ირაკლი კობახიძე - მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონპროექტში გამოთქმული შენიშვნების ასახვა მეორე მოსმენით განხილვის შედეგად მოხდება

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის შედეგად, მასში დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების ასახვა მოხდება. ამით კობახიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს, ოთარ კახიძეს უპასუხა, რომელმაც უმრავლესობას კანონპროექტის განხილვის 2 კვირით გადადებისკენ მოუწოდა, რათა მასში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვა მოესწროს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტის მომხსენებელი ანრი ოხანაშვილი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვის თაობაზე თავის სიტყვაში ისაუბრებს.

„იმისთვის იმართება მეორე მოსმენა, რომ გამოითქვას მოსაზრებები და ასევე, მეორე მოსმენის დროს შეიძლება ცვლილებების ასახვა. ეს პრაქტიკა არაერთხელ ყოფილა ჩვენს პარლამენტში. მეორე მოსმენის დროს გამოითქმება, მათ შორის მუხლობრივი შენიშვნები. ამას შეიძლება დაეთანხმოს მომხსენებელი და შესაბამისად, აისახება ეს შენიშვნებიც კი. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, ტექსტობრივად, ჩვენ ამაზე საუბარი გვქონდა შეხვედრაზე, რომელიც დღეს დილით გაიმართა. მომხსენებელი, ბატონი ანრი ოხანაშვილი მოგახსენებთ იმის თაობაზე, თუ რა სახით ვფიქრობთ ამ რეკომენდაციების ასახვას. გარდა ამისა, პარასკევს შედგება კენჭისყრა. შესაბამისად, უკვე შეჯერებული ვარიანტი იქნება დაგზავნილი თითოეული დეპუტატისთვის. ასე რომ, ხვალ გექნებათ დრო იმისთვის, რომ დღეს გამოთქმული შენიშვნების შესაბამისად მომზადებულ პროექტს და იმ ტექსტს გაეცნოთ, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვას შეეხება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა