ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2019

სანდრო თვალჭრელიძე - “ჩემი აზრით, ჩვენი მომავალი კოალიციური მთავრობაა”

“ბოდიში მოჰყვა კობახიძის ფრაზას “მე თქვენ ყველას გადაგივლითო”, - ფოფხაძე

ვატო შაქარიშვილი - “არანაირი “ქართული ოცნება” აღარ არსებობს... გაუკუღმართებულია ყველაფერი, რაზეც სახელმწიფო დგას”

ვახტანგ ძაბირაძე - “ოცნება” არც ერთ საკითხში კომპრომისზე არ წავა”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “ჩემი აზრით, ჩვენი მომავალი კოალიციური მთავრობაა”

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შექმნილ სიტუაციას მაინცდამაინც სრულყოფილად აღიქვამს და აფასებს. იდეები და სურვილები კარგია, მაგრამ რეალური ვითარება სხვაა. თუ მას წარმატების მიღწევა სურს, აუცილებლად მოუწევს დაპირებების შესრულება და პარტიის ძირეულად რეფორმირება. რამდენად აქვს ამის რესურსი, არ ვიცი. ლაპარაკი ახალი სახეების მოზიდვაზე კარგია, მაგრამ რამდენად მოახერხებენ ამას, ძნელი სათქმელია. ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას” აშკარად აკლიათ ადამიანური რესურსი. ზოგიერთი მას მხარს უჭერს მანამ, სანამ ის ფულს უხდის, როგორც კი შეუწყვეტს ფინანსურ წყაროს, მაშინვე გარდაისახებიან. მოკლედ, მის გარშემო ძალიან ბევრი პოლიტიკური ქამელეონია, არადა, მას სჭირდება რეალური, პრინციპული ადამიანები, რომელთაც ენდობა”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ბიძინა ივანიშვილის გარშემო ძალიან ბევრი პოლიტიკური ქამელეონია” / “დიახ, ივანიშვილმა დაუშვა შეცდომები, მაგრამ ტყუილად უხარია ზოგიერთს, რომ ეს სააკაშვილის დაბრუნების წინაპირობა იქნება. სააკაშვილი ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია და მორჩა, ამას ვერანაირი ფაქტორი ვერ შეცვლის”/ “ისევ კლანურ სისტემაზე გადადის ქვეყანა, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა. მოკლედ, სასამართლო რეფორმაში ძალიან ხისტი ზომებია მისაღები, თუმცა ისე ჩანს, რომ ივანიშვილი ამას არ აპირებს, რაც შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს”.

“ამ ინტერვიუში ყველაზე საინტერესო მაინც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული მოსაზრებები იყო. კვლავაც ბუნდოვანია, თუ რატომ ლობირებს ივანიშვილი მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფს. მეტიც, მან სცადა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმის წარმართვაში მურუსიძე კი არა, შავგულიძე ყოფილა დამნაშავე, რომელმაც, ვიცით, რომ ეს საქმე სტრასბურგში მოიგო. ჯერ ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს არაორდინარული აზროვნება, მისი მოსაზრებები ხშირად განსხვავებულია, მაგრამ აქვს ერთი პრობლემა - უჭირს აზრის კარგად გადმოცემა. ამ წლების განმავლობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხი იქცა მისი და “ქართული ოცნების” სუსტ წერტილად. რაც შეეხება სასამართლო სისტემის საკითხს, ამასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას არა აქვს ერთი მიზეზი და არ შეიძლება ისე გამარტივება, როგორც ბიძინა ივანიშვილმა გაამარტივა. ეს რაღაც მოჯადოებული წრეა - ერთი მხრივ, ივანიშვილი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემას უნდა ჰქონდეს აბსოლუტური ავტონომია, მეორე მხრივ კი მას აბარებს პირებს, ვისი ნდობაც არ შეიძლება. თავის დროზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” მართული სასამართლო არჩია და ეს იყო მიხეილ სააკაშვილის ყველაზე საბედისწერო შეცდომა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“იმავე შეცდომას იმეორებს “ქართული ოცნებაც”, ოღონდ ახლა ეს ცოტა გაკეთილშობილებული აქვთ, იშველიებენ ვენეციის კომისიის დასკვნებს და დაუჟინიათ, არ ვერევით სასამართლოს საქმეებშიო. სინამდვილეში კი მოსამართლეთა დიდი ნაწილი გასაყრელია და ახლები არიან მოსაყვანი, ისევე, როგორც ეს პოლიციის რეფორმირებისას მოხდა. სხვათა შორის, ამას სწორედ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. რადიკალური ზომებია მისაღები, მაგრამ ივანიშვილი ამას არ აპირებს, მეტიც, რაღაც ლოზუნგებს გვეუბნება, გვიმტკიცებს, დემოკრატია მაშინაა, როდესაც სასამართლო სისტემა დამოუკიდებელიაო. მაგრამ, თუ დამნაშავეებს მივცემთ სრულ დამოუკიდებლობას, რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში?! ჩემი აზრით, ისევ კლანურ სისტემაზე გადადის ქვეყანა, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა. მოკლედ, სასამართლო რეფორმაში ძალიან ხისტი ზომებია მისაღები, თუმცა ისე ჩანს, რომ ივანიშვილი ამას არ აპირებს, რაც შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“კიდევ ერთი საკითხიც - როდესაც მეშვიდე წელიწადია ხელისუფლებაში ხარ და აცხადებ, ვიცი, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, მაგრამ ეს “ქართული ოცნების” ბრალი არ არისო, ამით საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ აღიზიანებ. უკლებლივ ყველა ჩვენი ხელისუფლების შეცდომაა ის, რომ გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის გარეშე ვცხოვრობთ. ეს უახლოესი 2-5-წლიანი გეგმები ფარატინა ქაღალდია და როგორც კი მოდის ახალი პრემიერი, გეგმები მაშინვე იცვლება. შეხედეთ აშშ-ს _ ის, რაც ზბიგნევ ბჟეზინსკიმ დასახა, უკლებლივ ყველას - "დემოკრატების" თუ "რესპუბლიკელების" სახელმძღვანელოა. თავის დროზე ბისმარკმა ბრძანა, თანამიმდევრული პოლიტიკა, თუნდაც მცდარი, ყოველთვის იმარჯვებსო. სად არის ჩვენი ხელისუფლების მოქმედებაში თანამიმდევრულობა? - აი, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. ჩვენც ვიცით, რომ ბევრი მიზეზი არსებობს თუ რატომ არის ქვეყანაში კვლავაც ასეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ხელისუფლების ვალი იყო ამ მიზეზების იდენტიფიკაცია და კონტრზომების მიღება. კიდევ ერთი დიდი შეცდომა ის არის, რომ ყველას ჩვენი თავი ძალიან ჭკვიანი გვგონია და პროფესიონალებს არ ვცნობთ”, - განმარტავს ექსპერტი.

“შუალედურ არჩევნებში სანდრა რულოვსის გამარჯვება ძალიან მეეჭვება. ბოლო წლებში ვხედავთ, როგორ კარგავს რეიტინგს "ქართული ოცნება", თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იზრდება "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი. ხომ ცხადია, რომ ამ ვითომ გაერთიანებულ ოპოზიციაში მთავარი ძალა “ნაციონალური მოძრაობაა” და არა თითოკაციანი პარტიები. წარმოუდგენელი მგონია, “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომლის რესურსი ქვეყნის მოსახლეობაში 10%-ს არ სცდება, მოახერხოს ხელისუფლებაში დაბრუნება. დიახ, ივანიშვილმა დაუშვა შეცდომები, მაგრამ ტყუილად უხარია ზოგიერთს, რომ ეს სააკაშვილის დაბრუნების წინაპირობა იქნება. სააკაშვილი ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია და მორჩა, ამას ვერანაირი ფაქტორი ვერ შეცვლის. ასევე ვიტყვი, რომ ივანიშვილს შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს. მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს სააკაშვილის მმართველობის წლები. მისთვის კვლავაც მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობა” და ეს ნათელი შეიქნა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

“ჩემი აზრით, ჩვენი მომავალი კოალიციური მთავრობაა. როგორ გადალაგდება, როგორი იქნება ამგვარი მთავრობის სტრუქტურა, ამის წინასწარმეტყველება შეუძლებელია, მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველოში კონსტიტუციური უმრავლესობით ხელისუფლებაში ვერც ერთი პარტია ვეღარ მოვა. საზოგადოებას არ უნდა “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება, მაგრამ “ქართული ოცნებაც” თავისი უმოქმედობით უკვე ყელში ამოუვიდა. თავის მხრივ, ნახეთ, როგორ იქცევა “ნაციონალური მოძრაობა” - ისიც მოძველებული მეთოდებით მოქმედებს, ყველაფერს აკეთებს მოწინააღმდეგის გასაღიზიანებლად, გამოსაწვევად, მერე კი თავს მსხვერპლად აცხადებს. რაც მოხდა ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, როგორ ფიქრობთ, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას მიხეილ სააკაშვილი ასეთ ხალხს რას უზამდა, სავარაუდოდ, ცემით მოკლავდა და სანაგვეში მოისვრიდა. მოკლედ, არ შეიძლება წარსულზე ფსონის დადება, ეს არის როგორც “ნაციონალური მოძრაობის”, ასევე “ქართული ოცნების” შეცდომა”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“ქართველი საზოგადოება წინ იყურება. ხალხი იმედით ცხოვრობს და არა წარსულის მოგონებით, სწორედ იმედზე, პოზიტივზე დამყარებული პოლიტიკური აქტივობებია საჭირო. იცით, რისი იმედი აქვთ “ქართულ ოცნებაში” თუ “ნაციონალურ მოძრაობაში”? იმის, რომ არჩევნებზე ხალხი არ მივა და მცირე მხარდაჭერითაც გავლენ ფონს. არადა, ახლა უმნიშვნელოვანესია, ის სიცარიელე, რომელიც პოლიტიკურ სპექტრში ამ ორ ძალას შორის არსებობს, როგორმე ამოივსოს, გამოჩნდეს ძლიერი ცენტრისტული გაერთიანება, რომელიც მესამე ძალად ჩამოყალიბდება. ალეკო ელისაშვილმა ეს ვერ შეძლო, ვნახოთ, რას იზამს დავით მაღრაძე. მე ვესწრებოდი “დაიცავი საქართველოს” შეკრებას და უნდა გითხრათ, რომ დარბაზი გადაჭედილი იყო. პირველად ვნახე ქართულ სინამდვილეში, რომ ხალხი სიძულვილის ენით არ ლაპარაკობდა და ითქვა მთავარი - არ შეიძლება ამომრჩეველი ხმას მუდამ ვიღაცის წინააღმდეგ აძლევდეს. როგორც მივხვდი, დათო მაღრაძე არ აპირებს ხელისუფლებაში წასვლას, მისი მიზანია ხელი შეუწყოს მათ, ვინც შექმნილი ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანას შეეცდება. ეს იყო ზოგადი ლაპარაკი, პროექტი ჯერ არა აქვთ. თვალში მომხვდა, რომ დარბაზში ცოტა იყო ახალგაზრდა და ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებიც ნაწყენი და გაბრაზებული არიან “ქართულ ოცნებაზე”. ახალი სახეები არ ჩანს, შესაბამისად, ხალხიც აღიქვამს, რომ ეს “გრეჩიხების” დაბრუნებაა პოლიტიკაში, რაც, ჩემი აზრით, ასე არ არის. ამ ორგანიზაციას სურს ბევრი საღი და პროფესიონალი ადამიანის კონსოლიდირება, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან ხისტი მართვა, ამის პერსპექტივას კი ჯერჯერობით ვერ ვხედავ. იდეები საღია, როგორ შეასხამენ ხორცს, სხვა საქმეა”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “გაჩნდა ვარაუდი, რომ “დაიცავი საქართველოსთან” ერთად შესაძლოა ვიხილოთ მამუკა ხაზარაძე და სწორედ მან დააფინანსოს ეს მოძრაობა?” - პასუხობს:

“ამის თაობაზე არაფერი ვიცი. როგორც მახსოვს, მან თქვა, რომ პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს, რაც შეეხება რესურსებს, ვერ გეტყვით, შესაძლოა დააფინანსოს კიდეც. თუმცა არ ვიცი, მხოლოდ მისი პირადი რესურსები როგორ გასწვდება ამ საქმეს. ასეა თუ ისე, არ გამოვრიცხავ “დაიცავი საქართველოს” ბაზაზე ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბებას”.

“ბოდიში მოჰყვა კობახიძის ფრაზას “მე თქვენ ყველას გადაგივლითო”, - ფოფხაძე

"პარტია “ქართული ოცნებიდან” წამოსული დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის თავმჯდომარეს ტყუილში ადანაშაულებს. ფოფხაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე კობახიძემ ბესელიას ბოდიში მოუხადა, რაც კობახიძის მხრიდან ყველაზე ადეკვატური ქმედება იყო, რადგან, როგორც ფოფხაძე აცხადებს, შეხვედრისას სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა, რაც კობახიძის რეპლიკას “ერთხელაც ყველას გადაგივლით”-ს მოჰყვა. “ეს ყველაფერი უმიზეზოდ არ დაწყებულა, კონკრეტული პრეტენზიებით დაიწყო, რაც შემდეგ კობახიძის რეპლიკაში “გადაგივლით ყველას” გადაიზარდა. ბოლოს, იმისათვის, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყო, ბოდიში ერთადერთი გამოსავალი გახლდათ. ბოდიშის მოხდა კობახიძის მინუსად არ ჩამითვლია, პირიქით, ეს ყველაზე ადეკვატური რეაქცია იყო. დღეს, ამბობს, რომ ბოდიში არ მომიხდიაო”, - განმარტავს გედევან ფოფხაძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც განაცხადა, რომ ივანიშვილს ბესელიასთან ბოდიშის მოსახდელად არ მიუყვანია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ბოდიში მოჰყვა კობახიძის ფრაზას “მე თქვენ ყველას გადაგივლითო”, - ფოფხაძე.

“სასამართლო სისტემის განხილვა მიდიოდა. უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის სტანდარტებთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა და არგუმენტები გამოგვქონდა. საუბარი დაიწყო იმ კონტექსტში, რომ თქვენ რატომ მეგობრობთ დათო ჭიჭინაძესთან. ამ საუბარს გია ჟორჟოლიანის კომენტარი მოჰყვა, რადგან კობახიძემ თქვა, რომ გიასთან კაბინეტში დათო ჭიჭინაძე მივიდა, რაზეც გიამ უპასუხა - “შენ ვინ გეკითხება ჩემთან კაბინეტში ვინ შემოვაო”. კობახიძემ კი ასეთი რამ თქვა, რომ “მე თქვენ ყველას გადაგივლითო”, რაც ეკამ გაიგონა და ძალიან მკვეთრი ფორმით დაუპირისპირდა. ეკა საკმაოდ აგრესიული იყო ირაკლისთან მიმართებაში და სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა შესვენება გამოაცხადა. ჩემს გვერდზე იჯდა არჩილ თალაკვაძე, შემდეგ კობახიძე და ბოლოს - ბიძინა ივანიშვილი. გავიგონე, ივანიშვილმა უთხრა, რომ არ შეიძლება ასე ლაპარაკი კოლეგებთან მიმართებაშიო”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გედევან ფოფხაძე.

“ამ შესვენების დროს ივანიშვილმა და კახი კალაძემ მოიყვანეს კობახიძე ეკასთან. გვერდზე გაწევა მომიწია იმისათვის, რომ ბატონი კობახიძე შემოსულიყო ამ სივრცეში; უთხრეს, რომ ეკასთვის ბოდიში მოეხადა, რაზეც ეკამ უპასუხა - “მე ამის ბოდიში არ მჭირდება”. სახეზე შეეტყო, ცოტა აელეწა და აგრესიულად ანიშნა, რომ კობახიძისგან ბოდიში არ უნდოდა. ამის შემდეგ რომ შევედით დარბაზში, ბიძინამ - კობახიძემ ბოდიში მოიხადა და არ იყო მისი მხრიდან სწორიო, - ამით დამთავრდა ეს ყველაფერი. ჩავთვალე, რომ ამ სიტუაციაში ბოდიში ძალიან ადეკვატური იყო. ფრაზა „ერთხელ ყველას გადაგივლით" შემდგომ თანამშრომლობასა და კოლეგიალობას გამორიცხავს”, - დასძენს გედევან ფოფხაძე.

ვატო შაქარიშვილი - “არანაირი “ქართული ოცნება” აღარ არსებობს... გაუკუღმართებულია ყველაფერი, რაზეც სახელმწიფო დგას”

“ქართული ოცნება” აღარ არის ის ძალა, რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა. გაუკუღმართებულია ყველაფერი, რაზეც სახელმწიფო დგას. ის მურუსიძე-ჩინჩალაძისა და ზარდიაშვილის ოცნებების ასახდენ ასპარეზად გადაიქცა. არანაირი “ქართული ოცნება” აღარ არსებობს”, - აცხადებს “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პარტიის დატოვებამდე მხოლოდ კახა კალაძეს შევხვდი.” / “გაუკუღმართებულია ყველაფერი, რაზეც სახელმწიფო დგას. ის მურუსიძე-ჩინჩალაძისა და ზარდიაშვილის ოცნებების ასახდენ ასპარეზად გადაიქცა”.

“საზოგადოებას აღარ აქვს არჩევანი - ერთ მხარეს არის დამნაშავე, რევანშს მოწყურებული პოლიტიკური ძალა, მეორე მხარეს კი ძალაუფლება აქვთ მურუსიძესა და ჩინჩალაძეს. სასამართლოში, იუსტიციის საბჭოში თუ სხვა თანამდებობებზე ყველგან მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრები არიან დასაქმებული. ეს მოსამართლეები წლების განმავლობაში ათასობით მოქალაქეს უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით ციხეში ამწყვდევდნენ, მიუხედავად ამისა, “ქართული ოცნების” ლიდერები მათ სამართლიანობის მედროშეებად წარმოაჩენენ... არასოდეს დამიხევია უკან და შემიკავებია თავი ჩემი პოზიციების დაფიქსირებისგან, მაშინაც კი, როცა "ქართული ოცნების"­ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი. ისევ ვიცავ იმ ღირებულებებს, ჩემში არაფერი შეცვლილა, შეიცვალა “ქართული ოცნება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო შაქარიშვილი.

“ჯერ კიდევ 2012 წელს, იმ ღირსეული ადამიანების გვერდით ვიდექი, რომელთაც დღეს უჭკუოებს უწოდებენ და მათ გამოვლილ ბრძოლას ამცრობენ. ივანიშვილმა დიდი როლი ითამაშა “ნაცმოძრაობის” გასტუმრებაში, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ იმავე დამოკიდებულებას ვერ ვხედავთ იმ ღირსეული ადამიანების მიმართ, რომლებიც მაშინ მას მხარში ედგნენ. ივანიშვილმა საზოგადოება გააწბილა. ნაცვლად იმისა, ტელეინტერვიუში რეალურ პრობლემებზე ესაუბრა და გამოსავლის გზები შემოეთავაზებინა, მურუსიძე-ჩინჩალაძის “გაპრავების” მიზეზებს ვუსმინეთ... პარტიის დატოვებამდე მხოლოდ კახა კალაძეს შევხვდი. არ მინდოდა ტელევიზიით შეეტყო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მასთან მისვლით ჩემი პატივისცემა გამოვხატე. ამ შეხვედრის ამბავი მან გაახმაურა, თორემ მე არც ვაპირებდი თქმას”, - დასძენს ვატო შაქარიშვილი და შეკითხვაზე - “საკრებულოს უმრავლესობისა და პარტიის დატოვებას სხვა ლიდერებიც აპირებენ?” - პასუხობს:

“საკრებულოშიც, პარლამენტშიც და პარტიაშიც ბევრი ღირსეული ადამიანია. მათაც აწუხებთ ის, რაც ხდება. ადრე თუ გვიან, ისინიც მიიღებენ გადაწყვეტილებას”.

ვახტანგ ძაბირაძე - “ოცნება” არც ერთ საკითხში კომპრომისზე არ წავა”

“ბევრია ისეთი ადამიანი არც “ოცნება” და არც “ნაციონალები” რომ არ მოსწონს და მათი რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. ამ ხმების დასაკუთრების მსურველი ძალიან ბევრია, თუმცა ჯერჯერობით, იმათგან, ვისაც ამის პრეტენზია აქვს, გამოკვეთილი და გამორჩეული ლიდერი არ არსებობს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჯგუფი, რომელსაც ფილარმონიაში პრეზენტაცია ჰქონდა, სწორედ ის გუნდია, რომელიც შეიძლება მესამე ძალად ჩამოყალიბდეს, თუმცა ამის პრეტენზია, ბუნებრივია, მათაც აქვთ. ყველაფერი ამომრჩეველზეა დამოკიდებული. საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის ჩნდებოდა გამაერთიანებელი ლიდერი და მას მიჰყავდა გუნდი არჩევნებზე. შეიძლება ლიდერი ბევრია, მაგრამ რაღაც ჯგუფი არ გამოკვეთილა და არ ჩამოყალიბებულა არც როგორც გაერთიანება, არც როგორც ოპოზიციური დაჯგუფება. ამიტომ, ყველა ძიებაშია,“ - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნება” არც ერთ საკითხში კომპრომისზე არ წავა, - ძაბირაძე.

“იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ძალა ცდილობს არ გაჩნდეს მესამე ძალა, შეიძლება ვერც 2020 წელს გამოჩნდეს წონიანი მესამე ლიდერი და ისევ “ნაციონალებსა” და “ოცნებას” შორის ბრძოლა ვიხილოთ. ძალიან რთულად მიდის პროცესი, იმიტომ, რომ ხდება საზოგადოების პოლარიზება და ერთის მხრივ “ნაცმოძრაობა” ნებსით თუ უნებლიეთ ცდილობს 2003 წლის პროცესების რეანიმირებას და უნდა თუ არ უნდა, ამაში მას ხელს უწყობს “ოცნება” და რჩება ორპოლუსიანი სამყარო. ნამდვილად არ მინდა, რომ 2020 წლამდე პროცესები ასე მივიდეს, რადგან ეს სახიფათოა... “ოცნებიდან” პარტიის წევრების წასვლის პროცესი გაგრძელდება, თუმცა, ამის მიუხედავად “ოცნება” საკონტროლო პაკეტს, ანუ პარლამენტში 76 მანდატს და შესაბამისად, აღმასრულებელ ხელისუფლებასაც შეინარჩუნებს. ასევე უმრავლესობას შეინარჩუნებს რეგიონებში. როგორი იმედგაცრუებაც არ უნდა იყოს, მგონია, რომ ასე იქნება. განვლილი 30 წელი ამას მიგვანიშნებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე

“ქართული ოცნება“ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შესახებ იმ კანონპროექტს, რომელიც დაანონსა და პირველი მოსმენით მიიღო, რა თქმა უნდა, მიიღებს საბოლოოთაც. აქ ორი აზრი არ არის, იმიტომ რომ, “ოცნებამ” ყველა გზა მოიჭრა, რომ რაღაც კომპრომისზე წავიდეს. “ოცნება” კომპრომისზე არ წავა, არც ამაზე, არც საარჩევნო საკითხებზე და არც არაფერში. მაშინ მთლიანად ძირეული რებრენდინგი უნდა მოხდეს მმართველ პარტიაში და ივანიშვილის ინტერვიუდან გამომდინარე კი ვნახეთ, რომ ამის რესურსი და სურვილი „ოცნებას“ არ აქვს. ზუსტად ასე იყო კონსტიტუციის მიღებისასაც, არც მაშინ დაელოდნენ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას. რაც მთავარია, შუალედურ დასკვნაში სააარჩევნო სისტემაზე იყო ლაპარაკი და ისიც არ გაითვალისწინეს”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ივანიშვილის ინტერვიუ ახსენეთ და რა გვითხრა ივანიშვილმა?”, - პასუხობს:

“ უბედურება ისაა, რომ არც არაფერი გვითხრა... ისეთივე სტილში ილაპარაკა შავგულიძეზეც და ოპოზიციაზეც, როგორც ილაპარაკა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პარტიებზე. თქვა, რომ მურუსიძე წესიერი კაცია, ქართული მართლმსაჯულების ამომავალი ვარსკვლავია და ტყუილად ვაბრალებთ რაღაცებს. რეალურად, არაფერი უთქვამს, ხვალ რა იქნება. საერთოდ დაავიწყდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოცემულ პირობა, რომ ერთ წელიწადში რაღაცას შეცვლიდა. სრულიად გაუგებარ რაღაცებზე ილაპარაკა. არაფერს ვერჩი ქართულ კინოს, მაგრამ სერიალებზე და მოსახლების გამოთაყვანებაზე ლაპარაკი, ლაპარაკი იმაზე, როგორ დააფინანსებს 2020 წლისთვის ბიუჯეტი განათლებას და როგორ უნდა უზრუნველყოს ემიგრანტების ლეგალური დასაქმება, ეს ხომ ფაქტობრივად არაფარი არ არის. ისიც კი ვერ გავიგე, რატომ მისცა ეს ინტერვიუ, რისი თქმა უნდოდა. რაც ილაპარაკა, სათქმელიც არ იყო. ოპოზიციაზე დაბრალება, რომ ყველა “ნაციონალია”, ამის მერამდენეჯერ განმეორებას რა აზრი ჰქონდა? როდესაც ქვეყნის რეალური ლიდერი იშვიათად აკეთებს განცხადებას, წონიანი უნდა თქვას. არც ერთი თემა არ ყოფილა. შეიძლება სერიალებზე სერიოზულად ვილაპარაკოთ?! ეს რა იყო, არ ვიცი. გაოცებული ვიყავი - როგორ, ამისთვის ღირდა საათნახევრის დაკარგვა? საუბარი იყო არაფერზე!”

“ყველაზე მეტად რისიც მეშინია და მაწუხებს, არის ის, რომ საზოგადოების ორ ბანაკად პოლარიზება ხდება და ამ შემთხვევაში სიახლე ის არის, რომ საზოგადოებისათვის ორივე ბანაკი ერთდროულად მიუღებელია. ადრე ოპოზიციურ ძალაში თუ გაერთიანებაში ყოველთვის იყო სიახლის მოლოდინი, თუ ოპოზიცია მოვიდოდა ხელისუფლებაში. ასე იყო 2003-შიც და 2012-შიც. არა მარტო საზოგადოების გახლეჩა მოხდა, არამედ მედიასაშუალებებიც გაიყო და ფაქტობრივად მიდის მუშაობა იმაზე, რომ საზოგადოების მაქსიმალურად პოლარიზება მოხდეს. ამ ფონზე, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მოსახლების აბსოლუტურ უმრავლესობას სასამართლოსადმი არანაირი ნდობა არ აქვს, როგორ წარმოგიდგენიათ არჩევნების ცნობა-არცნობის საკითხი და რამხელა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ 2020 წელს - ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ის, რაც ზუგდიდში ხდება. ვთქვი, რომ “ნაციონალები” ცდილობენ 2003 წლის რეანიმირება მოახდინონ-მეთქი, ასე ხდებოდა თეთრიწყაროში, იგივე ბათუმში, თბილისში და ა.შ. ნახავთ, რომ პროცესები ერთმანეთს ჰგავს და ეს მაწუხებს ყველაზე მეტად. რა თქმა უნდა, ამ პროცესებზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, მაგრამ დღეს ისეთი ვითარებაა, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა იკისროს საზოგადოებამ და არ უნდა დავუშვათ ამ ორი ძალის შეჯახება. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ შეჯახებით ბევრი გარე და შიდა მტერია დაინტერესებული”, - დაასკვნის პოლიტოლოგი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა