგადოებრივი განვითარების აკადემია 2) დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი 3) თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი 4) სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ბათუმის ფილიალი 5) დემოკრატიის ინსტიტუტი 6) ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის 7) ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი - ინტელექტი საზოგადოება „ბათომი“",- ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა