ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2019

ქართულმა ასეულმა ავღანეთში თავდასხმის მოგერიებისას ამერიკელი სამხედროები გადაარჩინა

რომელ მინისტრთან აქვს ივანიშვილს "პატარა კითხვები“ და ვინ დატოვებს მთავრობას

***

ქართულმა ასეულმა ავღანეთში თავდასხმის მოგერიებისას ამერიკელი სამხედროები გადაარჩინა

“ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზის სიახლოვეს, ქართველმა სამხედროებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი - 22-ე ბატალიონის სწრაფი რეაგირების ასეულის სამხედროებმა, გასულ კვირას თალიბების მორიგი თავდასხმის დროს, ამერიკელი სამხედროები აფეთქებისაგან იხსნეს, - თალიბები ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ჯავშანკოლონას დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია ავრცელებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ქართულმა ასეულმა ავღანეთში თავდასხმის მოგერიებისას ამერიკელი სამხედროები გადაარჩინა

"ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ადგილი, სადაც თალიბების მხრიდან მორიგი შეტევა მოხდა, ყველაზე სახიფათო ზონას წარმოადგენს. „უცხოური წყაროები ამას რატომღაც არ აღნიშნავენ, თუმცა ეს იმდენად ტაქტიკური ტიპის ამოცანა იყო, რომ შესაძლოა უბრალოდ ხაზი არ გაუსვეს. სამი ლოკაციაა, სადაც ქართველო სამხედროები არიან განლაგებულნი. ყველაზე სახიფათო სწორედ ბაგრამის ზონაა და ამ ზონაში რიგითი ტიპის ოპერაცია ჩატარდა. ეს არ იყო ფართომასშტაბიანი, არამედ ტაქტიკური ოპერაცია გახლდათ, რომელსაც თალიბები საკმაოდ ინტენსიურად და ხშირად ატარებენ," - აღნიშნავს გამოცემა.

"თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მანქანის აფეთქებას კოლონაზე თალიბების ქვეითი ჯგუფების შეტევაც მოჰყვა. ამასთან ერთად, კარგად იყო შერჩეული თავდასხმის ადგილი. თვითმკვლელის თავდასხმის შედეგად, კოლონაში მყოფი ამერიკული ჯავშანმანქანა „მაქსპრო" აალდა, სადაც დაუზუსტებელი ინფორმაციით, ოთხი დაღუპულიდან სამი სწორედ ამ მანქანაში იჯდა. ქართველმა სამხედროებმა, კოლონაში მყოფ სხვა ამერიკელებთან ერთად, თალიბებს ცეცხლითვე უპასუხეს და სწორედ ამ მოქმედებების წყალობით აფეთქებულ „მაქსპროში" მსხდომი ამერიკელები გადარჩნენ. ამერიკელებისა და ქართველების გარდა, ტერორისტებთან ბრძოლაში ავღანეთის არმიის სახმელეთო და საავიაციო ჯგუფებიც ჩაერთვნენ, - იუწყება სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია“, - განაგრძობს გამოცემა.

"გულწრფელად ვლოცულობ იმ ამერიკელთა ოჯახებისთვის, რომელთა წევრებიც ბაგრამთან ახლოს დაიღუპნენ და ვგმობ ამ საშინელ ტერორისტულ აქტს. ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთში სიცოცხლე გაწირეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ტერორისტების ასეთი მხდალი მოქმედებები ვერ შეუშლის ხელს ჩვენს საბოლოო მიზანს, დავამყაროთ მშვიდობა," - წერს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ტვიტერის საკუთარ გვერდზე. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამაც: „სამწუხაროდ, ტრაგიკული ინციდენტი მოხდა. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. ამასთან, მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტის შედეგად ქართველი სამხედროები არ დაშავებულან. ეს არის საპასუხისმგებლო მისია და ხედავთ, თუ რამხელა საფრთხესთან უწევთ გამკლავება ქართველ სამხედროებს და მათ პარტნიორებს," - აღნიშნა მინისტრმა“, - დასძენს გამოცემა.

"ვახტანგ მაისაია ავღანეთში ქართველი სამხედროების განლაგებასა და ფუნქციაზე საუბრობს. „საუბარია, დაახლოებით 4-კაციან ჯგუფზე; ერთი არის შაჰიდი, რომელიც გამრღვევის ფუნქციებს ასრულებს, დანარჩენი სამი ადამიანი შეტევაზე მიდის, თუმცა ეს ფართომასშტაბიანი ტიპის ოპერაციად არ ითვლება. ჩვენი სამხედროები ახორციელებენ ძალიან მცირე რადიუსის პატრულირებას და ძირითადად დაკავებულნი არიან ლოჯისტიკური მხარეების დაცვით. „ქართველები ინტენსიურად არ არიან ჩართული საბრძოლო ოპერაციების გახორციელებაში. ამას ამერიკელები და ნატო-ს წევრი სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები ახორციელებენ. ჩვენებსაც აქვთ საყარაულო და დაცვის ფუნქციები, რომელიც, წესდების მიხედვით, საბრძოლო ამოცანებია. „ამ შემთხვევაში მათ მოახერხეს ამ სამკაციანი ჯგუფის ბლოკირება, არ მისცეს საშუალება, რომ ის უპირატესობა განევითარებინათ, რაც შაჰიდის მიერ კონკრეტულ ობიექტზე შეტევის განხორციელებას გამოიწვევდა," -აცხადებს ის. მაისაია თალიბანის მოძრაობის მნიშვნელობაზე საუბრობს; მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თალიბანი 2001 წელს, ფაქტობრივად, დაემხო, ამ ხნის განმავლობაში აღნიშნულმა მოძრაობამ გაძლიერება შეძლო, - თალიბებს უფრთხის, როგორც ამერიკული, ასევე რუსული მხარეც. „თალიბანი არაფორმალურად, ფაქტობრივად, ავღანეთის ტერიტორიის 70%-ს აკონტროლებს. დღეს კიდევ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თალიბებმა ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი ბი-52 ჰელმანდის პროვინციაში ჩამოაგდეს. თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ თალიბებმა მალე შესაძლოა ხელისუფლებაც კი შეცვალონ“, - წერს გამოცემა.

"ის ფაქტი, რომ ამერიკის ოფიციალური წარმომადგენელი დოჰაში (ყატარი) თალიბებთან აწარმოებენ მოლაპარაკებას, ნიშნავს, რომ ამერიკელები მზად არიან თალიბებთან რაღაც ტიპის გარიგებაც კი დადონ. ავღანეთში საკმაოდ სერიოზულ სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანებად გადაიქცა თალიბანი და ფაქტობრივად, ისინი უკვე გადავიდნენ ოპერატიულ-სტრატეგიული ტიპის ოპერაციაზე, რასაც თალიბები საკმაოდ ინტენსიურად აწარმოებენ. ეს უკვე სერიოზული ზეწოლაა, რასაც ისინი აწარმოებენ. თალიბებთან ბრძოლა ეს, სამწუხაროდ, იოლი საქმე არ არის. თალიბანი სერიოზული სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანებაა. მიუხედავად იმისა, რომ 2001 წელს თალიბები დაამხეს, ამ 18 წლის განმავლობაში შეძლეს, საკმაოდ ძლიერი სამხედრო-პოლიტიკურ ძალად გადაქცევა. მათ მხარს უჭერს პაკისტანის არაოფიციალური წრეებიც. თალიბები თანასწორუფლებიან მოლაპარაკებას აწარმოებენ, როგორც ამერიკულ, ისე რუსულ მხარესთან. რუსული მხარეც იძულებულია თალიბებთან გარკვეულ გარიგებებზე წავიდეს. თურქმენეთისა და უზბეკეთის მთავრობა არაფორმალურად შეთანხმებულები არიან, მათთან გარიგებებზეც კი მიდიან. თალიბების აქტიურობა აშკარაა, რაც დღეს მნიშვნელოვანი და აქტუალურია," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ“, - წერს სტატიის ავტორი.

რომელ მინისტრთან აქვს ივანიშვილს "პატარა კითხვები“ და ვინ დატოვებს მთავრობას

"უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილებებს და კონკრეტულად რომელ მინისტრს მოუწევს თანამდებობის დატოვება, - მედიაში ამ თემაზე ვერსიები უკვე აქტიურად განიხილება, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ რომელიღაც სამინისტროს და მინისტრების მიმართ პატარა კითხვები აქვს და ამას პრემიერ-მინისტრი ბახტაძე აკვირდება“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რომელ მინისტრთან აქვს ივანიშვილს "პატარა კითხვები“ და ვინ დატოვებს მთავრობას

"ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ მინისტრების შეცვლაზე კონსულტაციები პოლიტსაბჭოში არ ყოფილა და ამიტომ ვერ დაადატურებენ, თუმცა ეს არაფერს აჩვენებს, რადგან ზოგადად, თითქმის ყველა სამთავრობო ცვლილების წინ „ოცნების" ლიდერები უარყოფენ-ხოლმე, რომ ამა თუ იმ მინისტრის შეცვლა უკვე გადაწყვეტილია. არც ივანიშვილი აკონკრეტებს, რომელი მინისტრის მიმართ აქვს „პატარა კითხვები". მედიაში კი აქტიურად განიხილება სამი მინისტრის შეცვლის შესაძლებლობა. გასაშვებთა სიაში პირველი ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაა და მის გაშვებაზე საუბარი ბოლო ერთი თვეა პერიოდულად ძალიან აქტიურდება. დასახელდა კიდეც მისი სავარაუდო შემცვლელი - ნათია თურნავა, რომელიც ამჟამად ქობულიას მოადგილეა. ის „ნაციონალების" მმართველობის დროსაც, კახა ბენდუქიძის მინისტრობის პერიოდშიც იკავებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ასევე პერიოდულად საუბარია, რომ შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს გასაშვებთა რიგებში და ერთი ვერსიით მისი ადგილი დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემაც შეიძლება დაიკავოს. ასევე ითქვა, რომ თანამდებობას შეიძლება დაემშვიდობოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც და ის აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ ჩაანაცვლოს. ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას და ვინ აღმოჩნდება სუსტი რგოლი, ეს ჯერ დაზუსტებით არავინ იცის, რადგან ვინმეს გაშვება-დატოვებაზე გადაწყვეტილებას კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი იღებს. პარტიის თავმჯდომარე კი ინტერვიუს შემდეგ ამ თემაზე ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს. 9 აპრილს ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ ზოგადად მინისტრები კარგად არიან შერჩეული და მთავრობა ეფექტურია, თუმცა შესაძლოა რომელიმე სამინისტროსთან ან მინისტრთან კითხვები იყოს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მტკიცებით, ამ საკითხზე პრემიერი მუშაობს“, - განაგრძობს გამოცემა.

"მოტივაცია გუნდში გასაძლიერებელია და ვაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას. ვფიქრობ, რომ მთავრობა სწორი შერჩეული და კარგი შერჩეულია, ეფექტურია. იქ შეიძლება რომელიღაც სამინისტროს, რომელიღაც მინისტრის მიმართ იყოს პატარა კითხვები და პრემიერი ძალიან ცდილობს," - განაცხადა ივანიშვილმა. არის თუ არა მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები მალე, პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებს პასუხობს, რომ „ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, არ ყოფილა". ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არც ის იცის, თუ რომელ მინისტრებთან აქვს კითხვები ივანიშვილს. როგორც აღმასრულებელი მდივანი, ვადასტურებ, რომ ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები რაიმე სამთავრობო ცვლილებებზე არ ყოფილა თუ დაიწყება ასეთი მსჯელობა ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება. არასწორია კონკრეტული კომენტარის გაკეთება , ვიდრე არ დაიწყება სერიოზული კონსულტაციები... მინისტრების ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს პრემიერი, თუმცა განიხილება ეს საკითხი პოლიტსაბჭოს ფორმატში,"-განაცხადა კობახიძემ“, - დასძენს გამოცემა.

"არც პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ადასტურებს საკადრო ცვლილებებზე რაიმე მსჯელობას. რა შუაშია არაფორმალური მმართველობა? ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ამაზე გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება ამასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ცნობილი გახდება თქვენთვისაც და საზოგადოებისთვის", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად. თავად ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაც ამბობს, რომ მასთან თანამდებობიდან წასვლის შესახებ კონსულტაციები არ ყოფილა და არც ბიძინა ივანიშვილთან ჰქონია ამ საკითხზე შეხვედრა. ბიძინა ივანიშვილს ჰკითხეთ, მე არ ვიცი, ვერ გეტყვით თუ მან თქვა... ჩემთან არ გადის კონსულტაციებს, ჩემთან ამაზე კონსულტაციებს არ გადიან", - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო