ბაჩუკი ქარდავას ინფორმაციით, ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე, სადაც რამდენიმე წლის წინ სკოლა იყო, 50-მდე ადამიანს ყალბი რეგისტრაცია აქვს

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მშენებარე ტაძრის მისამართზე, სადაც რამდენიმე წლის წინ სკოლა იყო, 50-მდე ადამიანს ყალბი რეგისტრაცია აქვს , - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა. ქარდავა ამბობს, რომ მმართველი პარტია სწორედ ასეთი მეთოდებით ცდილობს არჩევნების გაყალბებას.

„მე-12 საშუალო სკოლაში მიწერილები იყვნენ დევნილები და მიუხედავად იმისა, რომ სკოლა აღარ არსებობს, ისევ აქ არიან რეგისტრირებულები. ასევე, სულ მეშვიდე უბანზე 893 ადამიანია რეგისტრირებული, 50 კი ყალბად არის მიწერილი, რომელიც, როგორც ვფიქრობ, ის ადამიანები არიან, რომელთაც „ქართული ოცნება“ ე.წ. კარუსელებისთვის იყენებს. ეს ადამიანები აქ არავის უნახავს, თუმცა, არჩევნების დღეს ორგანიზებულად მოჰყავს მმართველ პარტიას. ასევე, გამსახურდიას ქუჩაზე, ერთ-ერთ ოჯახში, სადაც რეალურად სამი ადამიანია ამომრჩეველი, კიდევ 11 ადამიანია მიწერილი“, - აღნიშნა ქარდავამ.

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი განმარტავს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებს ამომრჩეველთა სიების გადასამოწმებლად და ხარვეზების დასადგენად და აღმოსაფხვრელად ერთთვიანი ვადა აქვთ. მისივე თქმით, სიები საარჩევნო სუბიექტებისთვისაც გადაცემულია და ამ მიმართულებით მუშაობა პარტიებსაც შეუძლიათ.

„ოთხი წელია, ამომრჩეველთა რაოდენობა რადიკალურად არ შეცვლილა, ეს სიები პარტიებს აქვს გადაცემული, იმუშაონ, ხარვეზები დაადგინონ და მოგვაწოდონ. აქ ვინ სად არის მიწერილი, ჩემი კომპეტენცია არაა. საოლქოს აქვს ცვლილებებზე მუშაობის ერთთვიანი ვადა და 5 მაისამდე თუ სადმე ხარვეზი დაფიქსირდა, ვიღებთ ინფორმაციას და ოლქი შესაბამისად რეაგირებს“, - თქვა მირანდა მესხმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს