ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2019

რომელი რეკომენდაციები დაუწუნა "ოცნებამ" ვენეციის კომისიას

ნატო-რუსეთის თანამშრომლობა ოფიციალურად შეწყდა, შავ ზღვაში გამალებული მილიტარიზაცია დაიწყო

***

რომელი რეკომენდაციები დაუწუნა "ოცნებამ" ვენეციის კომისიას

"ვის არ ენდო ვენეციის კომისია - საქართველოს პარლამენტს თუ მოსამართლეებს, რას გაიზიარებს მმართველი გუნდი და რას - არა. მიუხედავად კრიტიკული დასკვნისა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მაინც ფიქრობს, რომ ეს დადებითი შეფასებაა. ვენეციის კომისიის დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესისა და პროცედურების შესახებ გუშინ შუადღისას გამოქვეყნდა. კომისია რამდენიმე ძირითად რეკომენდაციას აქვეყნებს, მათ შორის არის არამოსამართლე წევრებისათვის სასამართლო სისტემაში მოხვედრის შესაძლებლობა და კანდიდატების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საჯაროობა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რომელი რეკომენდაციები დაუწუნა "ოცნებამ" ვენეციის კომისიას / პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე დაასახელა ერთი, რომელსაც ნამდვილად არ გაიზიარებენ

"ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ ამჟამინდელმა პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში მხოლოდ იმ ოდენობის მოსამართლეები გაამწესოს, რამდენიც საჭიროა სასამართლოს გამართული საქმიანობისათვის. ის, თუ რამდენი მოსამართლეა საჭირო უზენაეს სასამართლოში პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაძლოა უზენაეს სასამართლოსთან კონსულტაციის შემდეგ დადგინდეს. დანიშნული მოსამართლეების რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 20-ს. რაც მთავარია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, დასანიშნი მოსამართლეების ნახევარი უნდა გამწესდეს თანამდებობებზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოსული ხელისუფლების პირობებში. ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ შენარჩუნდეს საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აღნიშნავს გამოცემა.

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება და ამბობს, რომ კომისია დადებითად აფასებს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს."ვენეციის კომისია დადებითად აფასებს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია მოსამართლეების შერჩევასთან, მოსამართლეთა არჩევასთან და ეს კანონპროექტი, როგორც მოგეხსენებათ, ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც არ აქვს ანალოგი ევროკავშირის ქვეყნებშიც კი", - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, წარმოდგენილია რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომელთა გაზიარებაც მოხდება. მათ შორის შესაძლებელია, მმართველმა გუნდმა გაიზიაროს ოპოზიციის მოთხოვნა გამოცდის ამოღებასთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტი სავარაუდოდ გაიზიარებს იმ რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც იუსტიციის საბჭოს წევრს, თუკი ის მოსამართლეობის კანდიდატია, ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას. "ასევე შეიძლება იყოს რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდება ინტერესთა კონფლიქტს, ჩვენ უკვე ავსახეთ ორგანული კანონის პროექტში ყველა ის ნორმა, რომელიც გამორიცხავს მთლიანად ინტერესთა კონფლიქტს მოსამართლეების შერჩევისა და არჩევის დროს. კერძოდ, ჩვენ იუსტიციის საბჭოს კანდიდატ წევრს დავუტოვეთ მხოლოდ სხვა კანდიდატებისათვის ხმის მიცემის შესაძლებლობა და როგორც მოგეხსენებათ, აქ არის მთლიანად გამორიცხული ინტერესთა კონფლიქტი, თუმცა არის ინიციატივა, რომ მას არ ჰქონდეს საერთოდ ხმის მიცემის უფლება ანუ საბჭოს წევრს, რომელიც არის კანდიდატი, საერთოდ არ ჰქონდეს ხმის მიცემის შესაძლებლობა და, კონტექსტის გათვალისწინებით, აქაც, მე პირადად მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ამ რეკომენდაციის გაზიარება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. თუმცა, ვენეციის კომისიის დასკვნის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას პარლამენტის თავმჯდომარე არ იზიარებს. საუბარია კომისიის იმ რეკომენდაციაზე, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ის რაოდენობა უნდა აირჩიოს, რადენიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს სამუშაოს სამართავად. რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს პოზიციის ნახევარს, რომელიც ვაკანტური იქნება, დანარჩენს შემდეგი არჩევნების გზით არჩეული პარლამენტი დანიშნავს“, - განაგრძობს გამოცემა.

"ამ რეკომენდაციის გაზიარებას ირაკლი კობახიძე არ გეგმავს და მას პოლიტიკურს უწოდებს. კობახიძის თქმით, ორგანულ კანონში პოლიტიკური რეკომენდაცია ვერ იქნება ასახული. "ეს არის პოლიტიკური რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, შეიძლება, პარლამენტმა მიიღოს ან ასეთი, ან ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, სრულად არ შეავსოს საკუთარი რიგები, ჩვენ შეგვიძლია ისეც გავაკეთოთ, რომ პირველად როცა წააგებს "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებს - 2024-28-32-ში - შეიძლება, მხოლოდ ამის შემდეგ დავაკომპლექტოთ სრულად უზენაესი სასამართლო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. "ოპოზიციას ახლა ძალიან უჭირს, მაგრამ მათ მოუწევთ, ვენეციის კომისიის დასკვნას თვალი გაუსწორონ", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, დასკვნა ასახავს იმ მოლოდინს, რომელიც "ქართულ ოცნებას" ჰქონდა. "ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ყველა ძირითადი საკითხი დადებითად არის შეფასებული. რაც შეეხება რეკომენდაციებს, გვაქვს რესურსი, ვიზრუნოთ თითოეულ მათგანზე", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა“, - დასძენს გამოცემა.

"იურისტი ლია მუხაშავრია "რეზონანსთან" ამბობს, რომ ერთი შეხედვით ვენეციის კომისია არ არის ხოლმე რადიკალური განცხადებებით გამორჩეული. მისი აზრით, ამ რეკომენდაციით, მან საქართველოს ხელისუფლებას საკმარისი მიუთითა და განსაკუთრებული აქცენტი უმაღლესი საბჭოს წევრის ვადამდელი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გაამახვილა. მისი თქმით, ვენეციის კომისიამ მკვეთრად ხაზი იმას გაუსვა, რომ ის, რაც კანონში გაუგებარი და ორაზროვანია, უფრო მკაფიო და გასაგები გახდეს. ყველაზე მთავარი, რაც ამ დასკვნაში მეჩვენება, ესაა ის შენიშვნა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომლებსაც ხმების უმრავლესობით იუსტიციის საბჭო მიიღებს კენჭისყრით, დასაბუთებული უნდა იყოს. ჩვენ ვიცით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო აქამდე არაფერს არ ასაბუთებდა. არავითარ საფუძველს არ წერდა, ესა თუ ის გადაწყვეტილება რატომ მიიღო. თუ ამას ქვეყანაში რეალური პოლიტიკური ნება დახვდება და რეალურად იუსტიციის საბჭო მართლმსაჯულების უმაღლეს ორგანოდ იქცევა, ეს, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა. თუმცა, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ქვეყანაში სიტუაცია როგორია. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა დღეს გამოქვეყნდა და იურდულმა კომიტეტმა მეორედ მოსმენით კანონპროექტს მხარი 15 აპრილს უკვე დაუჭირა. თავისთავად ეს პროცესები მაფიქრებინებს, რომ ვენეციის კომისიას რადიკალური და მკაცრი პოზიციაც რომ დაეფიქსირებინა, ეს ხელისუფლება მას მაინც არ გაითვალისწინებდა", - წერს გამოცემა.

"მისივე თქმით, ამ ხელისუფლებას უზენაეს სასამართლოსა და ზოგადად სასამართლოში თავისი ნებისა და დავალების აღმსრულებელი მოსამართლეები სჭირდება, განსაკუთრებით, საარჩევნო დარღვევების "გასაპრავებლად". ამიტომ მუხაშავრია ფიქრობს, რომ ხელისუფლება ყურს არავის დაუგდებს და არც არავის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. ვენეციის კომისია ცალსახად ამბობს, რომ მართლმსაჯულების ხელისუფლების შტო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. ამიტომ იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა უნდა მოხდეს არა ახალი პარლამენტის მიერ და მათი ვადა არა პარლამენტის ვადის გასვლის კვალობაზე უნდა გავიდეს, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წვერების თანამდებობაზე ყოფნის ვადა უნდა გაგრძელდეს, რათა პარლამენტის ვადებს არ დაემთხვას. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი არგუმენტია იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მოსულმა პარლამენტმა გავლენა ვერ მოახდინოს. ცხადია, ეს პარლამენტის თავმჯდომარეს არ მოსწონს, რადგანაც თუ ეს აღსრულებული და კანონში გაწერილი იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოთა წევრების ნახევარზე მეტი ვადამდე დაითხოვო და აირჩიო", - აცხადებს მუხაშავრია "რეზონანსთან". იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არის ანალიტიკური დასკვნა და დიაგნოზი იმისა, თუ საქართველოს სასამართლო დღეს რა მდგომარეობაში იმყოფება. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ, საბედნიეროდ, ამ დოკუმენტიდან კარგად ჩანს, რომ ექსპერტებმა, რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ, კარგად გაიაზრეს და გაიგეს, რომ სქართველოში სასამართლოში საკმაოდ მძიმე სიტუაციაა და ამ შტოს ერთი კონკრეტული კლანი მართავს. მისი აზრით, ეს სულისკვეთება ამ რეკომენდაციებს ნამდვილად გასდევს. თუ ვენეციის კომისიის წევრები კონტექტს გაიგებდნენ, რეკომენდაციების დადება და მომზადებაც არ გაუჭირდებდათ. ეს ასეც მოხდა და მათ ზუსტად და სწორად გაიგეს ყველაფერი. ვენეციის კომისიის დასკვნა ისეთ საკითხებსაც ეხება, რომლებიც მაინცდამაინც იმ პროექტში მითითებული არ არის და რეკომენდაციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვადებთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს. ჩემი აზრით, ეს ლოგიკურია. რასაც ველოდი, საერთო ჯამში, იმ ტიპის დასკვნაა. საკმაოდ მკაცრიც არის. ქვეყანაში სასამართლოებთან მიმართებაში თემა ძალიან დაიძაბა და ყველამ გაიგო, რომ ეს სისტემა საკმოდ დიდი რისკის ქვეშ იმყოფება. ათეულობით წელი სასამართლო შესაძლოა, ხელში იმ ადამიანებს ჩაუვარდეს, რომლებიც ამ სისტემას სრულიად გაანადგურებენ და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე დაემუქრება", - აცხადებს ჯანეზაშვილი“, - წერს სტატიის ავტორი.

ნატო-რუსეთის თანამშრომლობა ოფიციალურად შეწყდა, შავ ზღვაში გამალებული მილიტარიზაცია დაიწყო

“შავ ზღვაში ნატო-სა და რუსეთს შორის ვითარება უფრო და უფრო იძაბება. მას შემდეგ, რაც 4 აპრილის ნატო-ს მინისტერიალზე გადაწყდა, რომ ალიანსი შავ ზღვაში გააქტიურდება, ხომალდების რაოდენობასა და საჰაერო თავდაცვას გაზრდის, ასევე საქართველოსა და უკრაინას დახმარებასა და მხარდაჭერას გაუზრდის, რუსეთმა საპასუხოდ შავი ზღვის ფლოტი პრაქტიკულად სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და ამერიკული გამანადგურებელი ხომალდები განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანა. პლუს ამას, სრულად გაწყვიტა ნატო-სთან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ხაზით თანამშრომლობა და მუქარანარევი განცხადებების გაკეთებას ისევ აგრძელებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ნატო-რუსეთის თანამშრომლობა ოფიციალურად შეწყდა, შავ ზღვაში გამალებული მილიტარიზაცია დაიწყო

"მოსკოვში მიუღებლად მიიჩნევენ იმას, რომ ნატო შავ ზღვაში თავისი აქტივობის "უპრეცედენტო გაძლიერებას" "რუსეთის აგრესიის შეკავებას" უწოდებს და პროპაგანდისტული განცხადებები კეთდება, რომ "მოსკოვი სხვა ქვეყნებს არ უქმნის საფრთხეს", მაგრამ "უპასუხოდ არ დატოვებს ქმედებებს", რაც მისი ინტერესებისათვის სახიფათოა. უსაფრთხების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, ბოლო წლებში რუსეთმა შავ ზღვაზე აბსოლუტური უპირატესობა მოიპოვა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა რუსული საფრთხე, ამიტომაც სწორედ ამის პასუხი იყო ნატო-სგან გააქტიურებაც, რომელიც ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ აუცილებელი იყო. მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, რომ შავ ზღვაში რუსეთსა და ნატო-ს შორის ინციდენტიც ვიხილოთ, რუსეთი ამაზე წავა."პუტინის ავტოკრატიული რეჟიმი იმისათვის, რომ თავისი პოზიციები გაიმყაროს ქვეყნის შიგნით, ამგვარ ავანტიურაზე წავა და, ბუნებრივია, დააბრალებს ნატო-ს. ბუნებრივია, შავზე თეთრს იტყვიან და პირიქით", - ამბობს მაისაია“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ცნობისათვის, ამჯერად, რუსეთის დიდ უკმაყოფილებას იწვევს შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებლების შემოსვლა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შავი ზღვის აკვატორიაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებელ "როს"-ის შესვლის შემდეგ სანაპირო რადიოაღჭურვილობის კონტროლი გაძლიერდა. გარდა ამისა, ამერიკული გამანადგურებლის ქმედებებს აკვირდება საპატრულო ხომალდი "ვასილი ბიკოვი" და სადაზვერვო ხომალდი "ივან ხურსი". რუსული მედიის თქმით, ბოლო წლებში რუსეთი თავის საზღვრებთან ახლოს ნატო-ს უპრეცედენტო აქტივობას ეჯახება და ეს მიუღებელია. იწერება, რომ მიუღებელია აპრილის დასაწყისში ვაშინგტონში მიღებული დოკუმენტი, რომელიც ნატო-ს მიერ შავ ზღვაში საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერად ზომების მიღებას გულისხმობს და რომელიც ითვალისწინებს წვრთნებს, ინფორმაციების გაცვლასა და პორტებში ამერიკული გემების შესვლას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნატო-ს გაზრდილი აქტივობა ძირს უთხრის რეგიონულ სტაბილურობას, თანაც როდესაც "რუსეთის შეკავებასა" და "შესაბამის რეაგირებაზეა" დაპირება“, - განაგრძობს გამოცემა.

"სწორედ ნატო-ს მიერ გაცხადებული ამ მიზნის გამო, რუსეთმა საპასუხოდ ნატო-სთან სამოქალაქო და სამხედრო ხაზით თანამშრომლობა სრულად შეწყვიტა რამდენიმე დღის წინ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს ნატო-ს ბრალია, რადგან "არ არსებობს პოზიტიური დღის წესრიგი რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით". "დღევანდელი კრიზისი არ არის პირველი, მაგრამ არის ყველაზე ხანგრძლივი. სამოქალაქო და სამხედრო ხაზით თანამშრომლობა მთლიანად შეწყდა. ნატო-მ თავად თქვა უარი რუსეთთან ურთიერთობებში პოზიტიური დღის წესრიგზე. ის არ არსებობს და ჯერჯერობით არ არსებობს ნიშნები, რომ ნატო-ში იცოდნენ, თუ როგორ უნდა გამოვიდნენ ამ ჩიხიდან", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკომ "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში. გრუშკომ გაიხსენა, რომ ნატო-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები დროებით შეწყდა ადრეც, 1999 წელს, ნატო-ს ძალების მიერ იუგოსლავიის დაბომბვის გამო და ასევე 2008 წელს სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის გამო. გრუშკოს განცხადებით, ალიანსი ძალიან შორის წავიდა რუსეთთან კონფრონტაციის გაღვივებაში და, მისი თქმით, ალიანსისა და რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტი კაცობრიობისათვის კატასტროფა იქნებოდა. "რაც შეეხება ნატო-სთან შეიარაღებულ კონფლიქტს, ყველა საღად მოაზროვნე იმედოვნებს, რომ ეს არ მოხდება, ეს იქნებოდა კატასტროფა მთელი კაცობრიობისათვის", - განაცხადა გრუშკომ“, - დასძენს გამოცემა.

"უსაფრთხების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, შავ ზღვაში ბოლო წლების რუსული სამხედრო გაძლიერების გამო ნატო-ს შავ ზღვაში გააქტიურება აუცილებელი იყო."ნატო-ს აქვს შექმნილი კონსენსუსური მიდგომა, რომ რუსეთი არის სამხედრო მტერი და ნატო-მ რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენა მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად - ბალტიისპირეთსა და პოლონეთში განათავსა კოალიციური ძალები. მე-5 მუხლი ამოქმედებულია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად."ახლაც, შავ ზღვაში სამხედრო ესკადრის, მუდმივმოქმედი სამხედრო დაჯგუფების შექმნაც არის მე-5 მუხლის ამოქმედება, რომელიც მიმართულია ბულგარეთის, თურქეთისა და რუმინეთის თავდაცვის განსამტკიცებლად. საქმე მართლაც სერიოზულადაა და ამ შემთხვევაში თურქეთის როლი შეიძლება იყოს ტროის ცხენის მომენტი ამ დაპირისპირებაში, რაც ძალიან საყურადღებოა."გეოსტრატეგიული ცვლადები არის შეცვლილი. არის საშიშროება, რომ ბოლო მომენტში თურქეთმა უკან დაიხიოს და არ შეასრულოს ნატო-ს ვალდებულებები რუსეთთან მიმართებაში, რაც ალიანსისთვის დარტყმა იქნება. ეს ტენდენციები ჩანს. თურქეთსა და რუსეთს შორის დაიწყო სამხედრო-ტექნიკური ურთიერთობების განვითარება, რაც, პრინციპში, ნატო-ს წევრი სახელმწიფოსათვის მიუღებელი უნდა იყოს. ამდენად, სიტუაცია ძალიან არაორდინალური და რთულია", - ამბობს მაისაია. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ შავ ზღვაში სამხედრო დაპირისპირებასაც ჰქონდეს ადგილი, შეიძლება, რუსეთი ამაზეც წავიდეს. "რუსეთს ამგვარი პრეცედენტი გააჩნია, როდესაც 1985 წელს საბჭოთა კავშირის ორმა ხომალდმა პირდაპირი ტარანი მიიტანა ამერიკულ ხომალდზე. რუსები ეძებენ საბაბს, რომ კონფრონტაციულ მოდელზე წავიდნენ. პუტინის ავტოკრატიული რეჟიმი, იმისთვის, რომ თავისი პოზიციები გაიმყაროს ქვეყნის შიგნით, ამგვარ ავანტიურაზე წავა. რუსეთი ემზადება, რომ კონფრონტაციაზე წავიდეს და რეალურ ქმედებაში გამოხატოს თავისი აგრესიული ნაბიჯები", - დასძენს მაისაია“, - წერს სტატიის ავტორი.