რუსთავში, ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქციაზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა აქციის მონაწილეებმა მათთან საუბარი არ ისურვეს

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია კვლავ მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებთან დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები გრიგოლ ვაშაძე, დიმიტრი შაშკინი, თაკო ჩარკვიანი, ნიკა ვაშაკიძე და მამუკა ჩიქოვანი მივიდნენ. მათ მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები ელოდებოდნენ.

„საპროტესტო კამპანია - ,,არა ციხეს“ წევრებმა, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან საუბარი არ ისურვეს და განუცხადეს, რომ მათ არ სურთ ციხის მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი პოლიტიკურმა პარტიებმა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ და სწორედ ამიტომ ემიჯნებიან ყველა პოლიტიკურ პარტიას. მათი განცხადებით, აქვთ კონკრეტული მიზანი, პროტესტის მშვიდობიანი გზით და სამოქალაქო აქტივობით შეაჩერონ ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობის პროცესი.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ისინი რუსთავში აქციის მონაწილეებთან მივიდნენ, როგორც მოქალაქეები და არა როგორ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

„თბილისიდან რომ მოდიხარ, მარჯვენა მხარეს უზარმაზარი ტერიტორიაა ქალთა კოლონიის გარშემო. გარდაბნისკენ რომ მიდიხარ, მარცხენა მხარეს, ორი ციხე არის და ამ ციხეების გარშემო უზარმაზარი თავისუფალი ტერიტორიაა. რა საჭიროებაა, ჭყონდიდელის დასახლების შუაში ციხის აშენების, ამაზე პასუხი არ არსებობს. ვიღაცის მარცხენა ფეხმა მოინდომა, რომ აქ ყოფილიყო ციხე და ახლა, რადგან მოქალაქეები პროტესტს გამოხატავენ, ე.წ. ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ თქვენ არავინ არ ხართ და ჩვენ რასაც გადავწყვეტთ, იმას გავაკეთებთო. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ აქ ციხე აშენდეს, თუ აშენდება ღმერთმა დაიფაროს, საპარლამენტო არჩევნებს რომ მოვიგებთ, აუცილებლად ჩვენ ამ ციხეს დავხურავთ და რუსთავში იქნება ტექნოლოგიური ცენტრი - ტექნოპარკი, რასაც ეს ქალაქი იმსახურებს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

მეორე კვირაა რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსთავში ციხის მშენებლობას აპროტესტებენ და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას მოითხოვენ.

რუსთავში, აქციაზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა აქციის მონაწილეებმა მათთან საუბარი არ ისურვეს