წალკის მერის მოადგილე - ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭებას ის კატეგორიაც მოითხოვს, რომლებიც არ არიან ეკომიგრანტები და წალკაში თავად დასახლდნენ

წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო აგრძელებს ეკომიგრანტებისათვის ბინების შესყიდვის პროცესს და წელსაც მოხდება მათთვის საცხოვრებელი ფართის შეძენა და საკუთრებაში გადაცემა.

როგორც წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ანზორ ხინიკაძემ განაცხადა, ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭებას ის კატეგორიაც მოითხოვს, რომლებიც რეალურად არ არიან ეკომიგრანტები და წალკაში თავად ჩავიდნენ და დასახლდნენ.

„იმის თქმა, რომ ეს ხალხი მთლიანად სახელმწიფომ ჩამოასახლა, ეს არის მანიპულირება. სახელმწიფოს ჰქონდა ჩასახლების პროგრამა და რისი შესაძლებლობაც იყო, იმის ფარგლებში მოხდა ჩასახლება. მაგრამ, აქ თვითნებურად ჩამოვიდა მოსახლეობა, მაგალითად ადიგენის რაიონიდან, ახალქალაქიდან, ჩოხატაურიდანაც კი, ისე, რომ საერთოდ ჩასახლების პროგრამასთან შეხება არ ჰქონდათ. უფრო სწორი იქნება თუ ისინი იტყვიან, რომ უსახლ-კაროდ არიან დარჩენილნი და არა ის, რომ ეკომიგრანტები არიან. სახელმწიფო საქმის კურსშია, მიდის საუბარი, რომ მოხდეს კორპუსების გარემონტება და ბინებით იმ ადამიანების დაკმაყოფილება, რომლებიც სოციალურად დაუცველები ან მრავალშვილიანები არიან“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ანზორ ხინიკაძემ.

მისივე თქმით, წალკაში ჩასახლებულ ოჯახებს, სახელმწიფომ თითო ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა საკუთრებაში, ამასთან ერთად, ისინი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებითაც სარგებლობენ. რაც შეეხება ეკომიგრანტებს, ვისი სტატუსიც დადასტურებულია, მათთვის, წელსაც მოხდება ბინების შესყიდვა და საკუთრებაში გადაცემა.

„ერთი ჰექტარი მიწა ყველა ოჯახს აქვს და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწებითაც სრულად სარგებლობენ. ეკომიგრანტი თუ არის ვინმე, გრძელდება ბინების შესყიდვა და წელსაც რამდენიმე ადამიანს შეუძენენ, გადამოწმდა კატეგორია და დადასტურდა. ბინების შეძენა გრძელდება", - განაცხადა წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ.

წალკის ცენტრში, დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი აჭარიდან და სვანეთიდან ჩამოსული ეკომიგრანტები არიან, წლების განმავლობაში წალკაში ცხოვრობენ და ამ დრომდე ეკომიგრანტის სტატუსი არ აქვთ. აქციის მონაწილეები ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭებას, საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკეთების საკუთრებაში გადაცემას მოითხოვენ ხელისუფლებისგან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო