მაია ცქიტიშვილი პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, კახეთში სახელმწიფოს რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები პანკისის ხეობაში, სოფელ ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში, უხუცესთა საბჭოს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ძირითადად თუშეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხს შეეხო. უხუცესთა საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ გზის მშენებლობა ხეობის ჩიხიდან გამოყვანისა და მისი მეტი ინტეგრაციის საშუალებაა.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, გზის მშენებლობით პანკისის ხეობა საერთაშორისო ტურისტულ მარშრუტში ჩაერთვება, ხოლო ტურიზმის განვითარება პანკისის მოსახლოებას ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის. უხუცესებმა ასევე ისაუბრეს სვანეთის მაგალითზე, რომლის ტურისტული პოტენციალის განვითარებამ მათი თქმით, ამ კუთხის მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერებაც განაპირობა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გზის პროექტირებაზე ინტენსიური მუშაობა გრძელდება. მათ უხუცესთა საბჭოს გზის ტექნიკურ-საინჟინრო სირთულეების სპეციფიკა გააცნეს. შეხვედრაზე შეთანხდნენ, რომ უახლოეს მომავალში საპროექტო კომპანიის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მოწვეული სპეციალისტების და უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლების შემადგენლობით შეხვედრა შედგება.

ხეობის უხუცესებმა ხაზი გაუსვეს პანკისის ახალგაზრდებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნის, მათ შორის, პროფესიული სასწავლებლების, საწარმოების გახსნის აუცილებლობას.

„კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადა ორჯერ გადავუვადეთ სწორედ იმისთვის, რომ ეს სამუშაოები შესრულდეს. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან რთული გზაა, რთული მონაკვეთია და ძალიან მაღალ სიმაღლეებზე უნდა გავიდეს. გადასალახია უღელტეხილი და შესაბამისად, არის ტექნიკური სირთულეები. აქედან გამომდინარე, სპეციალისტებთან ტექნიკური კონსულტაციები მიმდინარეობს. დღეს შევთავაზეთ უხუცესებსაც, რომ მათაც მოგვახმარონ ამ გზების და რელიეფის ცოდნა ტექნიკურ-საინჟინრო გადაწყვეტის შესამუშავებლად. ამასთან, გზა უნდა გაკეთდეს ერთი მხრივ, უსაფრთხოების სტანდარტის და მეორე მხრივ, გარემოსდაცვითი სტანდარტის დაცვით. სწორედ ასეთი მაღალი სტანდარტები ხდის ამ პროექტის განხორციელებას რთულს და სწორედ ამასთან არის დაკავშირებული პროექტის დროში შეყოვნება. მთლიანობაში ეს არის 256 კმ-იანი გზა სნოდან თუშეთამდე. პანკისში არის ორი რთული, დაახლოებით 14 კილომეტრიანი მონაკვეთი. თუმცა, დღესაც აღვნიშნეთ, რომ ეს არის ერთი სირთულე, გზის ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე, მაგრამ ყველა სხვა მონაკვეთების - არსებული გზების - რეაბილიტაცია არის დაგეგმილი ისე, რომ მოვაქციოთ ეს გზები სტანდარტში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილი და ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობაში სოფელ მატანისა და ომალოს მოსახლოებას, პანკისის ხეობის ახალგაზრდების ჯგუფს, ქალთა საბჭოს და უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო