რუსთავის მერი - მოსახლეობის ჩართულობით გვინდა დავინახოთ, რამდენად შედეგზე ორიენტირებულია საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებისა და მერიის დაქვემდებარებაში არსებული აიპებისა და შპს-ის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების წარდგენა მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, განხილვას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილეები ბესიკ ტოგონიძე და გოჩა ლორია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მალხაზ კომლაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გიგა ვეფხვაძე, საკრებულოს დეპუტატები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები და რიგითი მოქალაქეები ესწრებიან.
როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, მოსახლეობას და საზოგადოებას მუდმივად აქვს თვითმმართველობების მიმართ შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორად იხარჯება საბიუჯეტო სახსრები და რამდენად ეფექტურად მუშაობს თვითმმართველობა.
„დღეს წარმოდგენილია თვითმმართველობის სამსახურებისა და აიპების ანგარიშები, რომლებიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებენ. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ემსახურება მოსახლეობის კეთილდღეობას. მე გული მწყდება, რომ დღეს მათი მხრიდან ისეთი აქტივობა არ არის. მოსახლეობის ჩართულობით გვინდა დავინახოთ, რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს თითოეულ სამსახურს, რა შედეგებზეა ორიენტირებული, რას საქმიანობს და რამდენად შედეგზე ორიენტირებულია საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

























