საქართველოს პრეზიდენტი ახალციხეში მცირე მეწარმეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ახალციხეში მცირე მეწარმეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალციხეში, სახელმწიფო პროგრამებში ჩართულ ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გამართა და რეგიონების განვითარების მიმართულებით, მცირე მეწარმეების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს რეგიონების განვითარება ქვეყნის განვითარების საფუძველია. სალომე ზურაბიშვილის აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს ახალგაზრდები ქვეყანას ტოვებენ არის ის, რომ ვერ პოულობენ სამომავლო პერსპექტივას. მისი თქმით, სწორედ ეს არის გამოსასწორებელი.

ზურაბიშვილის განცხადებით, ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის კუთხით, მცირე ბიზნესის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ბევრად უფრო მეტად იცავს გარემოს.

,,მცირე მეწარმეების განვითარება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მცირე მეწარმეები თავიანთ თავზე იღებენ ინიციატივებს. ინიციატივასთან ერთად, პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისათვის მომავლის ღერძს წარმოადგენს. ამის გარეშე ქვეყნის დამოუკიდებლობა ვერ მიიღწევა. ქვეყნის დამოუკიდებლობა დამოუკიდებელ ადამიანებზე დგას და სწორედ მცირე მეწარმეები არიან ბოლომდე დამოუკიდებელნი. თქვენ მომავალი თაობისათვის წარმატებული და მისაბაძი მაგალითი ხართ. მე ვიქნები თქვენს გვერდით და მზად ვარ, რომ თქვენს პოზიტიურ მაგალითებს გავუწიო პოპულარიზაცია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე მეწარმეებმა საკუთარი ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო საკითხებზე, ისაუბრეს და საქართველოს პრეზიდენტს თავიანთი საქმიანობის მიმართულებები გააცნეს.